ნინო სალუქვაძე ქართველი სპორტსმენი, მიზანში მსროლელია. იგი 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა. სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი — ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა 1988 წელს საბჭოთა კავშირის გუნდში ასპარეზობისას, ხოლო ბრინჯაოს მედალი - 2008 წელს საქართველოს გუნდში.
ნინოს ბავშვობაში კალათბურთის თამაში სურდა და მშობლებიც მხარს უჭერდნენ, თუმცა სიმაღლის გამო მწვრთნელმა ის გუნდში არ აიყვანა. ამის შემდეგ ნინომ მუსიკის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული, თუმცა ისიც და მშობლებიც ხვდებოდნენ, რომ ბავშვს სხვა ინტერესები ჰქონდა. მოგვიანებით, ნინოს მამამ — ვახტანგ სალუქვაძემ, რომელიც მიზანში სროლის მწვრთნელია, გადაწყვიტა, რომ შვილისთვის რამდენიმე გაკვეთილი ჩაეტარებინა.
19 წლის იყო 1988 წელს ზაფხულის ოლიმპიადაზე ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვებისას ქალთა შორის მიზანში სროლაში ასპარეზობისას 25 და 10 მეტრი ნიშნულიდან.
"ჩემი ყველაზე პირველი ძლიერი საერთაშორისო შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატი იყო იუგოსლავიაში. ვარჯიშებზე ვისროდით ჩვეულებრივი საბჭოთა რუსული ტყვიებით, რომელიც იყო საიდუმლო დანიშნულების. ხელით აწყობდნენ და სროლის მერე გილზებსაც, ნასროლ მასრებს უკან ვაბარებდით. ასეთი გასაიდუმლოებული ტყვია შეჯიბრებაზე შემხვდა დენთის გარეშე და გაიჭედა ლულაში. მე ამას ვერ მივხვდი, იმიტომ, რომ გადმოვარდა გილზა და მეგონა, რომ ჩვეულებრივ არ გაისროლა, ხდება ხოლმე ასეც. ამ დროს შეგიძლია გადატენო თავიდან. რომ დავტენე და შემდეგი ტყვია მოვათავსე, მივხვდი, რომ შიგნით იყო ის თავი დარჩენილი.
საბოლოოდ, ორივე ერთად გავარდა. გადავრჩი, რომ არ გასკდა იმ ადგილას, სადაც ტყვიას ვდებთ. გაიბერა ლულა რამდენიმე ადგილას, მოხვდა ტყვია ცხრიანში და რვიანში, მე კიდევ გაბრაზებული ვიყავი, ცხრიანი და რვიანი როგორ გამაკეთებინა. მაშინ ფარებზე, ქაღალდზე ვისროდით. მსაჯები რომ მივიდნენ, გაუკვირდათ, ამხელა ნახვრეტი რანაირად გავაკეთე. არ იცოდნენ, რომ ორი ტყვია გავარდა.
მეორე დღეს მქონდა მეორე ნაწილი სასროლი იმავე იარაღით. ვფიქრობდი, მობილიზაცია როგორ უნდა მომეხდინა. ეს შეჯიბრებაც მოვიგე, მაგრამ ისეთი გაბრაზებული ვიყავი, როგორ გამიკეთა იარაღმა ასეთი რამ" - იხსენებდა ნინო.
ნინო სალუქვაძის შვილი ასევე ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანია. 2016 წელს ევროპის ჩემპიონატზე ცოტნე მაჭავარიანმა მე-6 ადგილი დაიკავა 10 მეტრიდან ჰაერში სროლაში. 2016 წელს ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე გახდნენ პირველი დედა-შვილი, რომელთაც ერთ ოლიმპიურ თამაშებზე ერთად იასპარეზეს. წელს კი ნინო იქნება პირველი ქალი სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიადაზე მეათედ იასპარეზებს.