გიორგი გველესიანის განცხადება, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა - Marao

გიორგი გველესიანის განცხადება, რომელსაც დიდი კრიტიკა მოჰყვა

2024-07-19 11:11:54+04:00

გიორგი გველესიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია. ის წლების მანძილზე აზიაში თამაშობდა და ბოლოს თეირანის „პერსეპოლისის“ ფეხბურთელი იყო, ამ ეტაპზე კი თავისუფალი აგენტია. 

გიორგი გველესიანი 33 წლის ასაკში პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. მან გულშემატკივარს თავი ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-პორტუგალიის მატჩით დაამახსოვრა. 

"ისევ ფიქრობ, რომ ფეხბურთი ქალების საქმე არ არის?" - ეს კითხვა მას Geo Team-თან ინტერვიუს დროს Youtube-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუსვა. 

  • "ვისაც უნდა, უნდა ითამაშოს. ჩემი პირადი აზრია, რომ ფეხბურთი ქალების საქმე კი არ არის, არამედ ნაკლებად არის, ვფიქრობ, რომ ნაკლებად გამოსდით. თუმცა, როცა ვუყურებ ჩვენი ქალთა ნაკრების თამაშებს, გაკვირვებული ვარ, ძალიან აქვთ მომატებული [თამაშის ხარისხს] და შესაძლოა, ჩემი ეს აზრი ძალიან მალე შეიცვალოს. თქვენ თუ უყურებთ ქალთა ფეხბურთს საერთაშორისო მასშტაბით, არ ვიცი, მაგრამ მე არ ვუყურებ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ვასიამოვნო, მე ვერ ვიტყვი, რომ ქალთა და მამაკაცთა ფეხბურთი თანაბარია, არ არის", - თქვა გიორგი გველესიანმა. 

ცოტა რამ ქალთა საფეხბურთო ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებაზე

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ნაკრები  ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა.  ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ირის ანტამანის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური რაუნდის დასკვნითი მატჩი სტუმრად ლიეტუვის ნაკრებთან გამართეს, 1:0 გაიმარჯვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, რითიც პლეი-ოფში ითამაშებენ.

  • "მამაჩემს, იმისთვის, რომ კარგად ვყოფილიყავით, არ უთაკილია არც ერთი საქმის შესრულება" - გიორგი გველესიანი 

პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.

გიორგი გველესიანი 

გიორგი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2010 წლის პირველ დეკემბერს შედგა. გიორგი შეხვედრის 70-ე წუთიდან კამერუნელი ლეგიონერის, დონალდ ჯუსეს ნაცვლად ჩაერთო თამაშში, რომელიც „დინამომ“ 2–0 მოიგო.

ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გიორგი გველესიანმა 2013 წლის 19 აპრილს, სტუმრად გამართულ მე-6 ტურის შეხვედრაში ზუგდიდის „დინამოს“ გაუტანა. მატჩის 22-ე წუთზე მან გიორგი შაშიაშვილი შეცვალა, ხოლო მე-60 წუთზე ზუგდიდელთა კარი აიღო. საბოლოოდ, თბილისელებმა შეხვედრა 2–0 მოიგეს.

სულ „დინამოს“ შემადგენლობაში 81 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. „დინამოს“ რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი და ორჯერ საქართველოს სუპერთასის მფლობელი.

  • პირველი შეხვედრა და სიყვარულის საოცარი ამბავი - გიორგი გველესიანისა და ლინდა კიკოლაშვილის ცხოვრების ამბები 

ირანში პირველად 2017 წელს, თბილისის „დინამოდან“ გადავიდა, სადაც თავიდან „ზობ აჰანის“ რიგებში დაიწყო თამაში. საერთო ჯამში, „ზობ აჰანის“ შემადგენლობაში 2017–2018 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ირანის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

„ნასაჯი მაზანდარანის“ შემადგენლობაში 2018–2019 წლების სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო. „სეპაჰანის“ რიგებში 2019–2022 წლებში თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2020–21 წლების სეზონში ირანის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა.

2022 წლიდან „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში განაგრძო თამაში. გიორგი გველესიანი ირანის პრო-ლიგის 2022–23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს. 

გიორგი გველესიანის ოჯახი 

გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელთანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს. გიორგის ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. გიორგი გველესიანის დედა, ლელა გრძელიშვილი, ჟურნალ "გზასთან" საუბრისას მისი ოჯახის შესახებ საუბრობდა: 

"გიორგის ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, ლინდა კიკოლაშვილი. რომ ველაპარაკე, მითხრეს, ლინდამ ისე ინერვიულა, ძლივს მოვასულიერეთო. მან ხომ იცის გიორგის განწყობა. ისეთი მოწყურებული იყო თამაშს, მოედანზე შევარდა…

  • "გიორგი საქართველოში ახლა გახდა აღმოჩენა, თორემ ირანში თაყვანისმცემლების არმია ჰყავს..." - რას ჰყვება გიორგი გველესიანის მეუღლე 

3 შვილი ჰყავს, მათ შორის, 2 – პირველი ქორწინებიდან. გიჟი მამაა, საოცრად ყურადღებიანი და მზრუნველი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ბავშვებთან ახლოს ვერ არის, მათი აღზრდის საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართულია. ყველა დეტალი იცის. მშობელთა ჯგუფშია გაწევრებული და ყველაფრის საქმის კურსშია. ბიჭი ფეხბურთზე დადის და იცის, რომელ დღეს, რომელ საათზე აქვს ვარჯიში. ასე შორს იყო ამდენი წელი და შვილების ყველა ნაბიჯი იცოდე? გიორგისნაირი მამა არც შემხვედრია…“ - ამბობდა ის.  

თავად გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილიც საკუთარ საქმიანობაშიც წარმატებულია. ის ჰოლივუდის კინოაკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტია. დაკავებული ცხოვრების მიუხედავად კი, ახერხებს მეუღლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყოს.