ჟურნალისტი ნინო დარასელი იმ ცნობილი ქალების რიგს მიეკუთვნება, რომლებმაც შეძლეს, მყარი ოჯახიც შეექმნათ და წარმატებული კარიერაც ჰქონოდათ. მამამისი ცნობილი ჟურნალისტი - ზაზა დარასელი გახლდათ, ხოლო დედა - რუსუდან კერვალიშვილი. მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. თავად ნინოს ქორწინებამ კი ორ ათეულ წელზე მეტხანს გაუძლო.
"ბავშვობა ძალიან ტკბილად მახსენდება და ხშირად ვფიქრობ: ადამიანი მანამ არის მართლა ბედნიერი, სანამ გვერდით ბებია და ბაბუა ჰყავს. ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი სწორედ იმ დროს უკავშირდება, როდესაც დიდი ბებია, დიდი ბაბუა, პატარა ბებია და ბაბუა, დედა, დეიდა, მამა, ბიძა, მე და ჩემი დეიდაშვილი - გუკა, ერთ სახლში ვცხოვრობდით. მიუხედავად იმისა, რომ სამი ოთახი იყო, დისკომფორტი წამითაც არ მიგრძნია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდ სიყვარულში გავიზარდე.

სკოლა 1991 წელს დავასრულე, ანუ იმ დროს, როცა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომი, სიცივე და, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, სიბნელე იყო. პროფესიის არჩევაზე სერიოზულად არც კი ვფიქრობდი, ამიტომ ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე: გერმანული სკოლა დავამთავრე და ბევრი ფიქრის გარეშე, გერმანისტიკაზე ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ლექტორები გვყავდა, მაინც არავის ეხალისებოდა გაყინულ აუდიტორიებში ყოფნა და ლექციების მოსმენა. ინსტიტუტი დასრულებული არ მქონდა, როცა მამასთან მივედი ტელევიზიაში. ჟურნალისტიკა ბავშვობიდან მიტაცებდა და ის პროფესია ავირჩიე, რომელიც დღემდე ჩემს მთავარ სიყვარულად რჩება" - ამბობდა ნინო.
ნინო დარასელი და ნიკა ბერაძე
ნინო დარასელს მყარი ოჯახი აქვს. ნინოს მეუღლე ნიკა ბერაძეა, რომელზეც ჟურნალისტმა პატარა ასაკში იქორწინა და როგორც ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში იხსენებს, როცა გათხოვდა, ქმრის გვარიც არ იცოდა. ნინოს და ნიკას ოჯახი თითქმის 20 წელს ითვლის. მათი ვაჟი ზაზუკა უკვე დაქორწინებულია. ნინოს პატარა ქალიშვილი, მარიტაც ჰყავს. ნინომ და ნიკამ ჯვარი ოჯახის შექმნიდან მრავალი წლის შემდეგ, იერუსალიმში დაიწერეს.

"ჩემმა მეუღლემ, ნიკა ბერაძემ, საოცარი თავისუფლება მომცა და არასდროს შევუზღუდივარ არჩევანში, თუმცა ახალ პროექტებს ხშირად მასთან ერთად განვიხილავდი. ოჯახის წევრების ხელშეწყობასა და თანადგომას ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მუშაობა რომ დავიწყე, ჩემი პირველი შვილი, ზაზუკა, უკვე 4 წლისა იყო. მისი გაჩენა იმ ბნელ პერიოდში ჩემი ოჯახისთვის იმხელა გამონათება იყო, რომ პატარას ხელიდან მართმევდნენ. ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ კი არა, შეიძლება ითქვას, იქით ვეხმარებოდი მის აღზრდაში. ის ახლა დიდია და უკვე თავად მეხმარება თავისი რჩევებით. მეც ყველაზე მეტად მის აზრს ვითვალისწინებ. ყოველი ახალი საქმის წამოწყებისას მის შეფასებებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ბუნებრივიცაა: ზაზუკა ახალგაზრდაა, სულ სხვა აზროვნებით, მომავლის უკეთესი ხედვითა და აწმყოს ადეკვატური აღქმით, ამავდროულად, ჩემზე უფრო დინჯი და გონიერია..."