"ლისი ივენთ ჰოლში" გუშინ გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის ქორწილი გაიმართა. მანამდე წყვილმა გაამხილა, რომ პირველ შვილს ელოდება და სქესის გაგების გრანდიოზული ცერემონიაც მოაწყო, ქორწილამდე ერთი დღის ადრე კი იუსტიციის სახლში ხელი მოაწერა.
გიორგი საკუთარი ქორწილის დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. ამ მნიშვნელოვან ამბავთან ერთად, მან ოჯახის ოფიციალურად შექმნაც იზეიმა და "ლისი ივენთ ჰოლში" ულამაზესი საღამო მოაწყო. წვეულებას მუსიკალურად ახალგაზრდა მომღერალი, მარიამ შენგელია აფორმებდა, რომელთან ერთადაც თავად გიორგიმაც იმღერა. კადრები ქორწილიდან სტუმრებმა უკვე გაგვიზიარეს, ამჯერად კი ფოტოები სპორტსმენის დამ, ნინიკომ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მან უმშვენიერესი წითელი კაბა მოირგო. ასევე წითელი კაბა ეცვა გიორგის დედას, თამუნა ბლიაძესაც.
გიორგი მამარდაშვილისთვის ფეხბურთი ბავშვობიდან ახლობელი იყო - მამა, დავით მამარდაშვილი, ვეტერანი მეკარე გახლავთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით თამაშობდა - მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობით დაკავდა.
გიორგი მამარდაშვილის დედა თამუნა ბლიაძეა. დედა გიორგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ხშირად ესწრება თამაშებს და ყოველთვის მხარში უდგას მას.
გიორგის ჰყავს და, ნინიკო მამარდაშვილი, რომელიც სტუდენტია. ნინიკოს "ტიკ-ტოკის" მომხმარებლები კარგად იცნობენ, რადგან ის აქტიურად აქვეყნებს ვიდეოებს საკუთარი ყოველდღიურობის შესახებ. მის გამომწერებს განსაკუთრებით მოსწონთ გიორგისთან ერთად გადაღებული ვიდეოები და მუდმივად ითხოვენ მის კადრში გამოჩენას. და-ძმა ერთად დიდ დროს ვერ ატარებს, რადგან გიორგი ვალენსიაში ცხოვრობს, ნინიკო - თბილისში, თუმცა მათ განსაკუთრებულ დაძმობაზე ბევრს წერენ - ნინიკო ყველაზე ძალიან ამაყობს ძმით და ყოველთვის უმაგრებს ზურგს.
რაც შეეხება გიორგის მეუღლეს, ის მოდელი ელენე ეპიტაშვილია.
ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
ელენე პიტაშვილი წლების მანძილზე თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან და მათ გვერდზე მშვენიერი მოდელის არაერთ კადრსაც შეხვდებით.
განსაკუთრებული იყო ელენეს გამოჩენა ქართველი მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის კლიპში "სიყვარულის გემი".
ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: "შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს.
სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. ქორწილი ჯერ არ დაგვიგეგმავს. სავარაუდოდ, თბილისში იქნება. ჯერ ზუსტი თარიღი არჩეული არ გვაქვს.
მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც", - ამბობდა გიორგი.