ნათელა მაჭავარიანი დაიბადა 1939 წლის 6 ივლისს, თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის მე-5 ქალთა საშუალო სკოლა, 1970 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, სამსახიობო ფაკულტეტი. 1974–1979 წლებში იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.
გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე ჟანა დარკის როლის შესრულებისთვის მიღებული აქვს ჯილდო და პრემია. ასევე, სიგელი და პრემია სპექტაკლში „სადა ხარ სოფიკო“ — სოფიკოს როლის შესრულებისათვის. 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა თამარ მეფის ორდენით „ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის“. არაერთი ჯილდოს მიუხედავად, ნათელა მაჭავარიანი ბევრისთვის ცნობილია, როგორც გეგა კობახიძის დედა. ერთადერთი სურვილი აქვს, 37 წლის წინ გარდაცვლილი შვილი ერთხელ მაინც ნახოს სიზმრად.
"ძალიან კარგი შვილი დავკარგე. ალბათ, მეტად უნდა გავფრთხილებოდი, თუ რა უნდა მექნა, არ ვიცი. შეიძლებოდა, რომ თავისი ცხოვრება კარგად აეწყო. რაღაც ეტყობა გამომეპარა. არ ვიცი. სულ კონტროლის ქვეშ მყავდა. თვითონაც სულ მირეკავდა და აქ ვარ, იქ ვარო, საქმის კურსში მაყენებდა. კითხულობდა, ხატავდა და უცებ გაუგებრობაში გაება…
ჩემ მიმართ სხვანაირი სიყვარული ჰქონდა. ალბათ, ჩემმა და მიშას დაშორებამ იმოქმედა მასზე. არ ვიცი. მე მისთვის არაფერი ნეგატიური არ მიგრძნობინებია, მამამისი არ გამილანძღავს. თუმცა ამ ყველაფერმა, ალბათ, მაინც იმოქმედა მასზე.
სხვათა შორის, თინა ფეტვიაშვილი ხშირად მირეკავს, მოდის, მნახულობს. არაჩვეულებრივად დადებითი პიროვნებაა. ჰყავს მეუღლე, შვილი უცხოეთში ცხოვრობს. დღესაც დარეკავს, ველოდები… ყურადღებიანია. მიხარია, რომ ბედნიერია.
წყნარი და მშვიდი ადამიანია. ბევრჯერ მიფიქრია, როგორ გაჰყვა, რატომ არ მითხრა, ამას რომ აპირებდნენ-მეთქი. მაგრამ ის სიყვარული, რომელიც მათ ჰქონდათ, ალბათ, ამ ყველაფერზე ძლიერი იყო. თან რას იფიქრებდნენ, როგორი დასასრული ექნებოდა ამ ყველაფერს.
მე არასდროს მისაუბრია თინასთან იმ ამბავზე, არც მაშინ, არც შემდეგ. მე ვიცი, რომ მის გულში დღემდე არის გეგა. ამიტომ ტკივილი არ მიმიყენებია. მინდა ბედნიერი იყოს. მეუბნება, ინტერვიუზე დამირეკეს, მაგრამ არ მინდა, დეიდა ნათელა, ვისაუბროო. ძნელი გასახსენებელია ეს ტრაგიკული მოვლენა. ფილმიც არ უნახავს.
გეგა თვითნასწავლი მხატვარი იყო. დახატა ჩემი პორტრეტი. ვკითხე, ასეთი უშნო ვარ-მეთქი? და რა მიპასუხა? შენ თითქოს ძლიერი ხარ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან უბედური და საწყალი ადამიანი ხარო. მან თითქოს წინასწარ დამხატა, ხელებშემოხვეული და უსუსური… თუმცა მე არ ვთვლი, რომ უბედური და საწყალი ვარ. რატომ ვარ საწყალი? გარშემო მყავს ხალხი…
სულ იმაზე ვფიქრობ, ერთხელ მაინც დამესიზმროს. არც ერთხელ არ მინახავს სიზმრად. ზმანება მქონდა ერთი-ორჯერ, თითქოს იყო და არც იყო."
მისი კინოდებიუტი შედგა 1967 წელს ნანა მჭედლიძის ფილმში „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“. შემდეგ იყო ფილმი „ლაზარეს თავგადასავალი“, სადაც ობოლი ბიჭის, ლაზარეს როლი შეასრულა. 1973 წელს ფილმმა ტელეფილმების მე-5 საკავშირო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო ქალაქ ტაშკენტში.
1975 წელს როლი მიიღო ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში „ჩიტის რძე“, სადაც თამაში მოუწია ცნობილ მსახიობებთან, სესილია თაყაიშვილთან და კონსტანტინე დაუშვილთან ერთად. ფილმი ეფუძნება ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებს. იმავე წელს საშიკოს შვილის როლში გამოჩნდა ლანა ღოღობერიძის ფილმში „აურზაური სალხინეთში“.
1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ახალგაზრდა ქართველმა გაიტაცა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ავიაკომპანია აეროფლოტი ფლობდა. გამტაცებლებს ჩაფიქრებული ჰქონდათ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა. აღსანიშნავია, რომ გამტაცებლები მეტწილად განთქმული ოჯახების შვილები იყვნენ. თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდნენ: კინომსახიობი გეგა კობახიძე, ხელოვნების აკადემიის სტუდენტი დავით მიქაბერიძე, მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი კახა ივერიელი, ექიმი პაატა ივერიელი, მხატვარი გია ტაბიძე და ხელოვნების აკადემიის სტუდენტი თინა ფეტვიაშვილი. თვითმფრინავის წარუმატებელი გატაცების შედეგად, დაიღუპა 7 ადამიანი, ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა.
თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო, მაგრამ იზოლატორში ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, რომ მას სასჯელი არ შემსუბუქებოდა. დანარჩენებს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიესაჯათ.