მაკასთან დღითი დღე მოსაწყენი ხდებოდა ურთიერთობა. ამის მიზეზად ორი რამ შეიძლებოდა დამესახელებინა. პირველი ის, რომ ნატას გაცნობის შემდეგ ნაკლებად მიზიდავდნენ სხვა ქალები; მეორეც - ისედაც არასდროს მყვარებია მაკა, ამ გაგანია შეყვარებულობის პერიოდში კი მის მიმართ რა გრძნობაც გამაჩნდა, ისიც კი გამიქრა. ერთადერთი, რაც მასთან ჯერჯერობით მაჩერებდა, სინდისის ქენჯნა იყო - ერთი ხელის მოსმით ვერ შევაქცევდი ზურგს. მართალია, ის მიჩვეული იყო ჩემგან ღალატს, ბევრჯერ გაუგია ჩემი ერთჯერადი თავგადასავლების შესახებ, მაგრამ იცოდა, რომ ჩემი მხრიდან ეს მხოლოდ გართობა იყო, რადგან მთელი ორი წლის განმავლობაში, რაც ერთმანეთს ვხვდებოდით, შეყვარებული არც ერთხელ ვყოფილვარ. ახლა კი…
ჩემს თავს ვერ ვპატიობდი იმას, რომ მაკას სულ სხვა მიზნებისთვის ვიყენებდი. მხოლოდ იმიტომ ვსტუმრობდი მას, რომ ქალთან ყოფნის სურვილი დამეკმაყოფილებინა. ვნება დაცხრებოდა თუ არა, ეგრევე შინ გავრბოდი, ხუთი წუთითაც ვერ ვჩერდებოდი მის გვერდით. შემატყო გულცივობა. ერთი პერიოდი შორიდან მაკვირდებოდა, თვალებით მზვერავდა, თითქოს ჩემი დიდი საიდუმლოს წაკითხვა სურდა, მაგრამ როცა არაფერი გამოუვიდა, ფრთხილად დამიწყო გამოკითხვა.
- ამ ბოლო დროს ვერ გცნობ, რა გემართება?
- არაფერი, რა უნდა მემართებოდეს, - ყასიდად ავიჩეჩე მხრები და ჩაცმა დავიწყე.
- შეგიძლია ცოტა ხანს დარჩე? სალაპარაკო მაქვს.
- იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ?
- არა, თუ ახლა არ მომისმენ, სხვა დრო აღარ იქნება.
- კარგი, - პულოვერი გადავიცვი და საწოლზე ჩამოვჯექი.
- რა ხდება, ზაზა? - ისევ თავიდან დაიწყო მაკამ.
- ვინ გითხრა, რომ რამე ხდება? - მტკიცედ გავუყარე თვალი თვალში, თითქოს ასი პროცენტით მართალი ვიყავი.
- აბა, რატომ მექცევი ასე? იშვიათად მოდიხარ და მოსვლისთანავე ერთი სული გაქვს, როდის გაიქცევი.
- გეჩვენება.
- მეჩვენება? არაფერიც არ მეჩვენება. არ ჯობია, პირდაპირ მითხრა, რომ აღარ გიყვარვარ და მოგბეზრდი?
- განა ოდესმე მითქვამს, რომ მიყვარხარ? რაღაც არ მახსენდება, - წარბები შევკარი.
- არ გიყვარვარ?
- არც ეგ მითქვამს, თუ მეხსიერება არ მღალატობს.
- შენი ნართაული ვერ გავიგე. იქნებ წესიერად ამიხსნა, რა გინდა ჩემგან?
- მე რა მინდა შენგან? დაკითხვას შენ მიწყობ და კიდევ მე რა მინდა? ჯერ შენ მითხარი, რით ხარ უკმაყოფილო და მერე მე გეტყვი.
- იმით, რომ ჩემდამი ყურადღება მოადუნე. ჯერ იყო და, ახალი წელიც არ მომილოცე…
- აკი გითხარი, რაც მოხდა ახალ წელს.
- კარგი, ბატონო, მერე? მერეც მოხდა რამე? ნაახალწლევს ერთხელ მოხვედი, ისიც გაბრუებული და მას მერე სამი კვირა დაიკარგე. ახლა მოხვედი და ისევ გარბიხარ. თუ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა, მითხარი. მირჩევნია, ყველაფერი ვიცოდე. შარვლის ტოტებს არ დაგახევ, ნუ გეშინია.
- დამშვიდდი და ზედმეტ კითხვებს ნუ მისვამ. შენ მიტოვებას არ ვაპირებ. ყველაფერი ძველებურადაა. შენგან წასვლა არც მიფიქრია, გასაგებია? ცოტაც მაცალე და მერე სულ ერთად ვიქნებით, - მისი დაშოშმინება ამ გზით ვცადე.
- რას ნიშნავს სულ ერთად ვიქნებით? - ლოგინში წამოიწია და შიშველ მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.
- იმას, რომ ერთად ვიქნებით. ვერ გაიგე? არ ვაპირებ შენ მიტოვებას. როგორც აქამდე ვიყავით, ისე ვიქნებით.
- მე კი მგონია, რომ რაღაც გაშფოთებს. შემთხვევით, ვინმე ხომ არ შეგიყვარდა?
- არავინ, დაწყნარდი.
- შენი საქციელი სხვა რამეზე მეტყველებს.
- მაკა, პრობლემები მაქვს. არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ცოტა ხანს მაცალე. არც არავინ მიყვარს და არც ცოლის შერთვას არ ვაპირებ. არც სხვასთან დავდივარ. მეტი რა გითხრა? - ვატყუებდი და მრცხვენოდა ჩემი თავის, მრცხვენოდა სიმართლის აღიარების.
ის ამას ვერ გაიგებდა, არც მაპატიებდა. მე კი არ მინდოდა მისთვის ტკივილი მიმეყენებინა. მას დიდი ამაგი ჰქონდა ჩემზე, ამიტომაც უნამუსობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, ზურგი შემექცია.
- არ ვიცი, ზაზა, არ ვიცი. თუ ჩემი მიტოვება გადაწყვიტე, დროზე მითხარი… იმიტომ, რომ მთხოვნელი მყავს და ბარემ გავთხოვდები, ნუღარ გამაწვალებ და ნურც ბედს დამიკარგავ.
- მთხოვნელი? - მისი ნათქვამი უსიამოვნოდ მომხვდა გულზე, თუმცა, წესით, უნდა გამხარებოდა.
- ჰო, რატომ გაგიკვირდა, არც შენით დაწყებულა საკაცეთი და არც შენით მთავრდება, სხვებიც არიან, - ნიშნის მოგებით თქვა.
- გათხოვდი, თუ ასე გინდა, - გულგრილად ვუპასუხე და წამოვდექი.
- შენ როგორ გინდა? - ჩიხში მომამწყვდია.
- არ იცი, როგორ მინდა?
- არა, არ ვიცი და მიპასუხე.
- მაკა… - ჩავახველე და პაუზა გავწელე, - მე შენი ბედის გამგებელი არ ვარ. ცოლის მოყვანას ამ ეტაპზე არ ვაპირებ, მაგრამ როცა დავაპირებ, ვერც იმას შეგპირდები, რომ შენ იქნები ის ქალი, ვისაც შევირთავ, თუმცა გამორიცხული არაფერია. ამიტომ, თუ ოჯახის შექმნა გინდა და სერიოზული თაყვანისმცემელი გყავს, თავად გადაწყვიტე, მე ხელს არ შეგიშლი. ეს შენი გად…
- შენ როგორ გინდა-მეთქი, გკითხე, - ცივად გამაწყვეტინა.
- ვერ გავიგე, ამხელა ქალი ჩემს სურვილზე დადიხარ?
- არ იცი, რომ ასეა?
- მე ჩემი გითხარი, დანარჩენი შენ გადაწყვიტე, - მაინც ავირიდე პასუხი.
- მე შენთან მინდა ყოფნა, მაგრამ…
- ჰოდა, თუ ჩემთან გინდა, იყავი, არავინ გიშლის და არც არავინ გეცილება ჩემში.
- მაგრამ ასე გაგრძელებაც არ შემიძლია. მთელი დღე დებილივით ვზივარ და გელოდები, როდის დამირეკავ ან როდის დააკაკუნებ კარზე.
- მე ჩემი საქმეები მაქვს, ოცდაოთხი საათი შინ ვერ დაგიჯდები.
- ანუ, გინდა მითხრა, რომ თავისუფალი კაცი ხარ?
- რაც ვარ, ეს ვარ. თუ მოგწონვარ, მიმიღე ასეთი, თუ არადა…
- თუ არადა?
- ნუ ცდილობ, სიტყვაზე გამომიჭირო. ეს ჩვენს ურთიერთობას კარგს არაფერს მოუტანს.
- კარგი, გასაგებია. ახლა წახვალ და როდის გამოჩნდები? კიდევ სამი კვირა უნდა ველოდო, როდის გაგახსენდები?
- არ გინდა, რა, ძალიან გთხოვ. კარგად იცი, რომ ისტერიკებს ვერ ვიტან. თუ ოდესმე წასვლას დავაპირებ, გეტყვი, არ დაგიმალავ.
- როდის მეტყვი, წასვლამდე ერთი საათით ადრე?
- შენ რამდენი ხნით ადრე გინდა, რომ გითხრა?
- მე მინდა, რომ არასდროს წახვიდე, - ხმა აუკანკალდა და თვალები ცრემლით აევსო.
გული მომიკვდა. მეცოდებოდა, ასეთ დღეში რომ ვხედავდი, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო, მხოლოდ სიტყვებით თუ ვანუგეშებდი.
- ვეცდები. და მაინც, თუ ოდესმე წასვლა დავაპირე, პირობას გაძლევ, რომ ამას უმტკივნეულოდ გავაკეთებ. შევთანხმდით? - ხელი მოვხვიე და მისი თავი მკერდზე მივიკარი, მერე ნიკაპი ავუწიე და ზრდილობის გულისთვის ვაკოცე.
ვკოცნიდი და ვფიქრობდი…
რაზე შეიძლება იფიქროს კაცმა, როცა ქალს კოცნის? ეჰ! ხომ დარწმუნდით, რომ ეს არ იყო სიყვარული? ვიღაცას უმართლებს ცხოვრებაში და ვიღაცას არა. ჩემთვის ამას არ ერქვა გამართლება. მერე რა? ამის გამო ღირს დატანჯო საკუთარი თავი? ცხოვრება ცხოვრებაა! ლამაზიც, სევდიანიც, მხიარულიც და ნაღვლიანიც. ვის როგორიც ერგება ბედისწერის მიხედვით, ისეთს მიიღებს. შეუძლებელია, აირჩიო. ამის გაფიქრებაც კი სასაცილოა. შენ არავინ გეკითხება, როგორი ხვალინდელი დღე გექნება. ეს იმ ლოტოს კოჭივითაა, ბნელ ტომარაში რომ ეძებ და არ იცი, ამოღებული ნომერი გაგიმართლებს თუ არა.
რაში მჭირდებოდა ასეთი როლის თამაში? თუკი ადამიანს ცუდი როლი შეგხვდა ცხოვრებაში და მას კარგად ითამაშებ, არ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ ამის გამო უკეთეს როლს შემოგთავაზებენ. ეს ცხოვრებაა და არა თეატრი! ცხოვრებას კი თავისი მგლური კანონები აქვს…
8 8 8
შინ მისული საწოლზე წამოვწექი. ნახევარი საათი ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც კორიდიდან დაბრუნებულ ტორეადორს. ერთიანად დანგრეული ვიყავი, თითქოს ბრძოლის ველი გამომევლოს. პატარა აღარ ვიყავი. რა ვნახე ცხოვრებაში? ბევრი არაფერი. რა პერსპექტივა მეჭყანებოდა? არანაირი. ჩემნაირთან ცხოვრებას მხოლოდ მაკასნაირი ქალი თუ შეეგუებოდა. ნატა? მას უბედურებას უფრო მოვუტანდი, ვიდრე ბედნიერებას. ეს კარგად ვიცოდი… მაგრამ მაინც ვერ ველეოდი. მხოლოდ მის გვერდით ყოფნა მგვრიდა შვებას. მთელი კვირის განმავლობაში იმდენად ცოტა დროს ვუთმობდი მასთან ურთიერთობას, დახარბებული ვიყავი. არადა, შეგნებულად ვიქცეოდი ასე. თან მინდოდა ყველაზე მეტად მე ვყვარებოდი, თან არ მინდოდა. კარგად რომ ჩავუფიქრდებოდი, თავადაც არ ვიცოდი, რა უფრო მინდოდა.
ის იმდენად კარგი იყო, იმდენად არამიწიერი, არ მემეტებოდა ცუდი ცხოვრებისთვის. არადა, ეგოისტი ვიყავი, მის გარეშეც ვერ ვძლებდი. ყოველღამე, თორმეტი საათის შემდეგ, ზუსტად დათქმულ დროს ვრეკავდი. ისიც ჩასაფრებული იყო და პირველსავე ზარზე იღებდა ყურმილს. მთელი ღამე ლაპარაკში გადიოდა. ვერც ვხვდებოდით, ისე გვათენდებოდა თავზე. ერთი ბედნიერება იყო მასთან მასლაათი. ნებისმიერ თემაზე შემეძლო ნატასთან საუბარი, ყველაფერს ადვილად იგებდა, ყველაფერს ადვილად მიგებდა. ქალური თვისებები ხომ ჰქონდა და ჰქონდა, მაგრამ მამაკაცურიც მოჭარბებულად იყო მასში. მისი ერთადერთი აუხდენელი ოცნებაც სწორედ ეს იყო - მამაკაცი ყოფილიყო. ასე მეგონა, ერთდროულად კაცსაც ველაპარაკებოდი და ქალსაც. იშვიათი ბუნებით იყო დაჯილდოებული. ქალი-ქალში - ასე შევარქვი. თუმცა იმ ასაკში ჯერ კიდევ არ იყო ქალი-ქალში, მაგრამ ამის ყველა მონაცემი ჰქონდა. ამიტომაც ველტვოდი ასე, ამიტომაც მიზიდავდა იგი.
ეჰ… რას ვიფიქრებდი მაშინ, საბედისწერო ქალის როლი თუ ერგებოდა ცხოვრებაში. მალე მივხვდი, რომ სატელეფონო საუბრებით ვერ შემოვიფარგლებოდით. შექმნილმა სიტუაციამ იძულებული გამხადა, სააშკარაოზე გამომეტანა ჩვენი ურთიერთობა. მის ირგვლივ მამაკაცები არ ისვენებდნენ, ყველას მისი გაცნობა და მასთან დაახლოება სურდა. ის სუსტი იყო, დაუცველი, თანაც - მთლად ბავშვი და უჭირდა მათი მოგერიება. ვერც მე მთხოვდა შველას, რადგან ჩვენს ურთიერთობას, ფაქტობრივად, სახელი არ ერქვა. მე არასდროს მითქვამს მისთვის, ჩემი შეყვარებული ხარ-მეთქი, ვერც თავად იტყოდა ამას. ჩვენ მხოლოდ შევიგრძნობდით ერთმანეთს, ეგ იყო და ეგ.
მოვუხშირე მასთან შეხვედრას. ახლა თითქმის ყოველ მეორე დღეს ვაცილებდი, რათა მის თაყვანისმცემლებს ერთხელ და სამუდამოდ შეეგნოთ, რომ ეს გოგო მე მეკუთვნოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიყვარულით მხოლოდ მე ვუყვარდი, მაგრამ იმდენად ბავშვი იყო, ვგრძნობდი, რომ სხვების ყურადღებაც სიამოვნებდა. ეს კი საშიში იყო. ნებისმიერს, ვინც კი შეეცდებოდა, ჩემზე მეტი ყურადღება გამოეჩინა ნატასადმი, შეეძლო მისი, ასე ვთქვათ, გადაბირება.
ჩვენი შეხვედრა ძირითადად ქუჩაში ხდებოდა. აბა, რა უნდა მექნა, სად წამეყვანა? შინ ვერ მივიყვანდი, ვერც ძმაკაცთან, აუცილებლად კუდებს გამოაბამდნენ. გარდა ამისა, ასე რომც მოვქცეულიყავი, ჩემი თავისაც მეშინოდა, ვაითუ, ვერ გამეძლო ცდუნებისთვის. ამიტომაც დავხეტიალობდით აღმა-დაღმა - ცენტრალური პარკის ერთი ბოლოდან მეორეში. თუ ძალიან შეგვცივდებოდა, კინოში შევდიოდით. იშვიათ შემთხვევაში, როცა მამაჩემს მანქანას წავართმევდი, გავიყვანდი ხოლმე ქალაქგარეთ და სადმე უკაცრიელ ადგილას განვმარტოვდებოდით. ეს ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ასეთ მომენტში არაფრის თქმა არ იყო საჭირო, უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის.
სამწუხაროდ, ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. რა თქმა უნდა, ბოლოს მაკას ყურამდეც მივიდა ჩვენი ურთიერთობის ამბავი. ეს გაზაფხულზე მოხდა. მაკას ჩემთვის არაფერი უთქვამს, არც უგრძნობინებია, მაგრამ ჩემ ზურგს უკან დაუწყია საქმის მოგვარება.
ერთ დღესაც, როცა ნატას შინ ვაცილებდი, მოუსვენრობა დაეტყო, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა.
- რა იყო, მოხდა რამე? - დავინტერესდი.
- ზაზა… შეიძლება რაღაც გკითხო? - გაუბედავად თქვა.
- როგორ არ შეიძლება. რა ხდება? - გულმა რეჩხი მიყო.
- მაკა ვინ არის?
ამის გაგონებაზე სისხლმა ტვინში ამასხა.
- რომელ მაკაზე მეუბნები? - შევეცადე, ბუნებრივად გამომსვლოდა.
- ბევრ მაკას იცნობ?
- სიმართლე გითხრა, ამწუთას ასეთი არც არავინ მახსენდება, წესით, ასეთი სახელის ქალს არ უნდა ვიცნობდე, - დაბნეულმა ჩავილაპარაკე.
- აი, იმაზე, პატარა ბავშვი რომ ჰყავს და რომელსაც მამობას შენ უწევ, - ძალიან, ძალიან მშვიდად წარმოთქვა.
- მე ვუწევ მამობას? - გაკვირვებული შევდექი, - ეგ ვინ გითხრა?
- მაკამ.
- მაკამ? - კიდევ უფრო გაოგნებული ნატასკენ შევტრიალდი და დაძაბული მივჩერდი, - შენ საიდან იცნობ მაკას?
- აკი ასეთს წესით არ უნდა ვიცნობდეო? - ნაღვლიანად გაიღიმა.
- მითხარი, ვისგან გაიცანი მაკა, - ახლა უკვე დაჟინებით მოვითხოვე.
- თვითონ გამეცნო.
- თვითონ? როგორ?
- ჩვეულებრივად, წუხელ დამირეკა.
- მერე?
- მერე არაფერი.
- რას ნიშნავს არაფერი. წეღან მთელი ისტორია მოთხარე და ახლა მეუბნები, არაფერიო?
- ისეთი არაფერი, უბრალოდ, შენი გაცნობა მინდაო.
- ვინ ვარო, რა გითხრა?
- ზაზას საცოლე ვარო. შვილი მყავს, რომელსაც ზაზა მაზრდევინებსო.
- ეგ ტელეფონში გითხრა?
- არა, დღეს შევხვდი და მაშინ მითხრა.
- შეხვდი? მაკას შეხვდი? მართლა მეუბნები?
- ჰო, მართლა გეუბნები.
- სად შეხვდი?
- თეატრის წინ, სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა. წუხელ მითხრა, შენი ნახვა მინდაო. მეც ვუთხარი, სად ვიქნებოდი და ნახევარი საათით ადრე დავიბარე, სანამ რეპეტიცია დამეწყებოდა.
- მერე? დაწვრილებით მომიყევი, რა გითხრა.
- შენთვის უცხო და უცნობი არაფერი. ორი წელია, ერთმანეთი გვიყვარსო. ცოლივით ვყავარო. ჯერ ოჯახის შექმნას არ აპირებს, მაგრამ როცა დააპირებს, მისი რჩეული მე ვიქნებიო. ისიც კი მითხრა, რა საალერსო სიტყვებს იყენებ, როცა მას ეფერები. ძალიან ნაცნობი მეჩვენა ზოგიერთი. მაგალითად…
- გეყოფა, ნატა. შენ ნურავის უსმენ, მე მომენდე. ხომ იცი, როგორ ვარ შენთან, რა დამოკიდებულებაც მაქვს. დაივიწყე ის ქალი და ამ თემაზე მეტს ნუღარ ვისაუბრებთ. ბოროტ და შურიან ადამიანებს რა გამოლევს ამქვეყნად.
- ვინ არის ბოროტი და შურიანი, მაკა?
- ნატა!
- არ ვიცი, ზაზა, ძალიან დავიბენი. ვერ გამიგია, რა ხდება. ისიც კი არ ვიცი, რას ნიშნავს ჩვენი ურთიერთობა. შენ არაფერს მეუბნები, რებუსებით ცდილობ რაღაცას მიმანიშნო. მე კი არ მინდა ასე. დავიღალე.
გაგრძელება იქნება