- მე მიფრთხილდები? რატომ? იქნებ იმიტომ, რომ მერე შენზე განაწყენებული სხვა, ნებისმიერ შემხვედრს არ ჩავუწვე ლოგინში? მეძავად არ ვიქცე? ან იქნებ იმის გეშინია, რომ სხვის ნაფერებ ქალს ცოლად არავინ შეირთავს? ასეა? მიგიხვდი?
- მოვრჩეთ ამ უაზრო კამათს. ჩხუბით არაფერი გამოვა. მოდი, ასე გავაკეთოთ. თვეში ერთხელ, ან შაბათს, ან კვირას, როგორც მოვილაპარაკებთ, ჩამომაკითხე იქ.
- სად იქ? - თავი ასწია და ცრემლიანი თვალებით ამომხედა.
- სადაც ვარ მიმაგრებაში. თუ შენ მოახერხებ, ღამეც შეგეძლება დარჩენა. იქ არის ამის საშუალება. ხანდახან მეც ჩამოვალ თბილისში და გნახავ. როცა ბოლომდე მოვიხდი სასჯელს, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. ან ასე გადავწყვიტოთ, ან ისე. მერე უკეთ გამოჩნდება, რა ჯობია. შევთანხმდით? იქითა შაბათს ვინმე გოგო ჩემი სახელით დაგირეკავს, რომ შენებმა ეჭვი არ აიღონ, მერე კი მე დაგელაპარაკები და დავთქვათ, სად შევხვდეთ ერთმანეთს - შენთან თუ ჩემთან.
- ჩემთან შეუძლებელია, ჩემი დედინაცვალი სულ სახლშია, - ნატამ სლუკუნი შეწყვიტა.
მისი სახე ხელებში მოვიმწყვდიე და ცრემლიანი თვალები ამოვუკოცნე.
- რამდენი მარილი ჰქონია შენს ცრემლებს, ერთობ მლაშე გემო აქვს ამ ლამაზ თვალებს, - გავეხუმრე და მკერდზე მივიხუტე, - სამაგიეროდ, ტუჩები გაქვს ძალიან ტკბილი, მაიტა, ერთხელაც გამასინჯე, - ჩავჩურჩულე და თავი ავუწიე, რომ მეკოცნა…
ნელ-ნელა დაწყნარდა, ტირილიც შეწყვიტა. დიდხანს ვიყავით დივანზე წამოწოლილი და ვლაპარაკობდით. მისი თავი მკლავზე მედო და მეტიტინებოდა, იხსენებდა ჩემ გარეშე გატარებულ დღეებს, მიყვებოდა, როგორ იტანჯებოდა, როგორ უჭირდა უჩემოდ, როგორ ვენატრებოდი…
- სხვა კაცები არ გესეოდნენ? - ხუმრობით ვკითხე.
- ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
- დღემდე სხვისი ოცნების ქალად დარჩი, არა?
- ჰო… და არ იცი, როგორ მსიამოვნებს. შენ გარდა არავინ მინდა.
- მეც რომ არაფერში გადგები?
- ისიც მაკმაყოფილებს, რაშიც მადგები. ჩემთვის მთავარია, შენ გვერდით ვიყო. ასე, როგორც დღეს არის. თუ ყოველთვის არა, ხანდახან მაინც. შეხვედრიდან შეხვედრამდე როგორმე ვიმყოფინებ ამ სითბოს. მაგრამ გაფრთხილებ, დიდხანს არ გაგრძელდება ასე. ერთხელაც იქნება და, მაინც შეგაცდენ, - თქვა და გადაიკისკისა.
მერე მთხოვა, შენი ამბები მომიყევიო. ავუხსენი, რომ არ მსიამოვნებდა ციხეში გატარებული წლების გახსენება, ამიტომ მოსაყოლიც არაფერი მქონდა. შემდეგ ისევ მოვეფერე… მერე ჩაეძინა… მშვიდი, უშფოთველი ძილით… დავყურებდი მის ლამაზ სახეს, ვისმენდი მის თანაბარ სუნთქვას და სიამოვნების ცხელი ტალღები მეხეთქებოდა სულის კიდეებზე…
რვა საათი იყო, გოგას ბინიდან რომ გამოვედით. ტაქსი გავაჩერე და სახლამდე მივიყვანე. დამშვიდობების წინ კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ მეორე შაბათს ჩემს ზარს დალოდებოდა და შეხვედრაზე შევთანხმებულიყავით. მერე უზომოდ კმაყოფილი შინისკენ გავეშურე, რათა პატარა დიმიტრის ნახვაც მომესწრო და მატარებელზეც არ დამგვიანებოდა.
ერთი ტყიბულელი ბადრია იყო ჩვენთან, ისიც ქალის მოტაცებისთვის იხდიდა სასჯელს. მასაც მიმაგრება გაუკეთა მამამისმა, ძალიან ფულიანი ოჯახი ჰყავდა. მამა ქვანახშირის საბადოში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე, დედაც იქვე მუშაობდა მთავარ ბუღალტრად. ძმამ ჩამოაკითხა სწორედ იმ კვირაში, როცა ნატასთვის უნდა დამერეკა. მანქანით იყო. ბიჭებმა მოვილაპარაკეთ, რესტორანში ვიქეიფოთო, გავეთავისუფლეთ საღამომდე და თბილისისკენ დავუბერეთ.
მაშინ ვაგზალზე ერთი კარგი სასტუმრო არსებობდა, «კოლხეთი» ერქვა. შევედით და მაგრად მოვულხინეთ. ბევრი არ დაგვილევია, შემოწმების შეგვეშინდა, მაგრამ მაინც გემრიელი დრო ვატარეთ. ოთხი ხდებოდა, იქიდან რომ გამოვედით. ბადრიას ძმას, ავთოს, მანქანით ისევ უკან უნდა წავეყვანეთ.
ის იყო, ჩელუსკინელებისკენ უნდა ჩაგვეხვია, რომ ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. გული ამიჩქროლდა… ნატა იყო, გრძელი, თხელი შარფი ეკეთა, რომლის ბოლოებს ნიავი უფრიალებდა. ავთოს ვთხოვე, სვლა შეანელე-მეთქი. როცა ნატას მივუახლოვდით, მისი შარფის ბოლოს ჩავჭიდე ხელი და მსუბუქად ჩემკენ მოვქაჩე. საწყალი გოგო მოულოდნელობისგან ისე შეკრთა, შეშინებული უკან გადახტა.
- თქვენი გაცნობა შეიძლება, გოგონი? - გულიანად გამეცინა მის რეაქციაზე.
დაბნეული მომაჩერდა, თითქოს მოჩვენებას უყურებსო.
- როგორ შემაშინე, აქ საიდან? - თან გაუხარდა, თან გაუკვირდა.
მანქანიდან გადმოვედი, ხელკავი გამოვდე და გვერდზე გავიყვანე. ზედა ტუჩზე მუწუკი გამოსვლოდა.
- ეს რა დაგმართნია?
- ე-ეს? - ტუჩზე ფრთხილად დაიდო თითი, - ნათაგურია, სიზმარში თაგვმა მატკინა.
- თაგვმა გატკინა თუ კოცნამ გაწყინა? - ეშმაკურად გავხედე და თვალები მოვჭუტე.
- რა საძაგელი ხარ, - ღაწვებზე ცეცხლი წაეკიდა, - სად იყავი?
- საქმე გვქონდა, - სერიოზული სახით ვუპასუხე, ხომ არ ვეტყოდი, რესტორანში ვიქეიფე-მეთქი, - შენ რას აკეთებ აქ?
- გადასასვლელ ხიდზე ვიყავი, მეც საქმე მქონდა, - ყოყმანით მიპასუხა. მომეჩვენა, რომ რაღაცას მიმალავდა.
- რა საქმე გქონდა გადასასვლელ ხიდზე, აბა, მითხარი?
- ისეთი არაფერი, - უხერხულად შეიშმუშნა.
- აბა, აბა, ეგეთები არ იყოს. მითხარი.
- მერე გეტყვი.
- როდის მერე?
- როცა მარტო გნახავ.
- არა, ახლა მითხარი, ვერ მოვითმენ. ასე მგონია, რაღაცას მიმალავ.
- ო-ოოჰ, არაფერს არ გიმალავ. უბრალოდ…
- თქვი, გელოდები.
- ბოშებთან სიგარეტები ვიყიდე - «მალბორო» და «კენტი».
- შენ რა, ეწევი?
- არა, არ ვეწევი, შენთვის მინდოდა საჩუქრად, - თქვა და ისევ გაწითლდა.
გამეცინა. მესიამოვნა, ჩემზე რომ ზრუნავდა. ესე იგი, მოუთმენლად ელოდა ჩემთან შეხვედრას.
- რა სულელი გოგო ხარ, რატომ დაიხარჯე? ხომ იცი, არ მიყვარს, როცა ჩემთვის წუხდებიან.
- სულაც არ შევწუხებულვარ. მე თვითონ მსიამოვნებს, როცა ახლობელ ადამიანს სიურპრიზს ვუმზადებ. ბარემ წაიღე, აჰა, ვინ იცის, როდის გნახავ, - თქვა და პარკი მომაწოდა.
- არა, არ წავიღებ. შენ თვითონ ჩამომიტანე, კარგი?
- მე-ე? როდის? - მოუთმენლობა დაეტყო ხმაშიც და გამოხედვაშიც.
- ხვალ. ხომ მოვილაპარაკეთ, რომ შაბათს შევხვედროდით ერთმანეთს.
- მართლა? - სიხარულის ნაპერწკლებით აევსო თვალები.
- ჰო, მართლა. ხომ შეძლებ ჩამოსვლას? თუ ღამეც შეძლებ დარჩენას, უფრო მაგარი იქნება.
- იქ სად უნდა დავრჩე?
- მაგის ნუ შეგეშინდება. ეგერ, მანქანაში, წინ რომ ბიჭი ზის, ხომ ხედავ? მაგის სახლში, - ბადრიაზე მივანიშნე.
- ის არ არის პატიმარი?
- არის, მაგრამ… ნუ, მოკლედ, მერე აგიხსნი ყველაფერს. ავტობუსს გამოყვები, ათსაათიანს. თორმეტზე უკვე იქ იქნები. მე გაჩერებაზე დაგხვდები. გასაგებია?
- რომელ გაჩერებაზე?
- ავტოსადგურში, ბოლო გაჩერებაზე.
- რომ არ დამხვდე? - ჭირვეული ბავშვივით იკითხა.
- არ არსებობს… თუ მაინცდამაინც, ვთქვათ რაღაც სერიოზული მოხდა და მართლა ვერ მოვედი ან დამაგვიანდა, სააკაძის ქუჩა იკითხე, ჩვენი ბარაკები ოც ნომერშია განთავსებული. დაცვას უთხარი, ზაზასთან ვარ-თქო და დამიძახებენ.
- კარგი, ეგრე მოვიქცევი.
- აბა, შენ იცი, ყოჩაღად იყავი. ახლა უნდა გავიქცე. ექვსამდე თუ არ ჩავედით ადგილზე, ორკვირიან შინაპატიმრობას მოგვარტყამენ, - მინდოდა მეკოცნა, მაგრამ ბიჭების მომერიდა, ამიტომ ლოყაზე ვუჩქმიტე და მანქანისკენ გავიქეცი.
8 8 8
ბადრიასთან იმავე საღამოს მოვაგვარე საქმე. მასაც, როგორც ბევრ სხვა პატიმარს, ქალაქში თავისი ქალი ჰყავდა. ბერძენი იყო, განათხოვარი, კრისტინა ერქვა. მარტო ცხოვრობდა ოროთახიან კორპუსის ბინაში, რომელიც სამკერვალო ფაბრიკას ეკუთვნოდა. იქ მუშაობდა თვითონაც. უცოლო ბიჭი იყო ბადრია და რა ანაღვლებდა, კრისტინას სახით კარგი მომვლელი იშოვა. ცხელი საჭმელი და დარეცხვა-დაუთოება არ აკლდა. მე მათი ყველაზე ხშირი სტუმარი ვიყავი, რადგან, როგორც «ოჯახის ერთგულ მამაკაცს», იქ ქალი არ მყავდა.
ბადრიას ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე, კრისტინასთან რეკომენდაცია გამიწიე, რომ ნატა ერთი ღამით თქვენთან დარჩეს-მეთქი.
პრობლემა მოგვარდა. კრისტინა წინააღმდეგი არ წასულა. გახარებულს ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა, რომ ნატას დავხვედროდი.
ოდნავ მოღრუბლული დილა გათენდა. მწყობრში მოვეწყვეთ, სია ამოიკითხეს და საუზმეზე გაგვიშვეს. შაბათ-კვირას არ ვმუშაობდით, როგორც ყველას, ჩვენც დასვენების დღეები გვქონდა. ის იყო, თავი მოვიწესრიგე და უფროსთან ვაპირებდი შესვლას, დროებით ქალაქში გავეშვი, რომ მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი.
- ზაზა ალავიძის ნახვა სად შეიძლება? - ძალიან ნაცნობი ხმა შემომესმა.
წარმოიდგინეთ, ოცამდე პატიმარი, ყველა თავისთვის რაღაცას ფუსფუსებს. ამდენი დამშეული მამაკაცი და ამ დროს… ქალი ბარაკში. როგორია? გველნაკბენივით წამოვხტი და ლამის სირბილით მივეჭერი კართან ატუზულ ნატას.
- აქ საიდან შემოხვედი? - ჩურჩულით ვკითხე, მკლავში ხელი ჩავავლე და სასწრაფოდ გარეთ გავიყვანე, თან შემეშინდა, ბადრაგის უფროსს არ დაენახა.
- რა ვიცი, სამორიგეოში არავინ იყო, არც ეზოში. ვიფიქრე, შენობაში შევალ და იქ ვიკითხავ-მეთქი, - მან ჩვეული მანერით გრძელი თმა ყურზე გადაიწია და დამნაშავესავით წამოწითლდა.
- აქ რომ დაგინახონ, ორივეს დაგვერხევა. ქუჩაში გადი და იქ დამელოდე, მე მალე გამოვალ, - გასასვლელამდე მივაცილე და უკან გამოვბრუნდი.
უფროსთან შევედი, საშვი გამოვართვი და ბადრიას დავუწყე ძებნა. მეორე ბარაკში გადასულიყო ბიჭებთან.
- ჩამოვიდა, - ხმადაბლა ვუთხარი, თითქოს დიდ საიდუმლოს ვანდობდი.
- სად არის?
- გარეთ მელოდება.
- წაიყვანე მერე, რას უცდი, კრისტინა სახლშია.
- შენ?
- მეც მოვალ ერთ საათში.
ნატა იქვე, ჭადრის ძირში, სახელდახელოდ დაჭედებულ მაღალ მერხზე შესკუპებულიყო და ფეხებს ჰაერში იქნევდა. ჩემ დანახვაზე მსწრაფლ ჩამოხტა და სახეზე მორცხვი ღიმილი გადაეფინა.
- გაეთავისუფლე?
- ჰო, სადილამდე, მერე ისევ უნდა გამოვცხადდე. შენ ამაღამ ხომ რჩები?
- თუ არის საშუალება, კი.
- ჰოდა, ძალიან კარგი. ასე ადრე როგორ ჩამოხვედი? მე თორმეტზე გელოდებოდი.
- ცხრასაათიანი ავტობუსიც იყო და აღარ დაველოდე მომდევნოს, ამას გამოვყევი.
- ვერ გაძელი, არა? - გავუცინე.
- ჰო… ამ სიგარეტებს რა ვუყო?
- კრისტინასთან წავიღოთ. იქ მოვწევთ.
- ბევრნი იქნებით?
- არა, არა, მხოლოდ მე და ბადრია. ისე, კრისტინაც ეწევა.
- მერე რა, ყველას გეყოფათ, რვა კოლოფია.
- როგორ დახარჯულხარ, შენ რა გითხარი.
- რას ამბობ, სულაც არ ღირდა ძვირი.
- რა ძვირი არ ღირდა, მე არ ვიცი, რამდენად ყიდიან? ხუთი მანეთი ღირს ერთი «მალბორო».
- ხუთი მანეთი რა სალაპარაკოა, არ გრცხვენია?
- ხუთი არა, მაგრამ ორმოცი მანეთი უკვე ფულია, მეგობარო, - მხარზე გადავხვიე ხელი და თითები მოვუჭირე.
- შენთვის მილიონიც არ დამენანება, რომ მქონდეს, - ჩუმად ჩაილაპარაკა და ტკიპასავით მომეწება.
კრისტინამ თბილად მიიღო ნატა. შევატყვე, რომ ქალებს ერთმანეთი ძალიან მოეწონათ, მალევე გამონახეს საერთო ენა. ჯერ ნამცხვარი გამოაცხვეს ერთობლივად, მერე ყავაც მოადუღეს და ბოლოს მაგიდას შემოუსხდნენ. ამასობაში ბადრიაც გამოჩნდა.
- მეც მოვედიიიი! - მხიარულად შესძახა და ნატას მიაჩერდა.
- გაიცანით ერთმანეთი, - ნატა… ბადრი… - გამოვიდე თავი.
- სასიამოვნოა, შორიდან გიცნობთ, - ბადრიამ ხელი ჩამოართვა და სუფრას მიუჯდა, - ერთ საათში უნდა გავიდეთ, - თქვა და ნამცხვარი გადაიღო.
- იქ რომ არ ისადილოთ, არ შეიძლება? - მორიდებით იკითხა ნატამ და მე გადმომხედა.
- კი, როგორ არა, მაგრამ შემოწმება მაინც უნდა გავიაროთ, - ჩემ მაგივრად ბადრიამ უპასუხა.
- რამდენჯერ გამოწმებენ დღეში?
- დღის განმავლობაში სამჯერ და ერთხელაც ღამე, სამ საათზე.
- რა საშინელებაა! გამოდის, რომ წესიერად არც გძინავთ, არა? - შეწუხდა ნატა.
- ასე გამოდის, - სიცილით დავეთანხმე და თავზე გადავუსვი ხელი.
გაგრძელება იქნება