ანასტასია ხაჩიძე ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას შვილია. ანასტასია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა.
როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს, თუმცა, ალბათ, ყველას ახსოვს პატარა ანასტასიას სიმღერა: "ყველაზე ლამაზი გოგო ვინ არის? ანასტასია ხაჩიძე..."
ზურას თქმით, ანასტასიას სახელი გამზრდელი ბებოს პატივსაცემად დაარქვა. ოჯახში ყველაზე პატარა წევრს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზურა მას ყველა სურვილს უსრულებს.
სულ ცოტა ხნის წინ ანასტასია ხაჩიძემ სკოლა დაამთავრა და სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, ლონდონში წავიდა.
რამდენიმე წლის წინ ხათუნა ჟორდანიამ ანასტასია ხაჩიძის ესე გამოქვეყნა, რომელიც გოგონამ მას დედის დღეს წაუკითხა - "რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ "ფეისბუქი", უნდა დავდო ანასტასიას ესე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა", - წერდა ხათუნა.
"მთელი ჩემი ცხოვრება გმირს ვეძებდი და ბოლოს მივხვდი, რომ ნამდვილი გმირი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. ორი წლის წინ, 2019 წლის ზაფხულში, სკოლის არდადეგები დაიწყო და ჩემი გონება მოიცვა მოგზაურობასა და გართობაზე ფიქრმა. როდესაც ჩანთები ჩავალაგეთ, დედამ თავი ცუდად იგრძნო, განუწყვეტლივ ახველებდა. დედაჩემი ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობდი.
ის ავად არასდროს გამხდარა, არასოდეს წასულა ექიმთან. ხველება მეორე დღესაც გაგრძელდა, ჯერ ბათუმში წავედით, ბათუმიდან ახალციხეში, შემდეგ ბაკურიანში, შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდით და მისი მდგომარეობა უარესდებოდა. უკვე საკმარისი იყო... ჩემმა დამ მოტყუებით წაიყვანა ექიმთან. შედეგი საშინელი იყო. მახსოვს, ვიდექი ოთახში და ვხედავდი, როგორ იცვლებოდა დედაჩემის სახის გამომეტყველება. სამყარო ამოყირავდა. ვფიქრობდი, თუ რამდენად არ ვიყავი მზად, რომ ის დამეკარგა.
ეს იყო დრო, როცა მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მალე თუნა და ჩემი და ქიმიოთერაპიისთვის ისრაელში გაფრინდნენ. ამ პროცესის დროს ის მესაუბრებოდა იმ გიჟურ რაღაცებზე, რასაც ის და ჩემი და იქ აკეთებდნენ. ქიმიოთერაპია ასუსტებდა, ყოველდღე უფრო სუსტდებოდა, მაგრამ ნება მომეცით, გითხრათ, დედაჩემი მთელი ცხოვრებაა არის დიდი და მუდმივი მბრწყინავი ვარსკვლავი, განსაცდელი მას ვერ მოერევა.
მახსოვს, ლამაზი, ქერა თმა სცვიოდა, ის კი ხუმრობდა იმაზე, თუ როგორ ცდილობდა კლინიკა მის უცხოპლანეტელად გადაქცევას, იმაზე, თუ როგორ მოგვწონდა მე და ჩემს დას შეუფერებელი ბიჭები. პროცედურების დროს ესვა თვალის ჩრდილი, თვალის ფანქარი და წითელი ტუჩსაცხი. მე ვფიქრობ, ეს ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორი ადამიანია. თუნა ჩემი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილი ვარ, რადგანაც ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი არ კარგავს შინაგან ბრწყინვალებას.
დაბოლოს, ზოგჯერ ნამდვილ გმირებს თვალის ფანქარი და წითელი ტუჩსაცხი უსვიათ", - წერდა ანასტასია ხაჩიძე.