ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაამარცხა, ანგარიშით 2:0. პირველი ტაიმი ქართველების აქტიურობით დაიწყო, რაც მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით გაგრძელდა.
მან პორტუგალიელების კარი მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ აიღო. ამის შემდეგ პორტუგალიელები ინიციატივას დაეუფლნენ და უპირატესობაც მათ მხარეს იყო, თუმცა ჩვენები კარგად იცავდნენ თავს. მე-16 წუთზე თამაშში ჩართვა მოუწია გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც რონალდუს უძლიერესი დარტყმა მოიგერია.
57-ე წუთზე კი პორტუგალიის კარში პენალტი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ეს მისი მე-3 გოლია ჯგუფურ ეტაპზე. პორტუგალიელებმა საკუთარ საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილი წააქციეს, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რაც ზუსტად შეასრულა მიქაუტაძემ.
ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმა გიორგი მიქაუტაძის სახელი უკვე კარგად იცის. საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ შინ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის.
"ყველაზე მეტად მიყვარს ბოლო წუთებზე გოლის გატანა, 0-0, ან 1-1 რომ არის და შენი გოლით რომ გადაწყვეტ მოგებას. სულ ბურთი მქონდა ფეხებთან. მამაჩემმა მიმიყვანა ფეხბურთზე, როცა ექვსი წლის ვიყავი. ერთი წლის შემდეგ "ოლიმპიკ ლიონში" გადავედი. იქ შვიდი წელი ვვარჯიშობდი, საიდანაც Saint priest-ში წავედი ორი წლით, იქიდან კი "მეციში“ გადმოვედი.
ფიზიკურად პატარა ვიყავი, არ ვიყავი ძლიერი, მაგრამ ფეხბურთი ვიცოდი, ტექნიკა მქონდა, გოლები გამქონდა. პრობლემა უფრო ფიზიკურობა იყო და ამიტომ გამომიშვეს. არ მეწყინა, მაგრამ მინდოდა, რომ იქ ვყოფილიყავი, იმიტომ, რომ იქ დავიბადე, ლიონში და უმაღლესი კლუბი იქ "ლიონია“; მანდ მინდოდა, მაგრამ ეგრეა, ფეხბურთია. ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა“, - ამბობდა ფეხბურთელი.
პორტუგალიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის დროს გიორგის ოჯახის წევრები ტრიბუნაზე იმყოფებოდნენ. მისი და, ანა მიქაუტაძე, ძმას საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურში პირველად უგულშემატკივრებდა. ვინაიდან ანაც საფრანგეთში ცხოვრობს, გიორგის მატჩებზე იქ ხშირად დადის, თუმცა საქართველოს თამაშს ის პირველად სწორედ ახლა დაესწრო. ანამ ვარსკვლავი ძმის შესახებ Geo Team-ის ვიდეოში, საბა საპანაძესთან ისაუბრა:
"გიო პატარაობიდანვე იძახდა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო. მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა. ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ.
ფრანგულად ვიწყებთ ლაპარაკს და დედიკო მოდის და გვეჩხუბება, ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ მშობლიური ენაო", - ამბობს ანა.
"მე ვარ გიორგი მიქაუტაძე. დავიბადე 2000 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ლიონში. ვარ საფრანგეთის მოქალაქე. მყავს დედ-მამა, უმცროსი ძმა და უფროსი და.
6-7 წლამდე ვთამაშობდი კლუბ "გერლანდში". 8 წლიდან ლიონის "ოლიმპიკის" საფეხბურთო აკადემიაში ერთკვირიან შემოწმებაზე მიმიწვიეს, მაგრამ ორ დღეში მივიღე პასუხი, რომ ჩარიცხული ვიყავი კლუბის აკადემიაში. 8-დან 15 წლამდე ვიყავი "ლიონში". შემდეგ გადავედი "ას პრიესტში", სადაც 15 წლიდან 17 წლამდე ვთამაშობდი.
2017 წელს, როცა 17 წლის ვიყავი, ლიგა 1-ის კლუბ "მეცთან" ხელი მოვაწერე 2-წლიან კონტრაქტს, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში შეიცვალა, ხოლო 2019 წლის ბოლოს გავაფორმე 3-წლიანი პროფესიული კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2020 წლის ივლისიდან შევიდა.
"მეცში" კონტრაქტის შემდეგ 8 წუთი ვითამაშე "ნიცას" წინააღმდეგ, ხოლო "რენთან", "მარსელთან" და საფრანგეთის თასზე "დიჟონის" წინააღმდეგ განაცხადში ვიყავი" - ასე ახასიათებს საკუთარ თავს ფეხბურთელი.