ყველასთვის საყვარელი მსახიობი, პოპულარული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირი ქეთი ჩხეიძე ტელეეკრანებსა და თეატრის სცენაზე ხშირად ჩანს და მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ქეთიმ საკუთარ პირად ცხოვრებაზე ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.
ქეთი ჩხეიძე
„უცებ და მოულოდნელად არაფერი მომხდარა. ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებული ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა, მზრუნველი მამა და მეუღლე გახლდათ. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი. თითქოს არც არაფერი შეცვლილა ურთიერთობაში, მაგრამ ქალი მცირე ცვლილებასაც გრძნობს ინტუიციით, რაღაც ისე ვერ იყო, ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად მოგროვდა. მე კი არ შემეძლო დიდი სიყვარულის გარეშე ცხოვრება და გავშორდით. ის საუკეთესო მამაა და აქტიურადაა ჩართული შვილების ცხოვრებაში.
ახალგაზრდობაში გადაწყვეტილებებს ფიქრისა და განსჯის შედეგად არ იღებ, უფრო სპონტანური ხარ, შენი მჩქეფარე ენერგია უცებ ითხოვს რეაგირებას. ამ ასაკში შეიძლებოდა, სხვანაირად შემეფასებინა ფაქტები. სამწუხაროდ, გამოცდილება ასაკს მოაქვს“ - ამბობდა ქეთი ჩხეიძე.
ქეთი ჩხეიძის ცხოვრებაში დიდი და სასიხარულო სიახლეა - ის ბებია გახდა. ახალ გამოცდილებაზე მან "რადიო ფორტუნასთან" ისაუბრა:
"ახლა სამი თვისაა, შემიძლია ხოლმე ცოტა ხნით დატოვება. ძუძუთი კვებაზეა და შუალედებში ვიტოვებ ხოლმე. ბებია სამი თვის წინ გავხდი და ეს ჩემი პირველი შვილიშვილია.
უფრო მშვიდი ვარ. გავიარე უკვე რაღაც გზა და გიჟური დამოკიდებულება აღარ მაქვს, მაგრამ სიყვარული და გრძნობები ისევ ისეთია, შეიძლება, გადაჭარბებულიც კი. ჩართული ვარ მთელი ჩემი არსებით. ამაზე დიდი სიამოვნება, მე მგონი, არც არსებობს.
გამიმართლა, როცა შვილები გამიჩნდა, მეხმარებოდნენ ჩემი მშობლები, ჩემი მეუღლის მშობლები, ბებიები. ხელიდან ხელში გადადიოდნენ ეს ბავშვები, თუმცა მე მუდმივად ვიყავი მათთან. მანამდე რუსთაველის თეატრში ვიყავი, მერე კი წამოვედი, თითქმის 10 წელი არ მიმუშავია, ამასობაში კი გაიზარდნენ ჩემი შვილები. მერე, როცა ძალიან მომენატრა და მივხვდი, რომ მინდოდა, საქმეს დავბრუნებოდი, შვილები უკვე წამოზრდილები იყვნენ და ხელი არ შემშლია.
ალბათ, ყველაზე რთული იყო ის 10 წელიწადი, როდესაც ჩემს პროფესიას გამოთიშული ვიყავი, მაშინ ალბათ, ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან ასე ვფიქრობ. მანამდე იყო ჩვენი ინსტიტუტის ჯგუფის ძალიან დიდი წარმატება რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, ჩვენი სპექტაკლები დიდი აღიარებით მიდიოდა. როცა მარჯანიშვილის თეატრში დავბრუნდი, იქ გავაგრძელე დაწყებული გზა და ეს იყო წარმატებული პერიოდის დასაწყისი" , - ამბობს ქეთი ჩხეიძე.