სულ ცოტა ხნის წინ პოპულარული შოუს "ვინ ვინ არის" გამარჯვებული გამოვლინდა. შოუ ირაკლი კავსაძემ მოიგო. დღევანდელ ჩვენს სტატიაში კი ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილის, კრისტი ყიფშიძის შესახებ მოგიყვებით, რომელსაც პეპლის კოსტიუმი ჰქონდა მორგებული.
კრისტი ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და "ინსტაგრამის" გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. კრისტი გულშემატკივრებს თავის მოვლის შესახებ არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.
კრისტის გამომწერებში განსაკუთრებულ სიყვარულს იწვევს მისი სტილი და ჩაცმულობა. მოდელი სხვადასხვა დახვეწილ და ელეგანტურ სამოსში ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება.
კრისტი ყიფშიძე ახლა 46 წლისაა, სამოდელო კარიერა კი 29 წლის წინ დაიწყო: "1994 წელი იყო, ურთულესი დრო, არსად არაფერი არ ხდებოდა. იყო მხოლოდ ერთადერთი განსხვავებული სივრცე - სასტუმრო „მეტეხი“ და სწორედ იქ მაკა ნაცვლიშვილის ჩვენება შედგა, სადაც ძალიან ცნობილ გოგონებთან ერთად: ლიკა ქავჟარაძე, დინი ვირსალაძე, ნინო სალუქვაძე („მის საქართველო“), მეც გამოვედი... მაშინ მივხვდი, რომ ეს ის სფერო და საქმე იყო, რომელიც არასდროს მომბეზრდებოდა... საერთოდ, როცა რამეს აკეთებ, ნებისმიერ პროფესიაში ასეა, - უნდა გიყვარდეს, გულით აკეთო და შენი მოწოდება უნდა იყოს. ასე ადამიანს ყოველთვის კარგი შედეგები აქვს. საერთოდ, თვითკრიტიკული ვარ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლო დროს სხვანაირად დავიწყე ჩემი თავის შეფასება და დაფასება" - ამბობდა კრისტი.
"თებერვლის თვის ერთ მშვენიერ დღეს დუტა მირეკავს და მეუბნება, მარტო ხარო? დუტასთან ვმეგობრობ, მისი ზარი არ გამკვირვებია, მაგრამ შესავალმა ცოტათი დამაბნია, - რა ხდება-მეთქი? ოთახის კარი ჩაკეტე, რაღაც უნდა გითხრა და მინდა მარტო იყოო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პროექტში "ვინ ვინ არის?" ჩართვა შემომთავაზა. ამ პროექტის შესახებ ვიცოდი, მთლიანი გადაცემა - არასდროს, მაგრამ გარკვეული ეპიზოდები მქონდა ნანახი. მაგალითად, მანიკას ნიღბის მოხსნა. დუტამ მითხრა, კარგად დაფიქრდი და გადმომირეკეო. მოკლედ, შევედი ინტერნეტში, ამ გადაცემის გვერდი მოვიძიე, ყველაფერში გავერკვიე და ჩავთვალე, რომ ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. მგონი, ყველა ადამიანს აქვს სურვილი, სცენაზე ერთხელ მაინც იმღეროს. მითხრეს, თანხმობის შემთხვევაში, იცოდე, ეს გზა ადვილი არ იქნება, ამბავი საიდუმლოდ უნდა შეინახო, ოჯახის წევრებსაც არაფერი უნდა უთხრაო. ეს იდუმალება ჩემთვის კიდევ უფრო დიდი აზარტი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც დუტას თანხმობა განვუცხადე, ჩემს პროდიუსერს, ნინუცა ყაჭიაშვილს შევხვდი და ამ დღიდან ჩემი იდუმალი ცხოვრება დაიწყო.
სულ რაღაცას ვიტყუებოდი. ვინმე თუ დამირეკავდა და იქ ვიყავი, რაღაცას ვიგონებდი. ოჯახის წევრები ხშირად მწერდნენ, სად ხარო? ბუნებრივია, მათაც ვატყუებდი: ხან ვამბობდი, გადაღებაზე ვარ, ჯერ ვერ მოვალ-მეთქი. მაგალითად, პირველი კონცერტის დროს ვთქვი, რომ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ვიყავი გასული და გვიან დავბრუნდებოდი. ამდენი ტყუილი ცხოვრებაში არ მითქვამს", - ამბობდა კრისტი ყიფშიძე.