"ძალიან დახვეწილი და სრულყოფილი", "ბუდუ უფრო საყვარელია თუ ეს გოგო, ვერ ჩამოვყალიბდი", "რა საოცრად ლამაზია ეს გოგო", "ძალიან საყვარელი და უბრალო" - წერენ ნინი კვერნაძის ფოტოებზე, რომლებიც ესპანეთშია გადაღებული. ნინი მეუღლესთან, ბუდუ ზივზივაძესთან და უსაყვარლეს შაისთან ერთად მალიორკაზე ისვენებდა. ცოლ-ქმრის მხიარული კადრები სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა მოიწონა.
ნინი კვერნაძე
"ფეხბურთელის ცოლობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს - კარგია, რომ ბევრი მოგზაურობა გვიწევს, თუმცა ოჯახის წევრებთან დიდ დროს ვერ ვატარებთ. ბუდუ ბევრ რამეში მეხმარება - მორალურად გვერდით მიდგას, ბავშვის გაზრდაშიც ხელს მიწყობს. საჩუქრების ჩუქება უყვარს, თუ ვახსენებ, რომ რაღაც მომწონს, რამდენიმე დღეში მომიტანს...", - ამბობდა ნინი კვერნაძე.
ნინი ფართო საზოგადოებამ სწორედ მეუღლის, "სახალხო ფეხბურთელის" ბუდუ ზივზივაძის განსაკუთრებული წარმატების შემდეგ გაიცნო. ბუდუმ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩში 2 გოლი გაიტანა და დიდი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების EURO 2024-ზე ისტორიაში პირველად გასვლაში.
"მე ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად ყურადღება არ მომწონს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება" , - ამბობდა ნინი.
ნინი კვერნაძემ არაერთ ინტერვიუში ისაუბრა საკუთარი ცხოვრების შესახებ და აღნიშნა, რომ ახლა საკუთარი საქმე არ აქვს, რადგან ბუდუს პროფესიის გამო ხშირად უწვეთ საცხოვრებლის შეცვლა, რაც კარიერის შექმნას ართულებს. გარდა ამისა, წყვილს მცირეწლოანი ქალიშვილი, ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი შაი ჰყავს. ნინი ამბობდა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მთლიანად შაის აღზრდითაა დაკავებული.
ნინი კვერნაძე რომ შესანიშნავად გამოიყურება, ამაზე არავინ დავობს, თუმცა თავად ამბობს, რომ თავის მოვლის განსაკუთრებული რუტინა არ აქვს და არც მაკიაჟია მისი მოწოდება. სამაგიეროდ, თავისუფალ დროს უთმობს ენების შესწავლას, აკეთებს ორიგინალურ დღიურებს და ახერხებს, რომ საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს.