გადაცემა „მელაძის შაბათი“ ქართველი ფეხბურთელების ბავშვობაზე გვიყვება. გადაცემის ანონსიდან ირკვევა, რომ გიორგი მამარდაშვილის დედას არ უნდოდა მისი შვილი ფეხბურთელი რომ გამოსულიყო.
„არ მინდოდა, რომ ფეხბურთელი ყოფილიყო. ვეხვეწებოდი, ფეხბურთს დაანებე თავი და სწავლას მიხედე, ხომ შეგიძლია, მეთქი“. – იხსენებს დედა.
სიუჟეტში მასწავლებლები მის ბავშვობას იხსენებენ.
ასევე გავიგებთ, როგორ მოარტყა ფიზიკის მასწავლებელს ბურთი გაკვეთილზე და როგორ წავიდა „შატალოზე“.
გიორგი მამარდაშვილი 2000 წლის 29 სექტემბერს დაიბადა. საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში. 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2018 წლის სეზონში მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ქვეყნის პირველობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.
2019 წელს „რუსთავში“ იჯარით გადავიდა. მისი დებიუტი კლუბში 2019 წლის 2 მარტს თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, 4–1 დამთავრდა. სეზონის დასაწყისიდანვე თავი კლუბის ძირითადი მეკარის ამპლუაში დაიმკვიდრა და 30 მატჩიდან 9 შეხვედრაში ბურთი არ გაუშვია. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.
2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით, თავდაპირველად გაგზავნილ იქნა „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში, რათა იქ ევარჯიშა. წინასასეზონო ვარჯიშზე მამარდაშვილმა ესპანური კლუბის მწვრთნელზე, ხოსე ბორდალასზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი მან მაშინვე მთავარ გუნდში ძირითად მეკარედ გადაიყვანა.
"ყოველდღე ვშრომობ იმისთვის, რომ განვვითარდე. „ვალენსიაში“ ჩამოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ შემიძლია მეც კარგი მეკარე გავხდე. კიდევ მეტი მინდა დავამტკიცო ჩემი თამაშით. ჩემი ყოველი დღე „ვალენსიაში“ არის უკეთესი, დღითი დღე უფრო მეტს ვსწავლობ, მათ შორის, ესპანურსაც, ყოველდღე მეტს ვშრომობ და კმაყოფილი ვარ ვალენსიაში ცხოვრებით", - ამბობდა გიორგი.
გიორგი მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ საუკეთესოა. მასზე დღეს არა მხოლოდ საფეხბურთო სამყაროში, არამედ მთელ მსოფლიოში ბევრს საუბრობენ.
გიორგი მამარდაშვილისთვის ფეხბურთი ბავშვობიდან ახლობელი იყო - მამა, დავით მამარდაშვილი, ვეტერანი მეკარე გახლავთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით თამაშობდა - მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობით დაკავდა.
გიორგი მამარდაშვილის დედა თამუნა ბლიაძეა. დედა გიორგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ხშირად ესწრება თამაშებს და ყოველთვის მხარში უდგას მას.
გიორგის ჰყავს და, ნინიკო მამარდაშვილი, რომელიც სტუდენტია. ნინიკოს "ტიკ-ტოკის" მომხმარებლები კარგად იცნობენ, რადგან ის აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ. მის გამომწერებს განსაკუთრებით მოსწონთ გიორგისთან ერთად გადაღებული ვიდეოები და მუდმივად ითხოვენ მის კადრში გამოჩენას. და-ძმა ერთად დიდ დროს ვერ ატარებს, რადგან გიორგი ვალენსიაში ცხოვრობს, ნინიკო - თბილისში, თუმცა მათ განსაკუთრებულ დაძმობაზე ბევრს წერენ - ნინიკო ყველაზე ძალიან ამაყობს ძმით და ყოველთვის უმაგრებს ზურგს.
გიორგისა და მისი უმშვენიერესი მეუღლის, ელენე ეპიტაშვილის შესახებ მედია ხშირად წერს. წყვილი ცოტა ხნის წინ დაინიშნა, თუმცა ქორწილი ჯერ არ ჰქონიათ. როგორც ისინი ამბობდნენ, ქორწილს საქართველოში გეგმავენ. ელენე მოდელია, ხშირად ჩანს არაერთი ცნობილო ბრენდის კამპანიაში, მეუღლესთან ერთად ვალენსიაში დიდ დროს ატარებს და მის წარმატებაში დიდ როლს ასრულებს.