უმშვენიერესი ახალგაზრდა მომღერალი ნუცა თოფურია ფართო საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან გაიცნო. მოგვიანებით კი მისმა და მისი მეგობრის, ასევე მომღერალ მარიამ შენგელიას დუეტმა უამრავი ადამიანის გული მოიგო. გოგონები დუეტებს ასრულებენ ყველგან - სცენაზე, მანქანაში, სახლში, მეგობრების წრეში... სიმღერა ხომ მათი ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილია.
დღეს ჩვენს მკითხველს ნუცა თოფურიას უფრო ახლოს გავაცნობთ. "რუსთავი 2"-ის ეთერში მან საკუთარი ცხოვრებისა და პიროვნების შესახებ აქამდე უცნობი ამბები გაამხილა:
"დედაჩემი ჩემი მთავარი მოტივატორია, დედობის, ქალის სილამაზის ეტალონი. დედა, იამაყე, რადგან შენ ნამდვილად შეიძლება გეწოდოს თავდადებული.
"ექოზე რომ წავედი და მითხრეს, გოგოაო, ზუსტად ისეთი გოგო წარმოვიდგინე, როგორიც შენ ხარ, გარეგნულად, ქცევებით" - ასე ამბობდა ხოლმე ჩემზე დედა. ბოლოს იმდენი გააკეთა, რომ მე დღეს ვდგავარ სცენაზე.
მახსოვს, რომ მეცხრე კლასამდე დედას დავყავდი სკოლაში, რომ მძიმე ჩანთა არ მეტარებინა. თავისი ცხოვრება გადადო და მე და ჩემს ძმას დაგვითმო. დღეს 24 წლის ვარ და ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ ჩავსვა მანქანაში, ვისეირნოთ, ვივახშმოთ, ვიშოპინგოთ. მე მისი წყალობით იმდენად შევდექი, რომ შეიძლება ყველაფერი ვერა, მაგრამ მაქსიმალურად ბევრი რამ მინდა შევუსრულო", - ამბობს ნუცა თოფურია.
ნუცა თოფურია უნიჭიერესი და ულამაზესი მომღერალია, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პროექტ „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო, თუმცა მისი, როგორც მომღერლის, წარმატებები გაცილებით ადრე, ათი წლის ასაკში დაიწყო.
"მშობლები მეუბნებიან, რომ თურმე, ძალიან პატარა ასაკიდან, სამი წლიდან „იავნანას“ ვმღეროდი. თუმცა იმ დოზით არა, რომ ყველას ეფიქრა, ეს მომღერალი გახდებაო. როცა წამოვიზარდე, მერე სულ ვმღეროდი. თუმცა პატარაობიდანვე ძალიან ბეჯითი მოსწავლე ვიყავი და ათწლედში ჩაბარებაზე არ მიფიქრია. ჩემი პირველი პროექტი ათი წლის ასაკში იყო – „ანა ბანა“ და იქიდან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. დედა წინააღმდეგი იყო, რადგან ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია და ეგონა, რომ მოუმზადებლად შედეგს ვერ მივაღწევდი. როცა დედა სახლში არ იყო, მე და ბებიამ დავრეკეთ და დავრეგისტრირდი. დედას მერე ვუთხარი, ქასთინგზე მივდივარ-მეთქი. სხვა რაღა გზა ჰქონდა, წამომყვა და გზაში მეკითხებოდა, ასე მოუმზადებელმა რა უნდა იმღეროო. მე ყველაფერი მოგვარებული მქონდა, სიმღერაც მზად მქონდა და კონკურსისთვის ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი. ძალიან კარგად ჩაიარა პირველმა ტურმა. მარინა ბერიძე იყო ჟიურის წევრი და პირდაპირ მითხრეს, გადასული ხარ მეორე ტურშიო. მეორე ტურიდან რომ გამოვედი, დედას ვუთხარი, დიდი ალბათობით, ვერ გადავედი, რადგან მარინამ ჩემი ანკეტა, სადაც ცოტა ფურცელი იდო, იქ გადადო, სადაც ბევრი იდო, იქ ვერ მოვხვდი-მეთქი. ორ საათში დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ საუკეთესო 12 ბავშვში მოვხვდი."