ზეინაბ კედია აგრაფინა თავართქილაძისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის (განსაკუთრებული რაზმის სამმართველოს) ხელმძღვანელის მელქისედეკ კედიას ქალიშვილი იყო.
კედიების ოჯახი საქართველოში ბოლშევიკური წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ამ დროს მელქისედეკ კედიას მეუღლე - აგრაფინა თავართქილაძე ზეინაბზე ფეხმძიმედ იყო. ოჯახი 4 წლის მანძილზე ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა. აქვე, 1921 წლის 8 ივლისს სტამბოლში დაიბადა ზეინაბ კედია. ოჯახი თურქეთიდან პარიზში გაემგზავრა.
ზეინაბ კედია
"მამა მთავრობას გაჰყვა ბათუმში. რომ არ წასულიყო ალბათ მოკლავდნენ. ბათუმიდან დაურეკა დედაჩემს: "სასწრაფოდ ჩამოდი, უკანასკნელ გემს უნდა გავყვეთო". დედაჩემს უთქვამს: "როგორ წამოვიღო ამდენი რამე, ხალიჩები, ქონება ხომ დაიკარგებაო". მამას უთქვამს: "არ გესმის, რაც ხდება? სამშობლოს ვკარგავთ და შენ კი ხალიჩებზე ფიქრობო". რაც ჩაეტია ბებიას ნამზითვ დიდ სკივრში, სულ ტირილით ჩაულაგებია დედას, ბათუმში მამასთან ჩასულა და საქართველო ბოლო გემით დაუტოვებიათ. ამ სკივრმა სალომესთან ერთად მერე მთელი მსოფლიო მოიარა და ამდენი წლის ხეტიალის შემდეგ კვლავ საქართველოში დაბრუნდა...
"თავდაპირველად სტამბოლში ვცხოვრობდით. ჩემოდნებსაც კი არ ვხსნიდით, ყოველდღე ველოდებოდით სახლში დაბრუნებას. მამას რამდენჯერმე შეუთვალეს ბოლშევიკებმა: "დაბრუნდიო", მაგრამ არ დაბრუნდა. 45 წლის მამამ ენა არ იცოდა და ქარხანაში უბრალო მუშად მუშაობდა, დედაც ბევრს მუშაობდა - ამერიკელი ქალებისათვის აბრეშუმის, მაქმანებიან კომბინიზონებს ქარგავდა. მიუხედავად ამისა, ძალიან გაგვიჭირდა. 1925 წელს, როცა ქემალ-ფაშა სტამბოლს მოუახლოვდა, საფრანგეთში გავემგზავრეთ. იმ დროს იქაც უმუშევრობა იყო. მერე მამამ "სიტროენის" ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მძიმე სამუშაო იყო 1878 წ. დაბადებული კაცისათვის, თუმცა რაღაც შემოსავალი მაინც იყო. დედა საფრანგეთშიც ქარგავდა, როგორც ყველა ქართველი ქალი და ოჯახს ეხმარებოდა.
სკოლაში რომ შემიყვანეს, ერთი სიტყვა არ ვიცოდი ფრანგულად. უცხოელს ყურადღებას არავინ მაქცევდა. სულ ვტიროდი. მერე გადამიყვანეს კერძო სკოლაში. ერთი ბაგრატიონის ქალი ძალიან მდიდარ ამერიკელ ვართჰაუზს გაჰყვა და რამდენიმე ბავშვს სწავლის ფული იმან გადაგვიხადა."
ქორწინება
საფრანგეთში ცხოვრებისას გაიცნო ემიგრაციაში მყოფი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ლევან ზურაბიშვილი, რომელიც ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი გახლდათ. ზეინაბ კედიას და ლევან ზურაბიშვილის შვილები არიან ოთარ ზურაბიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოში პირველად 1986 წელს ჩამოვიდა, როცა მისი ქალიშვილი, სალომე, საფრანგეთში დიპლომატი გახდა. იგი 2016 წელს 94 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მისი პანაშვიდი წმინდა ნინოს პარიზის ქართულ ეკლესიაში გადაიხადეს“