„ლიტერატურული პერიოდიკა უნდა არსებობდეს ყველა კულტურულ ქვეყანაში“ - ლექსო დორეული „არილის“ მთავარი გამოწვევების შესახებ - Marao

„ლიტერატურული პერიოდიკა უნდა არსებობდეს ყველა კულტურულ ქვეყანაში“ - ლექსო დორეული „არილის“ მთავარი გამოწვევების შესახებ

2024-06-28 11:06:00+04:00

საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „არილი“ 1990-იან წლებიდან არსებობს და თავისი 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, რამდენჯერმე იცვალა სახე. მწერალთა ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ასოციაცია ჯერ ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთის ფორმატით გამოდიოდა, შემდეგ, წლების განმავლობაში, ყოველთვიურ ლიტერატურულ ჟურნალად ჩამოყალიბდა.  წელს „არილი“ განახლებული სახით დაბრუნდა და სამი ნომერიც გამოიცა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსგან ლიტერატურული ჟურნალის დაფინანსება შეწყდა,  „არილი“ ფინანსური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და არსებობას თავისი ერთგული მკითხველის დონაციით და დაფინანსებით განაგრძობს.

„არილის“ მნიშვნელობაზე, მიღწევებსა და მის მთავარ გამოწვევებზე ფილოსოფოსი, ლიტერატურისმცოდნე და „არილის“ რედაქტორი ლექსო დორეული გვესაუბრება:

 როგორ დაიწყო „არილის“ ისტორია და რა გზა გაიარა ჟურნალმა დღემდე? 

- „არილი“ 1994 წლიდან არსებობს და მას წელს 30 წელი შეუსრულდა. მისი არსებობის მანძილზე 319 ნომერი გამოიცა. „არილი“ მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა თანამედროვე ლიტერატურის ტენდენციებს და, რა თქმა უნდა, აყალიბებდა მკითხველის გემოვნებას. ამ თვალსაზრისით ორიენტირი იყო. ეს გზა საკმაოდ  რთული იყო, რადგან ფინანსური პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს „არილთან“ მიმართებით, პირველად არ დამდგარა.  ამ პერიოდის მანძილზე ჟურნალის დაფინანსება რამდენჯერმე შეფერხდა, რადგან ადამიანები, რომლებიც მასზე მუშაობდნენ, არასოდეს მიდიოდნენ კომპრომისზე და კონიუნქტურას არ ექვემდებარებოდნენ. მიუხედავად ამისა, „არილი“ იქცა  ტრადიციად, 30 წლის მანძილზე შეიძინა ბევრი ერთგული მკითხველი და ახლახან, პირველად „არილის“ ისტორიაში, მთლიანად მკითხველის დაფინანსებით და დონაციით გამოიცა 2024 წლის მე-3 ნომერი. წელს პირველი ნომერი მთლიანად მიეძღვნა სომხურ ლიტერატურას და ის  სომხეთის საელჩომ დააფინანსა.  მეორე ნომერი ბერძნულ თანამედროვე ლიტერატურას მიეძღვნა და ბერძნული კულტურის ცენტრმა დააფინანსა, ხოლო მესამე ნომერი, რომელიც არ არის თემატური, მთლიანად მკითხველის დაფინანსებით გამოიცა. ამის აუცილებლობის წინაშე მაშინ აღმოვჩნდით, როცა სახელმწიფომ „არილის“ დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ვამზადებთ კიდევ ერთ ნომერს, რომელიც  მთლიანად პროტესტის თემას მიეძღვნება: პროტესტის ლიტერატურას, პროტესტის ენას, პროტესტის პოეტიკას. ჩვენს ავტორებს ვთხოვეთ, დაეწერათ, მათთვის ქართული ლიტერატურიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პროტექსტის ტექსტი; ნაწარმოები, რომელშიც ყველაზე მძაფრად არის აკუმულირებული საპროტესტო ენერგია: პოლიტიკური, ეგზისტენციალური თუ სხვა თვალსაზრისით.

როდის და როგორ დაიწყო თქვენი „არილთან“ თანამშრომლობა? 

 - უკვე მესამე წელია, რაც „არილის“ რედაქტორი ვარ.  მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ადამიანმა, რომელთანაც ამ ჟურნალის სახელი ასოცირდება, მალხაზ ხარბედიამ, შემომთავაზა, რომ ერთად ვყოფილიყავით ამ გამოცემის თანარედაქტორები. 3 წლის მანძილზე ერთად ვუძღვებით ჟურნალს. 

 რა როლი აქვს ლიტერატურულ ჟურნალს თანამედროვეობაში? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს? 

 - ლიტერატურული ჟურნალი უნდა არსებობდეს ყველა კულტურულ ქვეყანაში, სივრცეში. მით უმეტეს, საქართველოში, რადგან გარდა წიგნებისა, რომლებიც გამოიცემა, უნდა არსებობდეს პერმანენტული, მუდმივი სივრცე, სადაც ავტორებს მიეცემათ საშუალება, რეალობას უფრო ცხელ კვალში მიჰყვნენ. ლიტერატურული პერიოდიკა ლიტერატურის ცოცხალი აწმყოა. არ შეიძლება კულტურა დაკმაყოფილდეს წარსულით, რაც უნდა დიდებული იყოს ის. ლიტერატურული პერიოდიკა ლიტერატურის თვითცნობიერებასავითაა, რადგან მასში ხდება თავმოყრა იმ ხმების, რომლებიც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში არსებობს.  ცნობილი ქართველი ავტორების უმეტესობა, რომლებიც უყვარს მკითხველს, „არილის“  ფურცლებიდან გაიცნო. „არილში“ შედგა მათი დებიუტი და შემდეგ განვითარდა მათი ლიტერატურული კარიერა. ყველა კულტურულ ქვეყანაში არსებობს ასეთი გამოცემები და სხვათა შორის, როგორც ბევრ სხვა ხელოვნების დარგს, რომელსაც თანამედროვე კომერციულ ცივილიზაციაში აღარ შეუძლია არსებობდეს დამოუკიდებლად, აფინანსებს სახელმწიფო.  

რა არის მთავარი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც აწყდებით ჟურნალის  გამოცემის პროცესში?   

- ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ფინანსური და ის გაჩნდა იმ პრობლემების კვალდაკვალ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შეექმნა ზოგადად დასავლურ ღირებულებებს და თავისუფლების იდეას. „არილი“ყოველთვის თავისუფალი ლიტერატურული გამოცემა იყო. „არილის“ არსებობას არანაირი აზრი არ აქვს, თუ ის არ იქნება თავისუფალი გამოცემა და  დაექვემდებარება კონიუნქტურას. ამ წლების მანძილზე,  ერთ-ერთი მთავარი რეპრეზენტატორი დასავლური ღირებულებებისა ლიტერატურაში, „არილია“. არსებობს ამ ღირებულებებზე მსჯელობის და მათი ცნობიერების შექმნის  პოლიტიკური ველი, და არსებობს ხელოვნება და კულტურა. მე მგონია, რომ ხელოვნება, კულტურა, განსაკუთრებით, ლიტერატურა და განსაკუთრებით პოეზია არის ყველაზე ძლიერი მედიუმი იდეების გავრცელებისა და გადაცემისა; ყველაზე ძლიერი კომუნიკაციის მექანიზმი, არხი. ადამიანებს გადასცე შენი იდეები - ეს არის „არილის“ მთავარი ფუნქცია. დემოკრატიულ ქვეყნებში კულტურის დაფინანსების მთავარი პრინციპი არის ის, რომ სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს  კულტურას, მაგრამ არ ერეოდეს  მის ავტონომიურობაში. ანუ კულტურაში უნდა მოძრაობდეს ე. წ. დაუინტერესებელი ფული, რომელსაც თავისი პოლიტიკური ინტერესები არ მოჰყვება თან. ბოლო ორი წელია სახელმწიფოს მხრიდან ამ პრინციპს შეექმნა საფრთხე. უფრო სწორად, საერთოდ აღარ არსებობს ეს პრინციპი. სახელმწიფომ პარტიული და პოლიტიკური ნიშნით დაიწყო კულტურის დაფინანსება. აფინანსებს კულტურის იმ ობიექტებს და სექტორებს, რომლებიც მისი პოლიტიკური მხარდამჭერია. აქედან გამომდინარე, სამინისტრომ შეგვიწყვიტა დაფინანსება და დავრჩით ყოველგვარი ფინანსური შესაძლებლობის გარეშე. აქ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი მკითხველების და ავტორების მხარდაჭერა, რომელიც ძალიან მძაფრად ვიგრძენით. არ ველოდით ასეთ მასშტაბურ თანადგომასა და სოლიდარობას.                   

გაქვთ რაიმე განსაკუთრებული გეგმები ან პროექტები ჟურნალისთვის უახლოეს მომავალში? 

- უახლოესი გეგმა არის ის, რომ გამოვცეთ ნომერი, რომელიც მთლიანად მიეძღვნება პროტესტზე რეფლექსიას, პროტესტის ლიტერატურას, პროტესტის ენას, პროტესტის ესთეტიკას, რა გზა გაიარა საქართველოში პროტესტის ენამ და მისი გამოხატვის ფორმებმა დღემდე. ზოგადად, პოეზია და ლიტერატურა, როგორც პროტესტის ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი - ამ თემებზე ვეცდებით რეფლექსიას. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს უფრო დიდ დროში, ამ ეტაპზე ვეცდებით, რომ მკითხველის მხარდაჭერით გავაგრძელოთ გამოცემა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ათასობით ადამიანმა უკვე გამოთქვა სურვილი, რომ შევინარჩუნოთ და გადავარჩინოთ ტრადიცია და იდეა - „არილი“. 

სახელმწიფო ვერ აცნობიერებს იმას, რომ „არილისთვის“ დაფინანსების შეწყვეტით, კონკრეტული გამოცემა და მასთან დაკავშირებული  ადამიანები კი არ დაზარალდნენ მხოლოდ,  არამედ ისინიც, ვინც წლებია „არილს“ იყენებს, როგორც ინტელექტუალურ რესურსს: სკოლები, უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ჩვენი მკითხველები... არ მეგულება საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ამ 30 წლის მანძილზე, „არილის“ მიერ თარგმნილ თუ გამოქვეყნებულ ორიგინალურ ტექსტებს არ გამოიყენებდეს აკადემიური მიზნებისთვის. ძალიან ცუდია, როცა სახელმწიფო ასეთ რაღაცაში ხელს გიშლის, ხელს უშლის საკუთარ  თავს, მოსწავლეებს, სტუდენტებს და ცდილობს გააქროს 30 წლის მანძილზე დაგროვილი რესურსი, შრომა და ძალისხმევა, რასაც ჩვენი უახლოესი ინტელექტუალური ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელები ქმნიდნენ. იმედი გვაქვს, რომ „არილის“ მკითხეველების მხარდაჭერა არ იქნება ერთჯერადი, მათი ნებისყოფის და ერთგულების იმედი გვაქვს. 

მადლობა გამომცემლობა „პალიტრა L”-ს, რომელიც წლებია ჩვენი პარტნიორია და ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. „არილის“ გადარჩენის ძალისხმევის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია აქცია - „გადაიხადე, რამდენიც გინდა“, რომელიც გამომცემლობამ დააანონსა. დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება, კიდევ სხვა ბევრი მკითხველის ყურადღების მისაპყრობად იმ პრობლემაზე, რომელიც წამოიჭრა. მეორე მხრივ, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მორალურად და ფინანსურად ასეთი მხარდაჭერა. 

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის კამპანია - "გადაიხადე, რამდენიც გინდა", 28 ივნისიდან დაიწყება და ამჯერად, შემოსული თანხა საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალის „არილი“ ახალი ნომრის დაფინანსებას მოხმარდება. აქციის ფარგლებში, მკითხველს „ბიბლუსის“ ქსელში შეეძლება შეიძინოს რეი ბრედბერის უკვდავი რომანი - „451 ფარენჰაიტით“ იმ ფასად, რამდენსაც თავად გადაიხდის. აქცია ტირაჟის ამოწურვამდე გაგრძელდება. 

ერთ მომხმარებელზე მხოლოდ ერთი წიგნი გაიცემა. მკითხველს შეეძლება გადაიხადოს იმდენი, რამდენიც სამართლიანად მიაჩნია და ამით ხელი შეუწყოს  ლიტერატურული ჟურნალის, „არილის“ გადარჩენას, რომელიც ბოლო პერიოდში ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. 10 ლარამდე გადახდილი თანხის 20% გადაირიცხება „არილის“ გადარჩენის ფონდში, ხოლო 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა სრულად გადაირიცხება „არილის“ გადარჩენის ფონდში.