კრიშტიანო დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა მარია დოლორეს დუშ სანტუშის და ჟოზე დინის ავეირუს ოჯახში. მისი მეტსახელი „რონალდუ“ უკავშირდება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო.
ცნობილი ფაქტია, რომ რონალდოს დედა დოლორეშ ავეირო ორსულობის შესაწყვეტად ექიმთან მივიდა, თუმცა უთხრეს, რომ სამედიცინო ჩარევა დაგვიანებული იყო. მეზობლების რჩევით, დოლორეში ძლიერ ლუდს სვამდა, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო - ორსულობა არ შეწყდა და 1985 წლის 5 თებერვალს კრიშტიანო რონალდო დაიბადა.
ბავშვობაში რონალდოს საყვარელი გუნდი ლისაბონის „ბენფიკა“ იყო. რვა წლის ასაკში კრიშტიანო „ანდორინიაში“ ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის „ნასიონალში“ გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალიის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთ-ერთ წამყვან კლუბში, ლისაბონის „სპორტინგში“ გადავიდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.
რონალდოს შეძენის პირველი მსურველი იყო ინგლისური „ლივერპული“, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდოს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრიშტიანოს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა „სპორტინგმა“ ამხანაგურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სწორედ რონალდოს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდოს თამაშით აღფრთოვანებული დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.
რონალდო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი 2003 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრიშტიანომ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. მას არ სურდა მიეღო ვაკანტური მე-7 ნომერი, რომლითაც თავის დროზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ, როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი. „როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახლავე მომხდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო იყო. მხვდა პატივი, მეტარებინა "იუნაიტედის" 7-ნომრიანი მაისური.“ 2007 წლის მარტში რონალდოს სანაცვლოდ მადრიდის „რეალი“ სარეკორდო თანხას, 80 მლ ევროს იხდიდა, ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 120 000 გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა იმავე წლის 13 აპრილს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.
2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია რონალდოს "რეალ მადრიდში" ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2010-11 წლების სეზონში მას სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდა - 40 გოლი ლა ლიგაში. დიეგო მარადონას აზრით, ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში.
კრიშტიანომ მადრიდის "რეალის" რიგებში საოცარი მაჩვენებელი აჩვენა - 394 მატჩში 406 გოლი, ეს სარეკორდო შედეგია.
პერესმა რონალდოში 96 მილიონი ევრო გადაიხადა და ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენიც გააკეთა. 2008 წლის საუკეთესო ფეხბურთელი „რეალს“ დაეხმარა, რათა „ბარსელონას“ ჰეგემონია დაემხო.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ 90 000 კაცი შეიკრიბა, რათა მისი პრეზენტაციისთვის ეყურებინა. 4 წლის შემდეგ რონალდომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ რონალდო 209 მატჩში 209 გოლს გაიტანდა და "სამეფო კლუბის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.
კრიშტიანოსა და ჯორჯინას შეხვედრას ხშირად მიაწერენ ხოლმე ბედისწერას. ეს სიყვარულის ამბავი მართლაც მოგაგონებთ რომანტიკული მელოდრამის სცენარს - კრიშტიანო ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის მაღაზიას სტუმრობდა, სადაც პირადი ასისტენი ჰყავდა, ასისტენტი მას სამოსის შერჩევასა და მორგებაში ეხმარებოდა. ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელის ასისტენტი სამსახურში არ იმყოფებოდა და მისი დახმარება ახალბედა თანამშრომელს, ჯორჯინა როდრიგესს დაევალა. სწორედ ეს აღმოჩნდა "საბედისწერო" შეხვედრა.
მათ ახლა ხუთი შვილი ჰყავთ. მათგან სამი სუროგაციის გზით გაჩნდა. ცოტა ხნის წინ წყვილს ტყუპი შეეძინა, თუმცა, სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი მალევე გარდაიცვალა.
კრიშტიანო და ჯორჯინა ჯერჯერობით ოფიციალურად დაქორწინებულნი არ არიან, თუმცა წლებია ერთად ჰარმონიულად ცხოვრობენ და ბედნიერი ოჯახი აქვთ.