"ლინდას უდიდესი როლი მიუძღვის ჩემს წარმატებაში და მინდა აქედან მადლობა გადავუხადო“ - გიორგი გველესიანი მეუღლის შესახებ - Marao

"ლინდას უდიდესი როლი მიუძღვის ჩემს წარმატებაში და მინდა აქედან მადლობა გადავუხადო“ - გიორგი გველესიანი მეუღლის შესახებ

2024-07-22 12:04:56+04:00

ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მეუღლის შესახებ საუბრობს.

გიორგის თქმით, ლინდას მის წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვის.

„ჩემმა მეუღლემ ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა სიმშვიდე, აფორიაქებული და ამღვრეული ზღვა დააკამკამა. ლინდას უდიდესი როლი მიუძღვის ჩემს წარმატებაში და მინდა აქედან მადლობა გადავუხადო“, – ამბობს გიორგი გველესიანი.

ფეხბურთელმა გადაცემაში მშობლების შესახებაც ისაუბრა:

„მიყვარხართ, ჩემო მშობლებო და მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამაყობენ ჩემით, რადგან ყველანაირად ვეცადე, გამემართლებინა მათი მოლოდინები.

მამაჩემს არ უთაკილია არცერთი საქმე იმისათვის, რომ ჩვენ კარგად ვყოფილიყავით. ვამაყობ მისით. მამამ უდიდესი მაგალითი მომცა იმისა, რომ შენი ოჯახისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო…“, – ამბობს გიორგი.

  • პასუხი გიორგი გველესიანს: "ზუსტად შენ უნდა გესმოდეს ყველაზე კარგად, როგორი რთულია ასეთ გარემოში თამაში და ოცნება. შენ არავინ გაბულინგებდა იმის გამო, რომ ფეხბურთელი იყავი. მე მაბულინგებდნენ" 
  • რა პროფესიის არიან ქართველი ფეხბურთელების ცოლები 

გიორგი გველესიანი 

გიორგი გველესიანი ბოლო დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ ვარსკვლავად იქცა. პორტუგალიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. 

გიორგი გველესიანი ქართველი ფეხბურთელი, თეირანის „პერსეპოლისის“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია. გიორგი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მისი დებიუტი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასის გათამაშების ფარგლებში „გაგრას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2010 წლის პირველ დეკემბერს შედგა. გიორგი შეხვედრის 70-ე წუთიდან კამერუნელი ლეგიონერის, დონალდ ჯუსეს ნაცვლად ჩაერთო თამაშში, რომელიც „დინამომ“ 2–0 მოიგო.

გიორგი გველესიანის ორი ქორწინება, სამი შვილი და ბრწყინვალე კარიერა - გაიცანით ეროვნული ნაკრების ახალი ვარსკვლავი გიორგი გველესიანი. ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გიორგი გველესიანმა 2013 წლის 19 აპრილს, სტუმრად გამართულ მე-6 ტურის შეხვედრაში ზუგდიდის „დინამოს“ გაუტანა. მატჩის 22-ე წუთზე მან გიორგი შაშიაშვილი შეცვალა, ხოლო მე-60 წუთზე ზუგდიდელთა კარი აიღო. საბოლოოდ, თბილისელებმა შეხვედრა 2–0 მოიგეს.

სულ „დინამოს“ შემადგენლობაში 81 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. „დინამოს“ რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი და ორჯერ საქართველოს სუპერთასის მფლობელი.

ირანში პირველად 2017 წელს, თბილისის „დინამოდან“ გადავიდა, სადაც თავიდან „ზობ აჰანის“ რიგებში დაიწყო თამაში. საერთო ჯამში, „ზობ აჰანის“ შემადგენლობაში 2017–2018 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ირანის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

„ნასაჯი მაზანდარანის“ შემადგენლობაში 2018–2019 წლების სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო. „სეპაჰანის“ რიგებში 2019–2022 წლებში თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2020–21 წლების სეზონში ირანის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა.

2022 წლიდან „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში განაგრძო თამაში. გიორგი გველესიანი ირანის პრო-ლიგის 2022–23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს. 

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2024 წლის 9 ივნისს, მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ პოდგორიცაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. გველესიანმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 3–1 დასრულდა.