მართლაც, ორი კვირა ისე გავიდა, არ დამირეკავს. არადა, როგორ მინდოდა, ამეკრიფა მისი ტელეფონის ნომერი, როგორ მინდოდა… თავს ძალას ვატანდი, ხელი არ წამცდენოდა. მეშინოდა მისი ხმის გაგონების, რადგან ვიცოდი, აუცილებლად დაველაპარაკებოდი და ცდუნებას ვერ გავუძლებდი. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ არ დავურეკავდი, უეჭველად ჩამომაკითხავდა. ყველა შემთხვევისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი.
პირველი, რაც თავში მომივიდა, შაბათობით შინ გამგზავრება იყო. თუ ვინიცობაა და ჩამოვიდოდა, იქ არ დავხვდებოდი. ყოველკვირა ხომ ვერ ივლიდა? ბოლოს და ბოლოს, მოჰბეზრდებოდა წინ და უკან ფუჭად სიარული და ჩაიქნევდა ხელს, აბა, რას იზამდა!
გადავწყვიტე და გავაკეთე კიდეც. პარასკევ საღამოს ავიკრავდი გუდა-ნაბადს და პატარა დიტოს სანახავად გავრბოდი. მასთან ყოფნა ყველაზე დიდი შვება იყო ჩემთვის. დროებით ნატასაც მავიწყებდა და ბევრ სხვა პრობლემასაც. ნინოსაც უხაროდა, ხშირად რომ ჩავდიოდი, წამითაც არ აუღია ეჭვი, სხვა ქალის გამო რომ ვიქცეოდი ასე.
თვე ისე გავიდა, ნატასგან არაფერი ისმოდა. კრისტინას ტელეფონის ნომერი არ მიმიცია, ამიტომ ვერ დარეკავდა, მაგრამ გასაოცარი ის იყო, რომ ჩამოსვლითაც არ ჩამოდიოდა.
ეს არ მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან დასაშორებლად პირველი ნაბიჯი მე გადავდგი, მაინც მწყინდა, რომ არ მეხმიანებოდა. ვხვდებოდი, რაღაც სხვა ხდებოდა, მაგრამ როგორ გამეგო?
ერთ დღესაც, სამუშაოდან რომ დავბრუნდით, ბადრიამ დამიმარტოხელა.
- რაღაც მინდა გითხრა. ვიფიქრე, არ ვეტყვი-მეთქი, მაგრამ არ შემიძლია. ასე მგონია, ღალატი გამომდის.
- რა იყო, ნატაზე გაიგე რამე? - ისე დამეჭიმა სხეული, ლამის თვალთ დამიბნელდა.
- ჰო… და უნდა ვთქვა.
- მიდი, მერე, რას აყოვნებ.
- რეკავს ის გოგო, ლამის ყოველდღე.
- რეკავს? - გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, - ნომერი საიდან იცის?
- კრისტინასთვის გამოურთმევია წასვლის წინ.
- მერე?
- მერე და მერე. თავიდან ამას უთქვამს, აქ რეჟიმი გამკაცრდა, ვიღაცებმა გაქცევა სცადეს და მას მერე პატიმრებს გარეთ არ უშვებენო. არწმუნებდა, არ ჩამოხვიდე, მაინც ვერ ნახავ ზაზას, ჩემთანაც ვერ ახერხებენ ბიჭები ამოსვლასო, დააჯერა თურმე.
- მერე? - ადგილზე ავწრიალდი, ისე იმოქმედა ბადრიას ნათქვამმა.
- თავიდან მეც არ ვიცოდი, თუ რეკავდა, წუხელ მითხრა კრისტინამ. ისიც იმიტომ, რომ ჩამოსვლა დაუპირებია ნატას. გაუგია თურმე, სახლში რომ დადიხარ და…
- შენთან დიდი ბოდიში, ძმაო, მაგრამ მაგ ქალს ვინ მისცა იმის უფლება, ჩემ მაგივრად გადაწყვიტოს ასეთი რამეები? - სიბრაზისგან ტუჩები მომებრიცა.
- მეც ეგ არ ვუთხარი? მაგრად ვიჩხუბეთ გუშინ, რა შენი საქმეა, ზაზას საქმეში რატომ ერევი-მეთქი.
- როდის აპირებს ჩამოსვლას?
- არ ვიცი. კრისტინა გაიძახის, მგონი, დავარწმუნე, არ ჩამოვიდეს და იმედია, გაითვალისწინებს ჩემს ნათქვამსო.
- ამისთანა რა უთხრა?
- ხანდახან ცოლი აქეთ აკითხავს და იმ დროს არ მოგიწიოს ჩამოსვლამ, ის რომ აქ დაგხვდესო.
სიმწრისგან კბილები გავაკრაჭუნე.
- რას აპირებ? - მორიდებით მკითხა ბადრიამ.
ღრმად ამოვიხვნეშე.
- არაფერს, ალბათ მართლა ჯობია, არ შევხვდე.
- იქნებ ნახო და ყველაფერი აუხსნა? ასე უთქმელად დაშორება არ არის ლამაზი.
- არა, თუ ვნახე, ყველაფერი ძველებურად დარჩება, ვეღარ შევძლებ დაშორებას. ამას ვერ ვეტყვი.
- რა ვიცი, როგორც გინდა, ძმაო. მე ჩემი სათქმელი უნდა მეთქვა, არ მინდა შენი მოტყუება.
- გაიხარე, კარგი კაცი ხარ, დიდი მადლობა.
გულდამძიმებული დავბრუნდი ბარაკში. ვინ იცის, რაებს ელაპარაკებოდა კრისტინა ნატას, რითი უბურღავდა ტვინს. იქნებ საშინელი სიტყვებით მლანძღავდა, რომ ნატას შევძულებოდი?
ვეცადე, ამაზე მეტი აღარ მეფიქრა. თუ ჩამოვიდოდა, როგორმე ავუხსნიდი, რაც მოხდა და თუ არ ჩამოვიდოდა, მით უკეთესი, ახსნა-განმარტების გარეშე დამთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა.
მას მერე კრისტინასთან არ ავსულვარ. თვალის დასანახავად ვერ ვიტანდი. ქუჩაში რომ დავინახავდი, გავტრიალდებოდი ხოლმე, რომ არ შევჩეხებოდი. ჩემი ამბავი კარგად ვიცოდი, ვერ მოვითმენდი და ცუდად დამთავრდებოდა ჩვენი შეხვედრა.
8 8 8
ამასობაში ზაფხულიც დადგა. სტუდენტური არდადეგები დაიწყო. თითქოს შევეგუე ნატას დაკარგვას. ყოველ შემთხვევაში, ძველებურად არ განვიცდიდი, აღარ მიწევდა მასზე ფიქრით ღამეების გათენება.
ერთხელაც, ჩემებთან ჩავედი სახლში. ნინომ ახალი ამბავი დამახვედრა - ორსულად ვარო. დავიზაფრე. ეს მინდოდა ახლა?
- გაგიჟდი? რა დროს ეგ არის, ნინო, მე ჯერ მთელი ორი წელი დამრჩა მოსახდელი!
- მამაშენმა მითხრა, გააჩინე, შენ მაგაზე არ ინერვიულოო.
- გასაგებია, მაგრამ რა სასწრაფოა ახლა მეორე შვილის გაჩენა, გავრბივართ სადმე?
- შვილების… - ეშმაკურად შემისწორა ცოლმა.
- რა შვილების, - ვერ მივხვდი.
- ტყუპი მყავს, - თქვა და გაწითლდა.
ამან უარესად გამხადა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. აბორტზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. როგორია, ორი შვილი ერთად მოკლა.
- ოღონდ ჯერ სქესი არ ვიცი, ნაყოფი პატარაა და არ ჩანს, - ნინომ ნაზად მოისვა მუცელზე ხელი.
ესეც შენ, ზაზა! კიდევ კარგი, ნატასთან დროზე გავწყვიტე ურთიერთობა, ამიერიდან ნამდვილად გამორიცხული იყო ცოლთან გაყრა.
სახლში ვერ გავჩერდი, ვერც დიმიტრის ვეთამაშე. უგუნებობის დასაფარავად თეატრში წავედი, ბიჭებს მაინც ვნახავ და გულს გადავაყოლებ-მეთქი.
მოღრუბლული დღე იყო, მაგრამ კარგა გვარიანად ცხელოდა. ისეთი დახუთული ამინდი იდგა, ეჭვს არ იწვევდა, რომ გაწვიმდებოდა. თენგო, გოგა და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გარეთ გამოსულიყვნენ და შესასვლელთან ჩამწკრივებულიყვნენ. მეც მათ შევუერთდი. თენგო ძველ ამბებს ჰყვებოდა, ყველანი ვიცინოდით.
მოულოდნელად, თითქოს ვიგრძენი, რომ ვიღაც მიყურებდა. ნელა მოვატრიალე თავი და… შუა ქუჩაში ნატა შევნიშნე, იდგა და ჩვენკენ იმზირებოდა. მისმა გამოხედვამ დანასავით გამიარა გულში. ისევ ბიჭებისკენ მივბრუნდი, გადავწყვიტე, ყურადღება არ მიმექცია. უკვე აღარ მესმოდა, რას ჰყვებოდა თენგო, ფიქრებით იქ ვიყავი, ნატასთან.
ამასობაში უფრო და უფრო მოიქუფრა. მერე დაიგრგვინა და უცებ თავსხმა წვიმა დაიწყო. სულ რამდენიმე წუთში დაიტბორა ქუჩები. ნეტავ ნატა სად არის? შეაფარა სადმე თავი? - გავიფიქრე და უკან, ქუჩისკენ მივიხედე…
ადგილზე გავხევდი. ის იმავე ადგილას იდგა, იმავე პოზაში და იმავე მზერით იყურებოდა…
ერთ რამეს ვერ მივხვდი მხოლოდ - სახე მხოლოდ წვიმისგან ჰქონდა დასველებული, თუ ცრემლებისგანაც. ყრუ გმინვა აღმომხდა. ახლა რომ მისკენ გადამედგა ნაბიჯი, საბოლოოდ მასთან უნდა დავრჩენილიყავი… ზურგი რომ მექცია, ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი ამას.
თავად იპოვა გამოსავალი, უცნაურად ჩაიღიმა, გატრიალდა და წავიდა… მობუზული, მხრებში მოხრილი, ერთიანად გალუმპული…
ძალიან შემეცოდა… ისიც და ჩემი თავიც…
ჩვენ ერთად ყოფნა აღარასდროს გვეწერა.
არა, ასე არ შემეძლო. უნდა მეთქვა მისთვის რაღაც, უნდა მენუგეშებინა. სხვანაირად უნდა დავცილებულიყავი. საყვარელი ადამიანის ასე მიტოვება დანაშაული იყო, გამოუსწორებელი
შეცდომა.
გოგას ვეცი, მანქანის გასაღები მათხოვე, სასწრაფოდ მჭირდება-მეთქი. ალბათ ძალიან არეული სახე მქონდა, რადგან ისე მომაწოდა გასაღები, არაფერი უკითხავს. ერთადერთი ის მომაძახა, აქ დაგელოდებიო.
გიჟივით მივუყვებოდი ქუჩებს. ვერსად დავლანდე. ვერ მივხვდი, ასე უცებ სად გაქრა. რამდენჯერმე დავარტყი წრე ქალაქში, მთელი საათი ვიარე და ბოლოს, როგორც იქნა, დავინახე, სილამაზის სალონიდან გამოდიოდა…
ძალიან მოკლედ შეეჭრა თმა, ბიჭურად. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, სულ არ უხდებოდა. ზედ მის ფეხებთან გავაჩერე მანქანა და ხელით ვანიშნე, დაჯექი-მეთქი. საყვედურით სავსე თვალები შემომანათა, მაგრამ არ უყოყმანია, მაშინვე ჩაჯდა. თავით ფეხებამდე იყო გალუმპული.
ერთმანეთს არ მივსალმებივართ, არც არაფერი გვითქვამს. უხმოდ მივუყვებოდი სველ ტრასას და დაძაბული წინ ვიყურებოდი, მისკენ გახედვის მეშინოდა. მზარავდა მის მზერა - სასოწარკვეთილი და უიმედო…
ქალაქს რომ გავცდით, პირველივე გზაჯვარედინზე გადავუხვიე, სიმინდის ყანებს შორის გამავალ გზას შევუდექი. ცოტა რომ გავიარე, დავამუხრუჭე, ძრავა ჩავაქრე და ნატასკენ მოვტრიალდი.
დიდხანს შევცქეროდით ერთმანეთს.
- რატომ გამომყევი უკან? - პირველმა მან დაარღვია დუმილი.
- ანუ, რატომ მოგაგენი?
- ჰო.
- უბრალოდ, მივხვდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა.
- რა უნდა გაგეკეთებინა?
- უნდა მენახე.
- ხშირად ხვდები ასეთ რამეებს? - მზაკვრულად ჩაიცინა.
- არც ისე.
- ახლა რა მოხდა, რატომ გახდა საჭირო ჩემი ნახვა?
- მარტივი მიზეზის გამო, შენც გჭირდებოდა ჩემი ნახვა. მინდა, გელაპარაკო და ჩვენი საუბრის მერე ცხოვრება გაგიადვილო.
- ჰო-ო? საინტერესოა, ამას როგორ მოახერხებ. შენ რა, ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ? - ნატა აგრძელებდა ჩემს კბენას.
- დაახლოებით. ამიტომაც შენი დამშვიდება ჩემი მოვალეობაა.
- როგორც ანგელოზის?
- არა, როგორც ადამიანის. მოვალეობა ჩვენი ცხოვრების ნაწილია.
- გამოდის, რომ საოცრად გამიმართლა? - შეაკანკალა და მხრებზე შემოიჭდო ხელები.
თბილი ჰაერის ვენტილაცია ჩავრთე, რომ გამთბარიყო.
- ეს შენი გადასაწყვეტია და არა ჩემი. შენ როგორც იტყვი.
- აბა, რანაირი მფარველი ანგელოზი ხარ?
- ამწუთას არ ვარ.
- საერთოდ?
- საერთოდ ჩვენ ყველანი ანგელოზები ვართ, ვიღაცის მფარველი ანგელოზები.
- უცნაურია, - ყრუდ ჩაილაპარაკა და უფრო მოიბუზა.
- რატომ? შენც ხომ იყავი ერთ დროს ჩემთვის ანგელოზი?
- მაგრამ არა მფარველი, - თავის ქნევა დაიწყო, მერე ქვემოდან ამომხედა და თქვა, - შემიძლია ერთი რამ გკითხო? თუმცა… არა, არ ღირს, - მსწრაფლ გადაიფიქრა და განზე გაიხედა.
- მკითხე, ნუ გერიდება, - ოდნავ მისკენ გადავიწიე.
როგორ მინდოდა, შევხებოდი, გულში ჩამეკრა და ალერსით დამეხრჩო, ერთი შერხევა და ჩემს მკლავებში აღმოჩნდებოდა, მაგრამ… არა, თავის შეკავება ვამჯობინე.
- არც კი ვიცი, როგორ ვთქვა, - უხერხულად ჩაახველა.
- როგორც გამოგივა. მიდი.
- როგორ ჩნდებიან ანგელოზები?
- მარტივი შეკითხვაა. ადამიანებისგან.
- რა-ა? - გაოცების შეძახილი აღმოხდა.
- ჰო, ჰო. მე რა, ადამიანი არ ვიყავი?
- მგონი, კი, - ირონია გაურია ხმაში.
- ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი მათგანი მერე ანგელოზი ხდება.
- ამის გაგონება ჩემთვის ნამდვილი შოკია.
- სამაგიეროდ, დამეთანხმე, რომ თავად იდეა სრულიად ბუნებრივია. ასე არ არის?
- ალბათ… არ ვიცი. როგორ მოხდა ეს?
- ანგელოზი როგორ გავხდი?
- ჰო.
- არ ღირს ამის მოყოლა. ძალიან დამღლელი ამბავია.
- როგორც გინდა. მეც მაქვს შანსი?
- ანგელოზი გახდე? რა თქმა უნდა. შენ სხვა არჩევანის საშუალება არც გაქვს, რადგან ჩემზე ადრე იყავი ანგელოზი, - ვთქვი და გავუღიმე.
მსიამოვნებდა, უაზრო თემაზე რომ ვლაპარაკობდით. ეს თავისთავად იწვევდა უსიამოვნო სიტუაციის განმუხტვას. მეგონა, ჩვენი შეხვედრა ისტერიკებით დაიწყებოდა, ის ახსნა-განმარტებას მოითხოვდა ჩემგან, საყვედურებით ამავსებდა. ამ დროს სრულიად მშვიდად იჯდა და სულელურ შეკითხვებს მისვამდა.
- ოდესმე გყვარებია ვინმე? - მკითხა ცოტაოდენი პაუზის შემდეგ.
- როდის ოდესმე?
- რა ვიცი, ადრე…
- როცა ადამიანი ვიყავი? თუ როცა ანგელოზი გავხდი? - ჩამჭრელ კითხვას მისვამდა, უნდოდა, მისთვის სასურველი პასუხი მოესმინა.
- ამას მნიშვნელობა არა აქვს, - ისევ გადააქნია თავი
- რა თქმა უნდა, სხვანაირად ანგელოზი ვერ გავხდებოდი.
- მართლა? და ვინ წყვეტს ასეთ რამეებს?
- იდეურად, ამას ყველა თვითონ უნდა წყვეტდეს. სინამდვილეში კი, არავინ იცის.
- ის მაინც თუ იცი, როგორ მოვიქცეთ? რა ვქნათ მე და შენ? - ჩვენი დაილოგი კულმინაციას მიუახლოვდა.
- არაფერი, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. მოვა დრო და ყველაფერს მივხვდებით, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. შენს შემთხვევაში როგორ იყო?
- რა როგორ იყო?
- შენ გიყვარდა ოდესმე ვინმე?
- ახლა რომ ვუფიქრდები, არც კი ვიცი, მიყვარდა თუ არა… - შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა.
მისმა სიტყვებმა ბოლო მომიღო.
გაგრძელება იქნება