ამ ინციდენტიდან სამი დღეც არ იყო გასული, რომ ნატას წერილი მივიღე. სულშეგუბებულმა კონვერტს სასწრაფოდ მოვახიე თავი და ოთხად გაკეცილი ყვითელი თაბახის კითხვას შევუდექი.
«არ ვიცი, რატომ არ მწერ, მაგრამ ის ვიცი, რომ ხანდახან მაინც ფიქრობ ჩემზე. შენ ხომ არ შეგიძლია, საერთოდ არ გამიხსენო? მთავარი ის არის, რამდენად ხშირად ხდება ეს და როგორ მიხსენებ. გჭირდები კი? ან ჩემი წერილები? რა არის შენი დუმილის ნამდვილი მიზეზი? თუკი გჭირდები, როგორ? როგორც მეგობარი, როგორც საყვარელი ქალი თუ როგორც ადამიანი, რომელთანაც თავისუფალ დროს საუბრით იჯერებ გულს? უცნაურია, მაგრამ შენი ძმაკაცი უფრო ხშირად მეკონტაქტება, ვიდრე შენ. შენ მაგივრად, მგონი ის მიხსნის სიყვარულს. მართალია, ისეთი ქართულით მწერს, სიმართლე გითხრა, ბოლომდე ვერ ჩავწვდი, რისი თქმა უნდა, მაგრამ მგონი ვხვდები. იქნებ მას გადააბარე ჩემი თავი? იქნებ ამ მეთოდით გადაწყვიტე ჩემი მოცილება? თავად არაფერს მწერ, არაფერს მეკითხები, მე კი მეშინია, რამე გკითხო. იქნებ შენც გეშინია? ვფიქრობ, აჯობებს, თვალი გაუსწორო სიმართლეს და დროზე მითხრა, რაც ხდება. თუ უარს ამბობ ჩემზე, ვეცდები, ადვილად გადავიტანო შენთან განშორება. მერე რა, რომ ეს ამბავი უცრემლოდ არ ჩაივლის. მე იმაზე ადრე დაგივიწყებ, ვიდრე ამ ცრემლებს შენ დაგანახვებ. მე ჯერ კიდევ მინდა შენთან. ნუ დამკარგავ, გემუდარები, თუ ძალიან დაგვიანებული არ არის. ვიცი, არ გჯერა მარადიული სიყვარულის. არც გთავაზობ. ანგელოზები და იდეალები არ არსებობენ. ეს მეც კარგად ვიცი. მე მხოლოდ ჩემს ემოციებს და გრძნობებს გთავაზობ. გახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრა? თათულის სამზარეულოში ვისხედით. შენ ყავა მოადუღე, ტკბილი, ძალიან ტკბილი. მერე ლაპარაკობდი, ლაპარაკობდი, ლაპარაკობდი… რა თქმა უნდა, ათასგვარ სისულელეს, რადგან მთავარი იყო არა სიტყვები, არამედ ის, რომ ერთად ვიყავით. მე ვიცინოდი, თან თვალს არ გაშორებდი. რამდენი ხანია, შენს სახეზე სიხარული არ მინახავს, სულ დაძაბულობას და შიშის ვკითხულობო, მითხარი ბოლოს. ახლა მეცინება შენს სიტყვებზე, რადგან შენ, როგორც ყოველთვის, მართალი იყავი… კიდევ ერთხელ მოგენდე მაშინ. კიდევ ერთხელ ვირწმუნე შენი. ალბათ დროა, ვინანო. დროა, ამ ყველაფერს დავუსვა წერტილი, თორემ შენ კვლავ დაიწყებ შენს სასტიკ თამაშებს და მერე სინანულის თავიც აღარ მექნება.
ველი შენს პასუხს, როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს იგი..»
მიუხედავად იმისა, რომ მისმა წერილმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, პასუხი არ მიმიწერია. დაველოდე, როდის გამათავისუფლებდნენ. პირისპირ შეხვედრისას უკეთ ვეტყოდი ჩემს სათქმელს.
8 8 8
15 აპრილს გამომიშვეს. ქვემო ქართლში გამამწესეს მიმაგრებაში. არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო თავისუფლება. ისეთი დახარბებული ვისრუტავდი ქუჩაში ჰაერს, თითქოს წლების განმავლობაში ბნელ ოთახში ვყოფილიყავი გამოკეტილი.
სოფელი, სადაც ჩვენი ბანაკი განალაგეს, ბერძნებითა და თათრებით იყო დასახლებული. მოსახლეობასთან კონტაქტი არ გვეკრძალებოდა. ის კი არა, პატიმართაგან ზოგიერთებმა იქაურ მარტოხელა ქალებს დაადგეს თვალი, გაეარშიყნენ და მათი სახით მომვლელებიც იშოვეს. სადილს უმზადებდნენ, ურეცხავდნენ, ზრუნავდნენ… მე ასეთი რამეები არ მიზიდავდა, თავადაც მშვენივრად ვუვლიდი ჩემს თავს. პატიმართა ბარაკები პირდაპირ სოფლის ცენტრში მდებარეობდა, თითო ბარაკში ოც-ოცი ვცხოვრობდით. შაბათ-კვირას, თუ განცხადებას დავწერდით, უფლება გვქონდა, ჩვენ-ჩვენს სახლებში წავსულიყავით და ახლობლები მოგვენახულებინა. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდი ჩემებთან.
არასდროს დამავიწყდება პირველი ჩასვლა… როცა ჩემი შვილი პირველად ვნახე… მამობით გამოწვეული სიამაყე სწორედ მაშინ ვიგრძენი. სწორედ მაშინ შემეშინდა პირველად, რომ ოჯახის დანგრევა გამიჭირდებოდა… არადა, ნატასაც ვერ ველეოდი. ძნელი იქნებოდა მისთვის ამის ახსნა, თუმცა არც ის ვიცოდი, ის რას ელოდა ჩემგან. ადრე კი მომწერა ერთ წერილში, არ მაინტერესებს, ცოლს გაშორდები თუ არა, მე შენთან ურთიერთობას მაინც არ გავწყვეტო, მაგრამ სინამდვილეში რა იგულისხმებოდა მის სიტყვებში, წარმოდგენა არ მქონდა. რაზე იყო თანახმა - გამხდარიყო ჩემი საყვარელი თუ მეგობრებად დავრჩენილიყავით? პირადად მე არც პირველი ვარიანტი მაწყობდა და არც მეორე. პირველისთვის ვერ ვიმეტებდი, მეორეს ვერ ვიმყოფინებდი. სხვა გამოსავალი ცოლ-შვილის მიტოვება იყო, რაც ჩემს ძალებს აღემატებოდა. იმდენად საყვარელი იყო ჩემი პატარა და იმდენად ჩემი, ქალის სიყვარულს მასზე წინ ვერ დავაყენებდი.
თვეები გავიდა, მე კი არ ვჩქარობდი ნატას მონახულებას. უფრო სწორად, იმ დღეს ველოდი, როცა იგი ბებიასთან ჩამოვიდოდა. არ მინდოდა თბილისში დავდგომოდი თავს.
და ეს დღეც დადგა. ერთ შაბათ დილით, დიტოსთან თამაშით გული რომ ვიჯერე, გოგასთან გავედი. წინა ჩამოსვლაზე ვერ მოვასწარი მისი ნახვა და სინდისი მქენჯნიდა. ნათია მაშინვე სუფრის გაშლას შეუდგა. მერე ცოტა დავლიეთ. ლაპარაკში რომ შევყევით, გოგამ ნატა ახსენა, მგონი, აქ უნდა იყოსო. მის ხსენებაზე ჟრუანტელმა დამიარა ტანში. გოგას ვთხოვე, წავიდეთ და ვნახოთ-მეთქი. იმწუთას ადგა, პიჯაკი გადაიცვა და წავედითო, მითხრა.
მანქანით ნატას სახლამდე დაახლოებით ოცი წუთის სავალი იყო. გზა კი ისე გაიწელა, თითქოს ორი საათი მივდიოდით. გოგამ მანქანა ჭიშკარს მიაყენა და დაასიგნალა. რამდენიმე წუთში სახლის კარი გაიღო და ნატა გამოჩნდა - წითელი ხალათი ეცვა, თეთრი ვარდებით მოხატული… რა დამავიწყებს. თავი ჩავღუნე და ოდნავ დაბლა ჩავსრიალდი სალონში, მაინტერესებდა, თუ მიცნობდა.
- როგორ ხარ, ნატა? - გოგა მანქანიდან გადავიდა და გადაკოცნა.
- კარგად, გოგ, შენ როგორ ხარ? ნათია და ბავშვი როგორ არიან?
- არა გვიშავს, ვართ, რა. ნახე, ვინ მოგიყვანე?!
თავი არ ამიწევია, არც ნატას ხმა გამიგონია, მხოლოდ ის ვიგრძენი, როგორ გაიღო ჩემ მხარეს მანქანის კარი.
- ზაზაა, არა? - ჩუმად თქვა და სანამ მოვიხედავდი, გვერდით მომისკუპდა…
არც მივსალმებივართ ერთმანეთს, ხელი მოვხვიე და გემრიელად ჩავკოცნე.
- მიცანი თუ, უბრალოდ, მიხვდი, რომ მე ვიქნებოდი? - ვკითხე ბოლოს.
- მივხვდი. გოგა ისე ეშმაკურად მიცინოდა, მაშინვე მივხვდი. როდის ჩამოხვედი?
- ამ დილით, მატარებელს ჩამოვყევი.
- რამდენ ხანს რჩები?
- ხვალ საღამოს უნდა გავბრუნდე. ასე რომ, დრო გვაქვს, - გავეხუმრე და მისი თავი მძლავრად მივიკარი გულზე.
- ჰა, რას ვშვრებით, მივდივართ? - ამასობაში გოგაც ჩაჯდა მანქანაში, რომელმაც როგორც ყოველთვის, ცოტა ხნით მარტო დაგვტოვა.
- სად მივდივართ? - გაიოცა ნატამ.
- ჩემთან, სახლში, - ისეთივე გაოცებული ტონით და მიმიკებით უპასუხა გოგამ.
ყველას სიცილი აგვიტყდა, იმდენად კარგად გამოუვიდა გოგას ნატას გამოჯავრება.
- ვერა, დღეს სახლიდან ვერ გავალ, არ შემიძლია, - შეწუხდა ნატა, - ბებია შეუძლოდაა და მარტო ვერ დავტოვებ. ხვალ შეიძლება, მამიდა ჩამოდის და მე გავთავისუფლდები.
- ხვალ იყოს, რა გაეწყობა, - უხალისოდ ვთქვი, - რომელ საათზე გაწყობს ხვალ?
- ნებისმიერ დროს, როცა შენ იტყვი. კარგია, რომ მოხვედი, დიდი ხანია, შენთან ლაპარაკი მინდა.
- ეგ მეც მინდა, ამიტომაც გამოგიარე. მოდი, პირველზე იყოს, კარგი? თეატრში დაგელოდები.
- შენს კაბინეტში?
- ეჰ, სადღაა ჩემი კაბინეტი. იქვე ვიტრიალებ სადმე, რა ვიცი. შეიძლება თენგოსთან ვიყო. მიპოვი, რა.
- კარგი, ზუსტად პირველისთვის იქ ვიქნები.
სანამ მანქანიდან გადავიდოდა, კიდევ ერთხელ მოვეხვიე და ყურის ბიბილოზე მსუბუქად ვუკბინე. ერთიანად გაწითლდა და ისე გადავიდა მანქანიდან, სახიდან ღიმილი არ მოშორებია. გოგამ იქვე მოატრიალა მანქანა, წყვეტილი სიგნალი მისცა და ნელი სვლით გაუდგა გზას. სარკიდან ვუყურებდი, როგორ თანდათან პატარავდებოდა ნატას სილუეტი…
8 8 8
მეორე დღეს, თორმეტ საათზე, უკვე თეატრში ვიყავი. გოგაც თან მახლდა. მას ერთოთახიანი ბინა ჰქონდა იქვე მახლობლად, რომელსაც არემონტებდა და ვთხოვე, რამდენიმე საათით გასაღები მათხოვე, ნატას იქ ავიყვან-მეთქი. არ მინდოდა, ვინმეს ერთად დავენახეთ, სალაპარაკო გაუჩნდებოდათ. მამაჩემიც, როგორც ყოველთვის, თეატრში იყო, ერთი დღე ვერ ძლებდა ამ შენობის გარეშე. სულ რომ არაფერი ჰქონდა საქმე, მაინც იქ ტრიალებდა ყოველთვის.
ფოიეში ვიდექი, რომ მოულოდნელად ნინოს მოვკარი თვალი. მის დანახვაზე ელდა მეცა, წუთი-წუთზე ნატა უნდა გამოჩენილიყო.
- შენ აქ რა გინდა? - ვცადე, შეშფოთება დამემალა.
- მამასთან მოვედი, ფული უნდა მომცეს.
- რა ფული, შინ ვერ მოგცა?
- სეიფში მაქვსო. რა გინდა, შენ რა გაწუხებს?
- ბავშვი ვის დაუტოვე?
- დედაშენს. დღეს კვირაა, ხომ არ დაგავიწყდა? - ჩემი რეაქცია არ მოეწონა ნინოს.
- კარგი, მიდი, გამოართვი და დროზე წადი სახლში, ბავშვმა არ იტიროს.
- ე!
- რა ე! გააკეთე, რაც გითხარი, - უკმეხად ვუთხარი და თენგოს კაბინეტში შევედი.
გავიდა რამდენიმე წუთი. ერთი სული მქონდა გამეგო, ნინო წავიდა თუ არა. უცებ კარი გაიღო და არ შემოვიდა? ძალიან გავბრაზდი.
- შენ კიდევ აქ ხარ?
- მივდივარ, ჰო, რა იყო. შენ არ მოდიხარ?
- ჯერ არა, საქმე მაქვს. მოვალ, აბა, სად წავალ. მიდი, საქმეს მიხედე.
ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ კარზე კაკუნი გაისმა. ლამის გული გამიჩერდა, რადგან მივხვდი, ვინც იქნებოდა.
- მობრძანდით! - გასძახა თენგომ.
…გამოღებულ კარში ნატა გამოჩნდა. მოკრძალებულად მიესალმა ყველას, თენგო კი გადაკოცნა. ნინოს დანახვაზე მეგონა, დაიბნეოდა, მაგრამ არა, ხელი თბილად ჩამოართვა, მოიკითხა და მერე გოგას მიუბრუნდა.
- გოგა, წავედით? არ დაგვაგვიანდეს, - ისე ბუნებრივად გამოუვიდა, თითქოს მართლა შეთანხმებული ყოფილიყვნენ სადმე წასვლაზე.
- ახლავე გამოვალ, ნატა, ემ წუთში, - არც გოგა დაბნეულა, რადგან მანაც იცოდა, ნატა რომ უნდა მოსულიყო, - ბიჭებო, ერთ საათში დავბრუნდები და არ დაიშალოთ, კარგი? ნინო თუ გინდა, გაგიყვან, მაინც იქით გვაქვს გზა, - ბოლოს ჩემს ცოლს მიუბრუნდა.
ნინომ მე გადმომხედა უკმაყოფილოდ.
- მაგას მე გავაცილებ, შენ შენს საქმეს მიხედე, - ლამის თვალები დავუბრიალე გოგას.
მინდოდა ახლა მე, ნინოს და ნატას ერთად ემგზავრათ? რა წამოსცდებოდა გოგას გზაში, ეშმაკმა უწყოდა. წინასწარ ხომ არ ვიყავით მოლაპარაკებული. ნინოს რომ ეკითხა, სად მიდიხართო, ვინ იცის, რას დააბრეხვებდა.
ნატა გავიდა. ცოტა ხანში გოგაც მიჰყვა, მაგრამ მალევე უკან მობრუნდა და გარეთ გამიხმო.
- რა ვქნა? - ჩურჩულით მკითხა.
- აიყვანე შენთან და დატოვე. მე ცოტა ხანში ავალ.
- მაშინ გასაღები მომეცი. ხომ არ დაგავიწყდა, რომ შენ გაქვს?
ჰო, ეგ მართლა არ მახსოვდა. ჯიბეები მოვიქექე და გასაღები გოგას გავუწოდე. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. არ მსიამოვნებდა, ნინოს მოტყუება რომ მიწევდა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა.
ცოტა ხანს კიდევ დავრჩით თენგოსთან, მერე მამაჩემიც შემოვიდა. ვილაპარაკეთ აქეთური, იქითური. მერე ნინოს სახლამდე მივყევი, მე საღამომდე ვერ მოვალ-მეთქი, ვუთხარი და უკან მოვტრიალდი. არ ვიცი, მიხვდა თუ არა. გაკვრითაც კი არასდროს უხსენებია ის დღე და ის შეხვედრა, თუმცა კი მშვენივრად უწყოდა, ვინც იყო ნატა.
სამი იყო დაწყებული, გოგას ბინაში რომ ავედი. კარი ღია დამხვდა. ნატა დივანზე ჩამომჯდარიყო და სევდიანად იღიმოდა.
- დამაგვიანდა. ხომ არ მოიწყინე? - ვკითხე და გასაღები ორჯერ გადავატრიალე.
- არა. შენ მოლოდინში ძნელია, მოიწყინო, - ირონიით თქვა და ასეთივე ირონია ჩააქსოვა ღიმილში.
- საინტერესოა, რამდენნაირი ღიმილი გაქვს? იცი მაინც? - ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი დივანს და ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უფრო და უფრო მეკვროდა სუნთქვა.
- არა, არ ვიცი.
- ყველაზე ცოტა, ექვსასნაირი… და ყოველი მათგანი სხვადასხვანაირად მოქმედებს ჩემზე. ამ ღიმილებს შეუძლიათ მომკლან, გამაცოცხლონ, გამათბონ, მატირონ, მაყვირონ, მასიამოვნონ, გამამწარონ, ჭკუიდან შემშალონ, მდგომარეობიდან გამომიყვანონ, თავი დამაკარგვინონ… გავაგრძელო?
- არა, საკმარისია, თორემ მატარებლის გასვლამდე მოუნდები ექვსასი შემასმენლის ჩამოთვლას, - სიცილი ვერ შეიკავა ნატამ და როცა გვერდით მივუჯექი, ერთიანად დაიძაბა.
- მომენატრე, - ჩურჩულით ვთქვი და თვალებდახუჭულმა ყნოსვით მისი ყელისკენ გავიკვლიე გზა.
- მე უფრო ძალიან მომენატრე, - ზედ ყურთან ჩამესმა მისი სიტყვები, მაგრამ უკვე აღარაფრის გაგონება არ მსურდა…
თავდავიწყებით ვკოცნიდით ერთმანეთს… რა სალაპარაკო, რის ახსნა-განმარტება… ვიღას ახსოვდა საყვედურების თქმა და ურთიერთობის გარჩევა… ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი და იმ წუთებში ნებისმიერი სიტყვა, თუნდაც საალერსო, ზედმეტი იყო. ჩვენს სათქმელს ჩვენი ხელები, ტუჩები, თვალები და სხეულები ამბობდნენ…
არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ასე, ნატას მოულოდნელად ტანთ გახდა რომ არ დაეწყო.
- რას აკეთებ? - ძლივს ამოვთქვი ნერწყვგამშრალმა.
- მე ჩემს პირობას ვასრულებ, ზაზა. მინდა, შენი ვიყო. იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ, არ არის საჭირო ოჯახის დანგრევა, - საკმაოდ მტკიცედ ჟღერდა მისი ხმა.
- მერედა, მე არ მეკითხები, ვარ თუ არა ამაზე თანახმა? - წელში გავსწორდი და იდაყვით დივნის კიდეს დავეყრდენი.
- არ მინდა, ჩემ გამო შენს ცოლ-შვილს ტკივილი მიაყენო. ჩვენი ასეთი ურთიერთობა უფრო გამართლებული იქნება.
- არა, მე ეს არ მინდა, ნატა!
- რატომ, გგონია, ამით მე მეტკინება? პირიქით, ჩვენ ასე მდინარის დინების მიმართულებით ვიცურებთ და არა მის საწინააღმდეგოდ. ჩათვალე, რომ ეს ზურგის ქარია, რომელიც უფრო გაგვიადვილებს გზას. მეყო, რაც შენს ოცნებებს ვეფერე, ახლა შენი მოფერება მინდა. პირველი ნაბიჯია ძნელი, თორემ მერე ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.
- ნუ ვიჩქარებთ, ნატა, გთხოვ, დავიცადოთ, სანამ ბოლომდე გავთავისუფლდები. ჯერ თავადაც არ ვიცი, რა იქნება ხვალ. არ მინდა ჩემი გულისთვის ისეთი შეცდომა დაუშვა, მერე ინანო, - ხელი მხარზე გადავხვიე და ჩემკენ მოვიზიდე.
- არ ვინანებ, არა. იმაზე მეტი რა უნდა მოხდეს, რაც აქამდე მომხდარა. თუ დღეს არაფერი მოხდება, ვგრძნობ, ისევ დაგკარგავ. არ მინდა კიდევ ერთხელ დაგკარგო. დავიღალე, ზაზა. თუ ამას არ აპირებდი, რატომ ამომიყვანე აქ? ისე ხომ ქუჩაშიც შეგვეძლო გველაპარაკა? რატომ გარისკე მაშინ, განმარტოებით შემხვედროდი აქ, ყველასგან უჩუმრად, დაკეტილ ბინაში? თუ ახლა ავდგები და წავალ, იცოდე, ჩემი გული სამუდამოდ დაიხურება შენთვის და შენს გულშიც ჩაკვდება ჩემი სიყვარული. შენ ისევ მომატყუებ და ყველაფერი თავიდან დაიწყება. არ მინდა, გესმის? არ მინ-და!
- შენი აზრით, სექსი ურთიერთობისთვის საუკეთესო გამოსავალია?
- ჩვენს შემთხვევაში კი.
- ცდები, ნატალია, მწარედ ცდები. გავა დრო და სანანებელი გაგიხდება დღევანდელი დღე.
- მე მზად ვარ ამისთვის. გგონია, ამ წუთებში მივიღე ეს გადაწყვეტილება? უკვე წლებია, ვემზადები, ბოლომდე მაქვს გააზრებული ჩემი ეს ნაბიჯი. არ მინდა, მხოლოდ სიზმრებში იყო ჩემთან. ცხადშიც გვერდით მინდა მყავდე, თუნდაც ხანდახან, თუნდაც დროებით. რა არის ამაში შეუძლებელი, რას ვითხოვ ამისთანას? - ნატას ხმა აუკანკალდა, ხელები მომხვია, თავი ჩემ მკერდში ჩარგო და აქვითინდა.
- მოისმინე, გთხოვ. პირობას გაძლევ, მარტო არ დაგტოვებ, სანამ ამის სურვილი გექნება, ოღონდ ცოტა მადროვე. ასე უცებ არ შემიძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. არ იქნებ ჩემი მხრიდან კარგი საქციელი. გგონია, მე არ მინდა შენთან? გგონია, მე არ მესიზმრება შენთან სექსი? უბრალოდ, არ მსურს ვიჩქარო. ცოტაც დავიცადოთ.
- ღმერთო ჩემო, ზაზა, რას ეძახი სიჩქარეს? ამდენი წლის ურთიერთობას? ან რაში ხედავ უკეთეს გამოსავალს? რისი გეშინია? რას უფრთხი?
- არ მეშინია, სულელო, შენ გიფრთხილდები მხოლოდ.
გაგრძელება იქნება