ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. ნიცა ორსულადაა და ისინი მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან. ხვიჩა კვარაცხელიამ სასიხარულო ინფორმაცია საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ და საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისას გააჟღერა. როგორც ფეხბურთელმა თქვა, უნდოდა, გოლი გაეტანა და სპორტსმენების ტრადიციული ჟესტით გაეზიარებინა ეს სიახლე, თუმცა იმ ისტორიულ დღეს ემოციები მაინც განსაკუთრებული იყო.
ორსული ნიცა თავაძე საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება. ის არც სოციალურ ქსელშია აქტიური და საკუთარ ფოტოებს საჯაროდ თითქმის არასდროს აქვეყნებს. ყველასთვის საყვარელი წყვილის გამოჩენას კი ახლა უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა.

ნიცა თავაძე და ხვიჩა კვარაცხელია
წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.
გავრცელდა კადრები იმის შესახებაც, თუ როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ნიცა და ხვიჩა იცხოვრებენ. როგორც ცნობილია, ქორწილის მეორე დღეს ისინი იტალიაში გაემგზავრნენ და ნეაპოლში დაბინავდნენ. მათი სახლი მყუდროა, ზღვის ხედით.