სიცოცხლემისჯილი - თავი 1 - Marao

სიცოცხლემისჯილი - თავი 1

2024-07-22 11:19:57+04:00

ნოველები 

რეალურ ამბავზე აგებული რომანი, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის, ზაზა ჩუთლაშვილის (სახელი და გვარი შეცვლილი არ გახლავთ) თავგადასავალს მოგითხრობთ იმის შესახებ, როგორ დააპატიმრეს საგურამოს ტყეში 2 ადამიანის მკვლელობისთვის, ცრუ ჩვენება წამებით მიიღეს და 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მაშინ, როცა კანონი მის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. დახვრეტა არ მიუსაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლომ იცოდა, რომ დანაშაული მისი ჩადენილი არ იყო და სასიკვდილოდ არ გაწირეს. ნაწარმოებს სახელიც - "სიცოცხლემისჯილი" სწორედ ამის გამო შევურჩიე. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ზაზას დედა შემთხვევით გავიცანი, შვილის შესახებ მისგან მოვისმინე და მისივე თხოვნით, ზაზას ერთხელ ინტერვიუსთვის ციხეშიც შევხვდი. ამის შემდეგ ის თავის თავგადასავალს წერდა და პაემანზე მისულ დედას ჩემთან ნაწილ-ნაწილ ატანდა. ასე შეიქმნა ეს რომანი. ზაზამ ბოლომდე მოიხადა 15 წელი და 3 წლის წინ გათავისუფლდა. ის რედაქციაშიც მეწვია, რამდენჯერმე ქუჩაშიც გადავეყარე... მუშაობს და ცხოვრებას აგრძელებს, თუმცა, ამაზე მეტი მის შესახებ არაფერი ვიცი. თუ გამომეხმაურება, სიამოვნებით შემოგთავაზებთ მასთან ახალ ინტერვიუს. ყველაფერი კი ასე მოხდა:

პირველი ნაწილი

- ზაზა! ზაზა! - ბუნდოვნად ჩამესმა ნინოს ხმა. თვალები გავახილე. მთლად ოფლში ვცურავდი, გული გამალებით მიცემდა, ნერვიულობისგან კი კისრის ძარღვები დამძაბვოდა და მტკიოდა. ლოგინში წამოვჯექი, იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი და ხელის თითები თმაში შევიცურე. კარგა ხანს ვიყავი ასე. ნინო ალბათ აზრზე მოსვლას მაცდიდა და ხმას არ იღებდა. მის თბილ ხელისგულს ვგრძნობდი ჩემს ზურგზე და ცოტათი ვმშვიდდებოდი. მერე ბალიშზე მოწყვეტით დავეცი და ჭერს მივაპყარი მზერა.

- ზაზა, კოშმარი გესიზმრა? - ჩურჩულით მკითხა ნინომ.

- ჰო, საშინელი სიზმარი ვნახე. დიდ, ღრმა ორმოში ვიყავი. ისე ბნელოდა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ამოსვლას ვცდილობდი, ფრჩხილები დასისხლიანებული მქონდა მიწის ფხოჭნით. როგორც კი გავიფიქრებდი, რომ საშველი სადაცაა დამადგებოდა და ორმოდან თავს დავაღწევდი, პატარა ტანის 3 ბალნიანი არსება გამოჩნდებოდა ხოლმე. ერთი ფეხებზე მეკიდებოდა, მეორე თავზე მაჯდებოდა, მესამე კი ხელებს მაშვებინებდა ორმოს ნაპირზე და ისევ უკან ვვარდებოდი. საშინლად ვიტანჯებოდი.

- კარგი, დაწყნარდი, ეს მხოლოდ სიზმარი იყო. ხანდახან მართლაც უცნაური რამ დაესიზმრება ადამიანს.

როგორც ჩანს, ჩვენს ჩურჩულზე პატარა გიომ გაიღვიძა და ატირდა. ის 5 თვის იყო. იქვე, ჩვენ გვერდით, პატარა ხის საწოლში ეძინა. გიო ჩემი მეორე შვილია. უფროსი გოგონა მყავდა – ნათია. ნინო გიორგის დასაწყნარებლად ადგა, მე კი ფიქრებს მივეცი თავი.

როგორც ჩანს, წინა დღეს მომხდარმა ავარიამ იმოქმედა ჩემზე ცუდად. ჩემს ისედაც დანგრეულ და დაფახფახებულ მანქანას ესღა უნდოდა?! 27 დეკემბერს, ღამით, მორიგე ვიყავი, 28-ში, დილით კი, მე და ჯუბა შინ ვბრუნდებოდით. ჯუბა ჩემი თანამშრომელია. თემურ მღებრიშვილთან, სპეცდანიშნულების რაზმში ერთად ვმუშაობდით და 2 თვის წინ მცხეთის პოლიციაში ერთად გადმოვედით. იმ დილით, ჩვეულებრივად, მორიგეობიდან შინ ერთად ვბრუნდებოდით. მუხიანში ვცხოვრობდი. როგორც კი დიღმიდან გლდანში გადასასვლელ ხიდზე შევდექით, უკნიდან დარტყმა ვიგრძენი. მე და ჯუბა მანქანიდან გადმოვედით. თეთრი ფერის "გაზ-24" დამჯახებოდა. მძღოლი ვიცანი - ჩემი მეზობლის მეგობარი იყო. სიმთრვალისგან თვალებს ძლივს ახელდა, მაგრამ მაინც მიცნო. ძალზე შეწუხდა და თვითონვე შემომთავაზა, რომ ჩვენს საერთო მეგობართან ავსულიყავით მოსალაპარაკებლად. მეორე დღეს, 29 დეკემბერს, ჩემი ნათიას დაბადების დღე იყო. რაიონში ვაპირებდი ასვლას. ახალი წელიც ახლოვდებოდა. ბევრ რამეში შემეშლებოდა ხელი და ამას ვწუხდი. რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ავარია ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდებოდა?!

...ნინომ გიორგი დააძინა და თვითონაც დაწვა. თავი მოვიმძინარე, რადგან არ მინდოდა, მისთვისაც გამეტეხა ძილი. მე კი საფიქრალი ბლომად მქონდა. კარგა ხანს ვიფხიზლე და გამთენიისას, როგორც იქნა, ჩამეძინა.

უხასიათოდ, მოთენთილმა გავიღვიძე. გუშინდელი დღის ამბებმა და ღამით ნანახმა კოშმარმა, როგორც ჩანს, ძალზე იმოქმედა ჩემზე. ის იყო, ხელ-პირი დავიბანე და საუზმობას ვაპირებდი, რომ კარზე დააკაკუნეს.

- ჯუბაა! – გამომძახა დერეფნიდან ნინომ.

- შემოდი, - დავუძახე სამზარეულოდან.

- როგორ ხარ? - ჯუბამ მხარზე ხელი დამარტყა და ჩემ წინ დაჯდა.

- ვერ ვარ კარგად. სუსტად ვგრძნობ თავს. ჩაის დალევ?

- არა, ვისაუზმე უკვე. ხომ არ გაარკვიე რამე გუშინ საღამოს?

თავი უსიტყვოდ გავაქნიე უარის ნიშნად.

- სამსახურში არ წავიდეთ?

- დღეს ნათიას დაბადების დღეა, სტუმრებს ველოდებით. ათასი რამ დაგვჭირდება ოჯახში, ნინოს უნდა მივეხმარო. საღამოს შენც დაპატიჟებული ხარ. მოდი, დღეს ნუ წავალთ სამსახურში.

- კარგი, როგორც შენ იტყვი, ისე მოვიქცეთ. წავალ, მეც ჩემს საქმეებს მოვაგვარებ, მაშინ.

ჯუბა აღარ შემიჩერებია. კარამდე მივაცილე.

- საღამოს გელოდები, იცოდე! - მივაძახე კიბეზე ჩამავალს.

- მოვალ! - პირველი სართულიდან მომესმა მისი ხმა.

***

მცხეთის რაიონის პროკურორის მოადგილის, ვაჟა ხუცურაულის კაბინეტში 2 ადამიანი იჯდა - ვაჟა და მე-6 განყოფილების უფროსი ლევან მიგრიაული.

- სად არის ეს კაცი ამდენ ხანს - ნერვიულობისგან ყვრიმალი უთამაშებდა ვაჟას. ოთახში ერთი გრძელი მაგიდა, რამდენიმე სკამი და მომცრო ღუმელი იდგა, რომელშიც ნედლი შეშა შეეკეთებინათ და თავის თავსაც ძლივს ათბობდა. როგორც კი ქარი დაუბერავდა, კვამლი ოთახში შემოდიოდა და სუნთქვა შეუძლებელი ხდებოდა. კედელზე პრეზიდენტ შევარდნაძის ფოტო ეკიდა, რომელიც ალბათ კვამლს თუ გაეყვითლებინა და სინესტეს ოდნავ მოეჭმუჭნა.

- რომელ საათზე გყავს დაბარებული? - იკითხა ლევანმა და ღუმლის კარი გამოაღო. ცეცხლს სული შეუბერა, მაგრამ იქიდან გამოვარდნილმა კვამლმა ლამის დაახრჩო. გინებით მიხურა ღუმლის კარი და მაგიდასთან დაბრუნდა.

- გამარჯობა. - ღია კართან გამომძიებელი ლაშა გულდედავა იდგა. საკმაოდ ჩასუქებული, კარის ჭრილს თითქმის მთლიანად ავსებდა. სიცივისგან ლოყები დასწითლებოდა და ძლივს სუნთქავდა. ალბათ კიბეზე ამოსვლა ძალზე უჭირდა.

- მოდი, კაცო, სად ხარ ამდენ ხანს? - გულმოსულმა უთხრა ვაჟამ და სკამზე მიუთითა. ლაშა როგორც იქნა, სკამზე მოთავსდა და სქელი საქაღალდე წინ დაიდო. - ახალი რა არის?

- ამ საღამოს ავიყვანთ, - გამარჯვებული კაცის გამომეტყველებით თქვა ლაშამ.

- მთავარი აყვანა კი არა, საქმის ბოლომდე მიყვანაა. ისეთი არგუმენტები უნდა დავუდოთ წინ, რომ დედა უტიროს ყველაფერს, - საუბარში ლევანი ჩაერთო.

- კონსტანტინოვიჩ, აღიარების მიღება გაგვიჭირდება, - თვალები მოწკურა ლაშამ.

- კაცო, შენ აქამდე მომაყვანინე და მერე მე ვიცი. ხომ იცი, ჩემი გაუხსნელი საქმე არ არსებობს. გენერალურიდან ბევრი მადლობა მაქვს მიღებული. ეგ ტიპი პოლიციის თანამშრომელია. ძალიან დიდი პლუსი იქნება ჩვენთვის, თუ მას დანაშაულს დავუმტკიცებთ და დავსჯით.

- ვიცი, ვიცი... - ჩაიქირქილა ლაშამ და ლევანს მიუბრუნდა: - 10-12 კაი ნავარჯიშები ბიჭი მჭირდება. ხომ იცი, ორმეტრიანი კაცია, მუტრუკივით ძალა ექნება. წინააღმდეგობა რომ გაგვიწიოს, წინასწარ უნდა ვიყოთ მაგისთვის მზად.

- გჭირდება და გეყოლება. რომელი საათისთვის მიდიხართ?

- დღეს ბავშვის დაბადების დღე აქვს, სტუმრებს 6 საათისთვის ელოდება. ჰოდა, ჩვენც მაგ დროს მივალთ. გაუხარდება, ამდენ საპატიო სტუმარს რომ დაინახავს... - ისევ ჩაიქირქილა ლაშამ.

- მანქანა რომ დაამტვრია, იმ საქმის მოახერხა რამე? - იკითხა ვაჟამ. ლაშამ ხელი ჩაიქნია - აქაოდა, სალაპარაკოდაც არ ღირსო.

- რაღად უნდა მანქანა?! "ჩორნი ვორონი" მოემსახურება უფასოდ... - ლევანის ამ სიტყვებზე ყველამ გაიცინა.

- აბა, თქვენ იცით, - თქვა ვაჟამ და ფეხზე წამოდგა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ვიზიტი დამთავრდა.

***

საღამო ხანს რამდენიმე ახლობელმა მოიყარა თავი ჩემს ოჯახში. თითქოს მეც გამომიკეთდა გუნება, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. სუფრასთან დავსხედით და სულ 3-4 სადღეგრძელო გვქონდა შესმული, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.

- ნინო, გაუღე, ეტყობა, კიდევ ვიღაცას გავახსენდით, - გავძახე მე. ნინოს არ ეცალა. კარი სიდედრმა გააღო. ოთახში რამდენიმე უცხო, ფორმიანი მამაკაცი შემოვიდა. 1... 2... 3... მათ სათვალავს ბოლო არ უჩანდა. მივხვდი, რომ ისინი სასიკეთოდ არ მოვიდოდნენ, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, წარმოდგენა არ მქონდა, რა საქმე უნდა ჰქონოდათ ჩემთან. ოთახში შემოლაგდნენ და კედლის გასწვრივ ჩამწკრივდნენ. ოთხნი კი აქეთ-იქიდან ამომიდგნენ. ამ ახმახ ბიჭებს შორის ცოტა ხნის შემდეგ კარგად ჩასუქებული, დაბალი მამაკაცი შემოძვრა და თავი გამომძიებელ ლაშა გულდედავად წარმომიდგინა.

- ესენი ვინ არიან? - ვკითხე მას და ბიჭებზე მივუთითე.

- ესენი მცხეთის რაიონის პროკურატურისა და მე-6 განყოფილების თანამშრომლები არიან, - უცნაურად ჩაიცინა გამომძიებელმა.

- კი მაგრამ, რა ხდება?

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, გუშინ თქვენ ავარია მოგივიდათ.

- დიახ, მართალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე საგანგაშო მოხდა და მთელი სპეცდანიშნულების რაზმი შინ უნდა მომეჭრას... მსუბუქი შეჯახება მოხდა, თანაც, ავარია თბილისში მომივიდა და არა – მცხეთაში. მე დავზარალდი... ესეც ცნობილია თქვენთვის?

- ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, ჩემო ზაზა, უბრალოდ, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. წამოგვყევი, ყველაფერი გაირკვევა და თუ უდანაშაულო ხარ, უკან გამოგიშვებენ.

- კი მაგრამ, ხომ ხედავთ, რომ სტუმრები მყავს? ამ საღამოს არ არის აუცილებელი ჩემი წამოსვლა, დილით მე თვითონ გამოვცხადდები თქვენთან.

- არ გამოვა. ახლავე უნდა წამოხვიდე, ჩვენ უნდა გამოგვყვე, - მითხრა და ბრძანება გასცა: - ხელბორკილი დაადეთ!

გაოგნებული ვიყავი. მე თვითონ ამ სისტემის თანამშრომელი ვიყავი და კარგად ვუწყოდი, რომ ასეთი მსუბუქი ავარიის გამო არც ამდენი სპეცრაზმელი მოვიდოდა და არც ხელბორკილს დამადებდნენ. ვერაფრით ვხვდებოდი, რას მერჩოდნენ. თუმცა, იმედი მქონდა, რომ რაღაც გაუგებრობაში მოვყევი, სულ მალე ყველაფერი გაირკვეოდა და ისევ ოჯახში დავბრუნდებოდი.

მანქანა მცხეთის პოლიციის შენობის ეზოში გაჩერდა. წელმოწყვეტილივით გადმოვედი. 2 თითქმის ჩემსიმაღლე ბიჭი აქეთ-იქიდან ამომიდგა, მკლავში ხელები ჩამჭიდეს და კიბეზე ისე ამიყვანეს. მესამე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში შემიყვანეს და სკამზე თითქმის ძალით დამსვეს.

ოთახში 3 კაცი დამხვდა. ორი ვიცანი - ვაჟა ხუცურაული და ლევან მიგრიაული; მესამე – გამომძიებელი ლაშა გულდედავა გახლდათ. სკამზე დავჯექი, მაგრამ ადგილს ვერ ვპოულობდი. ემოციებს ვერ ვფარავდი:

- რატომ დამიჭირეთ? ხელბორკილი რატომ დამადეთ? რაში მდებთ ბრალს? - კითხვებს სამივეს მისამართით ვსვამდი და მზერაც ერთიდან მეორეზე, შემდეგ - მესამეზე გადამქონდა. არც ერთი არ იღებდა ხმას. ეს უარესად მაცოფებდა.

- გამცემს პასუხს ვინმე თუ არა?! - ლამის მთელი ხმით ვიღრიალე.

- სად იყავი ამა წლის 25 ოქტომბერს? - უეცრად კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა ვაჟა ხუცურაულმა.

- კი მაგრამ, ავარია გუშინ მოხდა, 25 ოქტომბერი რა შუაშია?! რა ხდება? - ისევ ვერ ვისვენებდი მე.

- გაიხსენე, სად იყავი 25 ოქტომბერს! - დაჟინებით მეკითხებოდა პროკურორის მოადგილე. დავფიქრდი, მაგრამ ზუსტად ვერ გავიხსენე, სად ვიყავი იმ დღეს, 2 თვის წინ.

- მაგ დროს სპეცდანიშნულების განყოფილებაში, თემურ მღებრიშვილთან ვმუშაობდი. იმ დღეს ვერ ვიხსენებ. თემურთან გადაამოწმეთ, იქ ყოველი დღე დაფიქსირებულია და ზუსტ ინფორმაციას იქიდან მიიღებთ, - ვთქვი კარგა ხნის ფიქრის შემდეგ. მივხვდი, რომ ჩემმა პასუხმა მათში უკმაყოფილება გამოიწვია.

- თემურთან, არა?! - დამცინავად მკითხა ვაჟამ. - აბა, აბრძანდი მაგ სკამიდან! - დავემორჩილე და ფეხზე წამოვდექი. - იქით მიდი... - ხელი მკრა და კუთხეში მიმამწყვდია. კედელს ზურგით მივეყრდენი. - ასანიძე! – გასძახა ვიღაცას. ოთახში ერთ-ერთი მათგანი შემოვიდა, ვინც ჩემთან სახლში იყო მოსული. - ხელბორკილით მიაბი "ტრუბაზე"! - გასცა შემდეგი ბრძანება ვაჟამ. მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო. ასე რა შემთხვევაში იქცევიან ხოლმე, კარგად ვიცოდი, მაგრამ არც წინააღმდეგობის გაწევას ჰქონდა აზრი.

- რა გინდათ, რას მერჩით?! - მთელი ხმით ვყვიროდი. - ის მაინც მითხარით, რაში მდებთ ბრალს?

- ყველაფერს ძალიან მალე გაიგებ... - მითხრა ვაჟამ და ოთახში მყოფებს თავის მოძრაობით რაღაც ანიშნა. დანარჩენებიც წამოდგნენ და ოთახიდან გავიდნენ.

იატაკზე დავჯექი და თავი კედელს მივადე. "ნეტავ, რა შუაშია 25 ოქტომბერი?! ღმერთო, გამახსენე, სად ვიყავი მაგ დღეს!" - ვფიქრობდი ჩემთვის და გონებას ძალას ვატანდი, რომ თუნდაც მცირე დეტალი გამეხსენებინა, მაგრამ ეს დღე ჩემი მეხსიერებიდან ამოვარდნილი იყო.

დიდხანს არ მომიწია მარტო ყოფნა. ორიოდე წუთში 2 სპეცრაზმელი შემოვიდა. ხელში "დუბინკები" ეჭირათ. გაოცებისგან თვალები დავჭყიტე. მივხვდი, რაც ახლა, აქ მოხდებოდა, სასიამოვნო მოგონებების არქივში არ ჩაიწერებოდა. სულ რამდენიმე დღის წინ, 20 დეკემბერს, 23 წელი შემისრულდა. ასეთ სიტუაციაში კი პირველად ვიმყოფებოდი.

- რა ქენი, გაიხსენე? - მკითხა ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა. პასუხი არ გავეცი.

- კარგი, მაშინ ჩვენ დაგეხმარებით და გაგახსენებთ... - კრეჭვით თქვა მეორემ. - გახსოვს, 25 ოქტომბერს, საგურამოს ტყეში 2 ადამიანი როგორ მოკალი?

- თქვენ რა, მეხუმრებით?! - ვიკითხე გაოცებულმა.

- გვეტყობა რამე, რომ ვხუმრობთ? - მკითხა პირველმა.

- სახუმაროდ გაქვს საქმე, შე უბედურო?! - დაამატა მეორემ.

- რას ამბობთ? საგურამოში ნამყოფიც კი არ ვარ, სულ სამჯერ ვარ გავლილი მაგ ტერიტორიაზე. ერთხელ მაშინ, როცა სოფელ ზაქაროში მივდიოდი, მეორედ - ახატანში, მესამედ კი, ბიწმენდში სტუმრობისას, ხომ არ გაგიჟდით?!

- ჩვენ გავგიჟდით, არა?! ადამიანებს რომ ხოცავ გულგრილად, ის კარგია?! ახლა გაიხსენე მკვლელობის დეტალები, თორემ ცუდად გექნება საქმე!

- ცხოვრებაში ქათამიც არ დამიკლავს, ადამიანის მკვლელობას მტენით? - ვიღრიალე. მივხვდი, რომ საქმე იმაზე გაცილებით სერიოზულად იყო, ვიდრე წარმოვიდგენდი. სიტყვა "მკვლელობა" მეხივით გავარდა ჩემ თავს ზემოთ. ყურები დამიგუბდა. სისხლი სახეზე მომაწვა. ხელები ჩემდა უნებურად მომემუშტა.

- ადამიანის კი არა, ადამიანების... ახალგაზრდა ქალის და კაცის მკვლელობაზეა ლაპარაკი, - დამიზუსტა ისევ პირველმა.

- მე მკვლელი არა ვარ! ჩემი დაღუპვა გინდათ?! ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დახურული!.. ვერ შემომტენით მკვლელობას!.. - მთელი ხმით ვყვიროდი ისევ. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ ერთ-ერთმა "დუბინკა" მთელი ძალით მოიქნია და გვერდში მომარტყა. ხმამაღლა დავიკვნესე. მეორემ ფეხსაცმელი გამხადა და შემდეგი დარტყმა ფეხისგულებში მივიღე.

... ხმამაღლა ვღრიალებდი. ისინი კი ჩემ ცემას განაგრძობდნენ. რიგრიგობით მირტყამდნენ. ერთი რომ დაიღლებოდა, მეორე აგრძელებდა ჩემ წამებას. ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ. ეს გაუსაძლისი ტკივილი იყო. ხმა ჩამიწყდა ღრიალისგან. მხოლოდ ხავილი ამომდიოდა ყელიდან და მაინც ვცდილობდი, ხმა მიმეწვდინა ჯალათებისთვის.

- ვიღაცაში გეშლებით... მკვლელი არა ვარ... არ მომკლათ... - ვხაოდი და ვგრძნობდი, რომ ჩემი სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო.

- შენ ხარ მკვლელი, ყვითელი "ჟიგული" შენ გყავს!.. - ხმამაღლა ყვიროდა ერთ-ერთი ჯალათი. სუნთქვა მიჭირდა. მთელი სხეული დაბეგვილი მქონდა. ვნატრობდი, მხოლოდ 1 წუთით მოეცათ ამოსუნთქვის საშუალება. ამ დროს ოთახის კარი გაიღო და ვაჟა და ლაშა შემოვიდნენ.

- აბა, ბიჭებო, რას ამბობს? აღიარა დანაშაული? - იკითხა პროკურორის მოადგილემ. ჯალათებმა ერთდროულად გააქნიეს თავები უარის ნიშნად. მე უკვე საერთოდ ვეღარ ვიღებდი ხმას. ვაჟას და გამომძიებელს მხოლოდ თვალებით ვთხოვდი შველას. მაგრამ მათ ჩემი სიტყვებისაც არ სჯეროდათ და თვალებით ნათქვამს გაიგონებდნენ?!. სულ 2 წუთით შეყოვნდნენ ოთახში და გავიდნენ.

ისევ გაგრძელდა ჩემი წამება. დეკემბრის სუსხიან ამინდში, გაყინულ ოთახში ოფლად იღვრებოდნენ, ისეთი მონდომებით მირტყამდნენ. მერე უეცრად ჩემი ცემა შეწყვიტეს. თვალები გავახილე. ერთი მეორეს გადატეხილ "დუბინკას" უჩვენებდა.

- ნახე, გადატყდა...

- ყველაფერს უხარისხოს უშვებენ, მე ამათი დედა!.. - შეიგინა მეორემ და ერთი "დუბინკით", მონაცვლეობით ჩემი "დამუშავება" განაგრძეს. ცოტა ხანში კარი ისევ გაიღო და ისევ ის 2 ადამიანი გამოჩნდა. მათი დანახვა ისე გამიხარდა, თითქოს ახლობლები ყოფილიყვნენ. მათი ოთახში გამოჩენა იმას ნიშნავდა, რომ ცოტა ხნით მაინც ჩემ ცემას შეწყვეტდნენ და თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება მექნებოდა.

- ჰა, ალაპარაკდა ბიჭი? - იკითხა გამომძიებელმა. ჯალათებმა ისევ გააქნიეს თავი უარის ნიშნად.

- რატომ არ ამბობ, რომ საგურამოში მოკლული 2 ადამიანი შენი მსხვერპლია? - წამომადგა თავზე ვაჟა. ხმას ვერ ვიღებდი. მხოლოდ ამოვიკვნესე. - რა იყო, ბიჭო, ცუდად ხომ არავინ გექცევა? ხომ არ გცემენ ეს არამზადები? - მკითხა დამცინავად და კარისკენ გაემართა. - განაგრძეთ! - გასცა ბრძანება გასვლისას.

- "დუბინკა" გაგვიტყდა, უფროსო, - მიაძახა ერთ-ერთმა.

- სხვა მეთოდი არ არსებობს?.. - იკითხა გამომძიებელმა და კარი გაიხურა. ერთი ჯალათი იქვე ჩამოჯდა, მეორე კი გასულებს უკან მიჰყვა. ცოტა ხანში მობრუნდა. ხელში ცელოფნის პარკი ეჭირა.

- მომეხმარე, - უთხრა მეორეს. ცელოფნის პარკი თავზე ჩამომაცვეს და ყელზე რაღაც მომიჭირეს. თან მეორე ხელი გამიკავეს, რომ ცელოფანი არ მომეგლიჯა. სული შემეხუთა. სიკვდილის სუნს იქვე, ახლოს ვგრძნობდი. 2 წუთის მერე ვიგრძენი, რომ გონს ვკარგავდი. ხელები ჩამომიცვივდა და მთელი ტანით მოვეშვი. ცელოფანი ამაგლიჯეს და ვედრით წყალი შემომასხეს... აზრზე მოვედი. განსჯის უნარი დამიბრუნდა. იმის მიუხედავად, რომ გარეთ ყინვა იყო და ოთახშიც თითქმის იგივე ტემპერატურა, ცივი წყალი თითქოს მალამოდ მოედო ცემით გახურებულ და დასიებულ სხეულს. რომ მიხვდნენ, გონს მოვედი, ისევ ჩამომაცვეს ცელოფანი თავზე და ისევ გადამიკეტეს ჟანგბადი... მერე ისევ ცივი წყლით მომიყვანეს გონზე... ასე მაწამეს მთელი ღამის განმავლობაში. რომ ინათა, ისევ შემოვიდა გამომძიებელი და თქვა:

- სასწრაფოდ "კამერაში" ჩავიყვანოთ, ახლა თანამშრომლები მოვლენ. იმდენი ბოზია მათ შორის, ვინ იცის, სადმე წამოაყრანტალოს ეს ამბავი. დღისით დაისვენოს, საღამოს ისევ გავაგრძელოთ დაკითხვა.

- ადექი! - მიბრძანა ერთ-ერთმა ჯალათმა. მაგრამ სად მქონდა ადგომის თავი?! ფეხისგულებში იმდენი მირტყეს, ვერაფრის დიდებით ვერ გავივლიდი. ისევ დამიწყეს ცემა.

- ადექი, შენი!.. გამოადგი ფეხი!.. - მიყვიროდნენ მთელი ხმით. ვერ შევძელი წამოდგომა. სვიტერის საყელოში ჩამავლეს ხელი და ასე, იატაკზე თრევა-თრევით გამიყვანეს. მეზიზღებოდნენ ჯალათები, მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო იყო. მინდოდა, სახეში შემეფურთხებინა მათთვის, მაგრამ მაგის თავიც აღარ მქონდა. გვერდითა ოთახიდან კიდევ ვიღაცის წამების ხმა მესმოდა და ძალიან მეცოდებოდა, თუმცა, არ ვიცოდი, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო. ჩამათრიეს სარდაფში, სადაც წინასწარი დაკავების საკანი - ე.წ. კაპეზე იყო. სარდაფში ბნელოდა, ციოდა... თავიდან ფეხებამდე სველი ვიყავი. სიცივე ძვალსა და რბილში გამიჯდა. ერთიანად ვკანკალებდი. კარი მხოლოდ ნახევრად გამოაღეს, რადგან ბოლომდე არ იღებოდა და საკანში შემაგდეს.

კარგა ხანს ვეგდე იქვე, კართან. საკანში სრული სიჩუმე იდგა. ცოტა სული რომ მოვითქვი, ვცადე, ოთახის შუაგულისკენ გავხოხებულიყავი. იმედი მქონდა, რომ რაიმე საწოლის მაგვარი იქნებოდა და დაბეგვილ სხეულს დავასვენებდი.

- მოიცა, ძმაო, მოიცა... მომესმა ვიღაცის ხმა. - დაგეხმარებით...

სიბნელეში ვერ გავარჩიე ჩემკენ დახრილი სახე, მაგრამ იმის შეგრძნებამ, რომ მარტო არ ვიყავი, თითქოს იმედი ჩამისახა.

ორმა კაცმა იღლიაში ხელები ამომდო და ნარზე დამაწვინა. განძრევის თავი არ მქონდა. ტვინიც კი გამეყინა. მციოდა და მთელი ტანი მტკიოდა. თვალი ნელ-ნელა შევაჩვიე სიბნელეს. 2 ადამიანის ფიგურას ბუნდოვნად ვხედავდი. ისინი მიდი-მოდიოდნენ ოთახში და ხმას არ იღებდნენ. ქუთუთოები დამიმძიმდა. ძილი მომერია, მაგრამ ვერ ვახერხებდი დაძინებას. სიცივისგან კბილს კბილზე მაცემინებდა, ტანი კი ისე მიხურდა, რომ ვგრძნობდი, სველი ტანსაცმლიდან ოთრქლი როგორ ადიოდა. კარგა ხანს ვეგდე ასე. მერე, როგორც ჩანს, ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, ალბათ, უკვე შუადღე იქნებოდა. როგორც კი ჩემმა თანამესაკნეებმა დაინახეს, რომ თვალი გავახილე, ერთ-ერთი გვერდით მომიჯდა.

გაგრძელება იქნება 

ავტორი: მარი ჯაფარიძე