"მკითხა, სიკვდილზე ფიქრობო? შეწყვიტე სიკდილზე ფიქრიო" - ხათუნა სამნიძის გზა და ბრძოლა მძიმე სენთან - Marao

"მკითხა, სიკვდილზე ფიქრობო? შეწყვიტე სიკდილზე ფიქრიო" - ხათუნა სამნიძის გზა და ბრძოლა მძიმე სენთან

2024-07-15 16:09:40+04:00

ავთვისებიან სიმსივნესთან რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე, საჯარო პოლიტიკაში დაბრუნდა. 

  • "როცა სიმსივნეზე იეჭვეს, არ მჯეროდა, ჩავთვალე, რომ ექიმები ცდებოდნენ"

ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძე ქართველი პოლიტიკოსი, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია. დაიბადა 1978 წლის 28 ნოემბერს. 1985-1995 წლებში სწავლობდა ბათუმის №1 საშუალო სკოლაში, 1996-1999 წლებში კი - ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1997-1999 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა და საკონსტიტუციო საკითხთა მუდმივი კომისიის თანამშრომელი. 2004-2008 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი. 2010-2013 წლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პროგრამირების კოორდინატორი; სამუშაო თემები - „ქალების გაძლიერება, უმცირესობების უფლებები, კონფლიქტები“. 2013 წელს "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" მდივანი. 2013 წლიდან "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე. 2014-2017 წლებში თბილისის საკრებულოს წევრი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

ხათუნა სამნიძის მძიმე სენი 

ხათუნა სამნიძე 2023 წლის მიწურულს მოულოდნელად გაქრა. მას მძიმე დაავადების გამო ქვეყნის დატოვება და მკურნალობის გერმანიაში გაგრძელება მოუწია. აქტიურ პოლიტიკას კი სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. 

  • "აქაც მასწავლი, როგორი ვიყო, როგორ არ დაგკარგო და როგორ გიგრძნო, როცა მჭირდები და მენატრები" - ნათია ბანძელაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს 

სიმსივნესთან ბრძოლაში განვლილ გზაზე ხათუნა სამნიძე ნეტგაზეთს ესაუბრა:

"პირველ რიგში, ყველა ქალს ვურჩევ, 6 თვეში ერთხელ გადაამოწმონ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ამას ვაკეთებდი, რადგან დედა მყავს სიმსივნით დაკარგული, მისი თხოვნაც იყო და ისედაც ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ. არაფერი არ მაწუხებდა. შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ყველაზე ჯანმრთელად ვცხოვრობდი, ვვარჯიშობდი, კვებას ვაქცევდი ყურადღებას, რეჟიმს… ამიტომ არაფერი არ მაწუხებდა, პირიქით, ძალიან ენერგიაზე ვიყავი, დღეში 20 კილომეტრს დავდიოდი. ამიტომ, როცა იეჭვეს სიმსივნეზე, არ მჯეროდა, ჩავთვალე, ექიმები ცდებოდნენ, რადგან ჯერ ეჭვი გაჩნდა.

ბათუმში როცა ჩავდივარ, სიცივეშიც ვცურავ ზღვაში და ოქტომბერში, ერთ-ერთი ასეთი ცურვის დროს, ვიფიქრე, რომ გავცივდი და მივედი ექიმთან. აღმოჩნდა, რომ არ ვიყავი გაციებული და ამიტომ ვიეჭვეთ, რამე სხვა რამ ხომ არ ხდება. ონკომარკერმა, რითაც შეგიძლია გაიგო, რამე ხომ არ არის სხეულში ონკოლოგიური, აჩვენა, რომ იყო ნორმაზე მაღლა. თუმცა ექიმმა თქვა, რომ ეს შეიძლება რაღაც ანთების პროცესი იყოსო.

  • ქეით მიდლტონის საჯარო წერილი: "მეც მაქვს ცუდი და კარგი დღეები, ამან მართლა შეცვალა ჩემი და უილიამის სამყარო..." 

საბოლოო პასუხი, რომ სიმსივნე მაქვს, მჭირდება მძიმე ოპერაცია და შემდეგ თერაპია, მივიღე მაშინ, როცა ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ აქ, პარლამენტში მოვედი შამპანურით ხელში და არც მითქვამს ჩემი თანამშრომლებისთვის და არავისთვის, რომ ეს ვიცოდი. ძალიან ბედნიერი ვიყავით სტატუსის მიღებით.

  • ამ დღის მერე დავიწყე მზადება.

იყო შესაძლებლობა, რომ ოპერაცია გამეკეთებინა წელს იანვარში, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ დეკემბერშივე გამეკეთებინა და ახალ წელს შევხვდი ჩემს მედდებთან ერთად საავადმყოფოში. რეანიმაციიდან ახალი გამოსული ძალიან მძიმედ და სუსტად ვიყავი, მაგრამ, ბედნიერი, რომ გადავრჩი, რადგან ოპერაცია საკმაოდ რთული იყო.

  • პირველად მივწერე ჩემს და-ძმას.

ეჭვების დროს მათთან კომუნიკაცია რომ მქონდა, ვეუბნებოდი, რომ ცდებიან და არაფერი არ მჭირს-მეთქი. ბოლოს მივწერე, ეს ყველაფერი დადასტურდა-მეთქი. ისინი მიხვდნენ, რა ცუდადაც ვიყავი.

ყველამ იცოდა, შვილის გარდა. არ არის პატარა, 22 წლისაა, მაგრამ რომ გადავწყვიტე, მეთქვა, დავჯექი და ლაპარაკი დავიწყეთ. ეს იყო მეორეჯერ, როცა ერთად ვიტირეთ. მასთან მომიწია ლაპარაკი, რომ არ უნდა შეეშინდეს და შეიძლება ყველაფერი მოხდეს… არც კი მახსოვს, რას ვამბობდი, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ველაპარაკე, ის, რასაც სინამდვილეში ვფიქრობდი, მასთან ბოლომდე მაინც ვერ ვთქვი. მეუბნებოდა, რომ შანსი არ არის, გამოძვრები და კარგად იქნებიო, მაგრამ გულში რა ხდებოდა, ვინ იცის. ერთად ვიტირეთ ბევრი. ყველაზე რთული მისთვის თქმა იყო.

  • მე არ ვფიქრობდი არსად წასვლაზე.

ყოველდღიურად ვსუსტდებოდი და აქაურმა ექიმებმა დაიწყეს, პრაქტიკულად, გამოცნობა იმის, რა ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ამ ოპერაციის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან მყარად ვიყავი, სინამდვილეში ვიყავი ძალიან სუსტად. გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა და ამ დროს ვხედავდი, რომ ყოველდღიურად უფრო სუსტად ვხდებოდი, მქონდა სიცხე და ვეღარ დავდიოდი.

  • "სხვანაირი იყო, აღარ იყო დედაჩემი... ხან აცნობიერებდა, რომ შვილი დაკარგა, ხან - ვერა" - ბაია დვალიშვილი დედას იხსენებს 

გერმანიაში სწრაფადვე მიხვდნენ, რა მჭირდა და ორ დღეში დაიწყეს ქიმიოთერაპია. ასეთი განსხვავებაა ჩვენსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის. მე იქ გამიქრა შიში. ძალიან მიჭირს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ აქ რომ ვყოფილიყავი, ფსიქოლოგიურად ვერ გავუმკლავდებოდი ამ რთულ გზას.

სხვათა შორის, პირვლივე შეხვედრაზე მიხვდა ჩემი იქაური პროფესორი და მკითხა, სიკვდილზე ფიქრობო? შეწყვიტე სიკდილზე ფიქრიო. მე არც გამიცნობიერებია ეს, მაგრამ თურმე ვფიქრობდი და იქ შევწყვიტე სიკვდილზე ფიქრი", - ამბობს ხათუნა სამნიძე ნეტგაზეთთან.