რეზო ჩხიკვიშვილმა სამსახიობო მოღვაწეობა რუსთავში დაიწყო და მაყურებელმა სპექტაკლით „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ გაიცნო. 30-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მსახიობი კვლავ შეხვდა მონატრებულ ქართველ მაყურებელს. პროფესიულ მიღწევებზე, ოჯახურ იდილიაზე რეზო ჩხიკვიშვილი „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.
„შარშან ნანატრი შვილიშვილი გამიჩნდა, რომელიც ჩემთვის მზის სხივია. ჩემი მირა ახლა წლისა და ერთი თვისაა. ამბობენ, რომ მე მგავს.
მე მართლაც ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ბედნიერი და ბავშვური. დღევანდლისგან განსხვავებით, ბავშვობა ჩვენმა თაობამ უფრო სიმშვიდეში გავატარეთ. სიმშვიდე იყო საქართველოშიც და მსოფლიოშიც. მართალია, ბავშვებისთვის დღეს მეტი გასართობი და გასანებივრებელი საშუალებაა, მაგრამ მაშინ უფრო უშფოთველი ყოფა იყო. ჩვენ ნაღდი ბავშვები, გაცილებით გულუბრყვილოები ვიყავით, ახლა კი დატენილი არიან მილიონი ინფორმაციით… მშობლები ექიმები მყავდნენ, არც ავად გახდომის მეშინოდა და არც არაფერი მაკლდა. ეზოში ჩასვლაც მიხაროდა, ათასგვარ თამაშს ვიგონებდით. ისეთი ცელქი ვიყავი, თუ სადმე ჩამოსავარდნი, დასაცემი იყო, ყველგან მე ვიყავი დაშავებული…“ - ამბობს რეზო გამოცემასთან.
რეზო ჩხიკვიშვილის მეუღლე
რეზო ჩხიკვიშვილი წლებია, რაც გერმანიაში მეუღლესთან, ხათუნა ჩაგელიშვილთან და შვილებთან, ალექსანდრე და ლევან ჩხიკვიშვილებთან ერთად ცხოვრობს. „ჩემს მეუღლეს, ხათუნა ჩაგელიშვილს, უდიდესი წვლილი აქვს ჩემს წარმატებაში. მე ემოციური ვარ, რომანტიკული. ხათუნა ოპტიმისტია. 35 წელია, ერთად ვართ. ჩვენს სიყვარულს სიბრძნე მოემატა, გამყარდა. ოჯახის დანგრევა ძალიან მარტივია, ქალსაც შეუძლია და კაცსაც. მთავარი შენარჩუნებაა...“ - ამბობდა რეზო ჩხიკვიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
პირად ურთიერთობაზე საუბრობს რეზოს მეუღლე, მსახიობი ხათუნა ჩაგელიშვილი:
„რეზო ძალიან მზრუნველი ადამიანია. ყველანაირად ხელს მიწყობს და არ არსებობს, რომ რაიმე გამოეპაროს. კარგი მამაა და ბავშვები ძალიან უყვარს. ჩემთან ურთიერთობაში ძალიან მეგობრულად შემოვიდა და ხრიკი იხმარა. გადაღებაზე ერთად ვიყავით და რაღაც დამრჩა. რეზომ წამოიღო, დამირეკა და მკითხა, როგორ მოგაწოდოო. მე ვუთხარი, რომ უნივერსიტეტში მოეტანა და დამავიწყდა. მეორე დღეს მივდივარ და ჩემი ჯგუფელები ჩურჩულებენ, აქ იცი, ვინ იყოო?! რეზო იმდენად ეშმაკი იყო, ჩემს მეგობრებს დაუახლოვდა და სწორედ მათგან მომიდგა. შემდეგ უკვე სიყვარულში გადაიზარდა”, – იხსენებს ხათუნა ჩაგელიშვილი.