მომისმინე!
- მაპატიე, მაგრამ მე შენ დიდხანს გისმინე. სამწუხაროდ, სულ ტყუილად, მაინც ვერაფერი გავიგე. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მითხრა, რა გინდა ჩემგან?
- ნუ დამიწყებ ახლა სხვა ქალებივით, ნატა. შენ მე სხვანაირი მგონიხარ, სხვებს არ ჰგავხარ. მათგან რომ გამოირჩევი, იმიტომ მიხარია შენთან ყოფნა. ნუ გააფუჭებ ყველაფერს.
- ჩემთან ყოფნაში რას გულისხმობ, იქნებ ამიხსნა?
- მაგას, სკოლას რომ დაამთავრებ, მაშინ მიხვდები.
- სკოლას რომ დავამთავრებ? რა მოხდება, სკოლას რომ დავამთავრებ?
- ჩემთან წაგიყვან… სამუდამოდ. ახლა გაიგე?
ამის გაგონებაზე დადუმდა. ხმა არ ამოუღია. კვლავ გავაგრძელეთ გზა. დუმილი გაიწელა.
- მართლა გაქვს იმ გოგოსთან ურთიერთობა? - თქვა ბოლოს.
- მქონდა. სანამ შენ გაგიცნობდი, მქონდა. ახლა ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს.
- ესე იგი, მე დავანგრიე თქვენი ურთიერთობა? - ამომხედა, ცრემლი უბრწყინავდა თვალებში.
- არა, შენ არაფერ შუაში ხარ. მე ის არასდროს მყვარებია. უბრალოდ…
- რა უბრალოდ?
- მას კაცი სჭირდებოდა, ქმარს გაშორებულია. ერთხელაც… მე აღმოვჩნდი ეს კაცი. სულ ეს იყო.
- და მთელი ორი წელიწადი, არა?
- მერე რა?
- როგორ თუ რა? ორი წელი არ არის ცოტა დრო. მას შენ უყვარხარ, ზაზა.
- არ დაიჯერო. ეგ სიყვარული არ არის. უბრალოდ, მის ცხოვრებაში სხვა არავინ გამოჩნდა. ჩვენ მხოლოდ შეჩვევა გვაკავშირებს ერთმანეთთან.
- გაკავშირებთ… - შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა.
- ახლა აღარ გვაკავშირებს, ნატა. ძალიან მინდა, რომ ეს დაიჯერო.
- არ ვიცი… ალბათ, გამიჭირდება.
- შენ შენი ადგილი გიჭირავს ჩემს გულში, მაკას - თავისი. შენ ძალიან ბევრს ნიშნავ ჩემთვის, ძალიან, ძალიან ბევრს. რაც გაგიცანი, მას შემდეგ სხვაზე ფიქრიც კი არ შემიძლია, გესმის? ვერ ხედავ, სულ შენ გარშემო რომ ვტრიალებ?
- ვხედავ, მაგრამ…
- რა მაგრამ?
- ღამე ვისთან ხარ, ხომ არ ვიცი?
- რა არ იცი, გოგო! - ვერ მოვითმინე და შევყვირე, - მთელ ღამეებს შენთან ლაპარაკში ვათენებ და არ იცი?
- მაგრამ ისეთი ღამეებიც ხომ არის, როცა არ მირეკავ?
- იშვიათად ხდება ასე.
- მაგრამ მაინც ხდება.
- არ გინდა, ნატა.
- შენ მართალი ხარ… მართლა არ მინდა, თქვენ შორის ჩავდგე. იქნებ უმჯობესია, საერთოდ არ შევხვდეთ ერთმანეთს? იქნებ აჯობებს, უბრალოდ, კარგ ნაცნობებად დავრჩეთ? მალე თბილისში წავალ, გამოცდებს ჩავაბარებ. თუ გამიმართლა და ჩავირიცხე, იშვიათად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა. ამასობაში თქვენი განელებული გრძნობა ახალი გზნებით აინთება.
- არ გინდა ეს პოეტური სიტყვები.
- კარგი, მე წავალ. მეტს ნუღარ გამაცილებ, მარტო მინდა ყოფნა. ნახვამდის.
- ამაღამ დაგირეკავ.
- ვერ დამირეკავ, ტელეფონი არ მუშაობს.
- მაინც დაგირეკავ.
- როგორც გინდა, - მწარედ გამიღიმა და თავჩაღუნული გაუყვა გზას.
დიდხანს გავყურებდი მიმავალს, მერე მოვტრიალდი და უმისამართოდ დავუყევი ბულვარს…
8 8 8
მთელი საღამო საშინელ გუნებაზე ვიყავი. არავის ნახვა არ მინდოდა. შინ ადრე მივედი, ჩემს ოთახში შევედი, ტელეფონი მოვიმარჯვე და ნატას ნომერი ავკრიფე. ზარი გადიოდა, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. მივხვდი, სპეციალურად ჰქონდა გამორთული, რომ არ დამერეკა. სიმწრისგან ტუჩებს ვიკვნეტდი. როგორ მინდოდა, ერთი მაგრად გამომელანძღა მაკა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ქალს საქმის გარჩევას ხომ არ დავუწყებდი.
გადავწყვიტე, დავმთვრალიყავი. გოგას დავურეკე. ის ქორწილისთვის ემზადებოდა. ვუთხარი, ცუდ ხასიათზე ვარ და უნდა მიშველო-მეთქი. გამოდი, ჩვენი ბიჭებიც აქ არიან და მამაპაპურად მოვულხინოთო.
გავედი. გოგასთან მთელი საძმაკაცო დამხვდა - სერგო, პაპუნა და დათო. გაუხარდათ ჩემი დანახვა. ბოლო ხანებში იშვიათად ვკონტაქტობდი მათთან.
პირდაპირ ყანწი მაჯახეს, უნდა დაგვეწიოო. მალევე მომეკიდა სასმელი. ერთხანს თითქოს გადავერთე, მაგრამ რაც მეტს ვსვამდი, მით უფრო ვიბოღმებოდი, უარესად გამიფუჭდა ხასიათი. გოგამ შემატყო, უგუნებოდ რომ ვიყავი და მეორე ოთახში გამიხმო.
- მოხდა რამე? - დაკვირვებით შემომხედა.
- მაგ «აშარაშკამ» საქმე გამირთულა, - არ დავუმალე მეგობარს.
- ვინ, მაკამ?
- ჰო.
- ნატასთან, არა?
- ჰო.
- აბა, რას ელოდი? მე რა გითხარი შენ ამას წინათ? დროზე შეეშვი მაგ გოგოსთან სიარულს-მეთქი, არ გაგაფრთხილე?
- კი, გამაფრთხილე.
- მერე? რა მითხარი, გახსოვს?
- მახსოვს, გოგა, ყველაფერი მახსოვს.
- ჰოდა, კიდევ შეიცოდე, მიდი! ქალი ჭკუაზე არ არის, როგორ დაგითრიოს და რა მეთოდი გამოიყენოს ამისთვის, არ იცის, შენ კი უკან დასახევი ყველა გზა მოიჭერი. რატომ, გეკითხები? გინდა, გითხრა, რა იქნება ხვალ?
- რა? - დამნაშავის მზერით შევხედე.
- რა და, გამოგიცხადებს, შენგან ორსულად ვარო. მერე სად მიდიხარ?
- კარგი ერთი…
- ჰო, ჰო. კარგად ვიცნობ, ვინც არის. მაგის თავში რომ აზრები ტრიალებს, არც დაგესიზმრება. ათი წელი რომ იფიქრო, ვერ გაშიფრავ. როგორ გავიდა ნატამდე?
- ტელეფონი გაუგია და დაურეკავს.
- მერე რა მინდაო?
- ჩემი საქმროაო, უთქვამს.
- აუჰ! გინდა, ახლავე დავურეკავ და დედას მოვუხსენიებ.
- არა, არ მინდა. რაც უფრო გავაღიზიანებ, მით მეტს გააკეთებს.
- მომეცი უფლება, დავურეკო და მე ვიცი, რასაც ვეტყვი. შენ ვითომ აზრზეც არ ხარ.
- რა ვიცი, - მხრები ავიჩეჩე.
- აგერ დაჯექი! -_ გოგამ სკამზე მიმითითა, თვითონ ტელეფონს მიუჯდა და ნომერი აკრიფა…
- მაკა, შენ ხარ?.. გოგა ვარ… არა მიშავს, გმადლობთ… დიდი მადლობა, დიდი… მომისმინე, ახლა ერთ საქმეზე გირეკავ, - გოგამ ყურმილი ოდნავ მოაშორა ყურს და ხელით მანიშნა, ახლოს გადმოჯექი და შენც მოუსმინეო.
- გავიგე, ნატასთან დაგირეკავს…
- ვინ ნატასთან? - მაკა დახშული ხმით ლაპარაკობდა.
- ხომ იცი ახლა, ვისზეც გელაპარაკები.
- მერე შენ რა?
- ის, რომ ის ბავშვი ჩემი ახლობელია და დაანებე თავი, რა ხელი გაქვს ასეთ პატარა გოგოებთან, თავს რატომ იბანძებ?
- მე ვიბანძებ თავს? თუ შენი ძვირფასი ძმაკაცი? თუ ასეთი «პატარა გოგოა», რას დაეთრევა მასთან? მე აქ სხვა რამეებს მეუბნება, იქ კი იმას ურევს ტვინს. შენი აზრით, ეს ნორმალური საქციელია?
- მაკა, მომისმინე. ხომ იცი, არ მიყვარს, როცა ვიღაც ზაზაზე ცუდს ლაპარაკობს. ის ჩემი მეგობარია და არ მსიამოვნებს, როცა ლანძღავენ.
- მე ვიღაც ვარ, არა?
- ჩემთვის ყველა ვიღაცაა, ვინც ზაზას აუგად იხსენიებს, ეს იცოდე. მეორეც. დაანებეთ იმ ბიჭს თავი, როგორმე თვითონ გადაწყვეტს, ვის შეირთავს ცოლად და ვისთან დარჩება. სხვანაირად მე და შენ ვერ მოვრიგდებით.
- შენთან მოსარიგებელი არაფერი მჭირს. შენ საერთოდ ვინ გეკითხება, რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში?
- იმიტომ, რომ ნაწილობრივ მეც მეხება. იცი შენ, რასაც ვგულისხმობ.
- რა იყო, ჩემ ჩაშვებას აპირებ?
- თუ ჭკვიანად არ იქნები, ასეც მოვიქცევი. მე ზაზა მთელ ქვეყანას მირჩევნია.
- არ მაინტერესებს, რას გააკეთებ. ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთია. ის მაინც დაკარგულია ჩემთვის, მაგრამ იმდენს მაინც ვიზამ, რომ არც მასთან დარჩეს. პაატას გეფიცები, ჩავუშლი მაგ საქმეს, არ გავახარებ.
- ნუ-მეთქი, გოგო!
მაკამ ბოლომდე არც მოუსმინა და ყურმილი დაკიდა. გოგამ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და გვერდულად ამომხედა.
- რა ჩაშვებაზე ლაპარაკობდა? - ვკითხე გოგას.
- ისეთი არაფერი, ბავშვობის შეცდომა გავუხსენე.
- მაინც რა შეცდომა? - ჩავაცივდი.
- არაფერი, მოსაყოლადაც არ ღირს. ვიფიქრე, იქნებ შევაჩერო-მეთქი, მაგრამ არ გამოდის.
- არ უნდა დაგერეკა. წავალ მე, დავიძინებ.
- დარჩი, ჯერ ადრეა, გავაგრძელოთ ქეიფი.
- არა, არ მინდა. სხვებსაც გავუფუჭებ ხასიათს…
წამოვედი. შინ მისული არ ვიყავი, რომ ტელეფონმა დარეკა. ნატა მეგონა, ამიტომ ეგრევე ვეტაკე ყურმილს. მაკა შემრჩა ხელთ.
- ხვალ, პირველ საათზე, ჩემთან გელოდები სახლში, სალაპარაკო მაქვს.
- არ მცალია, - თავს ძლივს ვიკავებდი, არ მეგინებინა.
- მოიცლი. ნუ გეშინია, მარტო არ ვიქნებით. მოგიწევს რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა.
- რა იყო, საქმეს მირჩევ?
- ჰო. შენც და იმასაც. ორივე აქ დაგხვდებით, ამიტომაც მოგიწევს გამოსვლა, - უკმეხად თქვა და ყურმილი დამიკიდა.
ღრმად ამოვიხვნეშე. ხვალ კიდევ ერთი ბრძოლა მელოდა, რომელსაც ან წავაგებდი, ან მოვიგებდი…
* * *
ღამით თითქმის არ მიძინია, რის გამოც დილით თავი მისკდებოდა ტკივილისგან. სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარი ორეული ვერ ვიცანი - სახე და თვალები ლოთი კაცივით შემშუპებოდა. საათს დავხედე. ჯერ ადრე იყო. რით მომეკლა დრო? ფიქრის თავიც არ მქონდა. გადავწყვიტე, ცენტრში გავსულიყავი და სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა, იქნებ სახე დამწყნარებოდა. ასეც მოვიქეცი.
მზე სასიამოვნოდ ანათებდა, ჰაერში ახლად აყვავებული ტყემლის და ატმის ყვავილის სურნელი ერთმანეთში ირეოდა. პარკში შევედი და წითელი კენჭებით მოკირწყლულ ბილიკს დავუყევი. თერთმეტი ხდებოდა. ასეთ დროს იშვიათად, აქ ვინმე ყოფილიყო, ჩემნაირებს ჯერ კიდევ ეძინათ, უფრო მოწესრიგებულები კი სამსახურში იყვნენ, სასეირნოდ არ ეცალათ. რამდენიმე ქალს თუ შენიშნავდით მხოლოდ - პატარებს რომ ასეირნებდნენ საბავშვო ეტლებით. ერთი ბიჭიც დავინახე, ძაღლს ასეირნებდა.
მერხზე დავჯექი და თავი საზურგეს მივადე. თვალებდახუჭულმა სუფთა ჰაერი ხარბად შევისუნთქე და დანიშნულ შეხვედრაზე დავიწყე ფიქრი. რა გაუძლებს ახლა ქალების პრეტენზიებს. როგორ არ მიყვარს, როცა ვიღაც თავზე მახვევს თავის მოთხოვნებს. არავის წინაშე თავს ვალდებულად არ ვგრძნობ. არავის არაფერს შევპირებივარ. ვიცოდი, როგორი სამსჯავროც მელოდა და პასუხიც მზად მქონდა ყველა კითხვაზე. ვიცოდი, რასაც ვიზამდი. ვიცოდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. ორივე დაზარალდებოდა ამ შეხვედრით… მათ შორის, მეც… და ალბათ ყველაზე მეტად…
8 8 8
ორის ათი წუთი იყო, მაკას სახლს რომ მივადექი. ზარი არ დამირეკავს, ისე შევაღე კარი. ორივენი - მაკაც და ნატაც - მაგიდას მისხდომოდნენ და მშვიდად საუბრობდნენ.
- გამარჯობა, - ცივად ვთქვი და იქვე მდგარ კამოდს ნახევრად დამჯდარ პოზაში მივეყრდენი. ხელები ქურთუკის ჯიბეებში მქონდა ჩაწყობილი. გულგრილი გამომეტყველებით ამოვიღე გულის ჯიბიდან საღეჭი რეზინი და პირისკენ გავაქანე.
ერთიანად გაწითლებული ნატა მომესალმა, მაკას კი ხმა არ გაუღია, ამრეზით მიყურებდა.
- აბა, გისმენთ, რა საქმე გაქვთ ჩემთან? - ისეთი ტონით ვიკითხე, თითქოს მართლა სასამართლო დარბაზში ვყოფილიყავი.
- ნატა, დაიწყე… - მაკა ნატას მიუბრუნდა.
- მე არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, - ტუჩები გაუფითრდა გოგონას და თავი ჩაღუნა, ნიკაპი უცნაურად აუკანკალდა.
- კარგი, მაშინ ჯერ მე ვიტყვი, - მაკამ მედიდურად მიმოიხედა, - ზაზა, მგონი, არ დაგვიწყებია, რასაც შემპირდი.
- რას შეგპირდი? - წინადადების გაგრძელება არ ვაცალე.
- იქნებ დაჯდე და ისე მომისმინო? თორემ ასე მგონია, ზედამხედველივით მადგახარ თავზე.
- არ მინდა, ასე მირჩევნია, - თავი გადავაქნიე, - რაო, რას მეუბნებოდი, რას შემპირდიო? -აგდებული ტონით გავაგრძელე.
მაკას ნირი წაუხდა.
- ხომ მეუბნებოდი, ჩემს ცხოვრებაში სხვა ქალი არ არსებობს და ჩვენ სულ ერთად ვიქნებითო?
- ასე გეუბნებოდი? რაღაც არ მახსოვს, მთლად ასე ყოფილიყო, მაგრამ ჯანდაბას! ჩავთვალოთ, რომ ასე გითხარი, მერე?
- მერედა ის, რომ შენ პირობა დაარღვიე.
- მერე, მერე?
- პასუხი შენგან მინდა მოვისმინო.
- რაზე გინდა პასუხი მოისმინო - ასე რომ გეუბნებოდი თუ პირობა რატომ დავარღვიე?
- ერთზეც და მეორეზეც.
- მაკა, რაში დაგჭირდა ეს მასკარადი? - სიბრაზე უფრო და უფრო მიპყრობდა.
- ეს კი არ არის მასკარადი, ზაზა, მასკარადი შენი საქციელია! - იყვირა მოულოდნელად ისტერიკანარევი ხმით.
- მართლა? ასეთი რა დავაშავე?
- რა და ის, რომ ზუსტად იმავეს ეუბნებოდი ამ ბავშვსაც, ამას ცალკე უბნევდი თავგზას!
- რას მელაპარაკები… ნატა, შენც ასე ფიქრობ?
ნატა თავს არ სწევდა, არც ხმას იღებდა.
- შენ გეკითხები, შენც ასე ფიქრობ? - დაჟინებით გავიმეორე.
- არ ვიცი… - ჩურჩულით ჩაილაპარაკა და თმა ყურზე გადაიწია, სწორედ ისე, როგორც სჩვეოდა, ოღონდ უფრო შენელებული მოძრაობით, - საერთოდ, ვერ ვხვდები, რა მინდა აქ.
- ჰოდა, მეც მანდა ვარ. რა გინდა აქ?
- ნატა, ნუ გერიდება და ნუ გეშინია. ეგ უკვე ვეღარაფერს დაგიშავებს, - გამკინავი ხმით ჩაერთო ჩვენს ლაპარაკში მაკა, - მაგის საქმე წასულია ხელიდან. ამას არ ვაპატიებთ.
- ბოლოს და ბოლოს, მეტყვით, რა გინდათ ჩემგან? ოდესმე მითქვამს რომელიმესთვის, მიყვარხართ-მეთქი? - საბოლოოდ გამოვედი წყობილებიდან, - ან ცოლობას შეგპირდით? მაკა, მიპასუხე, შეგპირდი ამას?
- არა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? - დაიბნა მაკა.
- ნატა, შენ?
ნატამ თავი გააქნია უარის ნიშნად.
- მაშინ რატომ მესხმით თავს? რატომ მიყენებთ უაზრო პრეტენზიებს? მე მსიამოვნებდა თქვენთან ურთიერთობა, ვმეგობრობდი ორივესთან, რაც შემეძლო, იმას გიკეთებდით. ახლა კი მომისმინეთ, ყურადღებით მომისმინეთ. არც შენ მჭირდები არაფერში, - მაკას გადავხედე, - და არც შენ, - მერე ნატასკენ გადავიტანე მზერა, - მორჩა, სასამართლო დამთავრებულია. მე წავედი, - ვთქვი და კარისკენ გავემართე.
- რატომ მატყუებდი ამდენ ხანს, რატომ? ჩემი ცოდვა არ გაგახარებს! - მაკას წივილი დამეწია.
- შენთან ლაპარაკი დავამთავრე, - მოვტრიალდი და თითი დავუქნიე საყვარელს, - შენ კი, ნატა, სხვა დროს დაგელაპარაკები, - კბილებში გამოვცერი და იქაურობა ერთიანად აკანკალებულმა დავტოვე.
მაკასგან არ მიკვირდა მსგავსი სცენები, მაგრამ ნატა? მისგან არ ვიყავი ჩვეული ასეთ რამეებს. თუმცა ვერც გავამტყუნებდი. ვიცოდი, ეს ყველაფერი მაკას მოწყობილი იყო, მან აიძულა გოგონა, მხარი აება მისთვის. რა მოიგო? სულ ვერაფერი. რა წააგო? ამაზე თავად უნდა ეფიქრა.
მე კი წავაგე. მაკა არ მანაღვლებდა, ადვილად შეძლებდა ჩემ დავიწყებას და სხვაზე გადართვას, მაგრამ ნატაზე ფიქრი გონებიდან არ მშორდებოდა. მას ჯერ კიდევ არ ჰქონია სასიყვარულო ინტრიგები ცხოვრებაში. ვხვდებოდი, ეს პირველი შემთხვევა იყო და ამიტომაც მეცოდებოდა. თანაც… სადღაც ჩემი ბრალიც იყო, ამგვარ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდა. ცოტა მეტი რომ მეთქვა მისთვის, ოდნავ მეტად რომ დამერწმუნებინა ჩემს გრძნობებში, მაკას თამაშის წესებს არ დაემორჩილებოდა.
რთული სიტუაცია შეიქმნა. არ მინდოდა ნატას დაკარგვა. დაკარგვა კი არა, მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომედგინა. ერთი დღეც ვერ ვძლებდი, მისი ხმა არ გამეგონა, ახლა კი… მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. მაპატიებდა კი ნატა? შემირიგდებოდა? წარმოდგენა არ მქონდა, რას მოიმოქმედებდა. არც ის ვიცოდი, მე როგორ უნდა მოვქცეულიყავი.
არ მახსოვს, როგორ მივედი სახლში. ნერვიულობისგან აძიგძიგებული სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი, უაზროდ ვცემდი ბოლთას ოთახში და გამალებით ვფიქრობდი. ნეტავ, ახლა სად არის? როგორ წამოვიდა იქიდან? როგორ გამოისტუმრა მაკამ? ნუთუ ვერ მიხვდა, რაც ვუთხარი? შენ მერე დაგელაპარაკები-მეთქი. ეს იმას ნიშნავდა, რომ აუცილებლად ვნახავდი და ყველაფერს ავუხსნიდი… მაგრამ მიმიხვდებოდა? ის ხომ მთლად ბავშვია… გაიგებდა, კი?..
გაგრძელება იქნება