დღეებს ვითვლიდი, სანამ ოცდაათი ივნისი დადგებოდა. მერე საათებს, ბოლოს წუთებს, რომ დროზე დაღამებულიყო. როგორც ერთ კარგ დროს, ახლაც გვიან დავურეკე. მეგონა, ძველებურად ლაპარაკში დაგვათენდებოდა ღამე. ისევ ბებიამ მიპასუხა და ფრიად სამწუხარო ამბავი მამცნო - წუხელ გავამგზავრე თბილისშიო. ამჯერად მოვატყუე ქალბატონი ბებია, კლასელი ვარ, მეც თბილისში მივდივარ-მეთქი და მისამართი ვთხოვე. უყოყმანოდ მიკარნახა.
გამაბრაზა ნატას საქციელმა. საკმაოდ ვერაგულად მიხდიდა სამაგიეროს, რისთვისაც დასჯის ღირსი იყო.
მეორე დღესვე ავიღე მატარებლის ბილეთი. საღამოს მამაჩემს ფული წავართვი და ვაგზლისკენ გავეშურე.
კუპეში ერთი ნაცნობი ბიჭი დამხვდა, ნუკრი, ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდა. მოვიკითხე. სპორტსმენი იყო და ტურნირზე მიდიოდა თბილისში. მატარებლის დაძვრამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ორი შემოგვემატა, ამჯერად - გოგონები. ერთს სინით ნამცხვარი მოჰქონდა. ნინო და შორენა - ასე გაგვაცნეს თავი.
- ხვალ ნინოს დაბადების დღეა, ნამცხვარი მიაქვს ჯგუფელებისთვის, მაგრამ ვატყობ, ვაგონში მოგვიწევს ქეიფი, - ახმაურდა შორენა.
- ძალიანაც კარგი, მიყვარს დაბადების დღეები, - აჰყვა გოგონას ნუკრი.
მე ხმა არ ამომიღია, მხოლოდ ვიღიმოდი.
- თქვენ აქაურები ხართ? - ნინომ რატომღაც მე გამომხედა.
- კი. თქვენ?
- ჩვენც. უცნაურია, რომ არც ერთს არ გიცნობთ.
- არა უშავს, ახლა გავიცნობთ, - თქვა ნუკრიმ და თვალი ჩამიკრა, - სად სწავლობთ, გოგოებო?
- ნინო ეკონომიურზე, მე - აღმოსავლეთმცოდნეობაზე, უნივერსიტეტში, მეზობლები ვართ, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, ახვლედიანის ქუჩაზე. თქვენ?
- მე სპორტსმენი ვარ, მოჭიდავე. ზაზა კი… შენ თეატრალური დაამთავრე, არა, ზაზა? - მომიბრუნდა ნუკრი.
- ჯერ არ დამიმთავრებია, ბოლო კურსზე ვარ, - უსინდისოდ ვიცრუე.
- ვა, რა მაგარია! მიყვარს მსახიობები, - ტაში შემოჰკრა შორენამ.
- მგონი, საინტერესო ღამე გველის, - გაიცინა ნუკრიმ.
- თქვენ რატომ არაფერს ამბობთ? - მომიტრიალდა ნინო, - სიტყვაძუნწი ხართ?
- ალბათ, - პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე.
- აი, ნამცხვარს რომ დავჭრით, მერე მოვა ლაპარაკის ხასიათზე, - შენიშნა შორენამ და ნუკრის გვერდით მოკალათდა.
გოგონებს გადავხედე. ნინოს არა უშავდა, ლამაზი იყო, კარგი ტანი და სექსუალური ღიმილი ჰქონდა, შორენასი კი რა მოგახსენოთ. მსუქანი იყო, დიდმკერდიანი, დაჭორფლილი სახით და წითური თმით. წამწამებიც კი წითური ჰქონდა.
ნინომ ჩანთიდან საჭმლის ამოლაგება და სუფრის გაშლა დაიწყო. დროდადრო მრავლისმეტყველ მზერას მესროდა. ერთი-ორჯერ ისე გამიღიმა, მაგრძნობინა, მომეწონეო.
საწინააღმდეგო არაფერი მქონდა.
- ოჰო! სასმელიც გვქონია! - შესძახა ნუკრიმ, როცა შორენამ ვაგონის ვიწრო მაგიდაზე ბოთლით არაყი შემოდგა.
სასიამოვნო დრო გავატარეთ. ნინო ჩემ გვერდით იჯდა, თან იმდენად ახლოს, რომ ხანდახან მხრით მეხებოდა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ ამას სპეციალურად აკეთებდა. მე კი არ ვიმჩნევდი, რადგან ფიქრებით ნატასთან ვიყავი. რა რეაქცია ექნებოდა ჩემ დანახვაზე?
გოგონები ცოტ-ცოტას წრუპავდნენ, მე და ნუკრიმ კი თავი გავიგიჟეთ და ერთი ლიტრი არაყი სანამ ბოლომდე არ გამოვცალეთ, არ მოვეშვით.
ყველაზე საინტერესო ქეიფის დამთავრების შემდეგ დაიწყო. შორენა და ნუკრი გარეთ გავიდნენ, სუფთა ჰაერს ჩავყლაპავთო, მე და ნინო კი მარტო დავრჩით კუპეში. ერთხანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. რაღაც უნდა მეთქვა, თორემ ცუდად იყო საქმე.
- რომელ კურსზე ხარ? - ვიპოვე გამოსავალი.
- წელს ვამთავრებ, იმ კვირაში გამოცდები მეწყება.
- ახლა ყველას ეწყება გამოცდები, - გამეცინა, რადგან ნატა გამახსენდა.
- ამიტომ არ მიყვარს ივნისი.
- მერე რას აპირებ?
- ჩვენთან, ბანკში დავიწყებ მუშაობას, იქ მანაწილებენ.
- ესე იგი, ვნახავთ ერთმანეთს… - მრავალმნიშვნელოვნად აღვნიშნე.
- აუცილებლად, - ვნებიანად გამიღიმა და თავი მხარზე დამადო.
დავიძაბე. არ მესიამოვნა, რამდენიმე საათში ასე რომ გამიშინაურდა, ეს კარგს არაფერს მიქადდა. არადა, იგნორირებაც არ გამოდიოდა, მით უმეტეს, კარგა გვარიანად ვიყავი შეზარხოშებული.
ბევრი არ მიფიქრია, რადგან თვითონ მოიწევდა ჩემკენ, ხელი თამამად მოვხვიე და ტუჩებში ვაკოცე. წინააღმდეგობა არ გაუწევია.
- შეყვარებული გყავს? - ჩურჩულით მკითხა.
- რა ვიცი… მგონი, კი, - ხმადაბლა ვთქვი.
- მე არა, - ამოიოხრა და განზე გაიწია, - იმედია, ცუდად არ გაიგებ, იმნაირი არ ვარ.
- რას ნიშნავს იმნაირი? - სიცილი ვერ შევიკავე, - განა რა ჩაიდინე, ეგ რომ იფიქრე? ძალიან კარგი გოგო ხარ.
- ასეთი შემთხვევა არასდროს მქონია.
- როგორი?
- პირველსავე შეხვედრაზე მამაკაცისთვის კოცნის უფლება არასდროს მიმიცია.
- ხდება ხოლმე. ხანდახან მხოლოდ გულის კარნახს ჰყვება ადამიანი.
- არყის ბრალია, - თავის მართლებას ცდილობდა ნინო.
- და შენი დაბადების დღის, - დავაყოლე.
ამასობაში ნუკრი და შორენაც შემოვიდნენ. გოგონებმა სუფრა აალაგეს, უფრო სწორად, ნასუფრალი, მერე თეთრეული გაშალეს და დასაძინებლად მივწექით.
გამიჭირდა დაძინება, მიუხედავად იმისა, რომ ნასვამი ვიყავი. სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, ნინოს რომ ვაკოცე. ასე მეგონა, მძიმე დანაშაული ჩავიდინე. გვიან ღამით ძილმა მაინც წამართვა თავი.
დილით, თბილისში რომ ჩამოვედით, მე და ნინომ ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. შევპირდი, სანამ აქ ვიქნები, დაგირეკავ-მეთქი, მერე ტაქსი ავიყვანე და ორივე სახლამდე მივაცილე. ნუკრიც თავის გზაზე წავიდა. მე კი ჩემს ბიძაშვილს ვესტუმრე.
7 7 7
თორმეტი საათი იქნებოდა, ძნელაძის ქუჩაზე რომ გავედი. ეზოში შევედი და დაბნეულმა მიმოვიხედე. აქ იმდენი ვინმე ცხოვრობდა, აუცილებლად უნდა მეკითხა, სად შემეძლებოდა ნატას ნახვა. ეზოში მოთამაშე პატარა ბიჭებმა მეორე სართულისკენ მიმითითეს. მსუბუქად ავირბინე ხის კიბეზე და თეთრად შეღებილ კარზე დავაკაკუნე.
- ვინ არის? - მოისმა შიგნიდან ქალის ხმა.
- ნატა აქ ცხოვრობს?
სახელური ჩამოიწია და კარი გაიღო. ელდა მეცა. ჩემ წინ ნატას დედინაცვალი იდგა.
- ა! თქვენ ხართ? ნატა მასწავლებელთანაა, ერთ საათში მოვა. მობრძანდით, - შემიპატიჟა ქალმა.
უარი ვუთხარი და არც დავემშვიდობე, ისე წამოვედი. კი არ წამოვედი, გამოვიქეცი. მორჩა, ახლა თავის ქმარს ეტყვის, მათთან რომ ვიყავი და ნატას დაერხევა. დაუწყებენ გამოკითხვას, რატომ მოვიდა, რისთვის დაგდევს, ამდენ ხანს როგორ ვერ გაარკვია იმ გოგოსთან ურთიერთობა, შენთან რა უნდა და ა.შ.
გუნება დამიმძიმდა. იქვე, ეზოსთან ახლოს დავიწყე ხეტიალი, რომ მისი გამოჩენა არ გამომპარვოდა.
ლოდინი დიდხანს გაგრძელდა. წარამარა საათზე ვიხედებოდი. ის კი იგვიანებდა. ტელეფონის ნომერი მაინც მეკითხა ბებიამისისთვის, დავურეკავდი და ისე შევუთანხმდებოდი შეხვედრაზე. როგორ ვერ მოვიფიქრე?
როგორც იქნა, გამოჩნდა. მოკლე კაბა ეცვა, აგურისფერი. ამავე ფერის პატარა ჩანთა მხარზე გადაეკიდა და ჰაეროვანი ნაბიჯებით მონარნარებდა. ვინც კი გვერდით ჩაუარა, ყველამ თვალი გააყოლა, რადგან არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. შავი თმა ცხენის კუდივით ჰქონდა აწეული. ჩემ დანახვაზე შედგა, სიწითლემ გადაურბინა სახეზე.
- გამარჯობა… - გამჭოლი მზერა ვესროლე.
- აქ… აქ საიდან? - ენა დაება.
- იქიდან, - უკან გადავაქნიე თავი, - არნახულად ლამაზი ხარ… არ მელოდი, არა?
- ნამდვილად არ გელოდი.
- საქმე მაქვს, აუცილებლად უნდა დაგელაპარაკო. შეძლებ სახლიდან გამოსვლას?
- ექვს საათზე ისტორია მაქვს, შვიდზე მიმთავრდება. რვის ათ წუთზე «ლაღიძესთან» შეგხვდები, - ჩქარ-ჩქარა თქვა და მაღლა აიხედა, აივნიდან ხომ არ გვიყურებენო.
- ვიცი, აქ არ უნდა მოვსულიყავი, მაგრამ შენ მაიძულე ამის გაკეთება. რატომ არ შემატყობინე, თბილისში თუ მოდიოდი?
- როდის იყო, ანგარიშს გაბარებდი?
- მაგრამ ხომ იცოდი, რომ ოცდაათში უნდა დამერეკა?
- ვიცოდი, მაგრამ მამაჩემმა ისე მოულოდნელად დამირეკა, ვერ მოვასწარი.
- რა ვერ მოასწარი, ჩემთან დარეკვას რა უნდოდა?
- იმ დროს შენ სახლში არ იქნებოდი.
- შენ რა იცი, როდის ვარ სახლში და როდის არა?
- ახლა თუ გამოსწორდი, არ ვიცი, მაგრამ ადრე გვიან ღამემდე შინ ვერ დაგიჭერდა ადამიანი.
- მას მერე ბევრი რამ შეიცვალა.
- უკაცრავად, არ ვიცოდი… - ირონიულად თქვა და ტუჩი აიბზუა, - წავალ ახლა, თორემ შეიძლება დაგვინახონ და კარგი დღე არ დამადგება.
- ისედაც არ დაგადგება კარგი დღე, შენმა დედინაცვალმა უკვე მნახა.
- რას მეუბნები, გაგიჟდი? - გაფითრდა.
- რა ვქნა, სულ არ მიფიქრია, მას თუ შევეფეთებოდი. ისიც კი არ მახსოვდა, რომ ვიცნობდი.
- დავიღუპე. მამაჩემთან ჩამიშვებს და მომხვდება.
- ვიცი. მაგრამ შენ ყოჩაღი გოგო ხარ, რამეს მოიფიქრებ.
- ვეცდები. წავედი, - წამით თვალები დახუჭა, რაც დამშვიდობებას ნიშნავდა და აჩქარებული ნაბიჯებით ეზოში მიიმალა.
ექვსამდე დიდი დრო იყო, ამიტომ ნინოს დავურეკე, კინოში გეპატიჟები-მეთქი. ჩემი ხმის გაგონება ისე გაუხარდა, ლამის კივილი დაიწყო ტელეფონში. თავისთან დამპატიჟა, ჩემი ჯგუფელები არიან და ამოდიო. ახლაღა გამახსენდა, დაბადების დღე რომ ჰქონდა. ამდენი დრო არა მაქვს-მეთქი, მაგრამ თავი არ დამანება, სანამ არ დამითანხმა. რას ვიზამდი, ვარდების თაიგული ვიყიდე და შინ მივადექი.
- ადვილად მოაგენი? - თაიგული გულზე მიიხუტა და დასუნა, - რა ლამაზია.
- რა მოგნება უნდოდა, დილით მე არ მოგაცილე?
- უი, მართლა, ეგ აღარც გამხსენებია. შემო, ჩემი გოგოები გაგაცნო.
ოთახში სიგარეტის ბოლის ბუღი იდგა. ბევრნი იყვნენ, თანაც სულ გოგოები. კეფა მოვიქექე, მწარედ ვინანე, რომ მოვედი, მაგრამ უკვე გვიან იყო.
არ დავიწყებ იმის მოყოლას, როგორები იყვნენ, არც მაინტერესებდა. უსიამოვნო მათი მზერა იყო, ვაჭრის თვალით რომ მაფასებდნენ. გამიკვირდა, ამ «სასტავში» შორენას რომ ვერ მოვკარი თვალი. ნინომ მითხრა, მოგვიანებით მოვა, რაღაც პრობლემები შეექმნა უნივერსიტეტშიო.
თავიდან ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ გავშინაურდი. ბოლოს ისე შევჭიკჭიკდი, გიტარაც კი მოვითხოვე. ნინო მეზობელთან გავიდა გიტარის სათხოვნელად. სიმები ჩემს გემოზე მოვჭიმე და დავუკარი… დავუკარი და ვიმღერე კიდეც… ადვილად შევძელი ქალების მოხიბვლა. კიდევ ცოტაც და… თვითონაც ამყვნენ. ერთი სიტყვით, კარგი დრო გავატარეთ.
მერე ნელ-ნელა გაიკრიფნენ. არ ვიცი, მოლაპარაკებული იყვნენ, თუ უბრალოდ, დაემთხვა, მაგრამ ხუთი საათისთვის მარტო მე და ნინო დავრჩით. ეგ ვერ იყო კარგი ამბავი, ცუდად მენიშნა.
- მეც წავალ, - ვთქვი და წამოვდექი, როცა ნინომ ბოლო მეგობარი გააცილა.
- სად წახვალ, იყავი, ჯერ ადრეა.
- არა, ერთს უნდა შევხვდე, მელოდება.
- დაურეკე და უთხარი, მოგვიანებით მოვალ-თქო.
- არ გამოვა, უკვე შევპირდი.
- გინდა, რომ მარტო დამტოვო?
- რატომ მარტო, შორენა ხომ მოვა?
- აწი აღარ მოვა.
- მეჩქარება, ნინო, ვწუხვარ…
- დღეს ჩემი დაბადების დღეა, ზაზა, ხომ არ გავიწყდება?
- ვიცი.
- მაშინ არ მაწყენინო, გთხოვ, ცოტა ხანს დარჩი, სულ ცოტა ხანს. მართალია, ნაქირავებში ვცხოვრობ, მაგრამ სამაგიეროდ, მარტო ვარ, არავინ შეგვაწუხებს. დარჩი, კარგი?
უარი ვერ ვუთხარი… ვერც დარჩენაზე, ვერც…
თავდავიწყებით მკოცნიდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. სასმელმა მეც დამრია ხელი, ვნება გამიხელდა…
კიდევ რამდენიმე წუთი და ორივენი ლოგინში აღმოვჩნდით…
თითქოს ისეთი არაფერი, ასეთი რამ ხშირად მომხდარა, მაგრამ…
ისეთი მხოლოდ ის იყო, რომ მისთვის პირველი მამაკაცი ვიყავი…
კიდევ ერთი შეცდომა დავუშვი…
* * *
სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაფაზი დავარტყი. კარგა ხანს ვფიქრობდი… წამით წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა და საკუთარი თავი შემზარდა. ნინო გატრუნული იწვა, ჩემს რეაქციას ელოდა. მე კი ვდუმდი. საათს დავხედე, შვიდი დაწყებულიყო. ნატასთან დამაგვიანდა. ის ამას არასდროს მაპატიებდა. ან კი რით უნდა მემართლებინა თავი?
- ნინო… - სალაპარაკოდ მოვემზადე და ხმადაბლა დავუძახე.
- რა იყო? - მიპასუხა ჩამქრალი ხმით.
გვერდით მეწვა და მის არსებობას ვერ ვგრძნობდი.
- რა ვქნათ ახლა მე და შენ?
კითხვა უპასუხოდ დატოვა.
- ჯერ წესიერად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს, - გავაგრძელე.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მე შენთვის არაფერი მითხოვია.
- ვიცი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მინდა, საკუთარი თავის წინაშე მართალი ვიყო.
- იცი? რაც მოხდა, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო… არ მინდა იფიქრო, რომ ცუდი ვარ…
- რა სისულელეა, მეორედ არ გამაგონო მსგავსი რამ. ჩემი ბრალია ყველაფერი.
- ნუ დარდობ, მე შენგან არაფერი მინდა, - ლამის დაიკვნესა.
- რომ იცოდე, რამდენი რამ გავაფუჭე…
- ვიცი… ვიცი, რომ შეყვარებული გყავს, ხომ მითხარი. შენც ნურაფერს ეტყვი, რა პრობლემაა. მე მართლა არაფერს გთხოვ, ზაზა.
- ექვსზე უნდა შევხვედროდი…
- იქნებ მოასწრო… არ დაგელოდება?
- არა, ვერ წავალ, ასე ვერ დაგტოვებ… უნდა გეთქვა, იცი?
- ჰო… მაგრამ…
- მომხდარს უკვე აღარაფერი ეშველება. არა უშავს, რამეს მოვიფიქრებ.
- ნუ ნერვიულობ, ეგ ამბავი ჩვენ შორის დარჩება.
- რა საოცარი გოგო ხარ, იმის მაგივრად, რომ პრეტენზიებს მიყენებდე, აქეთ მამშვიდებ. რატომ?
- აბა, როგორ მოვიქცე? პრეტენზიებით რას შევცვლი? ჩვენ ხომ მხოლოდ ერთი დღის ნაცნობობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. გვარიც კი არ იცი, მგონი, ჩემი.
- უნდა გეთქვა…
- არ ვიცი, რა დამემართა…
- მეც მაგ დღეში ვარ.
- წადი, ახლა მარტო მირჩევნია ყოფნა… წადი და მერე შეგხვდები სადმე, ასე აჯობებს. ახლა ვერაფერსაც ვერ მოვიფიქრებთ. არც მე მინდა უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა და არც შენ. ხომ მართალი ვარ?
- გეთანხმები.
- თუმცა არც იმის იმედი მაქვს, რომ სიყვარული ოდესმე მოვა…
- შენ ასე ფიქრობ? - მისკენ შევტრიალდი და თმაზე გადავუსვი ხელი.
- შენ ხომ სხვა გიყვარს…
- შენ?
- მე?.. მე არასდროს არავინ მყვარებია. ახლა კი, მგონი…
- მგონი რა?
- მგონი შენზე ვარ შეყვარებული.
- ცოტა ნაჩქარევი ხომ არ არის შენი დასკვნები?
- შეიძლება… არ ვიცი.
- რა ვქნათ, რა ვქნათ…
- გითხარი, ნუ დარდობ-მეთქი, - ნინო წამოდგა და ჩაცმას შეუდგა.
მეც ავდექი. ფიქრებით ნატასთან ვიყავი. წარმოვიდგინე, როგორი გამეხებული სახით იდგებოდა «ლაღიძესთან» ჩემ მოლოდინში.
გამორიცხული იყო, ვეღარ დავენახვებოდი. ბინის ტელეფონის ნომერი არ ვიცოდი, შინ ვერ მივაკითხავდი. იძულებული ვხდებოდი, მის უნახავად დავბრუნებულიყავი სახლში. ვნანობდი, თბილისში რომ წამოვედი. არ ჯობდა, იქ დავლოდებოდი? ოდესღაც ხომ ჩამოვიდოდა? ამ ნინოს რა მოვუხერხო? დავიჯერო, მართლა არ ნაღვლობს მომხდარს? თუ მხოლოდ ჩემ დასამშვიდებლად იქცევა ასე? მერე რომ გაუჩნდეს პრეტენზიები? მშობლებს რომ უთხრას და ცოლობა მომთხოვოს? ეს რა ჩავიდინე, რა შარში გავყავი თავი…
გაგრძელება იქნება