"პირველივე დანახვაზე ვიგრძენი, რომ ძალიან მომეწონა, ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო, ვინც კი შემხვედრია. ვეცადე, რომ ურთიერთობაში შევსულიყავი და გამომივიდა. ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის და პირად სივრცეს პატივს ვცემთ. ვეხმარებით ერთმანეთს”, – იხსენებს გურამი მეუღლის, უმშვენიერესი თამთა გიგაშვილის შესახებ.
თამთას თქმით, მეუღლესთან თავს ძალიან თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს.
"მასთან ძალიან თავისუფლად და კომფორტულად ვიყავი. არ მახსოვს, რომ რაიმეზე სერიოზულად გვეკამათოს, ყველაფერზე ვთანხმდებით და სრული თავისუფლება გვაქვს ერთმანეთში”, – ამბობს თამთა.
გურამ კაშია ოჯახსა და სტადიონზე ერთნაირად წარმატებულია. არის კარგი მეუღლე და შესანიშნავი მამა. მისი ოჯახისა და ბავშვობის ამბებს ამ სტატიაში უფრო ვრცლად მოგიყვებით:
გურამ კაშია საკუთარი ბავშვობის შესახებ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს გადაცემა "გასვლითი შეხვედრის" საშუალებით იხსენებდა. როგორც კაშიამ აღნიშნა, ბავშვობაში ხმამაღლა კითხა უჭირდა, ამის გამო კი მასწავლებლებისგან დამამცირებელი კომენტარების მოსმენაც უწევდა:
"დისლექტიკი ვარ. მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა. ხმამაღლა კითხვა არ შემიძლია. ასოები მერევა. რაღაცას წავიკითხავ, ჩემს თავში მგონია, რომ ეს არის და რაღაც სხვა არის. მთელი ბავშვობა გავიზარდე იმ აზრით, რომ კითხვაში კარგი არ ვარ. მასწავლებელი რომ ამაყენებდა, წამაკითხებდა რაღაცას, ვერ ვკითხულობდი. მეუბნებოდა, "დაჯექი, შტერო, დებილო, გაუნათლებელო..." მთელი ბავშვობა მქონდა კომპლექსი. სანამ ჰოლანდიაში არ წავედი და ინგლისურის სწავლა არ დავიწყე. იქ მასწავლებელმა მითხრა, წადი, დისლექსიაზე შეემოწმეო. საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო ეს სიტყვა. წავედი და ტესტები გავიარე. საქართველოში მოსახლეობის 14%-ს დისლექსია სჭირს. სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, მთელი ცხოვრება ვერ გავიგებდი, რომ დისლექტიკი ვარ.", - ამბობდა გურამ კაშია.
გურამ კაშიას საქართველოსა და მის საზღვრებს მიღმა ბევრი იცნობს. წარმატებული ფეხბურთელი სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის, არნემის „ვიტესის“ კაპიტანი იყო. გურამ კაშია განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მოედანზე ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლავურით გამოვიდა. საქართველოში ეს ფაქტი ბევრმა გააკრიტიკა.
თავად გურამ კაშია კი ამბობდა, რომ ის ძალადობის წინააღმდეგია:
„მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ძალადობის. მანამ, სანამ ადამიანი სხვებს რაიმე ცუდს არ გაუკეთებს, მე მხარს დავუჭერ მას.”
გურამ კაშია 2003–2010 წლებში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, ამ პერიოდის მანძილზე საკლუბო დონეზე მოგებული აქვს უამრავი ტიტული. კაშია "დინამოს" პირველ გუნდში 2006-07 წლების სეზონიდან გამოდიოდა. ამ სეზონში იგი, ძირითადად, შეცვლებზე შემოდიოდა, ხოლო მომდევნო სეზონიდან კი გუნდის შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, მოიგო უმაღლესი ლიგა, თასი და სუპერთასი.
2010 წლიდან გურამ კაშია ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „ვიტესის“ წამყვანი მცველი იყო. კაშია იყო გუნდის კაპიტანი და 2017 წელს მისი ლიდერობით გუნდმა ნიდერლანდების თასიც მოიგო. 2015 წლის აგვისტოში კაშია დასახელდა ერედივიზიის თვის საუკეთესო მოთამაშედ.
"თავიდან არ მქონია ფეხბურთის ამოჩემება. სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა. ჯერ კალათბურთი მიზიდავდა, შემდეგ რაგბი - მამაჩემი იყო მორაგბე და უნდოდა, რომ მეორე შვილი მაინც გაჰყოლოდა ამ გზას, მაგრამ ბოლოს მაინც ფეხბურთმა მძლია და ჩემი ძმის გზას გავყევი. მამის ტრადიცია არც ერთმა არ გავაგრძელეთ" - იხსენებდა კაშია.
გურამ კაშიას მეუღლე თამთა გიგაშვილია, პროფესიით სამართალმცოდნე. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს - ალექსანდრა.
"ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო... საკმაოდ მალე დავახლოვდით, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ყველაფერი უცებ მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავადაც გაკვირვებულები ვიყავით. გაცნობიდან ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და უფრო მეტიც, გვიყვარდა კიდეც...
შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, მერე კი დაოჯახება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ერთმანეთისთვის სიყვარული არ აგვიხსნია. სიტყვები არ იყო საჭირო საიმისოდ, რომ ურთიერთობა გაგვერკვია. მაშინ არც ისეთი პატარები ვიყავით: მეც და გურამიც 22 წლის გახლდით და გააზრებული გვქონდა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ოჯახის შექმნაზეც ბევრი არ გვიფიქრია. ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ერთმანეთის ყოველთვის უთქმელად გვესმოდა. დიდი ქორწილი არ გვქონია, რადგან არც მე და არც გურამს არ გვქონდა ამის სურვილი", - ამბობდა თათა გიგაშვილი.