სხვისი ოცნების ქალი - თავი 17 - Marao

სხვისი ოცნების ქალი - თავი 17

2024-07-09 22:08:34+04:00

წინა თავი 

ახალმა წელმა უხალისოდ ჩაიარა. ვსვამდი და ვფხიზლდებოდი, ვფხიზლდებოდი და ვსვამდი. ბოღმას და დარდს სასმელში ვახშობდი… მერე დროებით ერთი ქერათმიანი გოგონა გაიჩითა ჩემს უინტერესო ცხოვრებაში… მორიგი მაჟორული ქალი… მერე რა, რომ დროებითი აღმოჩნდა ეს რომანი, ხანმოკლე, როგორც გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმა - უცებ დაწყებული და უცებ დამთავრებული. დრო ხომ გამაყვანინა? ჰო, გამაყვანინა, მაგრამ ვერ მიშველა. თვალწინ სულ ნატა მედგა - მისი ღიმილი, გამოხედვა, ხმა, სიყვარულით გამთბარი თვალები… ის ჩემთვის ყველაფერი იყო - შიმშილი, აფეთქება, ნერვები, თრთოლვა, დაჭიმული სიმები, მაჯისცემა, სიშიშვლე, გაბნეული ნოტები, მაქსიმალიზმი… ის სურვილი იყო, ლტოლვა, ვნება, ოცნება, ჟინი… ყველაფერი, ყველაფერი…

და ვეღარ გავძელი… ცხოვრება აუტანელი გახდა მის გარეშე. დავურეკე… გვიან, როგორც ყოველთვის, თორმეტის შემდეგ… ძველით ახალ წელს…

პირველსავე ზარზე აიღო ყურმილი, თითქოს მთელი დღე ტელეფონთან იჯდა და მელოდა…

- გამარჯობა! - ეს მე ვთქვი.

- გაგიმარჯოს! - ეს - მან.

- როგორ ხარ?

- ბრწყინვალედ. რომელი ხარ?

- მე ვარ.

- ვინ «შენ»?

- უკვე დაგავიწყდი?

- რატომ დამირეკე?

- ვიფიქრე, ახალ წელს მივულოცავ, ბედნიერებას, წარმატებას ვუსურვებ-მეთქი… მინდა მთელი ცხოვრება თავდაჯერებულმა იარო…

- გმადლობ.

- რატომ ერთხელ არ დამირეკე?

- უნდა დამერეკა? ვალდებული ვიყავი?

- არა, ვალდებული არ იყავი.

- მაშინ ნუღარ მეკითხები.

- როგორ მიდის სწავლის საქმეები?

- არაჩვეულებრივად.

- ვიცი, ნაწყენი ხარ ჩემზე, ამიტომაც დაგირეკე. არ მინდა დამდეგ წელს ძველი წყენებით შევხვდე.

- არ გინდა ეს თეატრი და ლირიკა.

- არც მიფიქრია. თეატრი რომ მდომებოდა, დაგპატიჟებდი ჩემთან, ფრაკში გამოვეწყობოდი, სიგარას გავიჩრიდი პირში და გიტარაზე ავათამაშებდი თითებს.

- მის გარეშეც მშვენივრად შეგიძლია თამაში… ცხოვრებაში.

- რატომ მეუბნები ასე? არ მოგბეზრდა ჩემთვის ტკივილის მოყენება?

- ღმერთო ჩემო, ვინ ამბობს ამას! ლამის გამთელე, გამანადგურე და კიდევ მე გაყენებ ტკივილს?

- მოდი, ცოტა ხნით გავჩუმდეთ, გავუღიმოთ ერთმანეთს ყურმილში და მერე…

- რა მერე?

- ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

- არა, ზაზა, არ მიყვარს ნულიდან დაწყება. როგორც ხედავ, შენი სიყვარულის ფონზე ჩემი აშკარად წაგებულად გამოიყურება, ისევე, როგორც ჩემი ცხოვრება. შენ არაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. გული მიგრძნობს, არ შემცდარხარ. შენი ერთი შემოხედვა, ერთი სურვილი საკმარისი გახდა, სრულ სიმარტოვეში აღმოვჩენილიყავი. ამაში მე ვარ დამნაშავე… მე თვითონ გავაკეთე ეს… ვიცოდი, რაზეც მივდიოდი, მაგრამ არ შევჩერდი. ჩემი ბრალია. თავად მივაყენე ტკივილი საკუთარ თავს. თავად ვთქვი უარი შენზე. ჩემით წავედი. ჩემით შევურიგდი ბედს, თავად გამოვიხურე კარი, თავად გაგიშვი ხელი, თავად ვთქვი უარი ყველაზე ბედნიერ წუთებზე… და თურმე იმისთვის, რომ ნაკლებად ბედნიერი წუთები მეპოვა, იმისთვის, რომ სხვისი, ნაკლებად სასურველი ღიმილი დამეჭირა, თუმცა… შევეჩვევი, რადგან მხოლოდ ამას ვიმსახურებ, ალბათ მეტის ღირსი არ ვარ. სხვა შენსავით არასდროს მეყვარება, მაგრამ ის თქვენ ყველას გაჯობებთ. ის მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ - ყველა ჩემი დადებითით და უარყოფითით. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ მძულდი, მაგრამ შევცდი. ეს არ ყოფილა სიძულვილი. არ დაგიმალავ, რაღაც წამებში გაიელვა კიდეც, თუმცა მალევე გაქრა. წყენა? წყენა დამრჩა და იგი შენს სახელთან გავაიგივე, როგორც სინონიმი, ისე აღვიქვი. ჰოდა, აი, ასე - ფენიტა ლა კომედია! მე ჩემი გზით წავედი, შენ - შენით, თან ისე, რომ ნაკვალევი არ დაგვიტოვებია. მშვიდობით… წარმატებებს გისურვებ…

ყურში დიდხანს ჩამესმოდა წყვეტილი ზუმერის ხმა…

გულდამძიმებული ლოგინზე მივეგდე… მორჩა, მე აღარ ვარსებობ. რატომ მეგონა, რომ ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლებოდა? ფერფლისგან ფენიქსი შეიძლება აღდგეს და არა სიყვარული. მისი ყოველი სიტყვა ჯოჯოხეთურ ტკივილს მაყენებდა, მაგრამ ის, რაც ჩემს სულში ხდებოდა, ამ ტკივილზე უარესი იყო.

მაჯობა… ტკივილშიც კი მაჯობა. და…

იმდენად ძლიერი იყო მასზე შურისძიების წყურვილი, თვითგანადგურება გადავწყვიტე… გადავწყვიტე და დავიწყე… იქვე, მაშინვე, იმ წუთებიდანვე…

შედეგი? ჰმ… მეორე დღეს, საღამოს, ბიჭები შევკრიბე, ნინო სახლიდან გამოვიყვანე და… ცოლად შევირთე.

* * *

ყველაფერი უბრალოდ მოხდა, გართულებების და წინააღმდეგობების გარეშე. ათი წუთი დამჭირდა ნინოს «შესაკერად», კიდევ ათი წუთი - თანხმობის მისაღებად და მხოლოდ ოცი წუთი - შინ მისაყვანად. დედას ენა ჩაუვარდა, როცა ვუთხარი, დღეიდან ეს გოგო შენი რძალია-მეთქი. ნიადაგი კარგა ხნის შემზადებული იყო და ის ელოდებოდა ჩემს ცოლს, მაგრამ არა ნინოს. ხმა არ ამოუღია, გაურკვევლად გაიღიმა და უთქმელად განზე გადგა, გზა დაგვითმო. მხოლოდ წამით შემომხედა, მაგრამ უსიტყვოდ ბევრი რამ მითხრა, მათ შორის, ის, რომ მე კიდევ ერთი შეცდომა დავუშვი, ამჯერად - საბედისწერო…

ჩემს დაოჯახებას დიდი ზარ-ზეიმი არ მოჰყოლია. არც თეფში გაგვიტეხავს კარის ზღურბლზე, არც ქორწილი გადაგვიხდია. მოკრძალებული სუფრა გავშალეთ მხოლოდ. თითქოს მიხაროდა კიდეც და… არც მიხაროდა. ვერ გეტყვით, სინამდვილეში რას განვიცდიდი. მსიამოვნებდა მასთან ყოფნა, მაგრამ არ მიყვარდა. რეალობა ეს იყო.

მთელი კვირის განმავლობაში ჩვენს სახლში მეგობრების და ნათესავების მისვლა-მოსვლა არ შემწყდარა. მოდიოდნენ, გვილოცავდნენ, გვლოცავდნენ და ბედნიერებას გვისურვებდნენ. მამას უხაროდა, დედას დანა პირს არ უხსნიდა. ხვდებოდა, რაც ტრიალებდა ჩემს გულში, რატომაც გადავდგი ეს ნაბიჯი. ერთ საღამოს, სტუმრები დაიშალნენ თუ არა, გვერდზე გამიყვანა და ხმადაბლა, მაგრამ მკაცრად მითხრა:

- დაიმახსოვრე, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შენ გაგწირავ და ამ გოგოს - არა! მის ცოდვაში ფეხს არ ჩავდგამ, იცოდე! გასაგებია?

ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე და ამით ყველაფერი ვუთხარი.

ორი კვირა გავიდა. სტუმრიანობა თანდათან შეწყდა. ნინო ცდილობდა, ჩემი მშობლებისთვის თავი შეეყვარებინა, ციბრუტივით ტრიალებდა ოჯახში. მისი შემხედვარე მამა მრავალმნიშვნელოვნად იღიმოდა, დედა კი… დედას ვერ შეატყობდით, კმაყოფილი იყო თუ უკმაყოფილო.

შუადღე იქნებოდა, ჭიშკართან მანქანა რომ გაჩერდა. აივნიდან გადავიხედე. გოგას კაკაოსფერი «ჟიგული» ვიცანი. კიდევ ვიღაც იყო მასთან, მაგრამ შორიდან ვერ გავარჩიე, ვინ. ქურთუკი გადავიცვი და დაღმართზე დავეშვი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი ჭიშკარს, მით უფრო ვიძაბებოდი… მომეჩვენა, რომ იქ, მანქანაში, ნატა იჯდა…

- აბა, რა ქენით, ჩაამთავრეთ თაფლობის თვე? - მხიარულად მკითხა გოგამ და ხელი ჩამომართვა, - ნახე, ვინ მოგიყვანე!

კარი გაიღო და ნატა გადმოვიდა. შეცბუნებული ჩანდა. ორიოდე მეტრზე მომიახლოვდა და ჩუმად მომესალმა.

- როგორ ხარ? - ვცდილობდი, დაბნეულობა დამემალა.

- კარგად… შენ?

- აი, ეგრე, რა! უღელი, ცოლი და რამე! - უხერხულობის გასაფანტავად ხუმრობა ვცადე.

- მაპატიე… არ მინდოდა მოსვლა, გოგას ბრალია… არ ვიცოდი, აქეთ თუ წამოვიდოდა. შინ მივყავდი და მოულოდნელად მოატრიალა მანქანა… - თავი გაიმართლა.

- მერე რა, დაშავდა რამე? შემოდით, რას უცდით?

- არა, არა! - შიშნარევი ხმით წამოიძახა ნატამ, - მეჩქარება, უნდა წავიდე, სამეცადინო მაქვს.

- მეცადინეობას მოასწრებ. ცოტა ხნით შემოდი. არ გინდა, ჩემი ცოლი გაგაცნო? - ვიღიმოდი, მინდოდა, საუბარი ბუნებრივად გამომსვლოდა.

შემომხედა… ერთხელ დაახამხამა წამწამები და… სამი კურცხალი ჩამოუვარდა ღაწვებზე… მისი ასეთი სახე ჯერ არ მენახა… ჩემთვის აქამდე უცნობი განცდა დამეუფლა… ასე უცნაურად ჯერ არ შეშფოთებულა ჩემი სული… ის თავისკენ მიხმობდა, მე კი არ მესმოდა მისი… ეს ბედისწერა იყო, მისი ბედისწერა… ეს იყო ტკივილი და ეს იყო სიმართლე… ეს იყო გენიალური და, ამავე დროს, მარტივი… ეს სიბრძნე იყო, გულწრფელობა… ეს სიყვარულის გამოტირება იყო.

- მე შევალ, ნინოს ვნახავ, - თქვა გოგამ, როცა ნატას რეაქცია შეამჩნია, - ახლავე გამოვალ, არ მოიწყინოთ!

თითქოს არც გამიგონია მისი სიტყვები. მგონი, არც ნატას გაუგონია. უხმოდ შევცქეროდით ერთმანეთს…

- არ მომილოცავ? - ვკითხე ბოლოს, როცა სიჩუმე აუტანელი გახდა.

ამოიოხრა და თავისთვის, მაგრამ სარკასტულად გაიცინა.

- არ მსურს ბანალურობა და არ გეტყვი სტანდარტულ სიტყვებს. უადგილო იქნება და ზედმეტი, - თქვა და კვლავ დაახამხამა წამწამები, ამჯერად - ცრემლის გარეშე.

- არ მითხრა, რომ სიტყვები გამოგელია… - დავაძალე, მაინტერესებდა, როგორ მომილოცავდა.

- სიტყვები? - თვალი თვალში გამიყარა და ჩაახველა, - ისინი ისე ცოტაა ამ დროს და ისე ძნელია მათი შერჩევა… ვერც წარმოიდგენ… თანაც… მე ძალიან მომთმენი ვარ… ეს, ალბათ, ნაკლი უფროა…

- მაშინ სხვა რამე მითხარი, - დავნებდი.

- რა გითხრა, აბა? ისეთი რა უნდა ვთქვა, რომ შენ გაგიხარდეს…

- შენი ამბები მომიყევი.

- არც არაფერია მოსაყოლი.

- მაინც, მაინც?

- რა გინდა, ვთქვა? - უფრო და უფრო მოექუფრა სახე, უფრო და უფრო დაენისლა თვალები.

- შენი სურვილები გამანდე, - ძალიან, ძალიან ხმადაბლა ვთქვი და ვიგრძენი, როგორ ხმამაღლა ამიძგერდა გული.

- სურვილები?.. გვიან არ არის ჩემი სურვილების განდობა?

- არა, არასდროს არ არის გვიან, - ვთქვი და რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი.

- მინდა, რომ სულ პაწაწინა ვიყო, - თვალდახუჭულმა დაიწყო, - ისეთი, ისეთი პაწაწინა, რომ შეუმჩნევლად მოვკალათდე შენს მხარზე, სული შეგიბერო და კიდევ ერთხელ შეგახსენო, რომ მარტო არ ხარ, რომ ვიღაც სხვასაც უყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ შენ ამას ვერ ხედავ, რადგან ახლა არ გჭირდება ამის დანახვა. მინდა, ხელი შეგახო ხელზე, თვალებში ჩაგხედო, შენს სულს შევხვდე და დავუმეგობრდე. მან ყველაზე მეტი იცის შენ შესახებ. მინდა არ ვილაპარაკო შენთან იმაზე, რაზეც სხვები ლაპარაკობენ. მინდა დავივიწყო შენთვის სიტყვა «არა». მინდა, რომ გიყვარდე… უფრო სწორად, მინდოდა, გყვარებოდი…

ამის გაგონებაზე სული შემიგუბდა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი… იმდენად ახლოს აღმოვჩნდი მასთან, რომ მისი სუნთქვა სახეში მეცა. ხელზე ხელი შევახე… თვალებში ჩავხედე… ის კვლავ მეძახდა… ახლა მესმოდა მისი…

- ხედავ? ჩემი სული უკვე შენს ხელშია, - ვთქვი და მისი თითები მუჭში მოვიმწყვდიე.

- რომ იცოდე, როგორ მჭირდება ახლა სხვისი სულის სითბო… თან მეშინია… მეშინია, შეცდომა არ დავუშვა…. - ჩურჩულებდა სახეალეწილი.

- როგორ მინდა, გაკოცო, - აღმომხდა ჩემდა უნებურად.

- არ გინდა… დაგვინახავენ, - ჩურჩულით თქვა და შეშინებულმა სახლისკენ მიიხედა.

- ჩემთვის სულერთია.

- წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. რა დრო გასულა, მე კი ვერც შევამჩნიე. ლამის ორი წელი… შენ ალბათ, არც გახსოვს… უკვე შეიძლება შედეგების შეჯამება… მე დავემშვიდობე ძველ ცხოვრებას და ახალი დავიწყე… ამ ცხოვრებაში შენ აღარ ხარ… ეს არის ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი, რაც მოხდა… მიხარია და ვტირი, გულამოსკვნით ვტირი ყოველღამე. ჩემი გრძნობების დამალვას აზრი აღარ აქვს, თვალთმაქცობა არ მჩვევია… არც იმის მრცხვენია, ჩემი განცდების შესახებ გელაპარაკო.

- ნატა, ნატა… ვგრძნობდი, რომ მეძებდი, რადგან მე უკვე გეძებდი სხვებში… არა, შენ კი არა, შენნაირს ვეძებდი, მიახლოებულად მსგავსს მაინც… ვგრძნობდი, რომ ერთხელაც მოხვიდოდი, თუმცა არ მეგონა, ასე მალე თუ გამომეცხადებოდი… სიმართლე გითხრა, ამისთვის არ ვიყავი მზად… შეუჩვეველი ვარ ასეთ სიტუაციებს… კარგი იქნებოდა, დავმალულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი, ამიტომ შენთან შესახვედრად იმპროვიზაციებიც კი დამჭირდა. ვცდილობდი, ბუნებრივად გამომსვლოდა შენთან საუბარი, გულგრილობა შემენარჩუნებინა, მშვიდი ღიმილი… არ ვიცი, რა გამომივიდა.

- არაჩვეულებრივი მსახიობური მონაცემები გაქვს, მინდა გითხრა, ეს როლი ზედგამოჭრილია შენთვის, კარგად ითამაშე.

- დიდი მადლობა, - სიცილი ვერ შევიკავე.

- იცი? როცა გიყვარს ადამიანი, იდეალური გგონია იგი, მაგრამ მერე დგება მომენტი, რაღაც ფუჭდება და ცდილობ, ნაკლი უპოვო მას. და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი გაიმართლო… არადა… სულის სიღრმეში ამ დროს ძაფები ერთმანეთის მიყოლებით წყდება… მეშინია… ვხედავ, რომ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული უფსკრულისკენ მიექანება… იქნებ უკვე გადაიჩეხა კიდეც.

- შენ როგორ გგონია?

- არ ვიცი, არ ვიცი…

- ცოტა ხანს მაცალე, ნატა, რაღაცას მოვიფიქრებ.

- არა, არ მინდა. ამიტომ არ მითქვამს. რაც მოხდა, იმას ვერაფერი შეცვლის. განგებამ ასე ინება. ჩვენი ბედისწერის წიგნში ასე წერია და მას ვერავინ შეცვლის. ასე დაგვანათლეს ანგელოზებმა. ჩვენ ერთმანეთისთვის არ ვართ შექმნილი. გარემოებათა კიდევ ერთი დამთხვევა… ჩვენ ერთ რამეში ვგავართ ერთმანეთს - უფლებას არ ვაძლევთ სიყვარულს, დააკაკუნოს ჩვენს კარებზე, შემოფრინდეს ჩვენს ფანჯრებში… იქნებ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, დღეს ერთად რომ არ ვართ… როცა გვეცოდინება, რომ არ ვჭირდებით ერთმანეთს, ორივე მშვიდად ვიქნებით და არაფერი შეგვიშლის ხელს, ვიცხოვროთ ჩვენთვის. არც შიში იქნება… მაგრამ ვინ წავა პირველი ამ გზაზე? შეიძლება შენ… შეიძლება მე… ძნელი იქნება, მაგრამ უნდა გავრისკოთ.

- სხვა გამოსავალიც არის.

- რომელი?

- გადავუხვიოთ ამ გზას.

- ჰმ… - ფრთხილად გაითავისუფლა თითები ჩემი ხელიდან და ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხია, - ჩემთვის შეგონება «მარცხნივ წახვალ, დაიღუპები, მარჯვნივ წახვალ, მაინც დაიღუპები», მიუღებელია. მირჩევნია, პირდაპირ ვიარო. თუ მაინც უნდა მოვკვდე, მიხვეულ-მოხვეული გზით სიკვდილს პირდაპირ გადაჩეხვა მირჩევნია.

- ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. გეუბნები, ცოტა მაცალე-მეთქი.

- არ გვინდა… წადი, ცოლს მიხედე… და გოგას უთხარი, დროზე გამოვიდეს, - თითები ლამაზად აამოძრავა, თითქოს საცეკვაო ილეთს აკეთებსო, მრავლისმეტყველად გამიღიმა და მანქანისკენ წავიდა.

სანამ ჩაჯდებოდა, ნაცნობი ჟესტით თმა ყურზე გადაიწია და შემომხედა…

«მიყვარხარო», - თვალებით მითხრა… უკვე მერამდენედ…

გაგარძელება იქნება