სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველი ოლიმპიელების გამოჩენას. ეს ხმაური კი არა მათ პროფესიულ საქმიანობას, არამედ ჩაცმულობას ეხება.
ქვეყნისთვის დამახასიათებელი, ეროვნული და ტრადიციული მოტივებით შექმნილი სამოსი ოლიმპიადის განუყოფელი ნაწილია. ამით მონაწილე ქვეყნები და სპორტსმენები ხაზს უსვამენ საკუთარ იდენტობას. სწორედ ამიტომაა, რომ ამ საკითხზე მუშაობასა და მზადებას ქვეყნები დიდი ხნით ადრე იწყებენ. ზოგიერთი მათგანისთვის კი დიზაინს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები ქმნიან.
ქართველი ოლიმპიელების უნიფორმებზე წელს დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა იზრუნა. სამოსზე დატანილია ჯვრისა და ქართული ანბანის გამოსახულებები, წარწერით - "საქართველო".
ოლიმპიური თამაშების სამოსის შესახებ სტატია Vogue-მაც მოამზადა, სადაც საუკეთესო ჩაცმულობების შესახებ ვკითხულობთ. როგორც Vogue წერს, წელს გვაქვს შესაძლებლობა, ვიხილოთ სპორტული ჩაცმულობის უმაღლესი დონე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სამოსი ეროვნული სიამაყე და ქვეყნის წარმოჩენის საუკეთესო გზაა.
Vogue-ის მიხედვით, ოლიმპიური თამაშებისთვის საუკეთესოდ ჩაცმული ქვეყანა მონღოლეთია.
სამოსი Michel & Amazonka-ს მიერაა შექმნილი და "Tiktok ქარიშხალი" გამოიწვია, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან გამოყენებულია კომპლექსური დეტალების თვალწარმტაცი ერთობლიობა. მონღოლეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მონაცემებით, თითოეულ ფორმის შექმნას, საშუალოდ, 20 საათი დასჭირდა.
მეორე ყველაზე კარგად ჩაცმული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია. Polo Ralph Lauren აშშ-ის ოლიმპიური გუნდის უკან 2008 წლიდან დგას. წითელი, თეთრი და ლურჯი აქცენტები ქვეყანას საუკეთესოდ წარმოაჩენს და, როგორც აშშ-ს ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა სარა ჰირშლენდმა განმარტა, ეს სამოსი ერთიანობას გამოხატავს.
მესამე გამორჩეული სამოსი იამაიკას ეკუთვნის. იამაიკელი ოლიმპიელების ჩაცმულობაზე Puma-მ იზრუნა. გასაკვირი არაა, რომ უნიფორმა დროშის ფერებს იმეორებს და ქვეყნის პრეზენტაციის საუკეთესო გზაა.
რამდენიმე წლის წინ Hammock Magazine-მ ვრცელი სტატია მოამზადა ხელოვანი სიმონ მაჩაბელის შესახებ. სტატიაში ვკითხულობთ, რომ დიზაინერი, პირადი კოლექციების პარალელურად თეატრალურ, კინო და საოპერო სცენისთვის ძალიან საინტერესო კოსტიუმებს ქმნის.
"90-იანი წლების საქართველოში, მაშინ როცა სამხატვრო აკადემიაში სწავლა დავიწყე, მოდა, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობდა. ხატვისას მოდას იმდენად არ ვხატავდი, რამდენადაც გამოგონილ, ეგზოტიკურ ან ფანტასტიკურ სცენებს. თეატრალური წარმოდგენების მიმართაც მქონდა ინტერესი და ამიტომ თეატრის მხატვრობაზე ჩავაბარე. თავიდან სცენოგრაფიის სკოლა გავიარე, სადაც კოსტიუმების დიზაინსაც ვსწავლობდი. პირველი მოდის კოლექცია ედინბურგის კოლეჯში სწავლისას გავაკეთე, მაშინ როცა ჩემი სადიპლომო ნამუშევარი უნდა წარმედგინა. თუმცა, ეს არ იყო მკაცრად განსაზღვრული მოდა - ფაკულტეტს, რომელზეც ვსწავლობდი, Performance Costume Design ერქვა, რაც, ცხადია, გულისხმობდა მოდას, თუმცა თეატრალური წარმოდგენებისთვის, კინოსთვის და ა.შ. კიდევ უფრო საინტერესო სკოლა იყო და პლუს ამას სიღრმისეულად ვსწავლობდით კოსტიუმების ისტორიას, რაც დღემდე ძალიან მეხმარება. მოდის პირველი კოლექცია სან მარტინის კოლეჯში სწავლის დროს გავაკეთე, რომელიც შემდეგ ლონდონის მოდის კვირეულზე აჩვენეს", - ამბობდა მაჩაბელი.
"შინაგანად მგონია, რომ მოდა ძალიან არადემოკრატიული სფეროა. ჩვენების ბოლოს გამოდის დიზაინერი, რომელსაც, კი, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის, თუმცა მის გვერდით კიდევ უამრავმა ადამიანმა იმუშავა, რომლებიც არ ჩანან. ამაში ცოტა უსამართლობის ელემენტს ვხედავ. ამის გარდა, ძალიან მიყვარს ხატვა და ამ პროცესში ბევრ ახალ რამეს ვპოულობ. ესკიზს შეიძლება საბოლოო პროდუქტთან ბევრი საერთო არ ჰქონდეს, თუმცა ძალიან მეხმარება, მიმაჩნია, რომ პირველ რიგში ეს ესკიზია ჩემი ნამუშევარი. შემდეგ უკვე ამ ყველაფერს სხვა ადამიანებთან ერთად ვაძლევ ფორმას და ვქმნი სამოსის სახით, ამიტომაც მგონია, რომ მისი ამ ფორმით წარდგენა უფრო საინტერესო და გამართლებულია".
პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნება. საქართველოდან პარიზში უახლოეს დღეებში გაემგზავრება 28 სპორტსმენი, მათგან 7 ქალი - ლუბა გოლოვინა, ნინო სალუქვაძე, ანა ნიჟარაძე, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი, სოფიო სომხიშვილი, ლიკა ხარჩილავა.
ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა - ქართველი ათლეტები სპორტის ამ 9 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.
ქართველ სპორტსმენებს წარმატებას ვუსურვებთ პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე!