დაღამებამდე მე და ბადრიას ორჯერ მოგვიწია შემოწმებაზე გასვლამ. წესიერად ვერც დაველაპარაკე ნატას. იმის იმედი მქონდა, რომ ღამე რჩებოდა და მაშინ მაინც ვიჯერებდი გულს მასთან ყოფნით.
გვიანი იყო, თორმეტი ხდებოდა, ხელახლა რომ მოვბრუნდით.
- მორჩა, ამაღამ აღარ შეგვამოწმებენ, - კმაყოფილმა წამოვიძახე და ნატას გვერდით დავჯექი, თან ხელი მხარზე გადავხვიე.
- აკი…
- არავითარი «აკი». ელდარამ გვითხრა, ქორწილში მივდივარ და თქვენ იცით, არ დამაღალატოთ და მაინცდამაინც ამაღამ ნუ მოაწყობთ «პაბეგსო», - გავაწყვეტინე ნატას, - ასე რომ, შეგვიძლია მთელი ღამე მშვიდად ვიძინოთ, არავინ შეგვაწუხებს.
- შენი არ ვიცი, მაგრამ მე კი გამოვიძინებ გემრიელად. კრისტინა, სტუმარს გაუმზადე ლოგინი, თუ ქალი ხარ, - ხვნეშა-ხვნეშით გამოაცხადა ბადრიამ და ფეხსაცმლის გახდას შეუდგა.
- უკვე გამზადებულია, - უპასუხა კრისტინამ და მერე მე მომიბრუნდა, - თქვენი თეთრეულიც გაშლილია, ზაზა, საძინებელში დაწვებით.
- მერე თქვენ?
- ჩვენ ლოჯიაშიც დავეტევით, რა პრობლემაა. აბა, ღამე მშვიდობისა, - გაგვიღიმა ქალმა, გავიდა და კარი მოიხურა.
დავრჩით მე და ნატა სამზარეულოში. ერთხანს უსიტყვოდ მივჩერებოდით ერთმანეთს.
- აქეთ რომ მოვდიოდი, მთელი გზა შენზე ვფიქრობდი. იმდენი დამიგროვდა სათქმელი, იმდენი, იმდენი, რომ…
- მერე, რას ელოდები, რატომ არ მეუბნები? - ხელზე ხელი დავადე.
- აღარ ვიცი, რაზე გელაპარაკო, ყველაფერი დამავიწყდა, - თითები ჩემს თითებში ჩახლართა.
- ესე იგი, ჩემზე არ ფიქრობდი?
- მე შენზე ყოველთვის ვფიქრობ, ყველა დროში, ყველა ადგილას… სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე…
- წვიმაშიც?
- წვიმაშიც და თოვლშიც, - გამიცინა.
- საინტერესოა, როგორია შენი სველი ფიქრები.
- სველია, რა, - გამეხუმრა.
ორივეს გაგვეცინა.
- იცი, რომ ჩვენ ერთი ლოგინი გაგვიშალეს? - ვთქვი და გამჭოლი მზერა ვესროლე.
- მივხვდი.
- მერე?
- რა მერე?
- არ გეშინია?
- რისი?
- ჩემთან დაწოლის.
- ხომ გითხარი, ამისთვის დიდი ხანია, მზად ვარ-მეთქი.
შეუმჩნევლად ჩავიღიმე, თითებზე ვაკოცე და წამოვაყენე. საძინებელში გავედით. გახამებული ზეწარ-შალითა მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა.
ჩემხელა ნერწყვი გადავაგორე, როცა წარმოვიდგინე, რა სიამოვნებით ჩავიხუტებდი მის ლამაზ სხეულს შრიალა თეთრეულში…
- შენ დაწექი, მე ახლავე მოვალ, - დახშული ხმით ჩავილაპარაკე და ოთახიდან გამოსვლის წინ შუქი ჩავაქრე, რომ უხერხულობა არ ეგრძნო.
გარეთ გავედი, სიგარეტი მოვწიე და შევბრუნდი. შუქი არ ამინთია. გავიხადე და ჩავწექი…
ერთიანად დაძაბულმა ორივე ხელი მოვხვიე და მძლავრად ჩავიხუტე მისი ცხელი სხეული…
ჩავიხუტე და გავშრი… ნატა შიშველი იწვა… გარინდული და შიშველი… დედიშობილა…
არ შევიმჩნიე. სიბნელეში მისი ტუჩები მოვძებნე და ვაკოცე…
დიდხანს ვეფერებოდი, თან ვფრთხილობდი, თავდავიწყებას არ მივცემოდი და ზომიერება არ დამეკარგა. არ მინდოდა ქალიშვილობა აქ, უცხო ქალაქში, უცხო სახლში დაეკარგა, თან იმ ადამიანთან, რომელიც ბედნიერებას ვერასდროს მოუტანდა. მიმიხვდა, თავს რომ ვიკავებდი და ყურში ჩამჩურჩულა:
- შენ არ აპირებ ბოლომდე გახდას?
- არა, - ჩურჩულითვე ვუპასუხე.
- რატომ?
- ასეა საჭირო და იმიტომ.
- კი მაგრამ, როდემდე?
- იქამდე, სანამ ამის დრო არ მოვა.
- და როდის მოვა?
- მალე, - მოკლედ მოვუჭერი და მისი თავი მკერდზე მივიკარი, - დაიძინე ახლა, უკვე გვიანაა.
ზურგისკენ გადატრიალდა და მოიკუნტა. მივხვდი, რომ გული დავწყვიტე, იმედი გავუცრუე, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.
- ნატა… - ჩუმად დავუძახე სიბნელეში.
არ შერხეულა.
- ვიცი, რომ გეწყინა, მაგრამ ასე აჯობებს შენთვისაც და ჩემთვისაც.
- დაიძინე, - გაბუტული ხმით მიპასუხა.
- არ გაგიკვირდეს, ძილში უცნაური ხმები თუ მოგესმას ჩემგან. ღამღამობით ძველი ჭრილობები იღვიძებს ჩემში, ამან არ შეგაშინოს.
უცებ სწრაფად მოტრიალდა ჩემკენ.
- ყოველდღე, ყოველღამე ვზივარ ფანჯარასთან და გზას გავცქერი შენს მოლოდინში. ქუჩაში გასული ყოველ ადამიანში შენ გეძებ, ყველა გამვლელში. შენ კი… რისთვის მომიყვანე აქ, თუ დაძინებას აპირებდი? ამას ხომ უშენოდაც მშვენივრად გავაკეთებდი იქ, თბილისში?
- მომისმინე, ნატა…
- დავიღალე ასეთი ცხოვრებით, აღარ შემიძლია მეტი. როცა ვერ გხედავ, შენზე ოცნებაში მხდება სული, გხედავ და… მაშინაც არაფერი იცვლება.
- ვიცი, სიხარულო, ვიცი, რასაც განიცდი. მაგრამ მეც უნდა გამიგო. ჯერ არ ვიცი, რა იქნება ხვალ, ზეგ, ახლო თუ შორეულ მომავალში. ჯერ არაფერი გარკვეული არ არის. მოვიცადოთ, მოვიხდი ამ სასჯელს საბოლოოდ და მერე ვილაპარაკოთ ჩვენზე.
- ღმერთო, ეგ როდის იქნება? - ამოიოხრა.
- მალე, მალე. ხომ ხედავ, ყოველი წამით ვშორდებით გაზაფხულს და ყოველი წამით ვუახლოვდებით ზაფხულს. ეს ღამე სამუდამოდ დაგვამახსოვრებს თავს ორივეს.
- არ მინდა ეს ღამე მალე გათენდეს. არც დაძინება მინდა. ვინ იცის, კიდევ როდის გნახავ, - უკმაყოფილოდ დაიკრუსუნა.
- არც მე მინდა შეველიო შენს სითბოს. არ იცი, რა კარგად ვგრძნობ თავს შენთან. ასეთი ბედნიერი წუთები არასდროს მქონია ცხოვრებაში, არასდროს, დამიჯერე.
- ამიტომაც მინდა, ეს წუთები უფრო დასამახსოვრებელი და უფრო ბედნიერი გავხადო. შენ კი ამის საშუალებას არ მაძლევ.
- ნუ დავაჩქარებთ დროს, კიდევ ერთხელ გთხოვ. მივუშვათ ყველაფერი თვითდინებაზე და დაველოდოთ.
- არ დაიძინო მაინც… ცოტა ხანს კიდევ მომეფერე.
- ნატა, მე მამაკაცი ვარ, გესმის? ამდენის მოთმენა სად შემიძლია?
- შენც ნუ მოითმენ…
- ცდილობ, მაცდუნო, არა? არ გამოგივა.
- მე მეგონა, სულ სხვანაირი ღამე გვექნებოდა…
- მაინც როგორი?
- რა ვიცი… ყოველთვის ვოცნებობდი რომანტიკულ ღამეზე… ნამდვილ ღამეზე, ისეთზე, შეყვარებულებს რომ აქვთ ხოლმე. ღია ფანჯარა, წყნარი მუსიკა… ცხელი ყავა, სიჩუმე… დუმილი, ალერსი, გაზაფხულის თბილი ნიავი, მსუბუქი, როგორც ტუჩების შეხება… ახლა კი ასე მგონია, მარტოკა ვარ და ჩემ გვერდით არავინაა. მართლა მეგონა, რომ სულ სხვანაირი ღამე გვექნებოდა…
- ხომ ხედავ, რომ არ გვაქვს. მაპატიე, რა ვქნა, ძალიან «ღარიბი» ვარ, - გახუმრება ვცადე.
- ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ ჩემი სული განცალკევებულად ცოცხლობს, შენგან შორს. და საერთოდ, ცოცხლობს კი? ხედავ? ვეძახი და ხმას არ მცემს… მასაც მოჰბეზრდა ალბათ ჩემთან, ისევე, როგორც შენ. რაც არის, არის. მაინც კმაყოფილი ვარ, დიდი მადლობა ამ ღამეს, რადგან შენთან შემახვედრა. როგორ მენატრებოდი… ძილი ნებისა, ზაზა, - თქვა და ისევ გადატრიალდა.
გავჩუმდი. ერთხანს ნაზად ვუსვამდი ხელებს მხრებზე, მკლავებზე, თეძოებზე, ფეხებზე, მკერდზე… ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მაგიჟებდა… ძლივს ვერეოდი თავს… მერე ჩემკენ მოვიზიდე, მისი ზურგი ჩავიხუტე და მოვეშვი, ფიქრებში ჩავიძირე…
სამ საათზე ბადრიამ წამომაგდო. დაურეკავთ, ელდარაა მოსული და შემოვლას იწყებსო. ფართხაფურთხით ჩავიცვი და ორივენი გავვარდით, რომ მიგვესწრო.
ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ერთ საათში დავბრუნდით. ნატას არ ეძინა. არც იქამდე სძინებია, ამას მისი სუნთქვით ვხვდებოდი. მეც არ გამკარებია რული. ან კი რა დამაძინებდა მის გვერდით. ხანდახან ხარბად შევისრუტავდი მის სურნელს, თითქოს ყველაზე სასიამოვნო რაღაცას ვიპარავდი ჩუმად, მას რომ არ გაეგო, ისე…
გაყინული ვიყავი, ლოგინში რომ ჩავწექი. არ მინდოდა, ნატას შევხებოდი, ისე გემრიელად იყო ჩაფუთნული საბანში, ამიტომ მისკენ ზურგით შევტრიალდი, მაგრამ ვინ დამაცადა! უკნიდან ჩამეხუტა და ცხელი ტუჩები მთელ ზურგზე გადამატარა. ნეტარების ჟრუანტელი დიდხანს მივლიდა სხეულში, მაგრამ არ გავრხეულვარ, მისი ალერსი უპასუხოდ დავტოვე…
მერე თავადაც შემეშვა, ხელი მკლავზე დამადო, ლოყა - ზურგზე და მიყუჩდა…
8 8 8
დილით ადრე გავედით მე და ბადრია, ნატა კრისტინასთან დავტოვე. თერთმეტზე მოვედით. კრისტინამ უცნაური მზერა მესროლა. გამიკვირდა, ვერ მივხვდი, ასე რატომ მიყურებდა. მერე ბადრია გაიხმო სასტუმრო ოთახში და კარგა ხანს რაღაცაზე ბუტბუტებდნენ. ცოტა არ იყოს, უსიამოვნოდ მომხვდა გულზე, მაგრამ არაფერი ვთქვი.
ვისაუზმეთ. ნატა ჩქარობდა, დროზე უნდა მისულიყო შინ, რომ მისიანებს არ მოეკითხათ.
- ხომ იციან, დაქალთან რომ რჩები?
- იციან, მაგრამ რა ვიცი, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ვაიდა, მომიკითხონ?
- მართალი ხარ. არა უშავს, თორმეტსაათიანს მივუსწრებთ.
სამივემ გავაცილეთ. მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა. თვალები აუცრემლიანდა, ავტობუსში რომ ადიოდა.
- იქითა შაბათს დაგირეკავ, თუ რამე არ შეიცვალა, - შევპირდი და გამომშვიდობებისას ვაკოცე.
- არაფერია უკეთესი, ვიდრე შენთან გატარებული ღამე. არაფერია უკეთესი, ვიდრე დილით, ერთ ბალიშზე თავდადებულებს რომ გვეღვიძება. მე მომეწონა. საერთოდ, ყველაფერი მომწონს შენი. ძნელია ამის ახსნა, იმიტომ, რომ ასეთი სიტყვები არ არსებობს ბუნებაში. ვერც ვერასდროს იარსებებს. უბრალოდ, ვარსებობთ მხოლოდ მე და შენ… ჩვენ… მიყვარხარ, ზაზა, - ყურთან მიჩურჩულა და ცხელი ტუჩები ყელზე ოდნავ შემახო.
მანამ გავყურებდი მიმავალ ავტობუსს, სანამ თვალს არ მიეფარა…
კრისტინას ბინამდე ისე გავლიეთ გზა, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. კორპუსთან შევდექი.
- მე ბარაკში წავალ, - ყრუდ ვთქვი, ახლა მარტო მინდოდა ყოფნა.
- ცოტა ხანს ამოდი, სალაპარაკო მაქვს, - უცნაურად თქვა ბადრიამ.
კრისტინას წინანდელი მზერა ისევ დავიჭირე.
- რა იყო, დავაშავე რამე? - ახლა უკვე თამამად ვიკითხე.
- არა, უბრალოდ, რაღაც მინდა გითხრა, - უხერხულად გამიღიმა ბადრიამ.
სამზარეულოში გავედით. ბამბუკის სარწეველაში ჩავჯექი და ქანაობა დავიწყე.
- რა ხდება, ბადრია? - ვეღარ მოვითმინე, რადგან დუმილი დიდხანს გაგრძელდა.
- ეს გოგო ქალიშვილია? - ცოტა ხნის პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, ალაპარაკდა იგი.
- კი, რა იყო მერე?
- მართალს ამბობ, ზაზა? - ახლა კრისტინამ მკითხა.
- ჰო, მართალს ვამბობ, რატომ უნდა გატყუებდეთ? - გაოგნებული მივჩერებოდი ხან ერთს, ხან მეორეს. მიკვირდა, რატომ დაინტერესდნენ ასე ამ საკითხით.
- მერე? - ბადრიამ ფრჩხილების კვნეტა დაიწყო, - რატომ აწვალებ, არ ჯობია, შეეშვა?
- ვაწვალებ? ვინ გითხრა, რომ ვაწვალებ?
- ცოლად უპირებ შერთვას?
- ეგ ჩემი საქმეა. ძალიან გთხოვთ, ნუ ჩაერევით.
- არ ვერევი, ძმაო, მაგრამ მეცოდება ის გოგო. შენ ოჯახი გყავს, მშვენიერი ცოლი, არაჩვეულებრივი შვილი… ნატა კიდევ…
- რაო, რამე თქვა? - დავიძაბე.
- არა, ზაზა, ისეთი არაფერი. უბრალოდ, დილით, ყავა რომ დავლიეთ, ვილაპარაკეთ. გული გადამიშალა, რაღაც-რაღაცები მომიყვა და… _ კრისტინამ «კენტი» გააბოლა.
- თავი იმართლა, ქალიშვილი ვარო?
- ამას უთქმელადაც მივხვდი. ბალიშის ქვეშ პირსახოცები დაგიდეთ, ვიფიქრე, ღამით ადგომა არ მოუწევთ-მეთქი. თქვენ კი ხელიც არ გიხლიათ… - კრისტინა სკამზე ჩამოჯდა.
- რას ვიფიქრებდი, წესიერი გოგო თუ იყო. მეგონა, «ნაშოჩკაა» და დროის სატარებლად ჩამოაკითხა-მეთქი. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ… თქვენს ურთიერთობას მომავალი არა აქვს, შენც ხომ იცი. კარგი, დავუშვათ და, ყველაფერი მოხდა. რამდენ ხანს გეყოლება საყვარლად? გავა დრო და, ბოლოს და ბოლოს, ხომ მოგბეზრდება? მარადიული არაფერი არ არის, ძმაო, და არც თქვენი სიყვარული იქნება. მერე რა უნდა ქნას?.. რა ვიცი, აბა, შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე შენს ადგილზე შევეშვებოდი. ანგელოზივით ბავშვია, გათხოვდება, შვილებს გააჩენს, თავს მიხედავს, რა… - ხელები გაასავსავა ბადრიამ.
- მოდით, ნუღარ ვილაპარაკებთ ამ თემაზე მეტს, ძალიან გთხოვთ. მეც ვიცი, არასწორად რომ ვიქცევი, მაგრამ ცხოვრებაში ასე არავინ მყვარებია. არ ვიცი, რა იქნება მერე და მერე, მაგრამ დღეს მე ის მჭირდება და მინდა ჩემ გვერდით იყოს.
- შენიც კარგად მესმის, ზაზა. ვხედავ, რომ გიყვარს. სხვანაირად მთელი ღამე საყვარელ ქალთან ისე ვერ დაწვები, ხელი არ ახლო. მე რომ ვყოფილიყავი, ალბათ დავიკიდებდი მის ქალიშვილობას და ბოლოში გავიდოდი. ბოდიში, ძმაო, არ არის ეს ჩემი საქმე, მაგრამ ვერ მოვითმინე, არ მეთქვა. კრისტინამაც ურჩია თურმე, შეეშვი ამ კაცს, ხომ იცი, ცოლიანია და შენი გზა ნახეო, მაგრამ ვერ შეასმინა. იმასაც მაგრად უყვარხარ.
- ჩემზე მეტად ეგ ამბავი არავის აწუხებს, ბადრია. ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი და პრობლემა სწორედ ეს ურთიერთობაა, ბოლომდე გაურკვეველი ურთიერთობა, მაგრამ არ მინდა ამაზე არავისთან საუბარი. დავამთავროთ, კარგი?
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, - ბადრია ადგა და პირში სიგარეტგაჩრილი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
ხასიათი უარესად წამიხდა. წავედი-მეთქი, უხალისოდ ჩავილაპარაკე და კარი გამოვიხურე.
მხრებჩამოყრილი მივლასლასებდი ქუჩაში. უსიამოვნოდ ცრიდა. ციოდა კიდეც. ქურთუკის საყელო ავიწიე და თავი ჩავღუნე, რომ წვიმის წვეთები კისერში არ ჩამსვლოდა.
მართალი იყვნენ ორივენი, რას ვერჩოდი. თვითონაც კარგად ვიცოდი, რომ ნატას მომავალს ვუფუჭებდი, გზას ვუმრუდებდი. რომ არა მე, ვინ იცის, იქნებ უკვე ეპოვა კიდეც სხვა ბედნიერება, ცხოვრების ახალი მეგზური… რატომ უნდა გადავღობებოდი გზაზე? რატომ უნდა დამებრკოლებინა ჩემი სიყვარულის გამო? ხომ ვიცოდი, რომ ვერაფერს შევთავაზებდი? სანამ უნდა გაგრძელებულიყო ასე?
ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ ვიცოდი, წლების წინ მქონდა ნაფიქრი, მაგრამ მაინც ვერ ველეოდი. არ მინდოდა ნალოლიავები სიყვარულის დაკარგვა. არ მინდოდა, ნატა ჩემთვისაც ოცნების ქალად დარჩენილიყო, არც ის მინდოდა, სხვისი გამხდარიყო. ახლა კი, ამწუთას, ბადრიას და კრისტინას ნათქვამმა ისე იმოქმედა ჩემზე, როგორც ცეცხლზე ნავთის დასხმამ. თითქოს მათთან ლაპარაკის მერე ამეხილა თვალი.
მორჩა, აღარ დავურეკავ! - მოულოდნელად მტკიცედ გადავწყვიტე და ნაბიჯს ავუჩქარე.
გაგრძელება იქნება