თამარ ციციშვილის მამამ ოდესაში ყოფნისას გაიცნო გერმანელი ქალი. ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. გერმანელი მაშინვე დათანხმდა ცოლობაზე მომხიბვლელ ქართველს. ოდესაში დაიბადა თამარი, 1908 წლის 19 დეკემბერს. მალევე გადმოვიდნენ თბილისში. სკოლის დამთავრების შემდეგ თამარმა უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, პარალელურად სწავლობდა კონსერვატორიაშიც, საფორტეპიანო განყოფილებაზე. როცა ორივე სასწავლებელი დაამთავრა, მუშაობა დაიწყო სახელმწიფო მუზეუმში. შემდეგ პედაგოგიურ კვლევით ინსტიტუტში გადაინაცვლა... სწორედ მაშინ მიიწვია სიკო დოლიძემ ლეგენდარულ "დარიკოში".
როცა მხატვარ ქეთევან მაღალაშვილს თამარ მეფის პორტრეტის დახატვა შეუკვეთეს, მან ფრესკასთან ერთად ციციშვილის სახე გამოიყენა. პორტრეტი ძალიან კარგი გამოვიდა. მაღალაშვილს კი თამარისთვის უთქვამს, შენ რომ არა, ძალიან გამიჭირდებოდა სახელოვანი მეფის პორტრეტის შექმნაო.
რაც შეეხება კინოს, "დარიკოს" "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ქაჯეთი" მოჰყვა, სადაც თამარი ნესტან-დარეჯანის როლს განასახიერებდა. შემდეგ იყო: დავით გურამიშვილი", "აკაკის აკვანი", "ქეთო და კოტე", "ჭრიჭინა", "ბაში-აჩუკი", "ბედნიერი შეხვედრა"...
სწორედ თამარ ციციშვილს უნდა უმადლოდეს შთამომავლობა, რომ შემოგვრჩა ფიროსმანის ფერწერული ტილო “შველი”. “შველი” თამარ ციციშვილმა სოფელ გლდანში ნახა გლეხის ოჯახში - კედელზე ლურსმნით მიკრული და სთხოვა, დაეთმო მისთვის. გლეხს არ დანანებია “თეთრი დუქნიდან” წამოღებული ნახატის ჩუქება… საყვარელი კინოვარსკვლავისთვის…
ქორწინება
თამარის მეუღლე დიმიტრი გედევანიშვილი იყო, ცნობილი ფიზიოლოგი. დიმიტრის მამა, მიხეილ გედევანიშვილი, ილია ჭავჭავაძის უმცროსი მეგობარი, თანამოაზრე და ყველასგან პატივცემული ექიმი გახლდათ. რამდენიმე დარგის სპეციალისტი იყო - ფსიქიატრი, ნევროპათოლოგი და რენტგენოლოგი. თბილისში საკუთარი სახსრებით სწორედ მან ჩამოიტანა საფრანგეთიდან რენტგენის აპარატი. საგულისხმოა, რომ მანამდე არათუ საქართველოში, რუსეთის მთელ იმპერიაში არ არსებობდა რენტგენის აპარატი. ამას გარდა, ელექტროფიზიოლოგიური მკურნალობისთვის საჭირო აპარატურაც ჩამოიტანა და საკუთარი სახლის პირველ სართულზე პატარა საავადმყოფო მოაწყო. ბედმა სწორედ ამ საავადმყოფოში თავისი ფეხით მიიყვანა 18 წლის ულამაზესი თამარ ციციშვილი, მას აპენდიციტის (ბრმა ნაწლავის) ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი. იქ დახვდა ახალგაზრდა და წარმოსადეგი ექიმი, 26 წლის დიმიტრი. შეუყვარდათ ერთმანეთი და მალევე იქორწინეს. ტკბილი და სტუმართმოყვარე ოჯახი ჰქონდათ. თამარ ციციშვილი 1988 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.