მაკა ჩიჩუა ფართო საზოგადოებამ პირველი ლედის ამპლუაში გაიცნო მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე, გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გახდა. მაკა საქართველოს პირველი ლედი 2013-18 წლებში იყო, თუმცა ის არის მსახიობი, მხატვარი, ვიზაჟისტი და მუსიკოსი. არის შემსრულებელი სიმღერისა „ელექტროტალღები“. ჰყავს სამი შვილი: მაშო, თეიმურაზი და თომა.
მაკა ჩიჩუა დედის ამპლუაში
„ჩემს ცხოვრებაში სრული უძრაობაა. ვზივარ სახლში, ტყეში. საერთოდ არსად არ დავდივარ. ვზივარ სახლში იმიტომ, რომ მყავს ორი ცალი პატარა ბავშვი და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვენ ერთიც და მეორეც. ახლა მაქსიმალურად ვჭირდები მათ. ძალიან დავიღალე, მართლა დავიღალე, მაგრამ ყველა დედის ხვედრი ესაა...
თომა ლიდერია, თემო ძალიან არტისტულია, თუ ყურადღებას არ აქცევენ, არ მოსწონს. იქ იმდენი სასიამოვნო მომენტია. უყურებ, როგორ ვითარდებიან, რა ახალ ფრაზებს და ნააზრევს ამბობენ, თან უნდათ, რომ შენ გაგიზიარონ. რადგან ჩემი პროფესია უფრო განმარტოების პროფესიაა, არ ვარ გუნდური მოთამაშე, მინდა ხოლმე უფრო მეტად განმარტოება, მაგრამ ვინ გაცდის?" - ამბობდა მაკა ჩიჩუა.
მაკა ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილის უფროსი შვილი თემო დაუნის სინდრომით დაიბადა. როგორც მშობლები ამბობენ, თემო ძალიან აქტიური და გონიერი ბავშვია, უყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა. ჰყავს მეგობრები და დიდ დროს ატარებს უმცროს ძმასთან ერთად.
როცა თემო დაიბადა, მაკა და გიორგი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცნენ: "ყველას ვეუბნები, რომ დაუნის სინდრომი არ არის განაჩენი, პირიქით, შეიძლება მონახო ბევრად უფრო დადებითი შედეგები, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ.
ტრაგიკული სახით მოდიან და გეუბნებიან - "არა უშავს", იმის მაგივრად, რომ გახარებულმა გითხრან, რა ბედნიერებაა იმ ადამიანის გაჩენა, რომელსაც ასე ელოდი...
ძირითადად, მამები გარბიან, არ იციან, რასთან აქვთ შეხება, მაგრამ იციან, რომ ეს პრობლემაა და დედის ამარა ტოვებენ ბავშვს. ჩემს შემთხვევაში, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან დაძაბულობა არ ყოფილა.
გეფიცებით, რომ მკითხონ, მართლა მინდა თუ არა რამის შეცვლა, არაფრის! თემო როგორიც არის, ასეთი მომწონს, ასეთი მინდა, რომ იყოს" - ამბობდა მაკა ჩიჩუა.