თამარ თუმანიშვილი ევგენია თუმანიშვილისა და რუსი სამხედროს, კონსტანტინე ზახაროვის ერთადერთი შვილი იყო. მისი მშობლების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ 18 წლის ევგენია ცოლად გაჰყვა კონსტანტინეს და წყვილი მენშევიკური მთავრობისგან თავის დაღწევის მიზნით საქართველოდან ჩინეთში გაემგზავრა. გზაში კონსტანტინე გაურკვეველი დაავადებით გარდაიცვალა - ამის ფონზე ქალს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და თამარი მატარებელში დაიბადა. გაურკვეველი მიზეზის გამო დედამ შვილს თავისი გვარი მისცა.
ევგენიას მშობიარობაში ექიმი ვლადიმერ ბორეცკი-ხაზიდოვი დაეხმარა - ამის შემდეგ სწორედ მასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება და ოჯახი ჯერ ჩინეთში, შემდეგ ეგვიპტეში, ბოლოს კი პარიზში დასახლდა. სადაც ვლადიმერი ტაქსისტად, ევგენია კი მრეცხავად მუშაობდა.
თამარს ცეკვისადმი ინტერესი მაშინ გაუჩნდა, როცა 9 წლის ასაკში დიდ სცენაზე ანა პავლოვა ნახა. მალე კი ოლგა პრეობრაჟენსკაიას სტუდიაში მოხვდა. „არასოდეს დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე პატარა, გამხდარმა გოგონამ მოახდინა. ის ფეხისმოუცვლელად, ერთდროულად აკეთებდა ფეხის წვერებზე 64 ფუეტეს. ეს იყო თამარა თუმანოვა, მომავალში ცნობილი ბალერინა“ – იხსენებდა მსახიობი და მოცეკვავე ვიქტორია ტომინა.
მოგვიანებით ანა პავლოვამ სტუდია მოინახულა და თავისი წარმოდგენისთვის რამდენიმე გამორჩეული მოცეკვავე აარჩია - ასე მოხვდა 11 წლის თამარა პარიზის დიდ სცენაზე. 1 წლის შემდეგ კი ჯორჯ ბალანჩინმა შეამჩნია და ამერიკაში მიიწვია. აქ თამარამ სიმღერის ნიჭიც გამოავლინა და ბროდვეის მიუზიკლში მიიღო მონაწილეობა.
თამარას იწვევდნენ ისეთ ღონისძიებებზე საცეკვაოდ, როგორიცაა: ჰოლანდიის დედოფლისა და პრინცის გალა-საღამო და დიდი ბრიტანეთის მეფის, ჯორჯ VI-ის გამართულ გალა-საღამო.
იმასაც ამბობენ, რომ ბალანჩინმა მას ცოლობა სთხოვა, თუმცა თამარას სულ სხვა ადამიანი უყვარდა.
თამარა თუმანოვას მეუღლე ამერიკელი დრამატურგი ქეი რობინსონი იყო. წყვილმა ერთმანეთი "დიდების დღეების" გადაღებაზე გაიცნო, რომელშიც თამარას პარტნიორობას გრეგორი პეკი უწევდა.
"ეს მშვენიერი, არაჩვეულებრივი ქორწინებაა... ყველაფერი მაქვს, რაც მინდა" - იხსენებდა თუმანოვა მოგვიანებით.ამის მიუხედავად, წყვილი ერთმანეთს 10-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ამერიკამ საბჭოთა ხალხის მიმართ სიმპათიით განწყობილი რამდენიმე ფილმი გადაიღო.
რობინსონის ფილმი მაყურებელს რუსი პარტიზანის, ვლადიმერისა და მოცეკვავე ქალის ტრაგიკულ სიყვარულზე მოუთხრობდა. ვლადიმერის როლს იმ დროისთვის სრულიად უცნობი გრიგორი პეკი ასრულებდა. მოცეკვავის როლში კი თამარ თუმანიშვილი გახლდათ. „დიდების დღეები“ ორივესთვის სადებიუტო ფილმი იყო.
ფილმის სიუჟეტმა და საერთო ბედმა გრიგორი და თამარი ძალიან დააახლოვა. გადამღები ჯგუფის წევრები ამბობდნენ, რომ მსახიობებს თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი და ამას გრიგორი პეკიც აღიარებდა, თუმცა თამარმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო - ცოლად ფილმის პროდიუსერს გაჰყვა.