ნიკუშა შენგელაიას გულახდილი ინტერვიუ: "ბედნიერებას სახლის ზომა არ განსაზღვრავს, ბედნიერება ადამიანებსა და ურთიერთობებშია" - Marao

ნიკუშა შენგელაიას გულახდილი ინტერვიუ: "ბედნიერებას სახლის ზომა არ განსაზღვრავს, ბედნიერება ადამიანებსა და ურთიერთობებშია"

2024-07-12 12:42:11+04:00

მხატვარი ნიკოლოზ შენგელაია, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადმიის ფერწერის ფაკულტეტი 1982 წელს. მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, სირიის, ჰოლანდიის კერძო კოლექციებში. ცხოვრების გარკვეული პერიოდი გაატარა პარიზში. 

  • "ახლა დედაჩემის ნახვის საშუალება რომ მქონდეს, არაფერს არ ვეტყოდი, ჩავეხუტებოდი და აღარ მოვშორდებოდი“ - რას იხსენებს ნიკუშა შენეგელაია დედის, სოფიკო ჭიაურელის შესახებ 

ვინ არის ნიკოლოზ შენგელაია? - ამ კითხვაზე თავად მხატვარს ასეთი პასუხი აქვს: 

"მთელი ცხოვრებაა, ამას ვარკვევ. ჯერ არ ვიცი. თუ ღმერთი მომცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ ვიცოცხლო, შეიძლება გავარკვიო. თუმცა შეიძლება პასუხგაუცემელიც დამრჩეს ეს შეკითხვა".

"თბილისელებთან" ინტერვიუში ნიკუშა შენგელაია თავისი ცხოვრების შესახებ უფრო ვრცლად საუბრობს: 

ნიკოლოზ შენგელაია 

"მადლობელი ვარ უფლის იმის გამო, როგორც ვცხოვრობ. ოცნება სხვა რამეა, ჩემთვის მადლიერების გრძნობაა მთავარი. ეს მაქვს. მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ჩემს ოჯახში გავჩნდი, ჩემს ქვეყანაში გავჩნდი, მყავს ისეთი სამეგობრო, როგორიც მყავს და ვცხოვრობ ისე, როგორც ვცხოვრობ. არაფერ სხვაზე არ ვოცნებობ, ეს ყველაფერი ჩემთვის საკმარისია.

ბოლოს მშობლების წასვლის დროს ვიტირე. დანარჩენი რა ვთქვა, ხომ იცით, მხოლოდ ცრემლებში არ გამოიხატება ემოციები. შეიძლება მოგაწვეს ძალიან, მაგრამ არ იტირო, ყელში გაგეჩხიროს ბურთი. არის ცხოვრებაში ასეთი მომენტები და მეც ემოციურად ვრეაგირებ.

  • "ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე, თუმცა ის დედაჩემს სულ არ ჰგავს; არასდროს შემიდარებია რომელიმე ქალი დედისთვის" - ნიკუშა შენგელაია ოჯახისა და მეუღლის შესახებ 

აბსოლუტურად მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს. უკეთესი და უკეთესი არ არის ჩემი მოთხოვნილება. მე მაქვს სახლი აივნით, რომელიც კავკასიონს და ზედაზენს უყურებს, წყნეთში ვცხოვრობ. ეზო მაქვს, ვარდებით, ხეხილით და მათ ვუვლი. ყველაფერი მაქვს და მიხარია მათი მოვლა. სამოთხესავით ადგილია, მეტი რაღა უნდა ვინატრო?! ჭერი მაქვს თავზე, მეტი რა მჭირდება. სხვა ტიპის ადამიანებს სჭირდებათ სასახლეები. მე არ მაინტერესებს, მთავარია, სახურავი იყოს თავზე და ხედი, რომ შენს სამშობლოს უყურო. მაგიდა გქონდეს, სადაც ოჯახი და სამეგობრო დაეტევა, დაჯდები და უფალს მადლობას ეტყვი, რომ მათთან ერთად ლუკმას ჭამ. ბედნიერებას სახლის ზომა არ განსაზღვრავს. ბედნიერება ადამიანებსა და ურთიერთობებშია", - ამბობდა ნიკოლოზ შენგელაია.