იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელს რა წვლილი მიუძღვის თამუნა მუსერიძის წარმატებაში, ამას მისგან შვიტყობთ.
– საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდიო, არასდროს გიფიქრია?
– არა. საჭირო დროს და საჭირო ადგილას მოვხვდი მხოლოდ 1984 წელს, როდესაც ჩემს გამზრდელ ოჯახში აღმოვჩნდი. ყველაფერი, რაც დღეს მაქვს, იმის დამსახურებაა, რომ მაშინ მოხდა ის, რაც მოხდა. ეს რომ არა, მე არ მექნებოდა ეს ყველაფერი. ესეც გამართლებაა, მაგრამ მე რომ ფეხი ფეხზე გადამედო, არაფერი გამეკეთებინა და მარტო იღბალს მივნდობოდი, ვფიქრობ, ვერაფერს მივაღწევდი.
– შეუპოვარი ხარ?
– ზედმეტად. არასდროს ვიხევ უკან. ვერავინ იტყვის ჩემზე, რომ საქმეს რამის გაკეთება დავაკელი. იმაზე მეტს ვმუშაობ, ვიდრე საჭიროა. იმაზე მეტს ვაკეთებ, ვიდრე საჭიროა, იმიტომ, რომ ვიცი, ჰაერზე არაფერი მომივა. უფრო მარტივი და კარგი იქნებოდა, რომ ამდენი მუშაობის გარეშე, იღბლის წყალობით მიმეღწია ბევრი რამისთვის, მაგრამ ასე არ არის. რამდენი გაშვილებული ბავშვი არსებობს, რომლებმაც მაშინვე იპოვეს მშობლები, როგორც კი მათი ძებნა დაიწყო და პირიქით. უამრავი ასეთი შემთხვევა გვქონდა – ადამიანმა ტესტი გაიკეთა და პირდაპირ გაიგო მშობლის ვინაობა. ჩემს შემთხვევაში საქმე რთულადაა. რა თქმა უნდა, მეც გავიკეთე ტესტი, მაგრამ მშობლის შესახებ ვერაფერი გავიგე. ნათესაობის შესახებ შევიტყვე, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ამას ახლა იღბალი ჰქვია?! ხომ შეიძლებოდა, მეც გამმართლებოდა, მაგრამ – არა (იცინის).
– სანამ სასურველ შედეგამდე არ მიხვალ, არ ისვენებ?
– არა, არასდროს. ვერავინ იტყვის ჩემზე, რომ მე ოდესმე დავნებდი, რომ რაღაც არ გავაკეთე. სწავლას ეხება საქმე, ჩემი თუ სხვისი მშობლის ძებნას თუ ნებისმიერ სხვა საკითხს, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
– როდის აძლევ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებას?
– არასდროს. ახლა მომიწია ცოტა გაზარმაცება. ისიც იმიტომ, რომ ჩეხეთში ვიყავი და ძალიან ცუდად გავხდი. ორი დღე ვიწექი, მესიჯებსაც ვერ ვპასუხობდი, ფიზიკურად ისე ცუდად ვგრძნობდი თავს. სხვა შემთხვევაში დასვენება და მოშვება არ შემიძლია, სულ მოჭიმული და სულ პროცესში ვარ.
– ამ დროს ადამიანი არ იფიტება?
– არ ვიცი, მე ჯერ არ გამოვფიტულვარ. შეიძლება ვიღაცები იფიტებიან, მაგრამ მე სანამ სასურველ შედეგს არ მივაღწევ, სანამ იმას არ მივიღებ, რაც უნდა მივიღო, მანამდე არ ვჩერდები.
– ყოველთვის ასეთი იყავი?
– ასეთი არასდროს ვყოფილვარ. 20 წლის შემდეგ, შეიძლება ცოტა მერეც, შევიცვალე. პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა, თან ძალიან მაღალ ხარისხში. მაგალითად, დედა თუ დამავალებდა რამეს, სანამ არ გავაკეთებდი, მანამდე არ მოვისვენებდი, ასე იყო ყველაფერთან მიმართებით, მაგრამ როგორი ბრძოლისუნარიანიც ახლა ვარ, ასეთი არ ვყოფილვარ. არ ვიცი, რატომ, როგორ ან საიდან მოვიდა ეს თვისება, მაგრამ ბუნებრივად ასე მოხდა, თავისთავად შევიცვალე.
– გქონია განცდა, რომ შრომა წყალში ჩაგეყარა?
– არა, იმიტომ, რომ თუ გარკვეულ შედეგს ჯერჯერობით ვერ მივაღწიე, ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ ამის დრო არ დამდგარა და არა იმას, რომ შრომა წყალში ჩამეყარა, ადრე თუ გვიან შედეგს აუცილებლად მივაღწევ.