საფეხბურთო ემოციებმა გუშინდელი ღამის შემდეგ მთელი საქართველო მოიცვა - ოცნება ახდა ყველასთვის - დღევანდელი დილა კი სულ სხვანაირი სიხარულითა და სიამაყით გათენდა - საქართველომ პორტუგალიის კარში 2 გოლი გაიტანა, ჩვენი კარი კი მამარდაშვილმა მშრალად შეინახა და საქართველო EURO 2024-ის მერვედფინალში გავიდა.
მომდევნო მატჩი ესპანეთთან 30 ივნისს, 11 საათზე გაიმართება.
მთელ საქართველოსთან ერთად, ჩვენს ქვეყანას ფეხბურთელების ოჯახის წევრებიც გულშემატკივრობდნენ. სოციალურ ქსელში კადრები გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა გააზიარა, სადაც გიორგის ბრაზილიელი შეყვარებული სანდრა მენდონსაც ჩანს.
გიორგი ქოჩორაშვილი
24 წლის ვარსკვლავი გიორგი ქოჩორაშვილი 2018 წლიდან ესპანეთში ცხოვრობს. ის საქართველოში ოჯახთან, მშობლებთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. ესპანეთში კი ის შეყვარებულთან, ბრაზილიელ სანდრა მენდონსასთან ერთად ცხოვრობს. სანდრა 2021 წელს კადრებს თვითმფრინავიდან აქვეყნებდა, სადაც ჩანდა, რომ ის ბორტის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო. უცნობია, რას საქმიანობს ის ახლა, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა და, როგორც ჩანს, ის გასულ წელს საქართველოში, გიორგის საგულშემატკივროდ იმყოფებოდა.
გიორგი ქოჩორაშვილი 1999 წლის 29 ივნისს თბილისში დაიბადა. დღეს არის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ცენტრალური ნახევარმცველი.
"არასოდეს არავისი შემშინებია. ადრე თუ გვიან შედეგი აუცილებლად მოაქვს შრომას, რომელსაც ყოველთვის გავაგრძელებ, იმის მიუხედავად, თუ რამდენი წუთი მათამაშებენ. ყოველთვის ვცდილობ, მინდორზე გასულმა ყველაფერი გავიღო და გავაკეთო ის, რაც გუნდს სჭირდება."
მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში შედგა 2020 წლის 12 ივლისს. ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში ის შეცვლაზე შევიდა რუბენ როჩინას ნაცვლად. შეხვედრა „ლევანტემ“ 1:2 დათმო.
„პანდემიის დროს გულშემატკივრების მხარდაჭერა ვერ ვიგრძენი, მაგრამ რაც შემდეგ მათი მხრიდან მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს მოულოდნელი იყო და სწორედ მაშინ ვიგრძენი თავი ფეხბურთელად."
გიორგი თამაშობდა საქართველოს 19 წლამდე და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია. 2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4:2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან დავმარცხდით, ჩეხეთთან და თამაში თანაბარი ანგარიშით დავასრულეთ, ქოჩორაშვილმა ნამდვილად გამოიჩინა თავი და არამხოლოდ ქართველების, არამედ უცხოელი გულშემატკივრების გულიც მოიგო.