გადაცემის "ნიკოლოზის კითხვების" ახალი სტუმარი მსახიობი ასმათ ტყაბლაძეა, სადაც ის ოთარ მეღვინეთუხუცესთან კონფლიქტის ისტორიას იხსენებს:
"როცა ოთარს სამხატვრო ხელმძღვანელად ირჩევდნენ, ხმა არ მივეცი. გაბრაზდა და ხელფასი დამიქვითა. პასუხი რომ მოვთხოვე, ასე მითხრა: ურჩი ხარ და იმიტომო. მოგვიანებით 35 მსახიობი გაგვიშვეს თეატრიდან. იყო შერიგების მცდელობა, მაგრამ არაფერი. სასამართლოში ვიჩივლე - 35 მსახიობის დაბრუნებას ვითხოვდით. 14 დააბრუნეს" - იხსენებს ასმათ ტყაბლაძე.
1924 წლის ცნობილი აჯანყების ფონზე, ბოლშევიკები მეღვინეთუხუცესების ოჯახებს განსაკუთრებით დევნიდნენ. მიზეზი ქაქუცასთან ნათესაობა იყო. აჯანყების ჩახშობის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ემიგრაციაში გამგზავრების შემდეგ ივანე მეღვინეთუხუცესი (მამაჩემის უფროსი ძმა) დახვრიტეს. მამა საფრთხისგან თავის არიდების მიზნით ძმასთან - შაქროსთან ერთად, იძულებით აყრილა წინაპართა სავანიდან და ჯერ იმერეთში გახიზნულა...
1930 წელს ჩვენი ოჯახი თბილისში დასახლდა, სადაც მე 1932 წელს დავიბადე. სოფლელები ქალაქელებად ვიქეცით. ხუთსულიანი ოჯახი კავშირის, დღევანდელი თაყაიშვილის ქუჩაზე, ერთ პატარა ოთახში (9 კვადრატული თუ იქნებოდა) ვცხოვრობდით. ძლიერი წვიმის დროს ნიაღვარი ბინაში გვივარდებოდა. რომ დავბადებულვარ, აკვნის მაგივრობას ჭერში დაკიდებული ჰამაკი ასრულებდა. წამოვიზარდე თუ არა, ჰამაკიდან იატაკზე გადავინაცვლე. მამა რაიონში მუშაობდა, სამეურნეო ნაწილის გამგედ. ერთი უბრალო კაცი იყო, ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი. ხშირად უწევდა რაიონში მუშაობა, რათა ოჯახი ერჩინა. დედა ძალიან წვალობდა, გაჭირვებით გვზრდიდა.
მამა უდაბნოს მეურნეობაშიც (საგარეჯო) მუშაობდა. იქაურობა ქვეწარმავლებით იყო სავსე. მე კი ხშირად ფეხშიშველი დავრბოდი. უცებ განზე გავხტებოდი ხოლმე, ფეხი რომ არ დამედგა. ასეთი ბავშვობა მაქვს გამოვლილი, ფეხშიშველი სირბილი, ცხენით ჯირითი, ცურვა... დეიდა მყავდა მცხეთაში, იქ მივყავდი ხოლმე მშობლებს, სადაც მტკვარსა და არაგვზე ცურვას ვსწავლობდი... მახსენდება უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, რომლის ბაღშიც ხშირად დავტანტალებდი პატარა ბიჭი - სტუდენტებს ვათვალიერებდი, განსაკუთრებით, ლამაზ გოგონებს...
13 წლით უფროსი ძმა მყავდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, 1939, წელს ფინეთის ფრონტზე გაიწვიეს. ომის დასრულების შემდეგ დიდხანს ვეძებდით. სამწუხაროდ, უკვალოდ დაიკარგა. ეს იყო დედაჩემის დიდი დარდი...
ჩვენი ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა, მაგრამ მამა ამას არაფრად აგდებდა. კარგად მღეროდა ხალხურ სიმღერებს. სტუმარი ჩვენს პატარა ბინას არ აკლდა. ზოგჯერ გვიანობამდე ვისმენდი სტუმარ-მასპინძლის სიმღერებს და ხუმრობებს. ისეთ ტრადიციებზე გავიზარდე, რომ ოჯახის მატერიალური უქონლობა დიდად არ მაწუხებდა. მამაჩემსაც არ აწუხებდა. ამ ჭკუით გამზარდა. მეუბნებოდა: მქონდა ყველაფერი, არ მიკვირდა; არ მაქვს, არც ეს მიკვირსო. ჩემი მდგომარეობის კაცს შეიძლება დღეს მეტი ჰქონოდა, მაგრამ არაა ეს ჩემთვის სადარდებელი.
მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი... არ შემეძლო. დედაჩემმა ჩემს ხელში დალია სული. რა უცნაურია ჩვენი პროფესია, თურმე ეს ყველაფერი ქვეცნობიერად მეხსიერებაში რჩება. იმ წუთებში ამაზე არ ფიქრობ, მაგრამ პროფესიული თვალსაზრისით იმახსოვრებ. როცა "ფიროსმანში" ვთამაშობდი, ის დედაჩემის - ჩემთვის ძვირფასი ადამიანის წასვლას მაგონებდა..." - ასე იხსენებდა ბავშვობას ოთარ მეღვინეთუხუცესი.