მარიკუნა მიქატაძის ტრაგიკული ბედი და ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე - გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ამბავი - Marao

მარიკუნა მიქატაძის ტრაგიკული ბედი და ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე - გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ამბავი

2024-07-15 16:31:59+04:00

გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ 39 წლის ასაკში გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა. მარიკუნას ჰყავს ერთი ქალიშვილი, ირინა, რომელსაც ტრაგიკულად გარდაცვლილი ბებიის სახელი ჰქვია. 

გია ფერაძის ამბავი 

გასული საუკუნის 80-იან წლებში თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ დღემდე ბევრს საუბრობენ. 26 წლის ირინა მიქატაძის გარდაცვალებამ შეძრა მთელი ქალაქი და ქვეყანა. ინტერესს კი ამწვავებდა ის, ბრალდებული ყველასთვის ცნობილი მსახიობი, გია ფერაძე იყო.

ტრაგედია 1985 წლის 19 მარტს თბილისში დატრიალდა. ერთ-ერთი ვერსიით, ირინა მიქატაძის ქმარმა, მსახიობმა გია ფერაძემ, ცოლი შემთხვევით, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გია ფერაძემ სასჯელი ჯერ საქართველოს რამდენიმე ქალაქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხადა, ბოლოს – ციმბირში. ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში კი გარდაიცვალა.

  • მარიკუნა მიქატაძის რთული ბედი და მოგონებები მშობლებზე - გია ფერაძის შვილი გარდაიცვალა: რას იხსენებენ მასზე მეგობრები 

ირინა მიქატაძე 26 წლის იყო. მას და გია ფერაძეს დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც ტრაგედიის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ირინას მშობლებმა, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ, მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

"ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედაჩემი, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი. ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს. ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგუა ამას და ესროლა. ზოგი ამბობს, იმ კალამს ყველას გვიშვერდა, გვაშინებდაო. ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედას გულში მოხვდა, არტერია დაუზიანა… იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა. მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა… დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა. თავიდან ეგონათ, რომ ქურდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო. წასულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას ჩაბარდა. კი თქვეს ექიმებმა, რომ დედაჩემს მაინც არაფერი ეშველებოდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი და რაც დაემართა, დარწმუნებული ვარ, შემთხვევით მოუვიდა, ვამაყობ, რომ გია ფერაძის შვილი ვარ. მთელი ქვეყნის სიყვარული აქვს დამსახურებული. ერთი ადამიანი არ შემხვედრია, რომ აუგი ეთქვას გიაზე. ბევრი იწვალა, თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობა დროში გაწელა. ეს ბევრად მტანჯველია. მან მოინანია, – მოუყვა წლების წინ მარიკუნა მიქატაძე გაზეთ "პრაიმტაიმს".

მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალება

„არც კი ვიცი, სიცოცხლეში ვინ გაიარა ამხელა ჯოჯოხეთი და ვინ დარჩა ისეთ ადამიანად, როგორიც მარიკუნა იყო“ - წერდა მარიკუნა მიქატაძის მეგობარი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ. მართლაც, თუ მარიკუნას სოციალურ ქსელებს, მის თუ მისი მეგობრების მიერ გამოქვეყნებულ კადრებს გადახედავთ, ნათელი გახდება, რომ მარიკუნა, მიუხედავად ყველა ტკივილისა, რაც ბედმა არგუნა, მაინც ლაღი, მხიარული და ყველასთვის საყვარელი იყო. 

  • „დაიკო, მიყვარხარ და ეს სიყვარული სამუდამოა“ - გიორგი ფერაძე დას, მარიკუნა მიქატაძეს ემშვიდობება 

14 ივლისს მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. "დღეს თითქოს ძალიან სწრაფად გავიდა ერთი წელი, რასაც ვერ ვიტყოდი ტკივილზე, რომელიც მას მოჰყვა და დრო და დრო უფრო და უფრო მძიმდება. მახსოვს, როგორ ველაპარაკე ზუსტად ერთი წლის წინ დედაჩემს. გრძნობას, რომელიც ამის გახსენება იწვევს, უდიდეს სიცარიელეს და განცდას აღვივებს ჩემში. ყოველი დღე შენთვის არის, დე, შენ ჩემთვის ხარ ყოველთვის ცოცხალი“, - წერდა მარიკუნას ქალიშვილი, ირინა ქიქოძე.

  • "ეს გამოძიების თითქმის დადასტურებული ვერსიაა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალების მიზეზზე