პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ტასოს როლის შემსრულებელი ქეთა ორბელაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბავშვია. 4 წლის ასაკში მისცეს ეს როლი, დღეს კი უკვე 18 წლის არის. შეიძლება ითქვას, რომ სერიალში გაიზარდა. როგორც ცნობილია, ქეთა თსუ-ში სამართალზე ჩაბარებას გეგმავს.
"სერიალი რომ დაიწყო, 4 წლის ვიყავი, 5-ის ვხდებოდი, - ეს ძალიან პატარა ასაკია იმისთვის, რომ რაიმე კარგად მახსოვდეს... ჩემთვის რთული იყო პროფესიონალ მსახიობებთან მუშაობა, მათი ჯგუფის წევრობა. ამის გამო რაღაც პერიოდის განმავლობაში მიჭირდა კიდეც. კითხვა არ ვიცოდი და ტექსტებს ისე ვიმახსოვრებდი, ამ ყველაფერზე დიდი დრო მჭირდებოდა და ასაკის გამო ბევრი დეტალი თუ ეპიზოდი არ მახსოვს.
ერთი-ორი წელიწადი ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, გვერდით ოთახში გავდიოდი, თითქოს მრცხვენოდა და ვიმალებოდი, მაგრამ იმას ვხედავდი, რომ ჩვენს სერიალს ყველა უყურებდა, მოსწონდათ. ამით ვგრძნობდი, რომ რაღაც კარგი ხდებოდა. იმასაც ვგრძნობდი, რომ წინ კიდევ უფრო მეტი კარგი ამბები მელოდა. ეს უკვე ყველაზე სასიამოვნო განცდა იყო ჩემთვის" - იხსენებდა ქეთა.
ტასო - ქეთა ორბელაძე. ქეთა ორბელაძე, შეიძლება ითქვას, მართლაც გაიზარდა მაყურებლის ხელში, ეკრანზე. სერიალი რომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ალბათ, გასაკვირი არ იქნება:
"მთელი ცხოვრებაა... საერთოდ კი, უამრავი ადამიანისგან შემდგარი ერთი ოჯახია. როგორც იცით, ბევრი შრომა სჭირდება თუნდაც ერთი პატარა ეპიზოდის გადაღებას. ამ ყველაფრის უკან უამრავი ადამიანი დგას და რამდენი წელია იმისთვის მუშაობს, რომ მაყურებლამდე ის პროდუქტი მიიტანოს, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს. ადამიანები რომ მხდებიან, მეუბნებიან, გუშინ ჩემს ტელევიზორში იყავი და ასე მგონია, რომ ჩემს სახლში, ჩემს შვილებთან ერთად გაიზარდეო...
ხალხისთვისაც დიდი ოჯახი ვართ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი რამ არის. ცხოვრებაში უდიდეს მოტივაციას მაძლევს და შინაგანად მაძლიერებს, თან ამდენი ხალხის სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ.
ჩემი როლის მორგება, გარდასახვა, ჩემი თავიდან სხვა ადამიანში გადასვლა - ეგ მომენატრა ძალიან... ბევრი სერიალის პერსონაჟებს ჩვენთან აიგივებს. ამას, ალბათ, ის განაპირობებს, რომ დღე და ღამე ტელევიზორში გვიყურებენ და უკვე კარგავენ ზღვარს, რეალობა ჰგონიათ... ჰგონიათ, რომ რაღაც ამბავს ადევნებენ თვალს. ჩემთვის უკითხავთ - ტასოსნაირი ხარო? არ ვარ ტასოსნაირი. შეიძლება ოდნავ რაღაცით მაინც ვგავდე, მაგრამ მე ქეთა ვარ...
ბევრს გასჩენია ასეთი კითხვა. უი, "თეატრალურზე" არ აბარებ? ჩემი პასუხით გაკვირვებული რჩებიან. ისე, ახსნაც არ მაქვს, რატომ არ ვაბარებ. უბრალოდ, არ მინდა და ეს არის... დაინტერესებული ვარ ადამიანებთან, ხალხთან კომუნიკაციით და არაერთი საკითხით... საერთაშორისო სამართალში ბევრი რამ არის გაერთიანებული - იურისტობა, დიპლომატია. მოკლედ, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ძალიან მიზიდავს და მაინტერესებს", - ამბობდა ქეთა.