ზაფხულში კითხვა მნიშვნელოვანია, რადგან წიგნი გვაძლევს დასვენების და განტვირთვის შესაძლებლობას შვებულების პერიოდში, როცა ცხოვრების ტემპი შენელებულია.
საზაფხულო საკითხავის არჩევანი უნდა ეფუძნებოდეს თქვენს პირად ინტერესებსა და მიზნებს. ამაღელვებელი რომანები და საიდუმლოებები შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა განსატვირთად. წიგნის კითხვა დაგეხმარებათ, დაივიწყოთ თქვენი ყოველდღიური საზრუნავი. თუ ჯერ არ დაგიწყიათ ზაფხულისთვის მზადება, ნამდვილად ღირს ყურადღების მიქცევა ახალ და მსუბუქ წიგნებზე, რომლებიც მარტივად შეგიძლიათ გაიყოლოთ სანაპიროზე ან მოგზაურობაში, რომ ისიამოვნოთ კითხვით ნებისმიერ თავისუფალ დროს.
წიგნი გამოიცა სერიის - "იკითხე ქართული XXI" ფარგლებში. რა შეიძლება გვითხრას გასული საუკუნის დასაწყისის სოფლის საყდრის ჩანაწერებმა? დაბადების, ნათლობის, ქორწინების და გარდაცვალების მოწმობებმა? თითქოს დიდი ვერაფერი, მაგრამ რამაზ გიგაური ახერხებს, ამ ჩანაწერების მიხედვით გააცოცხლოს მეოცე საუკუნის დასაწყისის ბობოქარი ამბებიდან თითქოს მოშორებული სოფლის, გრემისხევის მღელვარე ყოველდღიურობა, წარსულიდან გამოიხმოს საკუთარი პერსონაჟები, რომლებსაც უყვართ, სძულთ, ეჭვიანობენ, იბრძვიან და კვდებიან. „წმინდა მარინეს ეკლესიის ჩანაწერების“ ბოლო ეპიზოდი რომანის ნაწილებს ერთ მთლიანობად აქცევს და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ბოლშევიკურმა რუსეთმა ძალადობრივად მოახვია თავს ჩვენს სამშობლოს.
როცა ათი წელი ტყუილში ცხოვრობ, რა გასაკვირია, რომ ყველაზე მეტად ტყუილი გიყვარდება? როცა სინამდვილე გტანჯავს, თავშესაფრად სიყალბე გრჩება, რადგან დედაც კი, რომელმაც იცის, რომ მეტი აღარ შეგიძლია, დასამშვიდებლად მხოლოდ იმას გეუბნება, რომ „უნდა შეძლო!“ და მოიტყუე, რამდენიც გინდა, დაფნეს ცხოვრება მაინც რეალობის - ყოველდღიურობის რუტინის ბორბალზე ბრუნავს: ჩაი - მამამთილს. ყავა - დედამთილს. სახლის დალაგება. ჭურჭლის გარეცხვა, სარეცხის გაფენა. სარეცხის ჩამოხსნა და დაუთოება... და ისევ: ჩაი - მამამთილს; ყავა - დედამთილსა და მის დაქალს და... მერე ყველაფერი თავიდან... ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „ჩემი ადამიანი“ იმ ქალის ამბავია, რომელსაც წაართვეს არჩევანის უფლება და რომელიც დანებდა. მაგრამ განა არსებობს დანებება იმედის გარეშე, ან სიცოცხლე სურვილის გარეშე?
ამბავი ორ განსხვავებულ ეპოქაში – 1980-სა და 1990 წლებში ვითარდება – საბჭოთა საქართველოს ბოლო ათწლეულსა და ახალი საქართველოს დაბადების დროს. შეიძლება ეძებდე სიყვარულს მაშინ, როდესაც ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობ? როცა ამისთვის არ გცალია და სულ სხვა გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები? შეიძლება არსებობდეს ისეთი სიყვარული, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, დროს უძლებს? პასუხი ერთია: თუ გიყვარს, ყველაფერი შეიძლება! სიყვარული და სიძულვილი, მეგობრობა და ღალატი, გულწრფელობა და ორპირობა, სიმართლე და ტყუილი, სიცოცხლე და გარდაცვალება – ბუისა და მის თანატოლებს ამ წინააღმდეგობების მორევში გაცურვა და მრავალი გამოცდის ჩაბარება უწევთ.
შეიძლება თუ არა იდეა იქცეს მატერიად, სიტყვა ალქიმიურ ნაერთად, ხოლო წიგნი იარაღად? სწორედ ამას ცდილობს წიგნის გმირი მწერალი ქალი, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ავტორიტარულ რეჟიმს დაუპირისპირდება და წიგნების რევოლუციის ლიდერი გახდება. ეს არის ქალი, რომელიც საკუთარ თავზე გამოცდის ჩაგვრას ბავშვობაში, ოჯახურ ძალადობას სახლში, წერის და თავისუფლების აღკვეთას ქვეყანაში და ყველაზე დაუმორჩილებელ მეამბოხედ გვევლინება. „მეამბოხე“ მრავალსახოვანი რომანია, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება რეალისტური და ნატურალისტური სურათები, დისტოპიური პასაჟები და ალუზიური, ინტერტექსტუალური თხრობა. წიგნს ფონად გასდევს ჩვენი ქვეყნის რეალობა 90-იანი წლებიდან დღემდე და მისი რთული, ასევე ამბოხით სავსე ისტორია. წიგნის მთავარი გმირი სიტყვაა, წიგნია, ლიტერატურაა, რომელსაც შეუძლია იქცეს გამოსავლად, ხელშესახებ მატერიად და ყველაზე მძლავრ იარაღად ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ მწერალი ქალი ნამდვილ ამბოხს გადაწყვეტს.
რას ეძებს, რას ესწრაფვის „აჩრდილების“ მთავარი პერსონაჟი, რომელსაც არცთუ შემთხვევით ჰქვია აბელი, სახელი, რომელიც მის ბიბლიურ წარმომავლობას მიანიშნებს და ღრმა მეტაფორული გააზრების აუცილებლობისკენ გვიბიძგებს. ეს კითხვა თან დაჰყვება მკითხველს იმ უჩვეულო, სულის შემძვრელ და შემაძრწუნებელ თავგადასავალში, რომელშიც წიგნის გმირთან ერთად ებმება. გმირის ძიების გზა, ზეცისა და თავისუფლების მონატრებით არის შთაგონებული და სავსეა კოშმარული, თავზარდამცემი სურათებით დაწყევლილი სოფლისა, რომლისგანაც ვერაფრით აღწევს თავს. ეს თავისუფლების ძიებაა, რომლის გამოც ადამიანებს სჯიან. „აჩრდილები“ არის შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ამბავი იმისა, სად მიიყვანს გმირს თავდაუზოგავი და შეუპოვარი სწრაფვა მოჯადოებული, ჩაკეტილი სოფლიდან თავისუფლებისაკენ?
"ოლანი ბიწაძის „მეორედ მოსვლა“ მოთხრობების კრებულია და ავტორმა ის ორიგინალური კლასიფიკაციით - 2 და 1 ნაწილად - შემოგვთავაზა. ასეთი დაყოფა მოთხრობების თემატურ და კონცეპტუალურ ხაზს გამოკვეთს. პირველ ნაწილს ორი პროტაგონისტი ჰყავს, იქნება ეს ჩრდილის თეორიით შეპყრობილი ქალი და მამაკაცი, გამოგონილ სოფელში მცხოვრები შეყვარებული წყვილი, პარანორმალურ მოვლენაზე მომუშავე ჟურნალისტი და ოპერატორი თუ ბავშვობის მეგობრები, რომელთაგან ერთ-ერთს საკუთარი ბავშვობაც კი აღარ ახსოვს. ...და მთავარი კითხვა: პირდაპირ აწმყოთი არაფერი იწყება. მაგრამ აწმყო წარსული როგორ უნდა გახდეს, თუ ის არასოდეს ყოფილა? მეორე ნაწილის მოთხრობების პერსონაჟები კი – დაკარგული ნივთების კლუბის წევრები, ილუზიონისტობაზე მეოცნებე ბიჭი, ატრაქციონების პარკის დირექტორი თუ ოთხი ქალიშვილისა და ოთხი ცხენის პატრონი გლეხი – დამოუკიდებლად, მარტოები უნდა გაუმკლავდნენ იმ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, რომლებიც მათ მაგიური რეალიზმით გაჟღენთილ პარადოქსულ თუ აბსურდულ სიტუაციებში აყენებს. ...და მთავარი დასკვნა: შეიძლება ყველაზე ნამდვილი ზუსტად ის არის, რაც მხოლოდ ერთი ადამიანისთვის ხდება. "
R