„25 წლის წინ თავგზა რომ ავურიე, ერთი პირობა დამისვა – სასწავლებლად ამერიკაში მივდივარ 2 წლით და ხელს თუ არ შემიშლი, მაგ შემთხვევაში გამოგყვები ცოლადო. სხვა რა გზა მქონდა, დავთანხმდი და 2 წელი თვითმფრინავში ვიცხოვრე. 16-ჯერ ჩავაკითხე და სტამბული-მაიამის რეისზე, სტიუარდესიდან დაწყებული, პილოტით დამთავრებული, ყველა მიცნობდა. ერთი თვის წინ ვუთხარი, მნიშვნელოვანი თარიღია 25 წელი, მით უმეტეს, ჩემნაირი ადამიანის გაძლებისთვის და პარიზში წავიდეთ, თან ბავშვსაც ჩავაკითხავთ-მეთქი. წელს ვერანაირად ვერ შევძლებ, რადგან სამსახურიდან მალაიზიაში მისიას მივყვები, სახელმწიფო კომპანიების რეფორმას ვაკეთებო. მე ბოდიში, მეც საქმე მაქვს, არმატურა უნდა დავჭრა და მაშინ მომავალ წელს აღვნიშნოთ-მეთქი. ბავშვებს მიხედე, სანამ ჩამოვალო, წასვლის წინ დამიბარა. გუშინწინ მართლა არმატურას ვჭრიდი და ხელი ავიხიე „ბალგარკით“. თან გავბრაზდი, თან გავმწარდი. წესით, ორი ნაკერი უნდა დაედოთ, მაგრამ 1 ბოთლი არყით ჯერ გარე დეზინფექცია ჩავიტარე, მერე შიდა. შიდამ რომ იმოქმედა, ბავშვებს დავურეკე – უკვე დიდები ხართ, თქვენს თავს მიხედეთ-მეთქი და ორ საათში კატარისკენ მივფრინავდი. დოჰაში რომ ჩავფრინდი, შიდა დეზინფექციამ გაიარა და შევფიქრიანდი ჩემს განზრახვაზე, მაგრამ უკან ხომ აღარ გამოვბრუნდებოდი. იქიდან 7 საათში კუალა ლუმპურში ვიყავი და მესაზღვრემ რომ მკითხა, ვიზიტის მიზანიო, გულახდილად ვუპასუხე – „შეღშე ლა ფამ“-მეთქი. იმას ეგონა, ვეხუმრებოდი და კინაღამ უარი ჩამირტყა. მოკლედ, სასტუმროში კონსიერჟს ვუთხარი, ამ სასტუმროში ჩემი ცოლია გაჩერებული, აგერ, ქორწინების მოწმობა და 25 წლისთავზე სიურპრიზად ნომერში მინდა დავხვდე და შემიშვი-მეთქი. ააგდო ქვა და შეუშვირა თავი, სამსახურიდან გამაგდებენო. ბოლოს ბრუნეის სულთნის პორტრეტიანი კუპიურებით დავითანხმე. ფილმებში რომაა, ადამიანი საკუთარ ჩაბნელებულ სახლში რომ შედის და შუქის ანთებისას ვიღაც პისტოლეტიანი კაცი რომ ხვდება დივანზე, დაახლოებით ეგრე დავხვდი. ცოტა კი შეცბა, მაგრამ ჩემმა არეულმა ცხოვრებამ ისე გამოაწრთო, არ შეშინებია. ასე მივულოცე ძვირფასი თარიღი. რომ მეგონა, წყნარად აღვნიშნავდით, ბორნეოს ჯუნგლებში წამიყვანა, ადგილობრივ თანამშრომლებს ურჩევიათ, ახლა სეზონია, ორანგუტანები ადვილად მოდიან დასანახ მანძილზეო. რა მექნა, კი ვიღიმი სურათზე, მაგრამ სინამდვილეში მაგრად მეშინია, მაგრამ რაზე არ წახვალ კაცი ასეთი ძვირფასი ადამიანისთვის…“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში და მეუღლესთან, ირინა გორდელაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ოჯახის შესახებ საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. მისი მეუღლე იურისტი ირინა გორდელაძეა.
წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც „თელასში“ მუშაობდნენ.
როგორც ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ირინა გორდელაძემ განაცხადა, ოქრუაშვილმა მისი რესტორანში დაპატიჟება პირველივე ნახვის შემდეგ გადაწყვიტა და მათი სიყვარულის ისტორია მალე ოჯახის შექმნით დასრულდა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს - მია, ანდრია, ანა და ნინა.
„ირაკლი „თელასში” გავიცანი. ხუთი თვის თავზე დავქორწინდით. ირაკლის სურვილი იყო, ამერიკაში წასვლამდე დავქორწინებულიყავით. მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ერთი თვის შემდეგ ამერიკაში წავედი და რომ არა ირაკლი, ჯერჯერობით საქართველოში არც დავბრუნდებოდი. პატარ-პატარა გატაცებები იყო, მაგრამ ირაკლის გარდა, სერიოზულად არავისზე მიფიქრია. ძალიან რთული იყო 5 თვეში ასეთი ნაბიჯის გადადგმა...
ოჯახში ერთადერთი, რაც მითხრეს, იყო ის, რომ კარგად მეფიქრა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში მარტო არ ვიყო. როცა დავახლოვდით, ვიგრძენი, რომ ჩემი ნახევარი ვიპოვე“, – იხსენებდა ირინა გორდელაძე.
ირინას განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. თავისუფლად ფლობს გერმანულ ენას. იურისტის პროფესია დედის რჩევით აირჩია და ამ მიმართულებით მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა. მას ასევე დამთავრებული აქვს ფლორიდის უნივერსიტეტი.
"მეოთხე თაობის თბილისელი ვარ, მყავს მშობლები, და და დისშვილები. დავამთავრე მე-6 გერმანული გიმნაზია. ვსწავლობდი გერმანიაში, „შონდორფის“ გიმნაზიაში. ვარ იურისტი, მაგისტრი შედარებით სამართალში.
მე-11 კლასში ვიყავი, როცა გერმანიაში წავედი, უფრო სწორად, სკოლაში კონკურსში გავიმარჯვე და ელიტურ სკოლაში გამაგზავნეს. იქ ნახევარი წელი ვისწავლე. საოცრად საინტერესო და დატვირთული დღეები მქონდა. მაშინ უკვე გატაცებული ვიყავი გერმანული ლიტერატურით, ფსიქოლოგიით, ხელოვნებით. შინ აპრილში დავბრუნდი და დილემის წინაშე აღმოვჩნდი – 3 თვეში მისაღები გამოცდები იწყებოდა, მე კი არაფერი მქონდა გადაწყვეტილი. არჩევანის გაკეთება ძალიან გამიჭირდა. ბევრი რამ მინდოდა და მაინტერესებდა. ყველაფერთან ერთად კი მსურდა, ისეთი დარგი ამერჩია, რომელიც საშუალებას მომცემდა, ოჯახისგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. დედამ იურიდიულზე ჩაბარება მირჩია; მამამ მითხრა, რომ ზედმეტ წვალებას, სჯობს, ისეთი პროფესია აირჩიო, რომელიც ნაკლებად დაგტვირთავსო. მით უმეტეს, რომ ძალიან კარგად ვიცოდი გერმანული ლიტერატურა და ენა, არ მექნებოდა პრობლემა სამხატვრო აკადემიაშიც, მაგრამ მე დედის რჩევა გავითვალისწინე და იურიდიულზე ჩავაბარე, თავდაპირველად საერთაშორისო განხრა ავირჩიე.
როცა "თელასში" მუშაობა დავიწყე, ირაკლის ფირმა ამერიკელებს ეხმარებოდა. ყველა ლაპარაკობდა, რომ არსებობდა ადვოკატი, რომელიც "თელასზე" მუშაობდა. სახელი და გვარიც ვიცოდი, მაგრამ არ ვიცნობდი. პირველად, როცა დამინახა, ძალიან საქმიან გარემოში, გვერდით ჩამიარა, ყურადღება არც მიმიქცევია. არც კი ვიცოდი, ვინ იყო. შემდეგ დარეკა და მითხრა, მე ირაკლი ოქრუაშვილი ვარ და „ლანჩზე“ გეპატიჟებიო. ჩავთვალე, რომ საქმიანი სადილი იქნებოდა. „სადილი“ 9 საათზე გაიმართა. მივხვდი, რომ ამ ვახშამს საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს პირველი შეხვედრა იყო. შემდეგ იყო რეისი „თბილისი-სტამბოლი-თბილისი“, დილით წავედით და საღამოს ჩამოვედით, შესანიშნავი საჩუქარი იყო", - იხსენებდა ირინა.
„ჩემი აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე, ოჯახთან დროს ნაკლებად ვატარებდი. შემდეგ იყო ციხის ამბები... უმცროსებისთვის, რომლებიც პირველად მიდიოდნენ სკოლაში, ვეცადე, შემემსუბუქებინა ისტორია და ვუთხარი, რომ საომრად ვიყავი წასული და გარკვეული დროის განმავლობაში ვერ დავბრუნდებოდი, თუმცა, ვიცოდი, რომ ამას დიდი ხნით ვერ მოვატყუებდი. ამიტომ ჩემმა მეუღლემ სიმართლე უთხრა...
რთულია 6-7 წლის ბავშვისთვის ამ თემის მოსმენა, რომ მამა საპატიმროში ჰყავს. უფროსი შვილიც კი ერთხელ იყო ციხეში ჩემ სახავად მოსული. არც დამიძალებია მოსვლა, რადგან ვერ გადაიტანა ჩემი ასეთ მდგომარეობაში ხილვა. წერილებით ვკონტაქტობდით", - ამბობდა ირაკლი ოქრუაშვილი.