უმშვენიერესი ვლოგერი, ინსტაგრამერი და უკვე ინფლუენსერი თაკო საზინა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პირველი ვლოგერია, რომელმაც სილამაზის სფერო საზოგადოებას ვიდეოების მეშვეობით გააცნო.
თაკომ ვლოგერობა წლების წინ დაიწყო და Youtube-ზე მაკიაჟისა და კანის მოვლის შესახებ მოკლე ვიდეოებს აქვეყნებდა. განსაკუთრებით პოპულარული ის 2016 წელს გახდა. მას შემდეგ მისი მიმდევრების რაოდენობა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, "ინსტაგრამსა" და "ტიკ-ტოკზე" სულ უფრო იზრდება.
თაკო საზინას ბიოგრაფია
„საქართველოში მსგავსი ვიდეოებით არ იყვნენ განებივრებული გოგონები და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მოწონება და სიყვარული დავიმსახურე ხალხში“, - ამბობდა თაკო.
თაკოს მთავარი ნიშა დღეს ორიგინალური, ტრენდული მაკიაჟია. ის ვიდეოში დეტალურად აჩვენებს, როგორ შეიძლება ისეთი შედეგის მიღწევა, როგორსაც ცნობილი სახეების, მოდელებისა თუ მსახიობების ფოტოებში ვხედავთ. თაკო ასევე ვიდეოს სახით აქვეყნებს რჩევებს თავის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის ახალი პროდუქტების შესახებ. მრავალწლიანი გამოცდილების გამო მას უამრავი ადამიანი ენდობა და მის რჩევებსაც ითვალისწინებს.
„ძალიან ხშირად ვუყურებ უცხოელ ვიდეობლოგერებს, ყოველთვის ვადევნებ თვალს ახალ ტენდენციებს და შემდეგ ვცდილობ, ეს სიახლეები ჩემს მაყურებელსაც გავუზიარო. ასე ვერავის გამოვარჩევდი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ თავის დროზე მეც სწორედ ასე ვისწავლე მაკიაჟის კეთება, ჩავრთავდი ვიდეოს, წინ დავიდგამდი სარკეს და ვცდილობდი როგორმე დამემსგავსებინა ჩემი მაკიაჟი მათი შედევრებისთვის. ნელ ნელა დამეხვეწა ხელი და ვისწავლე მაკიაჟის გაკეთება”, - ამბობდა თაკო.
თაკო საზინა თავისი გამომწერების „მეგობრად“ იქცა და ინტერესი არა მხოლოდ მისი მაკიაჟის, არამედ კამერის მიღმა ცხოვრების მიმართაც გაჩნდა, ამიტომ თაკო ყოველდღიურ ვლოგებსაც ხშირად აქვეყნებს და თავის ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს გამომწერებს უზიარებს.
2021 წელს თაკომ ფოტოები საკუთარი ნიშნობიდან გამოაქვეყნა. მისი რჩეული ვიდეოგრაფი თორნიკე სეხნიაშვილია. თორნიკემ თაკო გადაღებაზე გაიცნო და მას შემდეგ წყვილი სოციალურ ქსელში ერთად აქტიურად ჩნდება. მათ 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს და მალევე ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს.
თაკო სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილის, მატილდას დედა გახდა. ის ახლა გამომწერებს დედობის, ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ თავის მოვლის შესახებ ინფორმაციასაც ხშირად უზიარებს.