- არ მიყვარს, დამიჯერე…
- შენი აღარაფერი მჯერა, დიდი ხანია, ზაზა. არც არავისი მჯერა, საკუთარი თავისაც კი. როგორც ჩანს, ილუზიებით ვცხოვრობდი, კიდევ რაღაცის იმედი მქონდა. ვაღიარებ, რომ მწარედ შევცდი, თუმცა ამ შეცდომის გამოსწორება ჯერაც არ არის გვიან. შენ კი… შენ კი გაგიჭირდება, ასე თუ გააგრძელებ, - მითხრა, თავისი ნაღვლიანი თვალები შემომანათა და ხელი შემიშვა.
- მეც მათქმევინე ორი სიტყვა, ხომ შეიძლება? - წამოვიძახე და გავჩერდი.
ისიც შედგა. მძიმედ მოატრიალა თავი და მრავლისმეტყველი მზერა მესროლა.
- თქვი.
- გინდა, დაგიმტკიცო, რომ არ გატყუებდი? ახლავე, ამწუთას.
- რა აზრი აქვს? - მხრები ზანტად აიჩეჩა.
- უდიდესი აზრი აქვს.
შეყოყმანდა. ერთხანს დაკვირვებით მომჩერებოდა, მერე ამოიოხრა და მითხრა.
- როგორ, როგორ დამიმტკიცებ?
- მომეცი ხელი და უკანა კარიდან გავიდეთ ეზოში, მამაშენი ვერ შეგვამჩნევს. გავიპაროთ და წავიდეთ ერთად.
წარბები აზიდა გაოცებისგან.
- სად?
- ჩემთან… სახლში.
- ჰმ… რა მინდა შენთან, სახლში, ხომ ვერ მეტყვი? რა უნდა ვაკეთო?
- ის, რასაც ცოლები უკეთებენ თავიანთ ქმრებს, - როგორც იქნა, მთავარ სათქმელამდე მივედი.
დიდხანს მოუნდა გაღიმებას… სინანული ნელ-ნელა გამოესახა ტუჩებზე, თვალები დახუჭა და ჩურჩულზე გადავიდა.
- უკვე გვიანაა, ზაზა. მკვდრები არ თხოვდებიან.
და სადარბაზოდან უკანმოუხედავად გავიდა. მეც მივყევი. სანამ მანქანას მიუახლოვდებოდა, ერთხელ კიდევ მოტრიალდა.
- მაპატიე, მაგრამ ამას ვერ გაპატიებ, - სიტყვები არ გამიგონია, მაგრამ ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რომ ეს მითხრა.
მისმა ნათქვამმა მეც მომკლა.
გზა არ გამიგრძელებია. ერთ ადგილზე ვიდექი გაქვავებული. ნატა მანქანაში ჩაჯდა. ვიცოდი, ჩემი ასეთი მდგომარეობა ედიშერს საეჭვოდ მოეჩვენებოდა, ამიტომ ძალა მოვიკრიბე, პაპუნასთან მივედი და ნახევრად ჩამოწეულ სარკმელს თითებით ჩავებღაუჭე.
- ბატონო ედიშერ, დიდი მადლობა დახმარებისთვის. ბოდიში, რომ თქვენი შეწუხება მომიხდა.
- არა უშავს, არა უშავს. ახალგაზრდები ხართ, ყველაფერი ხდება. ხომ კარგად არის საქმე? -ორაზროვნად იკითხა ნატას მამამ.
- არაჩვეულებრივად, უკეთესს ვერ ინატრებდა კაცი, - მეც ორაზროვანი პასუხი გავეცი და პაპუნას მხარზე დავკარი ხელი, - სახლში მიიყვანე და მერე მნახე, აქ, ახლომახლო ვიქნები.
8 8 8
ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ, შუადღეს, უნივერმაღის წინ, ტროტუარზე ბიჭებთან ერთად ვიდექი, რომ გვერდით მანქანამ ჩამიარა. საჭესთან სეიფა იჯდა. მან მისალმების ნიშნად დაგვისიგნალა. სხვებთან ერთად მეც ავუწიე ხელი, რომელიც იმწამსვე ჰაერში გამიშეშდა…
სეიფას გვერდით ნატა იჯდა…
* * *
იმ დღის შემდეგ კიდევ ორჯერ ვნახე ნატა სეიფას მანქანაში. დამინახავდა თუ არა, ჯიბრიანი ღიმილი აუთამაშდებოდა სახეზე, თითქოს ნიშნს მიგებდა, თუმცა მისი თვალები სხვა რამეს მეტყველებდნენ. ვიცოდი, სეიფასთან ასე დაახლოება დაღუპავდა, მაგრამ ჩარევისგან თავს ვიკავებდი. რა უფლებით? წესით და კანონით, მასთან უკვე დავამთავრე ურთიერთობა. არც ვახოსთან დალაპარაკება გამოდიოდა - არ მეტყოდა, შენ ვინა ხარ, ჩემს საქმეში რომ ეჩრებიო? ცუდ დღეში ჩავვარდი, გამოსავალს ვერ ვპოულობდი. ცოტაც და, მთელი ქალაქი ნატასა და ბახტაძეზე ალაპარაკდებოდა. ამის გაფიქრებაზე წონასწორობას ვკარგავდი. ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ შევირიგებდი, მაგრამ თუ მათზე ჭორი აგორდებოდა, მერე თავმოყვარეობა არ მომცემდა საშუალებას, მასთან ურთიერთობა გამეგრძელებინა.
ამასობაში რამდენიმე კვირა გავიდა. ნატა არ გამოჩენილა. ბნელი აზრები ამეკვიატა. ალბათ ბახტაძემ თავის საწადელს მიაღწია და, როგორც ყოველთვის, სხვაზე გადაერთო-მეთქი. წარმოვიდგინე, რა დღეში იქნებოდა ნატა, თუ მართლა ასე მოხდა. ადგილს ვერ ვპოულობდი. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და დავრეკე. ყურმილი ბებიამისმა აიღო.
- გამარჯობა, ქალბატონო, ნატა თუ არის სახლში? - თავაზიანად ვიკითხე.
- გაგიმარჯოს, შვილო, რომელი ხარ?
- მე… ნატას ცეკვის მასწავლებელი ვარ.
- ააა. შემოგევლოს ჩემი თავი, როგორ ხარ, გენაცვალე?
- გმადლობთ, კარგად, კარგად, თავად როგორ გიკითხოთ?
- ეჰ, რა დროს ჩემი მოკითხვაა, შვილო, ვიღას ვჭირდები ამ სიბერეში. ნატა თბილისშია, დედიკო, იქაურ მასწავლებლებთან ემზადება. მამამისმა წაიყვანა, სანამ სკოლაში გამოცდები დაეწყება. თვის ბოლოს ჩამოვა და მერე დაურეკე. ხომ მშვიდობაა, გენაცვალე?
- კი, კი, რა თქმა უნდა, კონცერტი გვაქვს დაგეგმილი და ნატას წაყვანაც მინდოდა. არა უშავს, რადგან ასეა, სხვა დროს დავრეკავ, კარგად ბრძანდებოდეთ, - ყურმილი დავკიდე და შვებით ამოვისუნთქე.
არა, რამე რომ მომხდარიყო, თბილისში ვერ წავიდოდა. თუმცა, რატომ? რაც უნდა გადახდენოდა სეიფასთან, სახლში მაინც ვერაფერს იტყოდა. იქნებ ამიტომაც წავიდა?
უსიამოვნო ფიქრები თავიდან არ მშორდებოდა. არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ასე, რომ არა ერთი გარემოება, რომელმაც ყველაფერს ფარდა ახადა.
მე და სეიფა ერთად მოვხვდით რესტორანში, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე. ისე მოხდა, რომ ერთმანეთის გვერდით აღმოვჩნდით სუფრასთან. ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ მალევე დაგვაახლოვა. თან ვსვამდით, თან ვსაუბრობდით. მოულოდნელად სიყვარულის სადღეგრძელო წარმოთქვა და…
- ზაზა, ჯიგარო, ოდესმე ვინმე გყვარებია? - დანისლული თვალებით შემომხედა.
- კი, როგორ არა, - უხერხულად გავიღიმე.
- მერე? გაგიმართლა?
- სამწუხაროდ, არა. ჩემმა სიყვარულმა ჩაილურის წყალი დალია.
- საუბედუროდ, ჩემმაც, - თითქოს დანანებით თქვა.
ამ სიტყვებს ჩავეჭიდე. დარწმუნებული ვიყავი, ნატას გულისხმობდა.
- ერთი წელიც არ დამელოდა, - გავხსენი კარტები, - როგორც კი ჩემზე მდიდარი გამოჩნდა, მაშინვე იმას მისთხოვდა.
- ჰო-ო, შენ უფრო რთულად გქონია საქმე. ღალატი ძალიან ტეხავს. ჩემთან სხვა რამ მოხდა… სიმართლე გითხრა, სიყვარულის ახსნამდე არც მისულა საქმე.
- ეგ როგორ? - დავიძაბე პასუხის მოლოდინში.
- არის ერთი კარგი გოგო, ძალიან კარგი… ცხოვრებაში პირველად მომეწონა ქალი. რა ქალი, მთლად ბავშვია, მაგრამ არც მე ვარ ბებერი. ჩემზე ხნიერებს ჰყავთ ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის გოგონები ცოლად. ამაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ. ვიფიქრე, მოვკიდებ ხელს და შევირთავ-მეთქი, მაგრამ დეიდაჩემმა ისეთი პანიკა ამიტეხა, გადამაფიქრებინა.
- მაპატიე, მაგრამ დეიდას ვინ ეკითხებოდა?
- წესით, არც არავინ, მაგრამ ცოტა სხვა სიტუაცია იყო. ის გოგონა დეიდაჩემის მოსწავლეა. როცა ეს გავიგე, ვუთხარი, ქალბატონო ნუციკო, შენს დისშვილს ის პატარა გოგო გულში ჩაუვარდა და როგორ მოიქცეს-მეთქი, - სეიფამ უცნაურად ჩაიცინა, - კინაღამ მცემა. რას ერჩი იმ გოგოს, არ დაღუპო, შენი ჭირიმე, ოქროსავით ბავშვია, ხუთოსანი, ნიჭიერი, კარგი მომავალი აქვს, შენს ხელში დაიტანჯებაო. ერთი საათი მიკითხა ლექციები ნამუსის თემაზე. შენნაირს ცოლი არაფერში სჭირდება, მით უმეტეს, მისნაირი ანგელოზიო, - ვახომ ხელები მომუშტა და გაჩუმდა.
- მერე? - დავეკითხე სულგანაბული.
- მერე? მერე არაფერი. რომ დავფიქრდი, მართალი იყო დეიდაჩემი. რა იქნება ხვალ, არავინ იცის. დღეს გარეთ ვარ, მაგრამ ხვალ შეიძლება ისევ ციხეში აღმოვჩნდე. ჩემნაირი კაცი ოჯახს ვერ დაუდებს გულს, ვერც შეინარჩუნებს. მთლად ისეთი შეყვარებულიც არ ვარ, ღამეები რომ ვათენო მასზე ფიქრით. უბრალოდ, მაგრად მომწონს. თუმცა ვიცი, ჩემთან ბედნიერი ვერ იქნება. ამიტომ ერთი-ორჯერ შევხვდი და მერე შევეშვი, ცოდვაა, თავის გზას ეწიოს. გაიცნობს ვინმე წესიერს, ჰალსტუხიანს, დიპლომიანს და ლამაზ ოჯახს შექმნის. ასე არ ჯობია? არც ისეთი წამხდარი ვარ, სხვებს რომ ჰგონიათ, მეც ვიცი კარგი ადამიანების ფასი. ისედაც დამძიმებული ვარ ცოდვებით. ვინ იცის, რამდენი გამიუბედურებია - გათხოვილი თუ გასათხოვარი. ერთხელ მეც დავუშვებ გამონაკლისს, ჩემო ზაზა, რას იტყვი?
მხრები ავიჩეჩე, რა უნდა მეთქვა.
- მოდი, დავლიოთ სიყვარულის სადღეგრძელო, არ არის გასაჯანჯლებელი. შენს მომავალ სიყვარულს გაუმარჯოს, ძმაო… და ჩემს მომავალსაც, - მომიჭახუნა სეიფამ და ჭიქა ბოლომდე დაცალა.
- გაუმარჯოს, - ერთი სიტყვით შემოვიფარგლე და მეც დავლიე.
გამიხარდა, რაც მოვისმინე. რა იცოდა ვახომ, რა ცეცხლიც ტრიალებდა ჩემს გულში, თორემ ალბათ არაფერსაც არ მეტყოდა.
ცოტა არ იყოს, გულზე მომეშვა. მტკიცედ გადავწყვიტე, როგორც კი ჩამოვიდოდა, შევხვედროდი და ნატასთვის ყველაფერი გულახდილად მეთქვა. სეიფასგან განსხვავებით, მე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული და ნამდვილად არ მქონდა სურვილი, ვინმესთვის დამეთმო მისი თავი. არც ჰალსტუხიანისთვის მემეტებოდა და არც დიპლომიანისთვის. ჩემთვის მინდოდა მხოლოდ.
ამასობაში ივნისი დაიწყო. ნატა ქალაქში არ გამოჩენილა, მაგრამ გავიგე, რომ ჩამოსულიყო. ამიტომ ერთ საღამოს დავრეკე.
- გისმენთ, - მიპასუხა თავისი ბავშვური ხმით.
სიამოვნების ტალღამ მთელ სხეულში დამიარა, რამდენი ხანია, მისი ხმა არ გამიგონია.
- როგორ ხარ? - არც ცივად ჟღერდა ჩემი ხმა, არც თბილად.
- …
- ალო!
- მესმის… კარგად ვარ, გმადლობ.
- დიდი ხანია, ჩამოხვედი?
- შენ რა იცი, წასული რომ ვიყავი?
- ბებიაშენმა მითხრა.
- ბებიამ? ბებია სად ნახე?
- დავრეკე შენთან.
- ჰო.
- დაგეწყო გამოცდები?
- კი, ერთი დღეს ჩავაბარე.
- მართლა? რომელი?
- ქართული წერა.
- მერე?
- ჯერ არ ვიცი, პასუხი სამ დღეში იქნება.
- მეორე როდის გაქვს?
- პარასკევს, ქართული ზეპირი.
- გეშინია?
- არა.
- სხვა?
- რა სხვა?
- სხვა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
- ისეთი არაფერი.
- ჩემი ნახვა არ გინდა?
- რისთვის?
- სალაპარაკო მაქვს.
- კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი? მეგონა, უკვე ყველაფერი თქვი.
- არა, დამრჩა. შენთვის დამრჩა.
- ჰო.
- როდის გეცლება?
- არ ვიცი. ახლა ვმეცადინეობ, სახლიდან ვერ გავდივარ, მერე ვნახოთ.
- ეგ ალბათ უფრო უარს ნიშნავს, არა?
- …
- ესე იგი, ჩემთვის არ გცალია…
- ჯერ არა-მეთქი.
- კარგი, მაშინ ის მითხარი, როდის მოიცლი.
- ზუსტად არ ვიცი.
- როდის გეცოდინება?
- როცა გამოცდებს მოვრჩები.
- იმედია, იქამდე არ გათხოვდები.
გაეცინა. მივხვდი, როგორ დააფარა ყურმილს ხელი, რომ მისი სიცილი არ გამეგონა.
- ხომ არ გათხოვდები? - საშველს არ ვაძლევდი.
- ვერა, ვერ გავთხოვდები, არ მყავს მთხოვნელი.
- მართლა? აკი, ვახოს მიყვებაო ცოლად? - მომენტით ვისარგებლე.
- მოუტყუებიხართ, მას ეს არ უთხოვია.
- აბა, რა გთხოვა?
- არც არაფერი.
- როგორ თუ არაფერი… აბა, რისთვის დაგასეირნებდა? - ვუკბინე.
- ეგრე შენც დამასეირნებდი, მაგრამ არც შენ გითხოვია, ცოლად გამომყევიო, - არც მან დამაკლო.
- ესე იგი, ისიც იმისთვის დაგასეირნებდა, რისთვისაც მე? - სიტყვაზე გამოვიჭირე.
- არა, იქამდე საქმე არ მისულა, - ხმა შეეცვალა.
- სადამდე? «იქამდეში» რა იგულისხმე?
- ის, რომ… - გაჩუმდა.
- მითხარი, ნუ გრცხვენია, - შევაგულიანე.
- რისი უნდა მრცხვენოდეს? ის წესიერი ადამიანია, ზოგიერთებივით არ მოვუტყუებივარ. მითხრა, მომწონხარ, მაგრამ ჩემთან ურთიერთობას არ გირჩევ, ცუდი ბიჭი ვარო.
- მერე?
- მერე დამემშვიდობა და წავიდა.
- გამოდის, რომ მე გატყუებდი?
- რა, ასე არ იყო?
- არა, არ იყო ასე.
- აბა, როგორ იყო?
- მაგას რომ გნახავ, მაშინ გეტყვი.
- როგორც გინდა. მაპატიე, მაგრამ უნდა წავიდე, მელოდებიან.
- ვინ გელოდება, თუ საიდუმლო არ არის?
- ჩემი კლასელია, ერთად ვმეცადინეობთ.
- ბოლო გამოცდა როდის გაქვს?
- ოცდაცხრაში.
- ოცდაათში დაგირეკავ.
- ნახვამდის.
- შეხვედრამდე.
მასთან საუბარმა ცოტათი გამომიკეთა ხასიათი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძველებურად ვუყვარდი. უბრალოდ, ისიც ამაყი იყო, ჩემზე მეტად ამაყი, ამიტომაც მე მომიწია პირველი ნაბიჯის გადადგმამ.
ამას უკვე აღარ დავეძებდი. მთავარი იყო, ერთხელ მაინც შევხვედროდი პირისპირ, დანარჩენი ადვილად მოგვარდებოდა.
გაგრძელება იქნება