ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
ეკა 60 წლისაა და ნამდვილად ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. გენეტიკისა თუ ცხოვრების წესის დამსახურებით, ის შესანიშნავ ფორმაშია. როგორც ცნობილია, ეკა დიდ დროს ატარებს ბუნებასთან, აქვს საკუთარი ეზო და ყვავილები, რომლებსაც უვლის და ეს მის შინაგან სამყაროს კიდევ უფრო ლამაზს ხდის.
ეკა "იმედის" ეთერს სტუმრობდა რუბრიკაში "ჩემი მოგზაურობა", სადაც საგურამოში საკუთარი ეზოსა და ვარდების შესახებ ისაუბრა:
"ძალიან ბევრი ვარდი მაქვს, საკმაოდ შრომატევადია მათი მოვლა, თუმცა ძალიან მიყვარს. ყველა ვარდის სახელი ვიცი... 6-7 წლის წინ დავიწყე ვარდების მოშენება. ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილები, დედას სულ ჰქონდა, თუმცა უკვე ეზო რომ გვქონდა, მეგობართან ერთად დავიწყე ვარდების ყიდვა, მოგროვება, გახარება. ყველა ისე დავრგე, როგორც უნდა იყოს, იმის მიხედვით, რომელს ჩრდილი უყვარს, რომელს - მზე და ა.შ. სულ ვსწავლობ, "იუთუბზე" ვუყურებ ვიდეოებს და ძალიან ვარ ამ თემით დაინტერესებული", - ამბობდა ეკა.
მანამდე ეკა კახიანი ამბობდა, რომ პანდემიის დროს ის და მისი ოჯახი მცხეთაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნარეკვავის დასახლებაში კახიანებს ასევე ულამაზესი ბაღი აქვთ. იმედა კახიანი ამბობდა, რომ მის მეუღლესაც ძალიან უყვარს ყვავილების მოვლა.
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
"მამასგან განსხვავებით, მე ნაკლებად გამიმართლა კინოში, რადგან მხოლოდ რამდენიმე ფილმზე ვიმუშავე. მამას დებიუტივე წარმატებული ჰქონდა, რადგან უამრავი ბრწყინვალე როლის მიუხედავად, მაინც „საბუდარელი ჭაბუკი“ გახდა მისი სავიზიტო ბარათი. სამწუხაროდ, მსახიობი ყოველთვის რეჟისორსა და მის შეთავაზებაზეა დამოკიდებული, ფილმების წარმოება კი დღეს ნაკლებად გამოდის. მართალია, რამდენიმე შეთავაზება მქონდა, მაგრამ არასდროს გავაკეთებ იმას, რაც ზუსტად ვიცი, რომ ჩემი არაა.
ბევრად წარმატებული აღმოვჩნდი მუსიკაში. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერა ბავშვობაში, „მზიურით“ დაიწყო და დღემდე გრძელდება. რამდენიმე ახალი სიმღერის გაკეთებას ვგეგმავ, ერთ-ერთი პირველი ნინიმ და ანრიმ შეასრულეს ანრის სოლო-კონცერტზე. ძალიან მინდა საიუბილეო წელს კიდევ ერთი საავტორო საღამოს მოწყობა, უამრავი იდეა მაქვს, თუმცა ჯერ არ ვიცი, რამდენად შევძლებ ყველა ჩანაფიქრის განხორციელებას.
არ ვიცი, რამდენად კარგი ბებია ვარ, ალბათ, ჩემზე უკეთესებიც არიან, მაგრამ შვილიშვილებთან ნამდვილად ვმეგობრობ. მართალია, მუსიკალური ნიჭი ყველას აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ელენე მღერის, თუმცა მასაც ცეკვა უფრო მოსწონს, ვიდრე სიმღერა" - ამბობდა ეკა კახიანი.