აჩიკო ბერიძე ბავშვობიდან მღერის და პოპულარობაც პატარა ასაკიდან მოსდევს, თუმცა ჯგუფმა „ალილომ“ და პროექტმა „მიმღერემ“ მისი ცნობადობა და საზოგადოების მისდამი სიყვარული სულ სხვა მასშტაბში აიყვანა.
მომღერალი ქალაქ ბათუმში, მუსიკალურ ოჯახში დაიბადა.
"ჩვენთან სულ სიმღერის ხმა ისმოდა. მღეროდა დედა, ბაბუა, დეიდა. მამა უსმენდა ჯაზ-როკ- ალტერნატიულ მუსიკას. მერე მე გიტარაზე შემიყვანეს, სადაც აღმოაჩინეს, რომ ხმაც მქონდა და სმენაც. ამის შემდეგ, მთელი ოჯახი ელოდა, რას ვიმღერებდი რეპეტიციაზე.
სულ თეატრში ვიყავი, იქ ვიზრდებოდი. ბატონი გიზო ჟორდანია იყო რეჟისორი, არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავდა და საოცარი სანახაობები იდგმებოდა. მართლა ზღაპრული ბავშვობა მქონდა. უშუქობაც გემრიელად, ოჯახურად გადავიტანეთ და მართალი გითხრათ, არც მიგრძნია 90-იანების სირთულეები. ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის სიდუხჭირე ნაკლებად შეგვხებოდა მე და ჩემს დას. ამიტომ ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს იმ დროსთან.
იურისტი ვარ. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ იურისტი უნდა გავმხდარიყავი. მამა, ბიძა, ბაბუა, ყველა იურისტია - მოსამართლეები, პროკურორები და მეც მომახვიეს თავს ეს პროფესია. სხვათა შორის, ძალიან კარგად ვსწავლობდი. წითელ დიპლომზე დავამთავრე უნივერსიტეტი, მაგისტრატურაც გავიარე და იქაც კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ აბსოლუტურად სხვაგან ვიყავი. უფროსი რომ შემოდიოდა, მთხოვდა, მე რომ შემოვდივარ, მაგ დროს მაინც მოიხსენი ყურსასმენებიო. ძალიან გამიმართლა, რომ დღეს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. როცა არ გიყვარს და მაინც აკეთებ, არ გამოგდის, არც შენზე მოქმედებს ეს კარგად და არც სხვაზე. ამიტომ, ჩემს პირველ პროფესიას მშვიდად დავემშვიდობე. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ წლები, რომელიც იმ პროფესიის შესასწავლად დავხარჯე, მუსიკალური თვალსაზრისით რომ გამომეყენებინა, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდი. დღეს თავიდან ბოლომდე მუსიკაა ჩემი ცხოვრება, შეიძლება ითქვას, მე ამით ვცხოვრობ" - ამბობდა მომღერალი.
აჩიკო ბერიძეს მსმენელის სიყვარული არასდროს აკლდა, მისი გამორჩეული ხმა, გულწრფელობა და პროფესიონალიზმი ყოველთვის იმსახურებდა აღფრთოვანებას, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა პროექტმა "მიმღერე" მოუტანა. მისი და ასევე ყველასთვის საყვარელი მომღერლის, ანი კეკუას დუეტი, დაუვიწყარი გახდა ყველასთვის, ვინც ერთხელ მაინც მოისმინა მათი ნამღერი. ანი და აჩიკო ბავშვობის მეგობრები არიან. მათ ბებიებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ, ბათუმი, ნათელ-მირონობა და ახლა უკვე შვილების მეგობრობაც. აჩიკომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ დუეტით მათ ბებია-ბაბუების დიდი ოცნება ასრულეს.
აჩიკო ბერიძემ ცოლი 2016 წელს მოიყვანა. მისი მეუღლე ნუცა ყანჩაველი გახლდათ, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს, თუმცა წყვილი 2022 წელს დაშორდა. მომღერალმა ოჯახის დანგრევაზე არაერთ ინტერვიუში ისაუბრა:
„სამწუხაროდ, ჩემი ქორწინება რამდენიმე წელიწადში დამთავრდა, ჩვენ დავცილდით ერთმანეთს. ორი ვაჟკაცი მეზრდება, 5 წლის ნიკოლოზი და 4 წლის ლევანიკო. მოვახერხეთ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ეს აუცილებელია, ბავშვებმა ტრავმა არ მიიღონ. ბაღიდანაც გამომყავს და ჩემთანაც არიან ხშირად. მხოლოდ გასტროლების დროს მენატრებიან, დანარჩენ დროს ყველაფერში ჩართული ვარ. ჩემთვის მთავარია, შვილები კარგ ადამიანებად, ჯანსაღ მოქალაქეებად აღვზარდო.
ოჯახის დანგრევა რთულია. შეიძლება, მამაკაცმა ეს სიტყვებით ვერ გამოხატო, მაგრამ შინაგანად განგრევს, წამალი ჩემთვის ისევ და ისევ სიმღერაა. მომავალ ოჯახზე საუბარი ნაადრევია. დრო გვიჩვენებს, როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება…“