ნინი წიკლაურის ამერიკული ცხოვრება: "ამ ქვეყანამ აქ დამიტოვა და მაჩუქა შვილები, ასე გამოვიდა, ჩემი შვილების გამო დავრჩი აქ" - Marao

ნინი წიკლაურის ამერიკული ცხოვრება: "ამ ქვეყანამ აქ დამიტოვა და მაჩუქა შვილები, ასე გამოვიდა, ჩემი შვილების გამო დავრჩი აქ"

2024-07-22 15:08:10+04:00

ნინი წიკლაური ფართო საზოგადოებამ წლების წინ ერთ-ერთი პოპულარული მუსიკალური კონკურსიდან გაიცნო. ის ყოველთვის გამორჩეული იყო განსაკუთრებული ვოკალური მონაცემებით და, გარდა ამისა, მუდამ პოზიტიური განწყობით. ნინის დამახასიათებელი ღიმილი და მის მიერ შესრულებული არაერთი ჰიტი მსმენელმა მალევე შეიყვარა, თუმცა 2015 წელს ნინიმ ამ ყველაფრის დატოვებისა და ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

 მაშინ ნინი წიკლაური ამბობდა, რომ აშშ-ში მანამდეც არაერთხელ ყოფილა, თუმცა დარჩენაზე არასდროს უფიქრია, საცხოვრებლად ამ ქვეყანაში გადასვლას კი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა. მაშინ ნინი არ ამბობდა, რამდენ ხანს აპირებდა დარჩენას, თუმცა მას შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა და ის ოჯახთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად კვლავ აშშ-ში ცხოვრობს. 

  • ნინი წიკლაურის ამერიკული წარმატება - ქართველ მომღერალს Georgians in USA Award-ი გადაეცა 

რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში წასვლა უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული, რის შესახებაც მომღერალმა გადაცემა „New-York With Tamia / ნიუ-იორკში თამიასთან“ ისაუბრა: 

ნინი წიკლაური

"აქ საცხოვრებლად წამოსვლა ალბათ ღმერთმა გადაწყვიტა. შემოვრჩი, ამ ქვეყანამ აქ დამიტოვა და მაჩუქა შვილები, ასე გამოვიდა, ჩემი შვილების გამო დავრჩი აქ და უარი ვთქვი ჩემს კარიერაზე საქართველოში. ცოტა სევდიანად დაიწყო ჩემი ამერიკული ცხოვრება. ვადაზე ადრე მომიწია საბაზე მშობიარობა, შემდეგ ბავშვი არ გამატანეს საქართველოში, შესაბამისად, დავრჩი ამერიკაში. შემდეგ საბას მიჰყვა მეორე შვილი – ილია.

  • "ჩემი შვილები ამერიკაში დაიბადნენ, ჩვენ კი, მე და ჩემი მეუღლე, აუცილებლად დავბრუნდებით. ჩემთვის არ არსებობს სხვა სამშობლო, სხვა ქალაქი, თბილისის გარდა, სადაც თავს ბედნიერად ვიგრძნობ” - ნინი წიკლაური ამერიკული ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ 

ჩემი მეუღლის აქ არყოფნის გამო ისეთი ფსიქოლოგიური სტრესი მქონდა, ძალიან რთული იყო ამდენ პრობლემასთან მარტო ყოფნა. ჩემი მეუღლის ჩამოსვლის მერე ჩვენი ცხოვრება სხვა საფეხურზე გადავიდა, უფრო გამიმარტივდა ცხოვრება.

ჩემი შვილები მუდამ თან დამყავს რეპეტიციებზე. მეუღლე სულ მუშაობდა. შესაბამისად, მარტომ, რეპეტიციებზე გავზარდე შვილები", - ამბობს ნინი წიკლაური.