იმ ოთახში, სადაც ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში ზაზას აწამებდნენ, მაგიდასთან ნიკა ტატიშვილი იჯდა. სახეზე შიში აღბეჭდვოდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს, გასაქცევს ეძებდა. ოთახში 2 მამაკაცი შემოვიდა: ვაჟა ხუცურაული და ლაშა გულდედავა. მათ ახალგაზრდა ქალი შემოჰყვა, რომელიც შეშინებული და შეცბუნებული ჩანდა. ნიკას დანახვაზე ნაბიჯს აუჩქარა, მიუახლოვდა და გადაეხვია.
- როგორ ხარ? - ჰკითხა ძმას. მან პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა. - ხომ არ გცემეს?
- არა, - თავი გაქნია ბიჭმა.
- აბა, დავიწყოთ! - საქმიანი იერით გასცა ბრძანება ლაშამ და მაგიდასთან დაჯდა. ვაჟა ოთახში ბოლთას სცემდა.
- აბა, მითხარი, რა მოხდა 25 ოქტომბერს საგურამოს ტყეში? - ჰკითხა ლაშამ. ნიკა მაგიდის ქვეშ თითებს იფშვნეტდა და ხმას ვერ იღებდა. - თქვი! - ტონში სიმკაცრე გაურია გამომძიებელმა.
- მე და ნინო მივედით გიასთან.
- მერე?
- ისინი ერთმანეთს მიესალმნენ. გიამ მაშინვე იცნო ნინო. როგორ ხარო? - ჰკითხა. – მე რომ მინდოდა შენი ნახვა, ვერ გპოულობდი და აქ, შუაგულ ტყეში შენ როგორ მომაგენიო? - ნიკამ მომიყვანაო, - უთხრა ნინომ. - იმედია, სხვა დროსაც მოხვალ, რადგან ერთხელ მიპოვე, ახლა ნუღარ დავკარგავთ ერთმანეთსო. - რა თქმა უნდა, მოვალ, მაგრამ ახლა ძალიან ცუდ დღეში ვარ, ისევ საბერძნეთში უნდა წავიდე, რადგან სულ მთლად უფულოდ ვარ, კოლეჯში შესატან ფულზე 100 დოლარი დამაკლდა და თუ არ გადავიხადე, გამრიცხავენ... ერთოთახიანი ბინა მაქვს, იმასაც მოწყობა უნდა და რომ არ გავემგზავრო, აქ ვერაფერს გავაწყობ... გზის ფულიც კი არ მაქვს, აქ წამოსასვლელი ფულიც ნათესავმა მასესხაო... - ნიკა გაჩუმდა.
- მერე? - ისევ ჰკითხა ლაშამ.
- მერე მე წამოვედი, ნინო დარჩა. მეორე დილით გავიგე, რომ თურმე, ორივე მოუკლავთ.
- მართლა ასე იყო? - თვალები მოჭუტა გამომძიებელმა.
- კი, ასე იყო, - თავი დააქნია ბიჭმა.
- არაფერს მატყუებ?
- არა, არა... - შეშინებულმა თქვა და ფეხზე წამოდგომა დააპირა.
- დაჯექი! - მხარზე ხელი დაადო ვაჟამ. ნიკა დაემორჩილა და დაჯდა. - ისე, მე ამის მოკლული მგონია ორივე, - ახლა ლაშას მიუბრუნდა ვაჟა. ნიკას თვალებში შიში ჩაუდგა, ხმა ვერ ამოიღო.
- ჩემი ძმა ამას არ იზამდა... ის ჯერ ბავშვია, იარაღის ხმარებაც კი არ იცის... - გამოექომაგა და.
- თქვენ მხოლოდ უნდა უსმინოთ იმას, რასაც თქვენი ძმა იტყვის და თვალყური ადევნოთ აქ მიმდინარე მოვლენებს, ისიც იმიტომ, რომ ნიკა არასრულწლოვანია და უფროსის გარეშე მისი დაკითხვა არ შეიძლება. საუბარში ჩარევის უფლება კი არ გაქვთ.
- როგორ, ჩემი ძმა გუშინ დააკავეთ, შინ არ უშვებთ, საკანში ამყოფებთ და მე ხმის ამოღების უფლება არ მაქვს?
- არა, გენაცვალე, არ გაქვთ... მოკლედ, მოწმის სტატუსი ეჭვმიტანილის სტატუსით შევუცვალოთ... ვიდრე საქმეს ბოლომდე არ გამოვიძიებთ, აქ დარჩება. თუ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და ნამდვილ მკვლელს ამოიცნობს, მაშინ გავუშვებთ, თუ არა და, 15 წელს მიუსჯიან... ისე, შესაძლოა, დახვრეტაც მიუსაჯონ, მაგრამ არასრულწლოვანია და ალბათ, ეს თუ უშველის... - ნიკამ შეშინებული თვალებით შეხედა დას, თითქოს, შველას მისგან ითხოვდა.
- როგორ, ნიკას შინ არ გამოუშვებთ? - იკითხა დამ.
- რას ბრძანებთ, ქალბატონო, მკვლელობის ყველა გზა ნიკასთან მიდის. ეს არის სამი ადამიანიდან ერთადერთი, ვინც ცოცხალი გადარჩა. წარმოიდგინეთ, მეტყევის ქოხში 3 ადამიანია, იქიდან 2 მკვდარია და ერთი ცოცხალი. ვინ მოკლა ის ორი? რა თქმა უნდა, მესამემ. ეს ხომ ძალიან მარტივია.
- არა, ჩემი ძმა ამას არ იზამდა. მან იარაღის ხმარებაც არ იცის. თანაც, სულ მთლად ბავშვია, რატომ უნდა მოეკლა ის ადამიანები?
- ჩვენც მაგის დადგენას ვცდილობთ. რატომ მოკალი? - მიუბრუნდა ნიკას გამომძიებელი.
- მე არ მომიკლავს, მე ნინო მივიყვანე და უკან დავბრუნდი, - თვალები აუწყლიანდა ნიკას.
- აბა, ვინ მოკლა? გეკითხები, ვინ მოკლა-მეთქი? - კითხვა გაუმეორა ლაშამ და თვალებით გაბურღა ბიჭი. ნიკამ მხრები აიჩეჩა.
- ის კაცი თქვენი ქმარია, გუშინ ნიკასთან რომ იყო მოსული? - ჰკითხა ვაჟამ ქალს.
- დიახ, ჩემი ქმარია.
- დღეს 4 საათზე მოვიდეს, ნიკას შევახვედრებთ და იქნებ მას უთხრას სიმართლე, - თქვა ვაჟამ და კარისკენ დაიძრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაკითხვა დამთავრდა.
- ქალბატონო, აქ მომიწერეთ ხელი და შეგიძლიათ, წახვიდეთ, - თითი დაუდო ლაშამ დაკითხვის ოქმის ბოლოში. შემდეგ კი დაიყვირა: - ასანიძე! ასანიძემ თავი შემოყო.
- გაიყვანე პატიმარი.
ნიკა წელმოწყვეტილივით ადგა და ძალიან ნელი ნაბიჯით გაემართა კარისკენ.
- თქვენი ქმარი აუცილებლად უნდა მოვიდეს, - თქვა მას შემდეგ, როცა ოთახში ქალთან მარტო დარჩა.
- დიახ, მოვა, ვეტყვი და აუცილებლად მოვა.
- თუ ნიკა დაგვიჯერებს, მაშინ შესაძლოა, მალე გავუშვათ შინ. თქვენმა ქმარმა ბიჭი უნდა დაარწმუნოს იმაში, რომ ჩვენ მისთვის ცუდი არ გვინდა. გასაგებია?
- კი, გასაგებია... - თავი დაუქნია ქალმა. – რა უნდა გააკეთოს ნიკამ?
- ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ, თქვენს ქმართან ერთად. ახლა კი თავისუფალი ხართ, - ფეხზე წამოდგა ლაშა.
***
ყველაზე ნაკლებ ტკივილს მაშინ ვგრძნობდი, თუ მოვახერხებდი და ნარზე ჩანასახის პოზას მივიღებდი. მოხრილი და ცხვირთან მიტანილი მუხლები თითქოს შვებას მგვრიდა. - ალბათ, სწორედ იმიტომ არიან პატარები დედის სხეულში ასეთ მდგომარეობაში, რომ დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს-მეთქი, - გავიფიქრე.
- ჩუთლაშვილი, გამოდი, დაკითხვაზე გეძახიან, - ფიქრი შემაწყვეტინა იმ სულაძემ, რომელმაც წინა დღეს საკანში ჩამომიყვანა. - დაგეხმარო? - მკითხა შემდეგ, რადგან მიხვდა, რომ წამოდგომა გამიჭირდა. მეხუთე დღე იყო, მშიერი ვიყავი. ცალკე შიმშილმა დამასუსტა და ცალკე წამებამ. სულაძე მომიახლოვდა, იღლიაში ხელი ამომდო და წამოჯდომაში მომეხმარა. თავბრუ დამეხვა. ცოტა ხანს ასე ვიჯექი. თავბრუსხვევამ რომ გამიარა, ნელა წამოვდექი, სულაძეს დავეყრდენი და ძალიან ნელი ნაბიჯით გამოვედი საკნიდან. ყველაზე მეტად კიბეზე ასვლა მიჭირდა, თითოეული საფეხურის ავლა საშინელ ტკივილს მაყენებდა.
როგორც იქნა, მივაღწიეთ დასაკითხ თუ საწამებელ ოთახამდე. ოთახში ღუმელი გუგუნებდა და სითბო იდგა. მესიამოვნა თბილ ოთახში შესვლა. იქ არავინ დამხვდა. სკამზე დავჯექი და მუხლებს ხელებით დავეყრდენი. ვფიქრობდი, რომ ისევ დაიწყებდნენ ჩემ წამებას. გარედან შემოსულ სულ პატარა ხმაურზეც კი, გული გალიაში დამწყვდეული ჩიტივით იწყებდა ფართხალს და გამალებით მიცემდა. - ადვოკატი უნდა მოვითხოვო ან აქამდე როგორ არ გამახსენდა? მე ხომ ადვოკატი მჭირდება! - გავიფიქრე და თითქოს შვება ვიგრძენი, რადგან ადვოკატი ჩემს მხსნელად წარმოვიდგინე. ამ დროს კარი გაიღო და იღლიაში საქაღალდეამოჩრილი გამომძიებელი გამოჩნდა. მას უკან ახალგაზრდა ქალი მოჰყვებოდა.
- მე ნანა ვარ, - ხელი გამომიწოდა ქალმა. მარჯვენა შევაგებე. ამ დღეების განმავლობაში ეს ერთადერთი ადამიანი იყო, ვისი მზერიდანაც კეთილგანწყობილება მოდიოდა. მე შენი ადვოკატი ვარ. დედაშენმა გადაწყვიტა, რომ შენი ინტერესები მე დავიცვაო, - მითხრა. თავი დავუქნიე.
- ზაზა, მითხარი, რა ხდება. საქმეს უკვე გავეცანი. აღიარებითი ჩვენება მიცემული გაქვს, სადაც ამბობ, რომ შენ მოკალი გიორგი სიხარულიძე და ნინო მეტრეველი.
მე ჯერ გამომძიებელს შევხედე. ირონიული ღიმილი ჰქონდა სახეზე გადაფენილი. მერე მზერა ნანაზე გადავიტანე.
- კი, მე მოვკალი, - დავუქნიე თავი.
- რატომ? - მიზეზი მითხარი, რატომ მოკალი? მკვლელობის მოტივი რა არის?
- მე მოვკალი. მოვკალი და მორჩა. არ მახსოვს, რატომ მოვკალი.
- ზაზა, სიმართლე უნად მითხრა. გაიხსენე ყველა დეტალი.
- მე მოვკალი! მე მოვკალი! მეეე, მე მოვკალი! - ბოლო სიტყვებს უკვე მთელი ხმით ვყვიროდი. ნერვები უკიდურესად მქონდა დაძაბული. წამების გახსენებაც თავისას შვრებოდა. აღარ მინდოდა იმ წუთების განცდა. ამიტომ, შეშინებული, სულელივით ერთსა და იმავეს ვიმეორებდი და მე მოვკალი-მეთქი, - უაზროდ გავიძახოდი.
- ბატონო ლაშა, ნება მომეცით, პატიმარს ცალკე დაველაპარაკო, - მიუბრუნდა გამომძიებელს.
- მაგდენი სად მცალია, ქალბატონო ნანა. აგერ არის პატიმარი, აგერ ხართ თქვენც და ჰკითხეთ, რაც გინდათ. ეს საქმე ისედაც ხანჯალივით მადევს კისერზე, მესამე თვეა და დროზე უნდა დავამთავრო გამოძიება, - უპასუხა ლაშამ. თან, ნანას თვალს ვერ უსწორებდა და ფანჯარაში იყურებოდა.
- ზაზა, გცემეს? კვალი სახეზეც გატყვია, - ახლა მე მომიბრუნდა ნანა.
- კი, მცემეს. კი არ მცემეს, მაწამეს, - ისე შევჩივლე, პატარა ბავშვი დედას რომ მიუტანს ამბავს, მეზობლის ბავშვებმა მცემესო და მისგან თანადგომას და დამნაშავის დასჯას რომ ელის. თან ყველას გვარი ჩამოვთვალე, ვინც ჩემს წამებაში მონაწილეობდა.
- აბა, რას ამბობ, ბიჭო, როდის გცემეს? არ გრცხვენია, ტყუილს რომ ამბობ ამხელა კაცი? ტყუილად ადებ ხელს ჩემს თანამშრომლებს, - გააპროტესტა ლაშამ ჩემი ნათქვამი.
- თქვენ არ გრცხვენიათ, მკვლელობას რომ მტენით? არ გრცხვენიათ, წამებით რომ მიიღეთ ჩემი აღიარებითი ჩვენება? არ გრცხვენიათ, რომ მღუპავთ? - ავყვირდი ისევ.
ლაშა წამოდგა, მაგიდას შემოუარა და მომიახლოვდა. მე ვიჯექი, ის ფეხზე იდგა და მხოლოდ ახლა იყო ჩემი სიმაღლის. თვალები მოჭუტა, ჩამაშტერდა და კბილებში გამოსცრა:
- არ უცემიხარ არავის, გაიგე? ჩვენ არ ვაწამებთ პატიმრებს. წამების კი არა, სიკვდილის ღირსი ხარ და დახვრეტაც ზედა გაქვს, მაგრამ ჩვენი კანონი ჰუმანურია და წამებას არ ითვალისწინებს.
- აბა, ეს მე თვითონ ვუქენი ჩემს თავს? - კბილებში გამოვცერი ეს სიტყვები, სვიტერი ავიწიე და დალურჯებული მუცელი, ზურგი გამოვაჩინე.
- ბატონო ლაშა, პატიმარი ნაწამებია. შუამდგომლობა უნდა დავაყენო პროკურატურის წინაშე, რომ ექსპერტიზა დანიშნოს და ზაზას წამების საქმე განიხილოს.
- პროკურატურის დავალებით მაწამეს და შუამდგომლობა ისევ მათთან უნდა დაწერო? - ვკითხე ნანას სასოწარკვეთილმა.
- რა ვქნათ, ზაზა, კანონი ასეთია.
- მაშ, ვინც მაწამა, ისევ მათ უნდა დაადგინონ, ნაწამები ვარ თუ არა? ეს ხომ დიდი სისულელეა? ვინ იტყვის: კი, ბატონო, ვაწამეთ და აგერ, ექსპერტის დასკვნა, რომ დამნაშავე ვართ და დაგვსაჯეთ, ჩვენ ამის ღირსი ვართო?
- კანონში ასე წერია. ჩვენ სხვანაირად ვერ მოვიქცევით. ჩვენ ჩვენი უნდა ვეცადოთ, - ნანა ფეხზე წამოდგა, რადგან იცოდა, იმ დღეს ამაზე მეტს მაინც ვერაფერს გახდებოდა. მას გამომძიებელიც უკან მიჰყვა. ოთახში სულაძე შემოვიდა ჩემ წასაყვანად. მორჩილად წამოვდექი და გავყევი. პირველ სართულზე, კიბის ბაქანზე შევჩერდი და შევისვენე, რადგან გული ამოვარდნაზე მქონდა. სულაძემ კედელზე მიმაყუდა, თვითონ კი სიგარეტს მოუკიდა.
- მოწევ? - მკითხა და კოლოფიდან მეორე ღერი ამოაძვრინა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. კვამლი ღრმად შევისუნთქე და სულაძეს მადლიერი მზერა მივაპყარი.
- ბიჭო, შენ მღებრიშვილთან მუშაობდი, არა? - თითქმის ჩურჩულით მკითხა. თავი დავუქნიე და სახეზე დავაკვირდი, რადგან ვიფიქრე, ალბათ, ერთად თუ ვმუშაობდით-მეთქი, მაგრამ მისი სახე არ მეცნო.
- მერე, იქ რომ მუშაობდი, ფილარმონიაში, კონცერტის დროს, დაცვაში არ იყავი ხოლმე? - ისევ ძალზე დაბალი ხმით მკითხა.
- კი, ვიყავი.
- მერე, გაიხსენე, 25 ოქტომბერს ”ივერიის” კონცერტი რომ იყო, იქ ხომ არ ყოფილხარ? - გონება გამინათდა. მადლიერი თვალებით შევხედე სულაძეს. - აქედან ”ზაპროსი” ჰქონდათ გაგზავნილი მღებრიშვილის უწყებაში და პასუხი მოუვიდათ. წეღან შემთხვევით შევესწარი, გამომძიებელი და ვაჟა რომ ლაპარაკობდნენ. იქნებ რამეში წაგადგეს... ახლა წამოდი, თორემ თუ დაგვინახეს, მაგრად მომხვდება. თანაც, საკანში ახალი მეზობელი გელოდება.
კიბეზე ისე მსუბუქად ჩავედი, რომ თვითონაც გამიკვირდა. საკანში მართლაც ვიღაც დამხვდა, თუმცა კაშკაშა სინათლიდან სიბნელეში შესულმა მისი სახე ვერ გავარჩიე, მხოლოდ სილუეტს ვხედავდი.
- გამარჯობა! - ვთქვი და ჩემს ადგილს მივაშურე.
- გაგიმარჯოს! - მიპასუხა მან. საკანში სიჩუმე ჩამოვარდა. მე ახლა ლაპარაკის თავი არ მქონდა, რადგან კარგად უნდა გამეხსენებინა 25 ოქტომბერს მომხდარი ამბების ყველა დეტალი. წამოვწექი, კედლისკენ გადავბრუნდი, თვალები დავხუჭე და გონება დავძაბე. 25 ოქტომბერს დაიწყო ”ივერიის” კონცერტი და 3 დღე გაგრძელდა. წესით, 25-ში არ ვმუშაობდი, მაგრამ ჩვენი ჯგუფი სამსახურში მაინც გამოიძახეს. კონცერტზე ბევრი ხალხი არ მოვიდა. ფილარმონიის დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. ამიტომ, ვისაც იმ დღეს მუშაობა არ უწევდა, ისინი კონცერტის დაწყებისთანავე გაგვათავისუფლეს. ყველანი სამმართველოში მივედით, რადგან სპეცფორმა უნდა გამოგვეცვალა და იარაღიც ჩაგვებარებინა. გზაში ჩემმა თანამშრომელმა და მეგობარმა ვასიკომ მთხოვა, მანქანით ერთ ადგილზე მიმეყვანა. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. ტანისამოსი გამოვიცვალე, იარაღი ჩავაბარე და ვასიკოს მივაძახე, მანქანას გამოვიყვან და დაბლა გელოდები-მეთქი. როდესაც მანქანით გასასვლელთან მივედი, ვასიკოსთან ერთად, კიდევ ერთი ჩვენი თანამშრომელი, ნიკა შევნიშნე. ორივენი მანქანაში ჩასხდნენ.
- საით წავიდე? - ვიკითხე.
- დღეს ჩემი ბავშვის დაბადების დღეა, სახლში სტუმრები მყავს, ახლა სამივე ჩემთან წავიდეთ და ვიქეიფოთ. - ბევრი დრო არ მქონდა, მაგრამ 1-2 საათით მაინც წავედი. ნიკა დიღმის მასივში ცხოვრობდა. ეზოში რომ შევედით, აღმოჩნდა, რომ მის სადარბაზოსთან მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ იყო. იძულებული გავხდი, იქვე, ავტოსადგომზე გამეჩერებინა მანქანა. საღამოს 8 საათი იყო დაწყებული, კარი ნიკას დედამ გაგვიღო. პირველი, რაც ამ ქალბატონმა თქვა, ის იყო: მღებრიშვილთან სულ ასეთი მაღალი და დარჩეული ბიჭები მუშაობთო? სუფრასთან დაახლოებით 10 ადამიანი იქნებოდა და ეტყობოდა, რომ სტუმრების ნაწილი უკვე წასული იყო. ისიც გამახსენდა, რომ სტუმრებს შორის ვასიკომ თავისი მოგვარე გოგონა აღმოაჩინა და გაიცნო. ცოტა ღვინო დავლიეთ, ბავშვი ვადღეგრძელეთ. ამასობაში 9 საათიც გახდა. ოთახში ნიკას დედა შემოვიდა და მითხრა: შვილო, შენი მანქანა მეზობლის მანქანის დასაყენებელ ადგილზე გაგიჩერებია და იქნებ ჩაირბინო, სხვაგან გადააყენოო. ახლავე-მეთქი, - ვთქვი და წამოვდექი. ნიკამ მარტო არ გამიშვა და თვითონაც გამომყვა. უკან მალევე ამოვბრუნდით. ამ ჯალათებს რომ დაუჯერო, ამ დროს თურმე, მე საგურამოს ტყეში ადამიანებს ვხოცავდი. სინამდვილეში კი, სუფრასთან ვიჯექი და სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ვამბობდი. სტუმრობა ასე, 12 საათამდე გაგვიგრძელდა. იქიდან მე და ვასიკო ერთად წამოვედით. ის ღამის კლუბ ”ოსკარში” მოვიყვანე, იქ დავტოვე და მე შინ წავედი. აი, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი 25 ოქტომბერს. ახლა უკვე ალიბი მქონდა და ამის დადასტურება ბევრ ადამიანს შეეძლო: თვითონ თემურ მღებრიშვილს, ნიკას და ვასიკოს, ნიკას სტუმრებს, ნიკას მეზობელ კაცს, რომელსაც ჩემი მანქანა უშლიდა ხელს, ნიკას დედას... ნუთუ ამდენი ხალხის ნათქვამს არ დაიჯერებენ? - ვფიქრობდი და მჯეროდა, რომ ამ საქმიდან აუცილებლად დავიხსნიდი თავს. ხასიათი გამომიკეთდა. ყველაფერი კარგად რომ გავაანალიზე, დავმშვიდდი კიდეც. ზურგზე დავწექი და ხელები თავქვეშ ამოვიდე. ხმაურზე ჩემმა თანამესაკნემ მოიხედა.
- კარგა ხანს გეძინა, - მითხრა და ჩემთან ახლოს დაჯდა. - დაკითხვაზე იყავი?
- ჰო, - თავი დავუქნიე. - შენ როდის მოგიყვანეს? - უცებ საუბრის ხასიათზე დავდექი.
- წუხელ დამიჭირეს. მთელი ღამე დაკითხვაზე ვიყავი. ახლა ჩამომიყვანეს აქ. არ მიყვარს საკანში მარტო ყოფნა. რომ ვნახე, არავინ იყო, სხვაგან შემიყვანეთ-მეთქი, - ვითხოვე, მაგრამ უარი მითხრეს და დამამშვიდეს, ცოტა ხანში მკვლელს მოგისვამთ გვერდით, არ ინერვიულოო. შენ ხარ ის მკვლელი თუ კიდევ მოიყვანენ ვინმეს?
- ალბათ, მე ვარ, - ამოვიოხრე ხმამაღლა.
- გაბრალებენ, ხომ? - მკითხა მცირე პაუზის შემდეგ.
- როგორც ვატყობ, შენთვის პირველი ”სროკი” არ უნდა იყოს, არა? - თავი ავარიდე პასუხს.
- ჰო, მესამეა. რუსეთში ბანკის დაყაჩაღებისთვის ამიყვანეს.
- და ალბათ, შენ არ დაგიყაჩაღებია, არა? - ახლა მე დავუსვი იგივე კითხვა.
- როგორ არა, მე ვქენი ეგ საქმე. წუხელ ვაღიარე კიდეც, აბა, თავს ხომ არ ვაცემინებდი? ახლა, დიდი-დიდი, 7 წელი მომისაჯონ, დავჯდები ციხეში და პატიოსნად მოვიხდი ”სროკს”. სამაგიეროდ, გამოვალ და იმდენი ქონება დამხვდება გარეთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ხელის განძრევა არ დამჭირდება.
- კონფისკაციას არ გაგიკეთებენ?
- უფ... ჰო, კარადის უჯრაში მაქვს ჩაკეტილი და უცებ არ მიაგნონ. შენ როდის მოგიყვანეს?
- 29 დეკემბერს.
- და მას მერე აქ ხარ? - მკითხა გაოცებულმა - ციხეზე რატომ არ გადაგიყვანეს?
- ციხეზე როგორ გადამიყვანდნენ, სანამ დანაშაულს არ ვაღიარებდი? ვერ ხედავ, როგორი ნაცემი ვარ?
- მერე, შენი უჭკუობის ბრალია. მაშინვე უნდა გეთქვა, რომ შენ მოკალი და მორჩა.
- ტყუილი უნდა მეთქვა?
- მაინც ხომ გათქმევინეს და თავი რაღას აცემინე? შენ პოლიციელი ხარ, არა?
- ჰო, ვიყავი. ამათი დედაც, ამათი სისტემისაც და ამათი სამართლისაც...
- ძმაო, შენ რა, ციდან ჩამოფრინდი? როცა პოლიციაში იწყებდი მუშაობას, რა, მაშინ არ იცოდი, ვინ იყვნენ ესენი?
- რა ვიცოდი...
- ეეე... აბა, შენა ხარ, რა! შენ ციხეზე რომ გადაგიყვანენ, ”იმენნა” წითლების კამერაში ჩაგსვამენ. ”პრესტუპნიკებთან” არ შეგიყვანენ. მანდ ”ნასედკების” კამერა ცალკეა, ქურდების - ცალკე, თანამშრომლების კიდევ, ცალკე. თანამშრომლებისთვის ”დაჟე” ზონაც ცალკეა. აი, შენ წარმოიდგინე, გუშინ სამმა პოლიციელმა ამიყვანა. ”ვდრუგ”, რაღაც გააფუჭეს და ციხეში მოხვდნენ. ისინი რომ ჩემთან მოიყვანონ, ხომ იცი, რას ვუზამ?
- რას? - ვკითხე და გამეცინა.
- 2 დღეში ქათმების კამერაში გადაიყვანენ. ქათმები ხომ იცი, ვინც არიან? პატიმრები რომ ჟიმავენ, ქათმები ის კაცები არიან. ზონაზე მაგათთან ურთიერთობა სირცხვილია, მათი მოწვდილი არაფერი უნდა ჭამო და არც საჭმელი უნდა მოამზადებინო. მაგათ მარტო სარეცხი უნდა დაარეცხვინო და ოთახი დაალაგებინო. გაიგე?
- გავიგე. იმედია, ჩემი საქმე ზონამდე არ მივა.
- ეეე... შენ მართლა არ იცნობ ამათ. აქ თუ მოხვდი, ”ვსიო”, სანამ არ გაგჟიმავენ, თავს არ დაგანებებენ. ციხეზე წითლების კამერები მეხუთე სართულზეა, ”დევიტ სემ, დევიტ ვოსემ, დევიტ დევიტ”.
- ეგ რას ნიშნავს?
- კამერის ნომრებია – 97, 98, 99, მაგრამ იქ ასე ეძახიან. ”ნასედკებს” მოერიდე, დიდი ”დედაარღნიანი” ხალხია, რას გაგიჩალიჩებენ, არ იცი. თავისუფლების სანაცვლოდ ყველაფერზე წავლენ, - კვალიფიციურ რჩევა-დარიგებას არ იშურებდა ჩემთვის თანამესაკნე.
იმ ღამით ყველაზე მშვიდად მეძინა. როგორც ჩანს, დაბეგვილი ადგილებიც მირჩებოდა უკვე და გულიც დავიმშვიდე, რადგან ისეთი ალიბი მქონდა, რომ ქვასაც კი გახეთქავდა.
დილით ისე ადრე გამეღვიძა, რომ ჯერ კიდევ ბნელოდა. ჩემი მეზობელი გულიანად ხვრინავდა. შიმშილმაც შემაწუხა. მუცელი ხერხემალზე მქონდა მიკრული და დროგამოშვებით ხმაურობდა. ცხოველურ ინსტინქტს თავისი გაჰქონდა და საკანში გამოკეტილი, უდანაშაულო ადამიანი ახლა თავისუფლებას კი არა, ცხელ კერძს ვნატრობდი. კარგა ხანს ვიყავი ასე, ჭერს მიშტერებული და გარინდებული. მერე მომაკითხეს და წამიყვანეს. ოთახში, რომელიც ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი იყო, მხოლოდ ნანა დამხვდა.
- გამარჯობა, - გავუწოდე ხელი.
- როგორ ხარ? - მარჯვენა გამომიწოდა მანაც. მაგიდასთან, მის პირისპირ დავჯექი. - ზაზა, ამ საქმეში გენერალური პროკურატურაა ჩართული. იციან, რომ შენ არ გაჩერდები. მათ გვარებს ხომ ახლავე, ხმამაღლა გაჰყვირი. აქედან შენი გამშვები არავინაა, შენი სიმართლე სასამართლოზე უნდა დაამტკიცო.
- მე ალიბი მაქვს, - ვუთხარი და დაწვრილებით მოვუყევი, 25 ოქტომბერს რომელ საათზე სად ვიყავი.
- ახლა ესენი შეეცდებიან, რომ დრო გაწელონ და ყველა ის საქმე მოაგვარონ, რომელიც საქმეში არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ნუ ნერვიულობ, შენს თავზე იფიქრე, დამშვიდდი, აზრები დაალაგე, გამომძიებელი რომ მოვა, ზუსტად უნდა იცოდე, რას ეტყვი. თუ დაკითხვაზე კიდევ გამოგიყვანენ, ადვოკატი მოითხოვე, ჩვენება ჩემ გარეშე აღარ მისცე, - ჭკუას მარიგებდა ნანა, მაგრამ მე მისი არ მესმოდა. - ზაზა, გარეთ დედაშენი და ნინო მელოდებიან, მისწერე მათ რამე, - მითხრა და სუფთა ქაღალდის ფურცელი დამიდო წინ. რამდენიმე წინადადება დავწერე და ნანასკენ მივაცურე.
- სულ ეს არის? - გაუკვირდა, ასე ცოტა რომ დავწერე.
- კი, მეტის წერის თავი არ მაქვს.
- სხვა ხომ არაფერი გინდა? კამერაში როგორ ხარ?
- მეექვსე დღეა, საჭმელი არ მიჭამია, მშია, - ჩუმად ვთქვი.
- დედაშენმა რაღაცები მოგიტანა, ახლა საკანში რომ ჩაგიყვანენ, მოგაწვდიან კიდეც, - მითხრა და მორიგეს დაუძახა, პატიმარი ჩაიბარეო.
საკანში ჩამიყვანეს და 1 საათში ცელოფანის პარკი გადმომცეს. პარკი გავხსენი და იქიდან ისეთი სურნელი ამოვარდა, ლამის წავიქეცი. დედას ჩემი საყვარელი კერძები მოემზადებინა. ყველაფერი კედელთან მიდგმულ რკინის მაგიდაზე ამოვალაგე, ჩემი თანამესაკნეც მოვიპატიჟე და მადიანად შევუდექი ჭამას. როგორც ჩანს, მასაც მოშიებოდა და ჩუმად ილუკმებოდა.
- მაგარი ”ვეშია” ჭამა, არა?
- უჰუ, - დავუქნიე თავი, რადგან პირი საჭმლით მქონდა გამოტენილი და ხმას ვერ ვიღებდი. როგორც იქნა, დავნაყრდი. თითქოს, გარშემო ყველაფერს უკეთესად ვხედავდი. ისევ ჩავყავი პარკში ხელი და სიგარეტის კოლოფი ამოვაძვრინე. ჭრაჭუნა ქაღალდი შემოვხსენი, ერთი ღერი კბილებით ამოვიღე.
- აუ, ძმურად, ნუ აჭრაჭუნებ, რა, ეგ ხმა ნერვებს მიშლის.
- აბა, შენ თვითონ როგორ ხსნი სიგარეტის კოლოფს? - ვკითხე გაოცებულმა და კოლოფი გავუწოდე.
- შენ ძალიან აჭრაჭუნებ, მე კი უცებ ვხსნი, - მითხრა და ერთი ღერი ამოიღო, პირში გაიჩარა. – მაგარია, არა? - მკითხა, როცა კვამლი გამოუშვა.
- სიგარეტი?
- სიგარეტი მართლაც მაგარია, მაგრამ ჭამის მერე მოწევა სულ სხვაა, მაგრად ასწორებს, - თქვა და გაიზმორა. გავჩუმდი. თუმცა, მის ნათქვამს გონებაში დავეთანხმე. - შენა, გინდა, ერთი მაგარი ამბავი მოგიყვე?
- მიდი! – შევაგულიანე მე.
გაგრძელება იქნება
ავტორი: მარი ჯაფარიძე