"ღამით ყველანი გავიქეცით ბათუმში, დავტოვეთ ყველაფერი, ულამაზესად და მდიდრულად მორთული ბინა. გაუხსნელი ყუთები – საქორწინო საჩუქრები... ვერაფრის წაღება ვერ მოვასწარით. ასევე ყველაფერი დაკარგეს ჩემმა მშობლებმა. სიჩქარით გამოვიდნენ რტიშევის ქუჩიდან. მივიდნენ ფეხით სადგურამდე. სასახლესთან ვიღაც, ეტყობოდა ვაჭარი იყო, ჩემოდნებით დატვირთულ მანქანაში იჯდა. ბუჭუ, ჩემი ძმა, რომელიც მივიდა, რომ დედას დახმარებოდა, ამ პირს სთხოვდა, წაეყვანა ქალი სამი შვილით სადგურამდე. მან უარი უთხრა. ბუჭუმ იარაღი ამოიღო და დაემუქრა. ამ დროს პაოლო იაშვილი გამოჩნდა. ეს კაცი მისი ნაცნობი გამოდგა და ძალით ჩასვეს მერი, მია, გიორგი და სიმონიკა მანქანაში. ასე მივიდნენ სადგურში” - იხსენებდა სვიმონ დადიანის უფროსი და ბაბო დადიანი 1921 წლის 25 თებერვლის დღეს.
დადიანების ოჯახს 1921 წელს, მას შემდეგ, რაც კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, აქ აღარ დაედგომებოდა, რადგან ნიკოლოზ (კოკი) დადიანი სენაკის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი იყო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. დედა - მერი წერეთელი - იმერეთის მეფის ჩამომავალი, დიდი ბაბუა მიხეილ შარვაშიძე - აფხაზეთის მთავარი. სწორედ კოკი დადიანისა და მერი წერეთლის შვილი იყო სვიმონ დადიანი, რომელსაც ბავშვობაში სიმონიკას ეძახდნენ, დიდობაში კი მოდილიანს ადარებდნენ.
ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი, გრაფიკოსი სვიმონ დადიანი 1916 წელს ჭიათურაში დაიბადა და 1975 წელს სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა. მისი ცხოვრების გზა არ ყოფილა მარტივი, მაგრამ იყო ძალიან საინტერესო.
სამხატვრო განათლება მიიღო თავდაპირველად პარიზში, შემდეგ - სან–ფრანცისკოში. აშშ-ის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. შემოქმედების პირველ პერიოდში მუშაობდა, როგორც რეალისტი მხატვარი. განსაკუთრებული აღიარება ხვდა წილად მის აბსტრაქტულ ქანდაკებას „შავი ტორსი“.
მისი ძირითადი ნამუშევრები ინახება პარიზში, მხატვრის დის, ქეთევან დადიანის ოჯახში, ნაწილი კი 2017 წელს მისმა მემკვიდრეებმა საჩუქრად გადასცეს საქართველოს ხელოვნების სასახლეს.
სვიმონ დადიანი 1950 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ში გამართულ სხვადასხვა გამოფენაში, მის მიმართ ინტერესი კი სულ უფრო იზრდებოდა. თავად ხელოვანი ამ ყურადღებას უცნაურს უწოდებოდა და არ ესმოდა, რატომ სურდა ამდენ უცნობ ადამიანს მასთან შეხვედრა და გასაუბრება. ამბობდა იმასაც, რომ ბევრ კომპლიმენტს იღებდა, თუმცა, საბედნიეროდ, ყურადღებას არ აქცევდა:
"გეხვევი მაგრად, ჩემო ბაბოშკა და ბოდიში, რომ ამდენ ხანს წერილი არ მოგწერე. ამ გამოფენის გამო დამჭირდა ბევრი გასვლა. ჩემს ხასიათში არ არის ასე სტუმრად სიარული, მაგრამ თითქმის ყოველდღე სადილად დავდიოდი. არ ვიცი, რატომ აქვს ასეთი სურვილი ამდენ ხალხს ხელოვანთან შეხვედრისა. ამდენი უცნობი, ამდენი უმნიშვნელო კითხვა-პასუხი და ლაპარაკი... სულ თავბრუგაბრუებული ვიყავი. მართალი გითხრა, ამდენი ქება არასოდეს არ მქონია და მადლობა ღმერთს, რომ ყურადღებას არასოდეს ამას არ ვაქცევ. მთავარია, ვალებიდან სულ ამოვძვერი და იმედი მაქვს, ბოლოს ცოტა რამე პარიზისთვისაც დარჩება", - წერდა სვიმონ დადიანი მას შემდეგ, რაც მისმა ნამუშევარმა, "შავი ტორსი", თანამედროვე ხელოვნებისა და ფერწერის მე-15 გამოფენაზე მოიპოვა მეორე ადგილი და სანტ ლუისის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, მისტერ პერი რეტბოუნის პრემია.
მიუხედავად ამერიკული წარმატებისა, სვიმონ დადიანმა ცხოვრება საქართველოზე ფიქრსა და მის სიყვარულში გაატარა. მას სან-ფრანცისკოში, საკუთარ ბინაში ჰქონდა თიხის ქოთანი, რომელშიც მშობლიური სოფლიდან, ნოსირიდან წამოღებულ მიწას ინახავდა.
"ვიცი, რომ ჩემთვის რამეს ჩამოიტან, ასე რომ, ახლავე გეტყვი, რაც მართლა მაინტერესებს: 1. ქართული საეკლესიო გალობა - თუ არის ასეთი ფირფიტები. 2. ქართული ოპერა. 3. გორდელა. რავარც გახსოვს... ხალხური გალობა უკვე მაქვს"... - სწერდა ის დას.
სვიმონ დადიანი არ დაოჯახებულა და არც შვილი ჰყოლია. ის 57 წლის ასაკში გარდაიცვალა სან-ფრანცისკოში. წლების მანძილზე განუვითარდა სისხლის მძიმე დაავადება, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ მისმა ერთმა მეგობარმა, ბეტსიმ იცოდა:
სვიმონ დადიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ნახატები ოჯახის წევრებმა საფრანგეთში წაიღეს, ცხედარი კი, მოთხოვნის მიუხედავად, არ გაატანეს და აშშ-ში პატივით დაკრძალეს, როგორც „ამერიკელი ჯარისკაცი სვიმონ (პეტრე) დადიანი“. სვიმონ დადიანი ჯერჯერობით ერთადერთი ცნობილი ქართველია, რომელიც ამერიკული დროშის ქვეშ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა.
სვიმონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი ის იყო, რომ მის ნამუშევრებს, საბოლოოდ, ბინა საქართველოში დაედოთ. წლების მანძილზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა 2017 წლის 28 ოქტომბერს პარიზიდან წამოსულმა 200-კილოგრამიანმა ტვირთმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოლახა. ასე გაიცნო საქართველომ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მხატვარი, სიმონიკა დადიანი.
ჩვენი მკითხველისთვის, ალბათ, მოულოდნელი იქნება ფაქტი, რომ სვიმონ დადიანი ყველასთვის კარგად ნაცნობი ტელესახის, სალომე ღვინიაშვილის ბაბუაა. სალომემ მისი ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა: "რა მაგარი იყო ჩემი ბაბუა 50-იან წლებში - სვიმონ დადიანი", - დაწერა მან. საქმე კი ისაა, რომ სალომე ღვინიაშვილის ბებია, თათული ღვინიაშვილი, სვიმონ დადიანის დისშვილი იყო. "ამერიკაში ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ სვიმონ დადიანზე მთელი დღე რადიო საუბრობდა, ის კი ხმას არ იღებდა, მეგობრებსაც არ უყვებოდა თავისი თავბრუდამხვევი წარმატების შესახებ", - იხსენებდა თათული ღვინიაშვილი.
წყარო: გიორგი კალანდია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხელოვნების სასახლის დირექტორი, ჟურნალი "ისტორიანი",#86, "როგორ აღმოაჩინა სვიმონ დადიანი და მისი ნახატები საქართველომ" - რადიო თავისუფლება