კალათბურთელ დუდუ დადიანს 13 ნომრით იცნობენ, ყველგან სადაც ის ასპარეზობდა ამ ნომრით გამოდიოდა.
როგორც ჰყვებიან არისტოკრატიული გარეგნობის სპორტსმენი საოცარი თავმდაბლობითა და გულუბრყვილობით გამოირჩეოდა, თავგადასავლების მოყვარული დუდუ, ხიფათიან ამბებშიც ხშირად ეხვეოდა.
ერთხელ თურმე ნადირობით გატაცებულმა ლაშქრობის დროს მეგობართან ერთად შემთხვევით აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა მესაზღვრეებმა დააკავეს და რამდენიმე დღე იმამ იმამ შამილის კოშკშიც გამოკეტეს სანამ ნათესავებმა არ შეიტყვეს ამბის შესახებ და ყველაფერი არ გაარკვიეს.
დუდუს სასიყვარულო ისტორიებს მისი და, მაკა დადიანი იხსენებს.
„ბავშვურ გატაცებას თუ არ ჩავთვლით, პირველი სერიოზული სიყვარული, რომელიც ვიცი, ერთი ძალიან ლამაზი გოგო იყო, მსახიობი... ეს გოგო მაშინ ნახევარ თბილისს უყვარდა და ძალიან პოპულარული იყო. დუდუ კი სულ პატარა ბიჭი, ლამაზი, მაგრამ მაშინ არანაირი სტატუსი არ ჰქონია, დამწყები კალათბურთელი იყო, მეტი არაფერი.
მოკლედ, ამ გოგოს თავი ვერაფრით მოაწონა, მგონი რიგითი თაყვანისმცემლების სიაშიც ვერ ჩაეწერა და ეს რომ შეამჩნია, ძალიან ეწყინა და მისკენ აღარც გაუხედავს.
მერე, ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია, უკომპლექსო, მხიარული და ხმამაღლა ამბობდა: ეს რა დამემართა, რა ბიჭი გავუშვი ხელიდანო. დუდუსაც ეცინებოდა, მაგრამ მისთვის, როგორც ქალისთვის, აღარასდროს შეუხედავს.
საერთოდ, ახლა რასაც ვიხსენებ, მაინც მგონია, რომ სიყვარულში არ უმართლებდა. ბედი არ ჰქონდა. მის ირგვლივ უამრავი შეყვარებული ქალი იყო, ნაცნობი თუ უცნობი, ქმრიანი თუ უქმრო, მასზე უფროსი თუ უმცროსი, ყველას რა დაიმახსოვრებდა. შეიძლება დონ-ჟუანის რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ ეს მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა...“ (წყარო)
დუდუ დადიანი 2002 წელს თბილისში, სპორტის დეპარტამენტის შენობაში მოკლეს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა დადიანსა და უცნობ ადამიანს შელაპარაკების შედეგად მოხდა. მკვლელი დაუდგენელია.
მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ ახალი არაფერი თქმულა, არც დუდუს მკვლელი დასჯილა. მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა.
" ჭორაობას ვერ დავიწყებ, ვერც ვერსიებით და ვარაუდებით ვილაპარაკებ. ჩამდენმა ერთი ცოდვა ქნა, დამბრალებელმა ათასიო. როგორც მკვლელობის პირველ დღეს არაფერი იყო ნათელი, დღესაც ასევეა.
მე და მამაჩემი პროკურატურაში დაგვიბარეს - საქმე გაგვახსნევინეთო. წყალწაღებულებს დახმარებას გვთხოვდნენ. მაშინ უბრალოდ გამოგვკითხეს... გაგვიხარდა, საქმე დაიძრაო. გამომძიებელმა კახა მაჭავარიანმა გვითხრა, იმედი გვაქვს, გვერდში დაგვიდგებითო. ამის შემდეგ გაგიგიათ რამე? მე საგაზეთო ჭორების გარდა, არაფერი მსმენია. იმ მომენტში ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა (ზეწოლა შემდეგ დაიწყო). დაკითხვის დროს აბსურდულ რაღაცებს მეკითხებოდნენ, იმ სულელურ ვერსიებს ვერც გავიმეორებ. მათ მიერ შეთხზული სცენარი ასეთი იყო: თითქოს ვატო ყიფიანმა მოკლა კახი ასათიანი, რადგან კახიმ თავის დროზე შვილის, მაკა ასათიანის გამო იძია შური და მოაკვლევინა დუდუ... ეს იმდენად აბსურდულია, ლაპარაკი არც მინდა. სანამ დამიჭერდნენ, მანამდე პრესით გავრცელდა ეს სულელური ვერსია..." - ამბობდა დუდუს ძმა, ლევან დადიანი.