თანდათან უფრო და უფრო ვწყნარდებოდი. იმედი მქონდა, რომ ნატა ჩემს ნათქვამს გაიაზრებდა და დამირეკავდა, რომ ის უჩემოდ დიდხანს ვერ გაძლებდა, მაგრამ დრო გადიოდა და ჩემი იმედი არ მართლდებოდა. ერთხელაც არ დარეკა, არც მომიკითხა. ყოველ საღამოს, რვა საათის შემდეგ, შინ ვიყავი დარჭობილი მისი ზარის მოლოდინში… თუმცა ამაოდ… იმაზე მეტად თავმოყვარე ყოფილა, ვიდრე მეგონა.
იმ დღეებში, როცა რეპეტიცია ჰქონდა, სპეციალურად გავდიოდი თეატრისკენ, რომ თვალი მაინც მომეკრა. არც აქ გამიმართლა. არც შესული მინახავს თეატრის შენობაში და არც გამოსული. სხვა გზა არ დამრჩა, თენგო უნდა მენახა და გამეგო, რა ხდებოდა.
თენგოს რეპეტიცია კარგა ხნის დამთავრებული ჰქონდა, მის კაბინეტში რომ შევედი.
- ვა! ამას ვის ვხედავ! დაკარგულს გაუმარჯოს! რაფერაა საქმეები, ძამავ? - გურულად მოუქცია.
- ისე რა. შენკენ რა ხდება, რეპეტიციობ?
- ჰო, მაგრამ რად გინდა, მთავრდება სასწავლო წელი. მერე მთელი ზაფხული ტყუილად ყურყუტი მომიწევს, უფულოდ და უდოლოდ, - გაიცინა.
- შენი ქებული მოსწავლე რას შვრება, ისევ ცეკვავს?
- რომელზე მეკითხები, მე ბევრი მყავს ქებული, - დაიტრაბახა თენგომ და თავის კანტურით გამომხედა.
- აი, ის გოგო, მე რომ გავაცილე ერთხელ, ნატა ჰქვია.
- როის, ბოშო, შარშანდელ ამბავზე უბნობ? - კვლავ გურულად მოუქცია და ხმამაღლა გაიცინა.
- მერე რა, შარშან იყო, მაგრამ არ დამვიწყებია.
- კარგი, კარგი, გეხუმრები. ნატამ, ჩემო ბატონო, სამეცადინო მაქვს, წელს ვაბარებო და მთხოვა, არ ვივლიო. კაი სამი კვირაა, რაც დამეთხოვა.
ამის გაგონებაზე რაღაც ჩამწყდა გულში. თვალწინ მისი სევდიანი თვალები დამიდგა, თვალები, რომლებშიც ყოველთვის მსურდა ჩავძირულიყავი და იქ დავრჩენილიყავი, სანამ სრული ბედნიერებით არ დავნაყრდებოდი…
სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. რაც დრო გადიოდა, მით მეტად ვხვდებოდი, რომ ცუდად მოვექეცი. დამნაშავე ვიყავი მის წინაშე. მინდოდა, მისთვის ყველაფერი მეთქვა, რასაც განვიცდიდი, რასაც ვგრძნობდი, მაგრამ არ შემეძლო. რაღაც მიშლიდა ხელს, რაღაც მწევდა უკან. თავმოყვარეობა? სიამაყე? ამპარტავნება? ალბათ სამივე ერთად…
8 8 8
ამასობაში გოგას ქორწილის დღეც დადგა. მეჯვარეობა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი, თავაზიანად, რა თქმა უნდა. მაგისთვის მზად არ ვარ-მეთქი. არადა, უბრალოდ, ყველაფრის ხალისი მქონდა დაკარგული. თავში მხოლოდ ნატა მიტრიალებდა…
ლამაზი ქორწილი იყო, ყველა ერთობოდა და მხიარულობდა, ჩემ გარდა. მაკაც იყო დაპატიჟებული. რამდენჯერმე სცადა, დამლაპარაკებოდა, გამუდმებით ჩემ სიახლოვეს ტრიალებდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. მაინც არ მოისვენა, სანამ არ გამომელაპარაკა.
- როგორ მიდის შენი საქმეები, შეურიგდი იმ ღლაპს? - დამცინავად მკითხა.
პასუხი არ გავეცი, ალმაცერად შევხედე მხოლოდ.
- ჩემი ბრალი არ არის, ზაზა. გეფიცები, არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ნერვებმა მიმტყუნა. ასე მითხრა, ზაზას მე ვუყვარვარ, შენთან მხოლოდ ერთობაო.
- არ გინდა, მაკა. მორჩი ტყუილებს. ის ამას არ იტყოდა, კარგად ვიცნობ.
- მისი გჯერა და ჩემი არა, ხომ? იცი, რა მითხრა? შენ ეცოდები და იმიტომაა შენთან, უბრალოდ, კაცის სიცარიელეს გივსებსო.
- არ მაინტერესებს, წარსული უკვე დავივიწყე და უკან მიბრუნებას არ ვაპირებ, რომ იცოდე. დაიმახსოვრე ეს! - ვუთხარი და ამით საბოლოოდ ვაგრძნობინე, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებული იყო.
პაპუნას გვერდით დავჯექი და დავთვერი. შეზარხოშებულს უფრო მეტად მომენატრა ნატა. სიგიჟის ზღვარზე ვიყავი. მოულოდნელად გადაწყვეტილება მივიღე.
- პაპუნ, ხომ ხარ ჩემი ძმა?
- ვარ, აბა, არ ვარ?
- ჰოდა, ახლა ერთ ადგილას უნდა გამომყვე.
- რაზეა ბაზარი, სადაც მეტყვი, იქ წამოვალ.
- მანქანის მართვა შეგიძლია?
- მთლად გათიშული რომ ვიყო, მაინც შემიძლია. ხომ იცი, რა მაგარი ვარ! - საჩვენებელი თით მაღლა შემართა პაპუნამ და თვალი ჩამიკრა.
- წამო, ერთი გოგო უნდა ვნახო.
- ვნახოთ, მაგას რა ჯობია.
ღამის ორი საათი იყო. ანთებული ფარებით პირდაპირ ნატას ჭიშკარს მივადექით და დავასიგნალეთ. სახლში შუქი ჩამქრალი იყო, ყველას ეძინა. ცოტა ხნის შემდეგ ქვედა სართულზე სინათლე აინთო და კარიც გაიღო…
ზღურბლზე ვიღაც კაცი გამოჩნდა და ჭიშკრისკენ დაიძრა. ტანში გამცრა. მამამისი ჩამოსულიყო. რაღა ახლა მოუნდა?
- რომელი ხარ? - გაისმა ბოხი ხმა.
ახალგაზრდა, მაღალმა მამაკაცმა ურდული გადასწია და ჩვენკენ წამოვიდა.
- გამარჯობა… - დაბნეული მივესალმე, - უკაცრავად, ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, ბატონო ედიშერ. მე ნატას მეგობარი ვარ. აუცილებელი საქმე მაქვს, შეიძლება მისი ნახვა?
- ისეთი აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ამ დროს უნდა მოსულიყავით? - ეჭვიანი მზერით შემათვალიერა მასპინძელმა.
- რა ვქნა, სიტუაციამ ასე მოითხოვა, თორემ არ შეგაწუხებდით, - თავი ვიმართლე, თან გულში ვნანობდი, რომ მოვედი.
- შემობრძანდით, აქ ხომ არ იდგებით, - შეგვიპატიჟა და განზე გადგა.
ედიშერი სასტუმრო ოთახში შეგვიძღვა, მაგიდასთან დაგვსხა და ვიღაცას გასძახა.
- ციცო! ერთი ნატა გააღვიძე და უთხარი, აქ მოვიდეს!
მეორე ოთახიდან ჭრელ, გრძელ ხალათში ჩაცმული ქერათმიანი ახალგაზრდა ქალბატონი გამოჩნდა, ნამძინარევი თვალების ფშვნეტით.
- ხომ მშვიდობაა? - იკითხა შეშფოთებული ხმით.
- მშვიდობაა, მშვიდობა. მიდი, გააკეთე, რაც გითხარი! - თითები მაგიდაზე აათამაშა ნატას მამამ.
ქალი გატრიალდა და ცოტა ხანში თმააბურდულ ნატასთან ერთად დაბრუნდა. ეს უკანასკნელი შეშინებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, ვერ გაეგო, რა ხდებოდა. ჩემ დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
- ზაზა?.. მოხდა რამე? - აკანკალებული ხმით წარმოთქვა.
- მოხდა, - მოკლედ მოვუჭერი.
- ციცო, გაშალე მაგიდა, მოგვიტანე რამე და ღვინოც მოაყოლე, - კვლავ გასცა ბრძანება მასპინძელმა.
ბებია არსად ჩანდა. ალბათ, მეორე სართულზე ეძინა და ვერ გაიგო, დაბლა რა ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ისე წამოვედით, ის არ გამოჩენილა.
რამდენიმე წუთიც და მოკრძალებული სუფრა გაიშალა. ედიშერმა, თქვენ მოსვლას გაუმარჯოსო და მოგვიჭახუნა. მერე ცარიელი ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადგა და გამომხედა.
- აბა, გისმენთ, აგვიხსენით თქვენი მოსვლის მიზეზი.
უხერხულობის გასაფანტავად ჩავახველე. უკვე მოფიქრებული მქონდა, რაც უნდა მეთქვა.
- ბატონო ედიშერ, მე და ნატა მეგობრები ვართ, თეატრიდან ვიცნობთ ერთმანეთს, - დავიწყე.
- ძალიან კარგი, - უსიამოვნოდ გაისმა მისი ხმა.
- მე მეგობარი ქალი მყავს, მაკა ჰქვია, რომელსაც ნატაც იცნობს. დიდი ხანია, გვიყვარს ერთმანეთი. ამაღამ ცოლად უნდა მომეყვანა, მაგრამ სასტიკი უარით გამომისტუმრა. ნატას რაღაცები ულაპარაკია მასთან ჩემზე, რის გამოც ძალიან ნაწყენი იყო. მიმტკიცებდა, თურმე არ გიყვარვარ და რატომ მატყუებო.
- მე-ე? - გულზე ხელი მიიდო ნატამ, - რა სისულელეა, როდის ვნახე მაკა, არც მახსოვს, მას შემდეგ რამდენი ხანი გავიდა!
- არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, შენ გაბრალებს ყველაფერს. მე აქ ამის გასარკვევად მოვედი. რა უთხარი ამისთანა, რომ გადარიე? - შეტევაზე გადავედი.
ნატა წამოჭარხლდა.
- მე… მე… არაფერი მითქვამს. თვითონ დაიწყო მაშინ, გახსოვს? შენ ხომ მეუბნებოდი, ზაზა, რომ…
- ცუდს რას გეუბნებოდი, ნატა? - გავაწყვეტინე, რომ ჩვენს ურთიერთობაზე არ დაეწყო საუბარი, - მე და შენ ხომ მეგობრები ვართ. ცუდი შენთვის არასდროს მნდომებია, დასავით გიყურებდი და ეს მეკუთვნოდა შენგან? - თავადაც არ ვიცოდი, რას ვბოდავდი.
ჩემი ერთადერთი მიზანი ახლა, ამწუთას მისი სახლიდან გაყვანა იყო. მერე მე ვიცოდი.
- დაფიქრდი, რას ამბობ, ზაზა, - მიკნავლებული ხმით აღმოხდა ნატას.
- შენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა. წამომყვე მაკასთან და უთხრა, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, რომ მე ის ნამდვილად მიყვარს და შენი სიტყვები უკან მიგაქვს.
- რა სიტყვები, რას ამბობ…
- ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრათ, ბატონო ედიშერ. ამაღამ ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. ყველაფერი ნატაზეა დამოკიდებული.
- ვერ გავიგე, რა გინდა, რომ ვუთხრა? - უკმეხად მკითხა ბოლოს ნატამ.
- ის, რომ მე და შენ მაკაზე არასდროს გვილაპარაკია - არც ცუდი და არც კარგი.
- კი ბატონო, თუ ასეა საჭირო, ახლავე წამოვალ, - ნატა წამოდგა, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ძალიან ლამაზი იყო იმწუთას.
- მოიცა, მოიცა, - ხელი გაშალა ედიშერმა, - ბიჭებო, ასე არაფერი გამოვა. ახლა გვიანაა, შუაღამეა. წადით შინ, გამოიძინეთ, ხვალ დილით მოდით და მერე ვნახოთ ის თქვენი მაკა.
ეს სიტყვები ისეთი ტონით იყო ნათქვამი, მივხვდი, შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ უხმოდ წამოვდექით მე და პაპუნა, დავემშვიდობეთ მასპინძელს მეორე დილამდე, შევპირდით, თერთმეტისთვის აუცილებლად მოვალთო და წამოვედით.
ჩემმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა. არადა, იმ ღამეს მამამისს ნატა რომ გამოეშვა…
დღეს იგი ჩემი ცოლი იქნებოდა.
8 8 8
დილით, თერთმეტ საათზე, მე და პაპუნა ადგილზე ვიყავით. ნატა და მამამისი გამზადებული დაგვხვდნენ. ამას კი მართლა არ ველოდი. რას ვიფიქრებდი, ის კაციც თუ წამოგვყვებოდა? როგორც ჩანს, რაღაცას მიხვდა. რა უნდა მექნა, ორივე ჩავსვი მანქანაში და მაკას კორპუსს მივაყენე, თან წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეთქვა მისთვის, რისთვის მოვედით-მეთქი?
- ნატა, შენ მარტო შედი, ჩვენ აქ დავრჩებით, - ვთქვი და ამით ვაგრძნობინე ედიშერს, რომ მისი იქ შესვლა საჭირო არ იყო.
- კარგი, - თქვა ნატამ და გაუბედავად გადავიდა მანქანიდან.
ცოტა ხნის შემდეგ მაკა გამოვიდა და ხელი დამიქნია. პაპუნას გადავხედე.
- მიდი, ზაზა, მიდი, ჩვენ აქ დაგელოდებით, - გამამხნევა მეგობარმა და მიმახვედრა, ამას მე მოვუვლიო.
ოთახში შევედი. მაკა პიანინოს გვერდით იდგა, ნატა - მაგიდასთან და ჩაფიქრებულს თვალები გაშტერებოდა.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ზაზა? - იკითხა მაკამ.
- აბა, ერთი გაიმეორე, წუხელ რაც მითხარი! - კატეგორიული ტონით მივმართე.
- რა გითხარი?
- ნატამ რა მითხრაო, რას ამბობდი?
- ჰოო… ზაზას ეცოდებოდი და იმიტომ იყო შენთანო.
- შენ კაცი გჭირდებოდა და ის უბრალოდ ამ სიცარიელეს გივსებდაო, არა?
- დიახაც, დამირეკა და ასე მითხრა, - იხტიბარი არ გაიტეხა ყოფილმა საყვარელმა.
- ნატა, მართალია, რასაც მაკა ამბობს?
- რა საჭიროა ასეთი ტყუილი, მე თქვენ მხოლოდ ორჯერ გნახეთ, მაკა, როგორ არ გრცხვენიათ? როდის დაგირეკეთ? თქვენი არსებობა საერთოდ არ ვიცოდი, მით უმეტეს, თქვენი ტელეფონის ნომერი.
- მე მრცხვენია? რატომ უნდა მრცხვენოდეს? ერთი შეხედეთ ამ ქუჩის გოგოს, რა დიდ გულზეა. კაცი წამართვი და კიდევ მე უნდა გიხადო ბოდიშები? ვინ გგონია შენი თავი, ლაწირაკო ბავშვო! - იწივლა მაკამ და პიანინოს მოშორდა, ნატასკენ წამოვიდა გაავებული.
გზა გადავუჭერი.
- დაწყნარდი და ნუ გაჰკივი. სიმართლე მითხარი, მან დაგირეკა, თუ შენ დაურეკე?
- ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- აქვს.
- არ მახსოვს, რა ვიცი, მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა.
- უკაცრავად, მაგრამ მე თქვენგან გავიგე, ზაზასთან რომ რომანი გქონდათ. დაგავიწყდათ, ღამით რომ დამირეკეთ და მეორე დღეს შეხვედრა მთხოვეთ? არ გახსოვთ, რაზე მელაპარაკებოდით? რომ არა თქვენ, ვერასდროს ვერაფერს გავიგებდი, - ნატა სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ძარღვი არ შეტოკებია ქაღალდივით გათეთრებულ სახეზე.
- მატყუარა! - მაკა ისევ გაიქაჩა.
იძულებული გავხდი, შემეკავებინა, თორემ ალბათ თმაში წვდებოდა გოგოს, რომელიც ამის გაგონებაზე შეტორტმანდა. შემეშინდა, იატაკზე არ გაიშხლართოს-მეთქი, მაგრამ ვერც მაკას ვუშვებდი ხელს.
- ახია ჩემზე, - ჩაილაპარაკა ნატამ, -_ თქვენთან არაფერი მესაქმება. თუ ერთმანეთი გიყვართ, ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ. მე ხელს არ შეგიშლით, ოღონდ კი თავი გამანებეთ. დიდი მადლობა, ზაზა, ყელამდე ვარ შენი პატივისცემით, - ორაზროვნად მითხრა, გატრიალდა და ბარბაცით გაემართა კარისკენ.
როგორც კი ნატა გავიდა, მაკა მოეშვა.
- ხედავ, რას ბედავს ეს ცინგლიანი?
- დღეიდან ჩემი სახელი არ ახსენო, გასაგებია? - მუქარა გავურიე ხმაში.
პირკატა ეცა, დაფეთებულმა შემომხედა.
- დაჯექი ახლა და აქედან გამოსული არ დაგინახო, - სკამისკენ ვუბიძგე და ზურგი ვაქციე, მომხდარით ნირწამხდარი ნატას გავეკიდე.
კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი დავინახე, ძალა გამოელოდა ანერვიულებულს. ხელი შევაშველე, რომ წამომეყენებინა.
- როგორ მინდა ვიტირო, მაგრამ მამაჩემის მეშინია, - ჩურჩულით თქვა და მაჯაზე დამეყრდნო, გაუჭირდა ადგომა.
- ცუდად ხარ?
- როგორ ფიქრობ, კარგად ვიქნები? რა გინდა ჩემგან, რატომ მერჩი? რა დაგიშავე ასეთი? -უმწეოდ ჩაილაპარაკა.
- მაპატიე, რაც მინდოდა, ის არ გამოვიდა. სულ სხვა რამე მქონდა ჩაფიქრებული, - თავის მართლებას მოვყევი.
- მაშინაც, როცა ორივეს გვხვდებოდი? - ფრთხილი ნაბიჯებით ჩაუყვა კიბეს, გაფითრებულმა ამომხედა და გამიღიმა.
გული მომიკლა ამ ღიმილმა.
- ნატა…
- ნატა აღარ არსებობს, ნატა მოკვდა. ძალიან პოეტური სიტყვებია, მაგრამ სინამდვილეში მართლა ასეა.
- მომისმინე…
- არა, ეს შენ მომისმინე! - ჩემკენ შემობრუნდა და მრისხანე მზერა მესროლა, - შენთან ურთიერთობა მწარე გაკვეთილი იყო ჩემთვის. ძალიან გვიან მივხვდი ყველაფერს, მაგრამ არა უშავს, როგორმე გადავიტან. შენით დაიწყო ჩემთვის ცხოვრება, მაგრამ შენით არ მთავრდება. მივხვდი, რომ ის გიყვარს… ჰოდა, ძალიან კარგი. გისურვებთ, ტკბილად შებერებოდეთ ერთმანეთს. მე ჩემს გზას თავად მოვნახავ.
გაგრძელება იქნება ორშაბათს